"მოსწავლეები უნდა ავიყვანო საღამოობით, თორემ საარსებო ფული სანატრელი გვექნება... ხანდახან ქმარი შემენაცვლება სამზარეულოში, ბავშვს ძილის წინ თუ ვნახავ... ღმერთო, რამდენ რამეზე უნდა იფიქროს ადამიანმა...." - ერთი დღე მასწავლებლის ცხოვრებიდან - მშობლები
- გეხვეწები, მალე ადექი რა! - მმმმმ.... - გურამ! ადე! ვერ მოვასწრებ მერე ალაგებას და შენც ხომ უნდა გასაუზმო? - კაი რაააა!
„ახლა უნდა მახვეწნინოს ისევ.... ადე რა, ხომ ხედავ რამდენს ვწვალობ... ჩართვის დრო რომ მოვა, მაშინ ხომ არ ვირბენ ბალიშებით ან თეფშებით... როგორ შეიძლება, ადამიანმა ვერ შეიგნოს ამდენ ხანს, რას ვთხოვ... ოჰ, ლუკა, როგორ დაუყრია ყველაფერი და გავარდა... კარგი რა, გეყოთ!.. დღეს მეცხრესთან არქიფო სეთურზე უნდა ვილაპარაკო... საინტერესოა, რა რეაქციები ექნებათ, რას იტყვიან, რა პარალელებს გაავლებენ, რა ემოციებით მომისმენენ... ნინი აუცილებლად იფეთქებს და გააპროტესტებს ხალხის მორჩილებას, გიორგი აუცილებლად რაღაცაზე შეეკამათება და გამართავენ დავას... საყვარლები... არ დგება ეს კაცი? კაცი, კაცმა, კაცს, კაცის, კაცით, კაცად, კაცო....“
- გურამ, მალე დაიწყება ჩართვა, ადექი, საუზმე მაგიდაზეა! - ჰოოო... კაი რა, ამ შენი ჩართვებით... ადამიანს სახლშიც ვერ დაგიძინია ნორმალურად და ნიფხვიანს ვერ გაგივლია რა... - რა ვქნა, ასეთია რეალობა და უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას... - აღარ მინდა, ნანა, მოვრჩი მორგებებს!!! არანაირ რეალობას აღარ მოვერგები, აქეთ მომერგოს ყველა! ვაააჰ....
„ოჰ, რამდენს ბუზღუნებს... ეგეც ცოდოა, მთელი დღე გადაკარგულია იმ სამსახურში, კაპიკებისთვის... მაგისი უფროსიც სეთურის ტიპია ისე, კაცმა რომ თქვას. მონებივით აშრომებს, კაპიკებს უხდის და თვითონ კი იშენებს სასახლეებს... ეს ზეწარი იხევა უკვე, საყიდელი მაქვს... სადილს რას ვაკეთებ... ყოველდღე ამაზე ფიქრმა ხომ შემჭამა მართლა... კარტოფილი მაქვს, სტაფილოც... მწვანილია ამოსატანი, პური... „ოლივიე“ ხომ არ გავაკეთო? გურამიც შეჭამს და ლუკასაც ექნება ხვალისთვის, საღამოს თუ დამრჩა დრო, კექსსაც გამოვუცხობ... კვერცხი რამდენი მაქვს? ვნახავ, იქნებ არც არის საკმარისი...“
- ნანა!!! - ბატონო. - აალაგე? - ვალაგებ, გურამ, რა ხდება? - გეხვეწები, აღარ მინდა ეს ბრინჯი რა, კარგად ვარ, არაფერი მჭირს... ერბოკვერცხი შემიწვი, მთელი დღე შეიძლება ვეღარ ვჭამო, დღეს ბევრი საქმე გვაქვს... - ახლავე მოვალ, გურამ... ამ წამს...
