განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გუშინ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ყველა იმ ცვლილების შესახებაა აღნიშნული, რაც მოსწავლეებს 15 სექტემბრიდან სკოლებში დახვდებათ. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც ასევე ბევრ მშობელს აწუხებს, არის ის, რომ ექმენათ თუ არა ონლაინსწავლების არჩევის უფლება მოსწავლეებს. შეკითხვა სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე კვლავ პასუხგაუცემელია.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნული საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ვერ გავარკვიეთ და შესაბამისი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. დავუკავშირდით რამდენიმე სკოლასაც, სადაც განგვიცხადეს, რომ მხოლოდ გამოქვეყნებული ინფორმაციით ხელმძღვანელობენ და ჯერჯერობით არ იციან, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, მოსწავლეებს დისტანციური სწავლება შესთავაზონ.
გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, გაიხსნება თუ არა სკოლებში ბუფეტები. ესეც აქტუალური საკითხია და მშობლებს წინასწარ სურთ თადარიგის დაჭერა.
კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით, დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა:
"1-მეტრიანი დისტანცია მოხსნილია, პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. თუ კლასში კორონავირუსი დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში რეგულაციები ისევ არსებობს და 10 დღის განმავლობაში, მას, ვინც შემხებლობაში იყო იმ კონკრეტულ ბავშვთან, ეს იქნება თანაკლასელი თუ მასწავლებელი, 10 დღის განმავლობაში პირბადე უნდა ეკეთოს". - განაცხადა თამარ მახარაშვილმა. ონლაინ სწავლების შესახებ მინისტრის მოადგილეს არაფერი უთქვამს.
რაგბი, პროგრამირება, სამხედრო - რა სიახლეები დახვდებათ მოსწავლეებს სასკოლო პროგრამებში
თამარ იაკობაშვილი