საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაა კლინიკებში ნაწლავური ინფექციების გამო მიმართვიანობა გაზრდილია. ეს განსაკუთრებით ბავშვთა ასაკს ეხება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაშვილის კლინიკაში ენტეროვირუსით გაზრდილი მიმართვიანობის გამო საწოლები სრულადაა დატვირთული. ნატო გათენაშვილი, იაშვილის კლინიკის ემერჯენსის ექიმი გვიყვება, როგორია ბოლო კვირების განმავლობაში მიმართვიანობა და რა სიმპტომები ახასიათებთ ძირითადად პაციენტებს:
- ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ნაწლავური ინფექციებით პაციენტთა მომართვიანობა მკვეთრადაა გაზრდილი. ძირითადად, დიარეა, ღებინება, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუპოვარი ცხელება აღენიშნებათ. თუ ბავშვმა საკმარისი რაოდენობის სითხე ვერ მიიღო, ეს დეჰიდრატაციას იწვევს. პაციენტთან ნაწილს გადაუდებელი დახმარება უტარდება და შემდეგ მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ. ნაწილი კი სტაციონალურ მკურნალობას საჭიროებს. თუ პირველადი დახმარების შემდეგ ღებინება კვლავ შეუპოვარია, ცხელება გრძელდება, გამოხატულია ძლიერი ზოგადი სისუსტე, ასეთ პაციენტებს კლინიკაში ვტოვებთ და შესაბამის მკურნალობას ვუტარებთ. თუ ინფუზიის ფონზე მდგომარეობა უმჯობესდება, აქტიურდებიან, ადეკვატური რაოდენობით სითხის მიღება შეუძლიათ, ასეთი ბავშვები ბინაზე ეწერებიან და პირადი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ მკურნალობას. რაიმე ახალი ვირუსი არ არის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდშიც ნაწლავური ინფექციებით მომართვიანობა გაზრდილი იყო და მაჩვენებლის ზრდა სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება: ადამიანები ჩამოდიან ზღვიდან, სხვადასხვა კურორტიდან, აქვთ უფრო დიდი კონტაქტი და ასე შემდეგ. პაციენტები რეანიმაციაში იშვიათად ხვდებიან ხოლმე, მომრთვიანობა კი გაზრდილია ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან. თუ მშობელი ხედავს, რომ მის შვილს შეუპოვარი ღებინება აქვს, ვერ იღებს სითხესა და საკვებს, გამოხატულია ზოგადი ძლიერი სისუსტე, თანდართულია ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ექიმს უნდა მიმართონ და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღონ. განსაკუთრებით საყურადღებო კი სისხლიანი განავალი და შარდის მკვეთრი შემცირებაა. ვურჩევ მშობლებს, რომ დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ხშირად დაბანონ ხელი ბავშვებს, მოერიდონ მალფუჭებად პროდუქტებს და ბევრი სითხე მიიღონ.
იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, კლინიკაში საწოლების სრული დატვირთვა მხოლოდ ნაწლავური ინფექციების გაზრდილ მაჩვენებელს არ უკავშირდება და კიდევ ბევრი სეზონური ვირუსია გავრცელებული.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდშიც კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილი იყო:
- მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ წელს არ გვაქვს. ზოგადად, ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ნაწლავური ინფექციებით მომართვიანობა საკმაოდ იზრდება როგორც ამბულატორიებში, ასევე სტაციონარებში. ეს ეხება ბავშვთა ასაკსაც და მოზრდილებსაც. გაზრდლი მომართვიანობა ძირითადად ზღვის სეზონთანაა დაკავშირებული და რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: ზღვაზე ჰიგიენური ნორმების დაცვა რთულია, ზღვის წყალი, გარემო ნაწლავური ინფექციის რისკს ზრდის. გარდა ამისა, საკვები პროდუქტების შენახვას ცხელ ამინდში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ესეც, გარკვეულწილად, ირღვევა ხოლმე. აქედან გამომდინარე, ზაფხულის სეზონზე ხშირია ხოლმე როგორც საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციები, ასევე ნაწლავური ინფექციები. როგორც აღვნიშნე, ეს ეხება ბავშვთა ასაკსაც და მოზრდილებსაც. თუმცა, პრობლემა ბავშვთა ასაკში უფრო საყურადღებოა, რადგანაც მათთან უფრო ადვილად ხდება დეჰიდრატაცია და აქედან გამომდინარე, უფრო ხშირად სჭირდებათ ექიმის დახმარება. ნაწლავურ ინფექციებს ახასიათებს მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, თან ერთვის საერთო სისუსტე, უმადობა. თუ ბავშვი ვერ იღებს საკვებს, სითხეებს, ძილიანობს, არ არის აქტიური, აქვს შეუპოვარი ღებინება და ეს საშუალოდ 48 საათზე მეტხანს გრძელდება, პედიატრთან კონსულტაცია აუცილებელია. თვითნებურად ბავშვებს პრეპარატები არ მივცეთ, არამედ გავითვალისწინოთ სპეციალისტის რეკომენდციები. იმ ბავშვებში, რომლებთანაც სხვადასხვა ფონური და თანდაყოფილი დაავადებაა, მათთან მართვის ტაქტიკა სხვანაირია და უფრო ადრეულ სტადიაში უნდა მოხდეს ექიმისგან რეკომენდაციის მიღება და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. თამარ იაკობაშვილი