დღეს სამოდელო ბიზნესში არსებული ტენდენციები განსხვავებულია და მკაცრად ჩამოყალიბებული სტანდარტები აღარ არსებობს. უპირატესობა ინდივიდუალიზმსა და გამორჩეულობას ენიჭება. შავკანიანი მოდელები ამ სფეროში ყოველთვის იყვნენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ დონიელ ლუნა ამ კატეგორიიდან პირველი მოდელია, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა ნაომი კემპბელამდე დიდი ხნით ადრე მოიპოვა.
პოდიუმის მომავალი ვარსკვლავი, პეგი ენ ფრიმანი 1945 წლის 1 იანვარს, დეტროიტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. პატარა პეგი ღარიბ ოჯახში გაიზარდა და ძალადობის მსხვერპლიც ხშირად ხდებოდა. მისი მამა დედასა და ქალიშვილებს ხშირად სცემდა. გოგონა საკმაოდ აქტიური და ცნობისმოყვარე გაიზარდა: აინტერესებდა ჟურნალისტიკა, უცხო ენებს, ხელოვნებას, მსახიობის პროფესიას ეცნობოდა, მღეროდა გუნდში - ზოგადად, ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო. იმის მიუხედავად, რომ დონიელი ასეთი მრავალმხრივი და შემოქმედებითი ადამიანი იყო, მისი თანატოლები მას უცნაურად თვლიდნენ, ამიტომ გოგონას ცოტა მეგობარი ჰყავდა.
ის ყველასგან გამოირჩეოდა არა მხოლოდ უჩვეულო გარეგნობით, არამედ განსხვავებული ქცევითაც. განსაკუთრებულად ლაპარაკობდა, არ უყვარდა ფეხსაცმლის ტარება და საათობით შეეძლო ფეხშიშველი სიარული. სხვათა შორის, მოგვიანებით ხშირად ფეხშიშველი გადიოდა პოდიუმზეც. გარდა ამისა, ძალიან უყვარდა შავი ტანსაცმლის ტარება.
1963 წელს გოგონა ფოტოგრაფმა დევიდ მაკკეიბმა შენიშნა, რომლის წყალობითაც დონიელმა მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა. გოგონას გარეგნობით მოჯადოებულმა მამაკაცმა რამდენიმე სურათი გადაიღო და პეგის ნებართვით სხვადასხვა სამოდელო სააგენტოში გაგზავნა. შედეგმაც არ დააყოვნა. მალევე მან უამრავი შეთავაზება მიიღო.
ამის შემდეგ გადაწყვიტა, ღარიბ ცხოვრებას სამუდამოდ დამშვიდობებოდა, ფსევდონიმად "დონიელ ლუნა" აირჩია და ნიუ-იორკში სამოდელო ბიზნესის დასაპყრობად წავიდა.
მიუხედავად რასიზმისა და არსებული სტანდარტებისა, შავკანიანი მოდელის გამოსვლები მალევე სენსაციად გადაიქცა და მისით უამრავი სამოდელო სახლი დაინტერესდა. პირველად დონიელი Harper's Bazaar-ის გარეკანისთვის გადაიღეს...
1965 წელს მოდელის ოჯახში ტრაგედია მოხდა. მორიგი ჩხუბის დროს გოგონას დედამ, ქმარს იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დონიელი ამ ამბავს საკმაოდ ცივად გამოეხმაურა: "დედაჩემი ჩვენს დაცვას ცდილობდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანია." - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
მოდელი სულ უფრო წინ მიიწევდა, ჰქონდა მოძრაობის თავისებური მანერა და ხშირად პანტერასაც ადარებდნენ. რაღაც ამოუცნობი, იდუმალი შარმი ჰქონდა, რის გამოც დიზაინერები ერთმანეთს ეცილებოდნენ.
გასაოცარია ის ფაქტი, რომ დონიელს ფოტოების გადაღება არ უყვარდა. ამიტომაც, მისი სამოყვარულო სურათები თითქმის არსად იძებნება. ისტორიას მხოლოდ პროფესიონალური ფოტოები დარჩა. გოგონას ნეფერტიტს ადარებდნენ და ხშირად წერდნენ, რომ მისი სახის ნაკვთები ეგვიპტის დედოფლის გარეგნობას ძალიან ჰგავდა.
პირველი, ვინც გოგონას ნეფერტიტთან მსგავსება შენიშნა, სიურეალიზმის მეფე, სალვადორ დალი იყო. მხატვარი და მოდელი ერთმანეთს ფოტოგრაფის მეშვეობით შეხვდნენ: დალი დონიელის სახის ნაკვთებით მაშინვე მოიხიბლა. ისინი დიდ დროს ერთად ატარებდნენ, საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ მათ შორის ნამდვილი სიყვარული არსებობდა, რადგანაც სამყაროს ერთნაირად აღიქვამდნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ.
ქარიზმატული დონიელი არა მხოლოდ სამოდელო ბიზნესში, არამედ კინოს სამყაროშიც გახდა პოპულარული. 1960-იანი წლებიდან მსახიობობა თეატრში დაიწყო. ასევე მონაწილეობდა ენდი უორჰოლის ექსპერიმენტულ მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც. სამწუხაროდ, თავდაპირველად, არსებული სტანდარტების გამო ფილმებში შავკანიან მოდელს მოახლის როლს სთავაზობდნენ, თუმცა ფედერიკო ფელინიმ გოგონა საკუთარ ფილმში "სატრიკონი" გადაიღო, სადაც მან ჯადოქრის როლი მოირგო. რამდენიმე დოკუმენტურ ფილმშიც გადაიღეს, მათ შორის, სალვადორ დალიზე გადაღებული ფილმიც იყო. 1972 წელს კი იტალიურ ფილმში სახელწოდებით "სალომე" მთავარი როლი შეასრულა.
დონიელის გამოჩენა, ფაქტობრივად, დიდი რევოლუცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სახეზე უამრავ საცხს უსვამდნენ, რომ უფრო ღია ფერის კანი გამოსჩენოდა, მოდელმა უამრავ შავკანიან ადამიანს მისცა მოტივაცია, რომ თავადაც ეცადათ ბედი. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში შავი მანეკენები სწორედ დონიელის ინსპირაციით შეიქმნა.
ყოველწლიურად გოგონას წარმატება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა, თუმცა ამას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. მოდელმა არალეგალური ნივთიერებების გამოყენება დაიწყო, ასევე მანიაკალური სიგამხდრისკენ ჰქონდა მიდრეკილება, დადიოდა კლუბებსა და წვეულებებზე და ზღვარს ვეღარ იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარული იყო, მას მაინც უწევდა რასიზმთან და გაბატონებულ შეხედულებებთან გამკლავება. პოლიციაც ხშირად აჩერებდა ქუჩაში და ჩხრეკდნენ.
ფსიქოლოგიურმა ტრავმამ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებამ შედეგი გამოიღო. 1979 წლის 17 მაისს დონიელ ლუნა რომში, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ლუნას ერთი ქლიშვილი დარჩა, რომელიც ლუიჯი კაცანიგასთან ხანმოკლე ქორწინების შემდეგ ეყოლა.
ლეგენდარული მოდელი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა - ის მხოლოდ 33 წლის იყო. 10-წლიანი კარიერის მანძილზე კი ნამდვილი რევოლუციონერი გახდა და შავკანიან მოდელებს, ფაქტობრივად, გზა გაუკვალა. დღემდე ფერადკანიანი მოდელები მას თავიანთ მუზად და მოტივატორად მოიხსენიებენ.