სასკოლო პროგრამების დასაძლევად, გამოცდებსა თუ ოლიმპიადებზე კარგი შედეგის მისაღწევად ხშირად მშობლები რეპეტიტორებს მიმართავენ და ფიქრობენ, რომ მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებისთვის საკმარისი არ არის. თუმცა, რეპეტიტორის შერჩევაც რთული საკითხია, რადგანაც შესაძლოა მასწავლებელს შესაბამისი ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ მოსწავლეებისთვის საჭირო საკითხების ახსნას გასაგებად ვერ ახერხებდეს. დღეს ვისაუბრებთ 5 მნიშვნელოვან ნიშანზე, რომლებიც კარგ რეპეტიტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
ატარებს საცდელ გაკვეთილს მოსწავლის ცოდნის დონის გასაგებად
კეთილსინდისიერი რეპეტირორი მოსწავლეს შესავალ გაკვეთილს აუცილებლად შესთავაზებს, რათა შეამოწმოს და დაადგინოს ის ხარვეზები და სირთულეები, რაც ბავშვს აქვს. ამის საფუძველზე სასწავლო პროგრამას შეიმუშავებს და პროცესს ინდივიდუალურად წარმართავს. მოსწავლის ცოდნის შეფასებით მასწავლებელი შეძლებს იმის თქმას, თუ რამდენად რეალურია მიზნის მიღწევა და რამდენ ხანს მოუწევს შრომა ბავშვს, რომ მოცემული საკითხები დაძლიოს. მშობლისთვის კი შეფასების კრიტერიუმი შვილის რეაქცია შეიძლება გახდეს. თუ ის მასწავლებლით აღფრთოვანებულია, თავს კომფორტულად გრძნობს და მასთან კომუნიკაცია მარტივად შეუძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი პედაგოგი იპოვეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ხშირად რეპეტიტორები პირველ შეხვედრას მოსწავლეებისთვის უფასოდ ატარებენ და აძლევენ შესაძლებლობას, რომ უკეთ დარწმუნდნენ საკუთარ გადაწყვეტილებაში.
ადგენს სასწავლო გეგმას
თუ მასწავლებელს კონკრეტულად განსაზღვრული გეგმა არ აქვს და ერთი თემიდან მეორეზე ქაოსურად გადადის, მოსწავლე იბნევა. ამის თავიდან ასაცილებლად, მან უნდა იცოდეს, რომელი თემები გაიაროს და რა საკითხს დაახლოებით რამდენი დრო დაუთმოს. კარგად გააზრებული გეგმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი გამოცდებისთვის ემზადება. მნიშვნელოვანია ის, რომ მასწავლებელმა არა მხოლოდ შედეგზე გაამახვილოს ყურადღება, არამედ აქცენტი პროცესზე გააკეთოს და პერიოდულად აღმოაჩინოს, რა ნაწილში სჭირდება მოსწავლეს დახმარება და კიდევ უფრო მეტი მეცადინეობა.
უგზავნის მშობლებს მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას
ისეც ხდება, რომ ბავშვი მთელი წელი რეპეტიტორთან ემზადება, მაგრამ გამოცდაზე სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებს. ეს ძალიან ხშირად იმ შემთხვევაშია, როცა მშობელსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. პერიოდულად აუცილებლად უნდა გაიგოთ, როგორ მიდის სასწავლო პროცესი. თუ რეპეტიტორი შედეგების საქმის კურსში ჩაგაყენებთ და ინფორმაციას გაგიზიარებთ, გაიგებთ, რამდენი გაკვეთილი ჩატარდა, როგორ შეასრულა ბავშვმა საშინაო დავალება, რამდენად კარგად აითვისა კონკრეტული თემა და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, პულსზე გექნებათ ხელი და გეცოდინებათ, როდის სჭირდება თქვენს შვილს განსაკუთრებული გამხნევება, მოტივაციის მიცემა თუ მხარდაჭერა.
უზიარებს დამატებით მასალებსა და რესურსებს უფასოდ
პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად ბევრი სახელმძღვანელო და სხვადასხვა დამატებითი რესურსია საჭირო. ზოგჯერ კი, როდესაც ბავშვი საერთაშორისო გამოცდებისთვის ან ოლიმპიადებისთვის ემზადება, შესაბამისი წიგნები ძალიან ძვირი ღირს. როგორც წესი, რეპეტიტორებს აღნიშნული სახელმძღვანელოები უკვე აქვთ და თუ ისინი მოსწავლეებს დამატებით უზიარებენ ინფორმაციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაღალი მოტივაცია აქვთ და სურთ, რომ კარგ შედეგს მიაღწიონ.
სხვა დღეს აღადგენს გაკვეთილს, თუ მოსწავლე მისვლას ვერ ახერხებს
რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს თავისი დრო აქვს განსაზღვრული და გეგმების შეცვლა რთულია, თუმცა ზოგჯერ რეპეტიტორებს ძალიან მკაცრი წესები აქვთ და თუ მოსწავლე, თუნდაც ავადმყოფობის ან მოულოდნელი შემთხვევის შემდეგ მისვლას ვერ ახერხებს, გაცდენილი საათების ანაზღაურებაზე უარს აცხადებენ. უფრო ჰუმანური მიდგომაა გაცდენილი დღის სხვა პერიოდში აღდგენა ან კიდევ კონკრეტული დღისთვის გადასახადის მიღებაზე უარის თქმა.