„კვერცხიც ამოსატანი მექნება, კექსს აღარ ეყოფა... ფული რამდენი დამრჩა? ხელფასამდე ცოტაღაა, გურამიც არ იღებს ჯერ... მომიწევს ნინოსთან მათხოვრობა... როგორ ვერ ვიტან ამ მათხოვრობას რა... მიიღებს მრავალმნიშვნელოვან საყვედურიან სახეს და მიმაწერს იმ თავის დავთარში, მერე ყველა შემსვლელს ჩამოურაკრაკებს, რამდენი მაქვს მისაცემი... როგორც ჩემთან ჭორაობს სხვებზე... ოჰ, გურამ... რა დროს ახლა ერბოკვერცხი იყო, არის გამზადებული საუზმე და ჭამე რა... ლუკა რატომ არ რეკავს, მაგას ხო არ გაახსენდება არასდროს, რომ დარეკოს... დარეკოს მან... დარეკო შენ... დავრეკო მე...“
- ლუკა!! გესმის? - ჰო, დედა, რა ხდება? - რაღა რა ხდება, ხომ უნდა დაგერეკა? ჩახვედი? - აუ კაი რააა!!! ჩავიდოდი, დედა, აბა, რა იქნებოდა, ხომ არ დავიკარგებოდი.... - მშვიდობაა? როგორი ამინდი დაგხვდა? ხომ არ ცივა? - არა, არა.... კაი, წავედი რა, მერე დაგირეკავ, მეძახიან... - კაი, დე...
„უკვე დიდი გონია ამას თავი... აღარც უნდა დაურეკო და მოიკითხო... რა საყვარელი იყო პატარა... როგორ მეკრობოდა, წიგნს რომ ვუკითხავდი... რა საყვარელი იყო... ბუთქუჩა... როგორ ვუწევდი ხმას ასეთ ნამცეცაზე? რა ჯანდაბა მჭირდა? ისეთი რა უნდა დაეშავებინა ერთი ციდას? არც არაფერი, შენ ვერ გქონდა წესრიგში ნერვები, ნანა... ნეტა დამაბრუნებინა ის დრო... ნეტა ჩამახუტებინა ის ბუთქუჩა და მოუსვენარი, ერთ ადგილას რომ ვერ ჩერდებოდა და გაბრწყინებული თვალებით მომჩერებოდა... როგორ გაფრინდა ეს დრო... როგორ გაფრინდა... კაპიკების დევნაში, საქმეებში, გადარბენებში... უკვე იმხელაა, ვეღარც მოეფერები ნორმალურად... რა საყვარელი იყო... ნეტა ახლა მომაფერებინა...“
- ნანა! კომპიუტერში რაღაც წკარაწკურობს, მიდი რა, მიხედე... - მოვდივარ ახლავე... ჯერ ადრეა გაკვეთილამდე, შეიძლება ნელი რეკავს მესენჯერში... „ეს გოგო გადამრევს, რა უბედურებაა უთენია და შუა ღამისას რეკვა! ეტყობა, ლიკამ არ უპასუხა...“ - ჰო ნელი! როგორ ხარ? - ნანა, კიდევ კარგი, მიპასუხე. გადავირიე... - რა იყო, ხომ მშვიდობაა? - ლიკუნა არ მპასუხობს და გეხვეწები, ლუკა გადაგზავნე, ნახოს, რას შვრება... - გოგო, ჯერ ძალიან ადრეა, 9 საათი არ არის აქ, სძინავს ალბათ, დააცადე.... ლუკაც არ არის, მეგობრებთან ერთად რთველში წავიდა... - აუ კაი რა... ონლაინლექცია აქვს, რა დროს ძილია... სულ ვეჩხუბები, ნუ თიშავ ინტერნეტს, რომ დაგირეკო ნებისმიერ დროს... ეს ოხერი, ხომ ვუგზავნი არა ფულს? არ შეიძლება, უბრალოდ ჩართოს ინტერნეტი და როცა ვრეკავ, მიპასუხოს... ბევრს ვითხოვ?.. - დამშვიდდი, ნელი, გეხვეწები, არ იტირო ამ დილაუთენია... ახალგაზრდაა, თავში უქრის, ხანდახან უშენოდ ყოფნაც უნდა... - კარგი რა, ნანა, რას მეუბნები? მერვე წელია სულ უჩემოდ არაა? ჩემი გამოგზავნილი ფული უნდა და ელემენტარულად, რომ დამელაპარაკოს და მომიყვეს დღის