"რასაც არ უნდა მივაღწიო, ჩემთან არაფერი შეიცვლება, ისევ ასე მეყვარება ადამიანები..." - როგორ ცხოვრობს "თამაზა" სოციალური ქსელების მიღმა - მშობლები

"რასაც არ უნდა მივაღწიო, ჩემთან არაფერი შეიცვლება, ისევ ასე მეყვარება ადამიანები..." - როგორ ცხოვრობს "თამაზა" სოციალური ქსელების მიღმა

2022-10-31 10:21:04+04:00

თამაზ ლოხიშვილს სოციალური ქსელიდან ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. მისი ვიდეოები, გულწრფელი ემოციები ხშირად მაყურებელ სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს. თამაზა უკვე რამდენიმე წელია, გაყიდვების მიმართულებით მუშაობს, აქვს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი და როგორც თავად ამბობს, მისი ყოველდღიურობა კონკრეტული გეგმისა და შესასრულებელი ამოცანებისგან შედგება. მას ადამიანები ძირითადად სახალისო კონტენტით იცნობენ, დღეს კი მოგიყვებით, როგორია მისი ცხოვრება სოციალური ქსელების მიღმა:- თავდაპირველად, მედიცინის მიმართულებით მინდოდა ჩამებარებინა. თუმცა, შემდეგ გადავიფიქრე. იმდენად პოზიტიური ადამიანი ვარ, რომ ვერ შევძლებდი, რომელიმე პაციენტის ოჯახისთვის მისი გარდაცვალების შესახებ მეთქვა. მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე, ამიტომაც ახლა ფსიქოლოგიის მიმართულებით ვსწავლობ.

- საზოგადოებამ სახალისო ვიდეოების მეშვეობით გაგიცნოთ. როდიდან დაიწყეთ გადაღება?

- მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვიკრიბებით და ვხალისობთ. როდესაც რაიმე სასაცილოს ვყვებოდი, ვიდეოებს იღებდნენ და ჩვენს საერთო ჩათში ყოველთვის ავრცელებდნენ. პანდემიის დროს, როცა ტიკტოკის აპლიკაცია აქტიურად გამოჩნდა, ჩემმა მეგობარმა, გიორგი ხინიკაძემ, ერთ-ერთი ჩემი ვიდეო ტიკტოკზე ატვირთა. მალევე 300 ათასი ნახვა დააგროვა. ამის შემდეგ კიდევ ატვირთა რამდენიმე, თუმცა ბევრმა ადამიანმა ნეგატიური კომენტარი დამიწერა. ვინაიდან განსხვავებულად გამოვიყურები, მაქვს გრძელი თმა, ჩემთვის არასასიამოვნო კომენტარებს მიწერდნენ, რამაც ძალიან იმოქმედა. არ ვიყავი ამდენი ნეგატივისთვის მზად და რთული იყო. თუმცა, ქუჩაში ხალხი უკვე მცნობდა და დადებით ემოციებსაც მჩუქნიდნენ. ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ ვიდეოები აღარ აეტვირთა. მაგრამ ჩუმად მაინც მიღებდა, მე ტიკტოკი არ მქონდა და ვერ ვნახულობდი. შემდეგ მიხვდნენ ადამიანები, რომ არ ვთამაშობდი, გულწრფელი ემოცია მქონდა, ნელ-ნელა ნეგატიური კომენტარები დადებითად შეიცვალა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, საქმის პარალელურად, საკუთარი თავისთვისაც მიმეხედა და ვარჯიში დავიწყე. საუკეთესო ინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი აღმოვაჩინე. ვფიქრობდი, ვარჯიშთან ერთად რაღაცებს შევზღუდავდი, მაგრამ ჩემს საყვარელ საკვებზეც არ ვიტყოდი უარს. რამდენიმე დღის შემდეგ "აკრძალული" პროდუქტი შევჭამე (იცინის). რომ მოვუყევი, რა ვჭამე, კინაღამ გაგიჟდა. ეს პროცესი გადაიღეს და უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა მსგავსი ვიდეოებით ბევრი ადამიანი ხალისობს. mshoblebi

- თქვენი დუეტი სოციალურ ქსელში ადამიანებს განსაკუთრებით უყვართ. ვიდეოები მთლიანად ექსპრომტია?

- რაღაც რომ დავდგა, მაშინვე ეტყობა, რომ ხელოვნურია, ბუნებრიობას კარგავს და აღარც სასაცილოა. ამიტომაც, ის ვიდეოები ყოველთვის ნამდვილი და გულწრფელია და ვფიქრობ, ამიტომაც უყვარს ამდენ ადამიანს.

- რას აკეთებთ სოციალური ქსელების მიღმა, როგორია თქვენი ცხოვრება?

