გახდება თუ არა კორონავირუსის სწრაფი ტესტი ფასიანი - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება - მშობლები

გახდება თუ არა კორონავირუსის სწრაფი ტესტი ფასიანი - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

2022-10-28 10:02:23+04:00
სეზონური ვირუსების პარალელურად, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებიც ფიქსირდება. იმ ფონზე, რომ სიმპტომები, პრაქტიკულად ერთნაირია, მხოლოდ ტესტის მეშვეობითაა გარკვევა შესაძლებელი, ადამიანს კოვიდ-19 აღენიშნება თუ სხვა ტიპის ვირუსი.

რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა და გვითხრა, რომ  სხვადასხვა ლაბორატორიაში განუცხადეს, თითქოს პირველი ნოემბრიდან კორონავირუსის სწრაფი ტესტის გაკეთება ფასიანი გახდება. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გადავამოწმეთ:

"აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, მარაგები შევსებული გვაქვს და მოქალაქეებს ტესტის ჩატარება კვლავ უფასოდ შეეძლებათ", - გვიპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში.

მოქალაქეებისათვის კორონავირუსის სწრაფ ტესტს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კლინიკა და ლაბორატორია აკეთებს. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, პერიოდულად კლინიკები ემატება ან ეთიშებიან პროგრამას. ამიტომაც, წინასწარ, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 116 001

თამარ იაკობაშვილი