ამბები, ეგ ეზარება... - ეგრე არიან ახალგაზრდები, ხომ იცი... აქაც რომ ყოფილიყავი, ასე იქნებოდა... - მანდ რომ ვყოფილიყავი, ნახავდა, როგორ გამიბედავდა... მამამისი აგიჟებს მაგას. ის ცალკე დასეირნობს და დაქეიფობს, ეს ცალკე ერთობა და შენც ვერ გამოდექი მკაცრი დეიდა, რომ ცოტა მეტად ჩაერიო... - ნელი... - აბა რა, უნდა მიხვიდე და მკაცრად დაელაპარაკო, არ შეიძლება დედასთან ასე... - ნელი, ათასჯერ გვილაპარაკია ამაზე... ნეტავ ჩემს ოჯახში დამალაგებინა ყველაფერი, სხვის ოჯახს მე რომ ვერ დავალაგებ, ხომ იცი? ვერც ოთარს დავუწყებ დევნას და ვერც ლიკას. დიდია უკვე ლიკა, უკადრისობს... იმ დღეს შევთავაზე, თუ არ გრჩება დრო, საღამოობით მოვალ, სადილს გაგიკეთებ-თქო და არაო, რას ამბობო. მე და მამას აწყობილი გვაქვს განრიგი და ვაკეთებთ სადილებსო... ხან არც ვართ საღამოს სახლში და არ ღირსო... ძალით ხომ არ შევუვარდები? - ჰო, ვიცი, ვიცი... რა ძნელია ასე შორიდან ოჯახის წევრების დევნა... გავგიჟდი უკვე... ერთი ეგ მაქვს შვება, რომ ეგენი დავინახო ეკრანს იქით და მაგაზეც მახვეწნინებენ... - კარგი, ნელი, დამშვიდდი... ესეც გარდაუვალია... აგერ, გაიზარდა ლუკა და დარეკვაც კი ეზარება, რომ გამაგებინოს, როგორ ჩავიდა... წავედი ახლა, გაკვეთილი მეწყება... საღამო მოგწერ... ლიკასაც შევეხმიანები, არ ინერვიულო... - კარგი, ნანა... კარგი დღე გქონდეს...
„ეჰ, ნელი... როგორ ვუთხრა ახლა, რომ ის კაცი სხვა ქალთან დაიარება? ვითომ თვითონ ვერ ხვდება? ახალგაზრდა კაცი ამდენი წელი ისე როგორ გაძლებდა აბა, უქალოდ? გურამი გაძლებდა ნეტა? არა, გურამი არც გამიშვებდა ამ სიშორეზე... აგერ, წელებზე ფეხს იდგამს, რომ რაღაცას მივაღწიოთ, ამ ერთ ბავშვს რამენაირად მივხედოთ... რომ წავსულიყავი, ალბათ უკვე ჩვენი სახლიც გვექნებოდა... როგორ ქარში ვყრით ფულებს, ღმერთო... ქირა, ქირამ, ქირას, ქირის, ქირით, ქირად, ქირავ... ონლაინგაკვეთილი, ონლაინგაკვეთილმა, ონლაინგაკვეთილს, ონლაინგაკვეთილის, ონლაინგაკვეთილით, ონლაინგაკვეთილად, ონლაინგაკვეთილო...“
- დილა მშვიდობისა, ახალგაზრდებო! - გამარჯობა, მას... - მას, მიჭედავს... - გამარჯობა... - ნიკა, ჩართე რა კამერა... - გაფუჭებულია, მას... - ხომ იცი, რომ არ მიყვარს უკამეროდ ჩატარება... - დიახ, მას, ვიცი, მაგრამ... - ამ ერთხელ გაპატიებ... ცოტა ხნით გამორთეთ მიკროფონები და წიგნები მოამზადეთ... ნინი, შენს გასაგონადაც ვამბობ... - დიახ, მას... გამოვრთავ ახლავე... უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ კარგად გამოიყურებით... - დიდი მადლობა, ნინი.... კარგი, ყველანი მზად ვართ და დავიწყოთ. ჯერ მე ვისაუბრებ და მერე ყველამ გამოთქვით თქვენი აზრები, მოლოდინები... ხვალ, უკვე რომ უშუალოდ წაიკითხავთ ტექსტს, საინტერესოა, როგორი შთაბეჭდილებებით იქნებით და აუცილებლად ველოდები პარალელებს, მაგალითებით...