- საქმე ძალიან მიყვარს და იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო კონკრეტული გეგმა მაქვს. მაქვს წლის გეგმა, ყოველდღიური გეგმა, სამსახურეობრივი გეგმა და ყოველთვის ვიცი, როდის რა უნდა გავაკეთო. დილით ადრე ვიღვიძებ და სამსახურში მივდივარ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. სამართლიანი, მომთხოვნი და დეტალებზე ორიენტირებული ხელმძღვანელი ვარ, მაგრამ ადამიანი არ მეგულება, რომელსაც არ ვუყვარვარ იმიტომ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვცდილობ, დადებითი განწყობა შევინარჩუნო. არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ. სამსახურის შემდეგ ვვარჯიშობ. რაც სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოვჩნდი, მას შემდეგ ბევრი გადაღება, სარეკლამო შემოთავაზებებიც მაქვს. გარდა ამისა, ადამიანებთან ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ასობით შეტყობინებას ვიღებ და პასუხი ყველას უნდა გავცე. ემიგრანტები უამრავ საჩუქარს მიგზავნიან და არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება. ვფიქრობ, ჩემი დღის ნაწილია ის, რომ ადამიანებს პასუხი გავცე და საპასუხო სითბო და ყურადღება გამოვიჩინო.

- ოჯახის წევრები, ახლობლები როგორ რეაგირებენ იმ ფაქტზე, რომ ამდენი ადამიანი გიცნობთ და პოპულარული ხართ?

- თავიდან ფიქრობდნენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მომბეზრდებოდა და გავჩერდებოდი. ჩემ გარშემო სამეგობროსა და სანათესაოში უამრავი წარმატებული და ჭკვიანი ადამიანია, თუმცა ისინი ასე საჯაროდ არ ჩანან. ახლა ძალიან მოსწონთ ამდენი ადამიანი რომ მიცნობს და მხარს მიჭერენ. არანაირი საქმე არ მეთაკილება, მთავარია დაკავებული ვიყო და შედეგს ვხედავდე. შემოსავლის გარეშე ყოფნა არ მიყვარს. ვერავის ხარჯზე ვერ შევძლებ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები მუშაობენ და კარგი შემოსავალიც აქვთ, შეუძლიათ, ყველაფრით გვერდში დამიდგნენ, ბავშვობიდან მკაცრად მაქვს განსაზღვრული, რომ თავად უნდა ვიზრუნო ჩემს თავზე. ჩემი ერთი ლარი ვიღაცის მოცემულ 100 ლარს მირჩევნია.

316210773-605535414911165-7711913965645660847-n-1669973771.jpg

- რა შეგიძლიათ უთხრათ ნეგატიური კომენტარების ავტორებს?

- ბევრ ცუდ კომენტარს ხომ მიწერენ, მაგრამ ადამიანი ახლოდან რომ გამიცნობს, სულ სხვა შთაბეჭდილება რჩება. არ ვფიქრობ, რომ ცუდი კომენტარების ავტორები უნდა შევიძულო. არ არსებობს ბოროტი ადამიანი. ადამიანი კეთილია, მაგრამ რაღაც მომენტმა გააბოროტა. შეიძლება ბაკურიანში ვისვენებ, ვერთობი და დროს კარგად ვატარებ. ვიღაცას კი იმ მომენტში საჭმლის ფულიც არ აქვს. ასეთმა ადამიანმა შეიძლება ცუდი კომენტარი დამიწეროს და მე ამას ვიგებ. შესაძლოა, გარედან სხვანაირი ვჩანვარ და ვერ ახერხებენ ჩემს სრულად აღქმას, განსხვავებული დამოკიდებულება უჩნდებათ და ამის გამო ნეგატივს გამოხატავენ. ამასობაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი შევიძინე, უამრავმა ადამიანმა პირადადაც გამიცნო და ნეგატიური კომენტარების ავტორებს ახლა ისინი წერენ, რომ არასწორი შეხედულება აქვთ.

- გარეგნობის, განსხვავებული ხმის ტემბრის გამო თუ გიგრძვნიათ ნეგატიური დამოკიდებულება?

- კი, რა თქმა უნდა. ერთხელ მეტროთო ვმგზავრობდი. ახალგაზრდა ბიჭმა იმის გამო, რომ გრძელ თმას ვატარებ და განსხვავებულად გამოვიყურები, მითხრა, მრცხვენია, ამ ქვეყანაში თქვენნაირი ადამიანები რომ არიანო. მგონია, რომ ასეთ დროს ადამიანს პასუხი არ უნდა დაუბრუნო. სანამ ადამიანს ახლოდან არ გავიცნობთ, ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები არ უნდა გამოვხატოთ. ცხოვრება ძალიან უცნაურია. შეიძლება ის ადამიანი, რომელსაც ათას ბოროტებას უსურვებდი, გადამწყვეტ მომენტში გვერდში დაგიდგეს. ჩემს გულშემატკივრებს კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მათგან ყოველდღე ვგრძნობ მხარდაჭერას. რამდენ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო, ჩემთან არაფერი შეიცვლება, ისევ ასე მეყვარება ადამიანები და სულ მომინდება, ბევრი ვიშრომო.

თამარ იაკობაშვილი

ლენუკა ყიფშიძის ახალი გამოწვევა და ოჯახის წევრები, რომლებიც მის გვერდით არიან