"თუ ბავშვს მათემატიკა უჭირს, არ ნიშნავს, რომ აზროვნების პრობლემაა" - მიზეზი, რომლის მოგვარებაც პრობლემას მოხსნის - მშობლები

"თუ ბავშვს მათემატიკა უჭირს, არ ნიშნავს, რომ აზროვნების პრობლემაა" - მიზეზი, რომლის მოგვარებაც პრობლემას მოხსნის

2022-10-06 08:07:21+04:00

როდესაც დაწყებით საფეხურზე ბავშვს სწავლა უჭირს, წერა-კითხვა, ანგარიში კარგად არ შეუძლია, შესაძლოა ეს სულაც არ უკავშირდებოდეს სიზარმაცეს ან უმოტივაციობას და მას გარკვეული პრობლემები ჰქონდეს. თუ ბავშვს მათემატიკის სწავლა არ შეუძლია და მარტივი საკითხების გაგებასაც ვერ ახერხებს, ნუ იტყვით, რომ "ჰუმანიტარია" და მათემატიკა არ გამოსდის, ან კიდევ ზარმაცობს. დისკალკულია ბავშვებში გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მისი ამოცნობა და გამოსწორება ადრეულ ეტაპზევეა შესაძლებელია. პირველ რიგში, კარგად რომ განვმარტოთ, დისკალკულია არის დარღვევა, როდესაც ბავშვს თვლა და არითმეტიკული მოქმედებების შესრულება არ შეუძლია. ხშირად ბავშვები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, რაოდენობას კარგად ვერ აღიქვამენ. ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს ამ დარღვევას ბავშვებში, უცნობია, მაგრამ სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს მაინც ასახელებენ. ეს შეიძლება იყოს: რთული ორსულობა ან მშობიარობა, თავის ტრავმები, ნეიროინფექციები და გენეტიკურად განსაზღვრული დეფექტები.mshoblebi

დისკალკულიის 6 ტიპი არსებობს:

  • ვერბალური - როდესაც, ბავშვს ციფრების აღქმა სმენის მეშვეობით უჭირს და მოქმედებებს სიტყვიერად ვერ ასრულებს, ზეპირად ვერ ანგარიშობს, თუმცა წერილობით არითმეტიკაში პრობლემა არ აქვს.
  • პრაქტიკულ-გნოსტიკური - ბავშვს აბსტრაქტული ცნებების წარმოდგენა და მათი პრაქტიკულ მაგალითებად თარგმნა უჭირს. მაგალითად, თუ ამოცანაის ამოხსნა უწევს, მას მოკლე ჩანაწერის გაკეთება უჭირს.
  • ლექსიკური - ეს არის დისკალკულიის ტიპი, როდესაც ბავშვს მათემატიკური ნიშნებისა და რიცხვების წაკითხვა უჭირს. რა თქმა უნდა, გარკვეულ მომენტამდე ყველას შეიძლება "მეტობისა" და "ნაკლებობის" ნიშანი აერიოს, მაგრამ თუ მესამეკლასელი "გამრავლების" ნაცვლად "გაყოფის" ნიშანს იყენებს, ეს უკვე პრობლემაა.
  • გრაფიკული - როცა ბავშვს რიცხვების წერასთან დაკავშირებით აქვს სირთულეები, მაგრამ ამავე დროს მათემატიკური მოქმედებების გაგება შეუძლია.
  • იდიოგნოსტიკური - როდესაც არსებობს სირთულეები ზეპირი გაანგარიშების შესრულებაში. უფრო ზუსტად კი, მოსწავლეს ამოცანის ამოხსნა უჭირს, თუ დაწერილ პირობას ვერ ხედავს და მონაცემებს ზეპირად ეუბნებიან.
  • ოპერაციული - როდესაც დაქვეითებულია როგორც წერითი, ისე ზეპირი არითმეტიკის უნარები.

mshoblebi

როგორ შეუძლია მშობელს, მალევე ამოიცნოს პრობლემა და სპეციალისტს მიმართოს?

სპეციალისტების თქმით, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ბავშვებს იმ საგნებისა და ობიექტების რაოდენობის სწრაფად აღქმა არ შეუძლიათ, რომლებსაც ხედავენ. მაგალითად, თუ მაგიდაზე 3 ვაშლია, ბავშვი ვიდრე სათითაოდ არ გადათვლის, ვერ იტყვის, რამდენია. ასევე, შესაძლოა რიცხვებით დაწერილი მოქმედება ვერ შეასრულოს. დაწერილი რიცხვების ჯამს ისე ვერ გამოთვლის, თუ საგნები არ დაითვალა და იმის მიხედვით არ შეკრიბა. მაგალითად, ციფრი "2"-ის ნაცვლად, 2 ფანქარი უნდა გამოიყენოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი ბავშვებისთვის ძალიან რთულია დროისა და განვლილი მანძილის გაგება. ხშირად კი დისკალკულიასთან ერთად მოძრაობის კოორდინაციის პრობლემებიცაა გამოხატული.ასევე, შესაძლოა ბავშვმა თქვას, რომ მაგიდაზე 3 ვაშლია, მაგრამ ეს ციფრად ვერ დაწეროს. რა თქმა უნდა, აქ საუბარია სკოლის მოსწავლეებზე, რომლებსაც არითმეტიკული ნიშნების გარჩევა, მოქმედებების შესრულების თამნიმდევრობის განსაზღვრა უჭირთ და ვერც გამრავლების ტაბულას იმახსოვრებენ. ამიტომაც, სპეციალისტების მთავარი რჩევაა, თუ სკოლის მოსწავლეებში მსგავს პრობლემას შენიშნავთ, ფსიქოთერაპევტს მიმართეთ და შემდეგი ნაბიჯები დაგეგმეთ. სახლში კი შეგიძლიათ შვილს "მაღაზიობანა" ეთამაშოთ, რაღაცები გაყიდოთ, ერთად იანგარიშოთ, საგნები დაახარისხოთ, საათის ისრები გამოიყენოთ, ციფრები დაასახელებინოთ და ასე შემდეგ.

alt"ბავშვს ეზარება სწავლა, არ უყვარს კითხვა, უჭირს მათემატიკა" - როცა სწავლის პრობლემების მიზეზი არც სიზარმაცეა და არც გონებრივი განვითარება

alt"ნუ იჩქარებთ, ბავშვს ათამდე თვლა ასწავლოთ. სწრაფად დაიმახსოვრებს, მაგრამ ლექსივით დაზეპირებული ექნება" - როგორ ჩავუყაროთ საფუძველი მათემატიკის სწავლებას ადრეული ასაკიდანვე