„როგორც მოსალოდნელი იყო... ნინი და გიორგი შეებნენ... ანაც როგორ აჰყვა... რა საყვარლები არიან... საშინელებაა ეს ონლაინურთიერთობა... მომენატრა სკოლა. ყველას ხედავ, მათ ემოციებს ხედავ, ანთებულ თვალებს, ან სევდიანს... ნიკამ გუშინაც არ ჩართო კამერა და საეჭვოდ ჩუმად იჯდა მთელი გაკვეთილი... რა სჭირს ამ ბავშვს? ცოცხალ გაკვეთილებზე როგორ კარგად მსჯელობს, თემებსაც მშვენივრად წერს... რამე პრობლემა ხომ არ აქვს?... ერთი ნარგიზას უნდა ვკითხო, დამრიგებელია და ეცოდინება წესით... ან არც ეცოდინება, რას გაიგებ... ზოგი იმასაც ვერ იგებს, გაკვეთილზე ვინ უზის და ვინ არა, არც კამერებს ართვევინებენ და შეიძლება ბავშვს ეძინოს და ისე „გეჯდეს“ გაკვეთილზე... მარაზმი... ვინ მოიგონა ეს ონლაინები... ლუკა სულ გამოაშტერა დისტანციურმა სწავლამ, რა კარგად იყო ჩართული ყველაფერში... მე აქეთ ვარ გამოკეტილი და სულ გავიდა ჩემი კონტროლიდან... ახლა ამდენ ფულს ვიხდი მომზადებაში და უცებ რომ მითხრან, არ ესწრებაო, ხომ გადავირიე? ქართულს კიდევ რამეს მოვუხერხებთ, ბოლო ორი თვე მაინც მოვიცლი და კარგად ვამეცადინებ, მაგრამ ისტორია-ინგლისური? არა, ლუკა, ასე არ მიმუხთლებ, დე... გრანტი უნდა აიღო, თორემ გავწყდებით წელში... თან რას იტყვიან მერე? ნანას შვილი ჩაიჭრაო? გრანტი ვერ აიღოო? სირცხვილი... ნიკას რაღაც სჭირს აშკარად... მივწერო ნარგიზას...“
- ნარგიზა, როგორ ხარ? - კარგად, ნან, შენ? - არა მიშავს... შესვენება მაქვს ახლა... რაღაც მინდა გკითხო... - კი, ნანა, გისმენ. - შენს კლასში ნიკა რომაა... - ჰოო, ხდება რამე? რამე ხომ არ დააშავა? - არა, არა... უბრალოდ ეს ბოლო პერიოდი რაღაც შეცვლილი მეჩვენება, კამერასაც არ რთავს ბოლო დროს... - ეტყობა ონლაინებზე ვერ იხსნება, ხომ იცი, რა ასაკი აქვთ ახლა... თინეიჯერული გულჩათხრობილობა, თავდაუჯერებლობა, კომპლექსები... - ჰო, ეგ კი ვიცი... - ჩემი გოგო პირბადის ტარება რომ არ არის სავალდებულო, მაშინაც კი აღარ იხსნის, ისე დაკომპლექსდა, გადამრია... - უი, რას ამბობ? - ჰო, სულ მალავს სახეს... რა აქვს დასამალი? - არაფერი, მშვენიერი გოგოა... - სულ დააკომპლექსა და ჩაკეტა ეს ბავშვები ამ ოხერმა კორონამ... - ჰოო... ანუ ნიკაზე არაფერი კონკრეტული არ იცი ხომ? რომ საღელვი იყოს? - არა მგონია, არ შემიმჩნევია რაიმე ისეთი... კომპლექსები იქნება... მოსთხოვე, რომ ჩართოს კამერა... - კარგი... მადლობა, ნარგიზა...
