პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტების დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ახალი DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს აღარ დასჭირდება დამატებითი თანხის გადახდა და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. რას გადაიხდით და რას - არა, ამ დეტალებზე მინისტრის მოადგილემ,
ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია
"იმედის" ეთერში ისაუბრა და განმარტა, რა იცვლება ახალი სისტემით პაციენტებისა და კლინიკებისთვის:
"თუ აქამდე პაციენტს კონკრეტულ კლინიკაში ჩარევების მიხედვით ვუნაზღაურებდით სერვისებს, ამ შემთხვევაში DRG სისტემა გულისხმობს, რომ პაციენტისთვის დიაგნოზიდან გამომდინარე გადავიხდით თანხას, მიუხედავად იმისა, იქნება ეს რთული შემთხვევა თუ მარტივი. წარსულში იყო ასეთი პრაქტიკა - როდესაც კლინიკას რთული პაციენტი ჰყავდა, რომელსაც დიდი მოცულობის დაფინანსება სჭირდებოდა და მათი დაფინანსება გარკვეულ ლიმიტებს სცდებოდა, კლინიკები იმ დადგენილი თანაგადახდის გარდა, რომელიც საყოველთაო პრინციპით 10,20 და 30%-ის ფარგლებშია გათვალისწინებული, პაციენტს დამატებით გადასახადს ახდევინებდნენ, ეს იყო მაგალითად მოწვეული ექიმის ჰონორარი, ვიპ ოთახის ჰონორარი, სხვა ხარჯის ჰონორარი და ასე შემდეგ. იქედან გამომდინარე, რომ იცვლება დაფინანსების სისტემა და კონკრეტულ დიაგნოზზე, არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტს რამდენი და რა ტიპის მომსახურება დასჭირდება, ერთი ტარიფია განსაზღვრული, კლინიკებს დამატებითი გადასახადის დაწესება ეკრძალებათ, გარდა იმისა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპით თანაგადახდის ნაწილში უკვე დადგენილია. მინდა აღვნიშნო, რომ DRG პრინციპზე გადასვლით პაციენტისთვის პრინციპი არ იცვლება. როგორც აქამდე უნაზღაურებდა სახელმწიფო მათ მკურნალობის თანხებს, ისე გააგრძელებს ანაზღაურებას. აქ იცვლება კლინიკასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება. ეს ფასი, რა ფასსაც ჩვენ გადავიხდით, სტატისტიკურადაა გამოთვლილი და ტარიფი სრულად უზრუნველყოფს იმ სერვისის ანაზღაურებას, რომელ სერვისსაც ჩვენი პაციენტები იღებენ. DRG პრინცპი მსოფლიოში თითქმის ყველა წარმატებულ ქვეყანაში სტაციონალური სერვისების ასანაზღაურებლად გამოიყენება. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართულ ყველა კლინიკას ექნება ვალდებულება, რომ პაციენტებს, რომელსაც სასწრაფო დახმარება მიიღებს თუ თვითდინებით შევლენ, მომსახურებაზე უარი არ უთხრან. შესაბამისად, რეგულირების სააგენტო მაქსიმალურად გაამკაცრებს კონტროლს იმ მიმართულებით, რომ პაციენტმა ის სერვისი, რომელშიც სახელმწიფო ფულს იხდის, მაქსიმალურად მიიღოს." - აცხადებს ილია ღუდუშაური.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროგრამაში ყველა სტაციონალური სერვისი ჩართული არ არის და ეტაპობრივად დაემატება. ასევე, განიხილავენ კერძო სადაღვეო სექტრორთან მუშაობასაც და მათ შემთხვევაშიც აღნიშნული პრინციპის გამოყენებას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, DRG დაფინანსების მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს, ექიმებსა და სხვადასხვა ასოციაციის წევრებს უკვე წარუდგინა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ დაფინანსების კუთხით ეს სისტემა უფრო სამართლიანი იქნება.
ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
ეკა ადამია აღნიშნავს, რომ ახალი ტარიფები კლინიკებისთვის ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით დადგინდება:
"DRG დაფინანსების მექანიზმი სრულიად გამორიცხავს ერთი და იგივე ჩარევაზე სხვადასხვა კლინიკაში განსხვავებულ ფასს. DRG მექანიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი და იგივე სერვისზე ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკაში ერთნაირი ფასი იქნება და პაცინეტების შესაბამისად თანაგადახდას თანაბარი პრინციპით გადაიხდიან." - ამბობს ეკა ადამია.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, მომსახურებების მიხედვით კონკრეტული ტარიფები ჯერჯერობი გამოქვეყნებული არ არის და ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება. ასევე, სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული სისტემა ჯერჯერობით ამბულატორიულ მომსახურებაზე არ გავრცელდება.
ილია ღუდუშაურის თქმით, ახალი სისტემა პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება და ორი თვის განმავლობაში საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. თუ ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებში დარღვევა დაფიქსირდება, ჯარიმას არ გადაიხდიან, ხოლო პირველი იანვრიდან ნებისმიერი გადაცდომა, რაც პაციენტთა დაფინანსებასა და მომსახურება შეეხება, ჯარიმას გამოიწვევს.
ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:
- გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
- ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
- გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
- მშობიარობა / საკეისრო კვეთა
- ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
- კომბუსტიოლოგია
- თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
- სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება
თამარ იაკობაშვილი
რა გამოკვლევები გეკუთვნით უფასოდ სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით - ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მომსახურების სია