„ყველა შესვლაზე გაძვირებულია ყველაფერი, გავგიჟდი... რა ფული გვეყოფა... გვეყოფა ჩვენ ის... გეყოფათ თქვენ ის... ეყოფათ მათ ის... ატამი 2 ლარს არ ჩამოცდა, არც პომიდორი... ყველი? ეს ნახევარი კილო რამდენ ხანს გვეყოფა? ლუკას ერთ ჭამაზე უნდა ლამის ამდენი... წელს აბიტურიენტები უნდა ავიყვანო აუცილებლად, სხვა გზა არაა... რა ვქნა, ხანდახან გურამი შემენაცვლება სამზარეულოში... ასე არაფერი გამოვა, სახლი კი არა, საარსებო ფული გვექნება სანატრელი... დღეს დაველაპარაკები... ორიც რომ ავიყვანო, საღამოობით, დავალებების შემოწმებებს და გაკვეთილისთვის მომზადებასაც რომ მოვრჩები, ორი საათი საკმარისი იქნება... თვეში 200 ლარით მეტი მაინც ხომ გვექნება? ეგეც რამეა... სამი ხომ არ ავიყვანო? ან ოთხი ორ ჯგუფად და კიდევ ორ საათს დავამატებ... 400 ლარით მეტი თვეში... მერე ლუკა? ბავშვს ძილის წინ თუ ვნახავ... ღმერთო, რამდენ რამეზე უნდა იფიქროს ადამიანმა.... ამ ნიკას რა ჭირს მაინც? ძალადობის მსხვერპლი ხომ არ არის? რატომ იმალება? იქნებ ძალადობის კვალს მალავს? იქნებ უჭირს ძალიან და ბავშვებთან რცხვენია ოთახის გამოჩენის? ან სახეზე მალავს რამეს?.. არა, ნარგიზას პასუხის იმედად ვერ ვიქნები... ხვალ გავარკვევ მისამართს და მივადგები... ან ხომ არ მივწერო და სახლში დავიბარო? არ იტყვის, რას გადამეკიდაო?.. იქნებ უბრალოდ კომპლექსებია მართლა? არა, ჯობია გავარკვიო, დღეს მაიკოს გამოვართმევ მისამართს...“
- ნანა, ამ ოლივიეს რაღაც აკლია მგონი... - ბარდა ცოტაღა მქონდა დარჩენილი და ისეთი ფასები იყო, ახალი ქილა აღარ მიყიდია... ლუკას ცალკე გადავუდე, იქ მოხვდა მეტი ალბათ... ბავშვმა მაინც ნორმალურად ჭამოს... - დღეს ველაპარაკეთ მერაბს ფასების მომატებაზე... 20% მაინც რომ დაამატოს... - მერე? - არაფერი... თუ არ გინდათ, ქვეყანა ხალხია უმუშევარი და სხვებს ავიყვანო... - ნაგავი... თვითონ ერთი დღე არ ყოფნით ეგ ფული... გუშინ ჩემ თვალწინ ქალმა 1000 ლარის მარტო თევზი და ხორცი იყიდა... გადავირიე... საიდან, რა წყაროებიდან აქვთ ეს ფული? - კარგი რა, ნანა, რა წყაროებიდან? პატიოსანი შრომით რომ მაგდენი ფული არ იშოვება, ხომ ხედავ? თორემ ამდენი წელია ვაწყდებით ერთმანეთს... დასვენების დღეც არ მაქვს ნორმალურად... ნელის უნდა დაველაპარაკო რა... - რაზე უნდა დაელაპარაკო? - რაზე და გამიკეთოს მეც რამე ვიზა, მიშოვოს სამსახური და ერთ წელში ბინის ფულს კი მოვაგროვებ... ასე შრომობენ ისინი ან ნაკლებად, მაგრამ მეტი რჩებათ ფული... როდემდე ვემათხოვრო მერაბს? - არ ვიცი, გურამ, არ ვიცი... ოჯახის ასე დაშლის სულ მეშინოდა, ხომ იცი... - რა ოჯახი, ნანა, რა დროს ეგაა... ეს ბიჭი იზრდება, ახლა სულ უფრო მეტი დასჭირდება... აქ ხომ არ მოგიყვანს ცოლს, ნაქირავებ ბინაში? ბოლო-ბოლო, თუ ავეწყვე კარგად, თქვენც წაგიყვანთ და ის იქნება... - და მე რა უნდა გავაკეთო იქ?.. - რასაც სხვები აკეთებენ - მოუვლი ვინმეს და ბევრად მეტს აიღებ... - ძალიან გამიჭირდება ნულიდან დაწყება... ვერ გავძლებ... ხომ იცი, როგორ მიყვარს ეს საქმე... ბავშვები... - ნანა, აღარ არის პოეზიის და რომანტიკის დრო, კი უნდა მიმხვდარიყავი ამასობაში... წაგიყვანთ და ეგ იქნება, ადამიანურად მაინც ვიცხოვრებთ... - არ ვიცი... არ ვიცი...