ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მარი მალაზონია გადაცემაში
"პირადი ექიმი" ასახელებს იმ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდის კიბოს რისკს და პირიქით, ამცირებს:
- დადგენილია, რომ დამატებული შაქრები ონკოლოგიურ რისკებს ზრდის. ამ შემთხვევაში ცალსახად ბრალდებულად შაქრის ფხვნილი არ უნდა განვიხილოთ და პრობლემის გადაჭრის ერთდერთ გზად შაქარზე უარის თქმა არ უნდა წარმოვიდგინოთ. ორგანიზმს კატეგორიულად უარის თქმა არც ერთ პროდუქტზე არ სჭირდება. სწორი მოხმარებაა საჭირო. დამატებული შაქრები, რომელთა რიცხვშიც შაქრის ფხვნილიც უნდა განვიხილოთ, რაც უფრო ზომიერად იქნება გამოყენებული, მით უკეთესია სხვადასხვა დაავადებისა და მათ შორის, ონკოლოგიური რისკებისთვის. როდესაც ცხიმებზე ვსაუბრობთ, გულის დაავადებები, სასუნთქი სისტემების პრობლემები, სისხლძარღვთა პათოლოგიები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები სწორედ არაჯანსაღი ცხიმების გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენებას უკავშირდება. რაც უფრო პროცესირებული და ტექნოლოგიურია, რაც უფრო ბევრია ცხოველური წარმოშობის ცხიმი რაციონში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, მათ შორის, ონკოლოგიური პრობლემების რისკი მით უფრო მაღალია. წითელი ხორცის გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენება ნაწლავის კიბოს შემთხვევაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რისკფაქტორად განიხილება. ასეთ შემთხვევაში წითელი ხორცის ბოსტნეულთან, მარცვლეულ-ბურღულეულთან ბალანსი გვაძლევს საშუალებას, რომ წითელი ხორცის მოხმარების ულუფა და მასთან ასოცირებული რისკები შევამციროთ.
წითელი ხორცისგან დამზადებული პროცესირებული პროდუქტები და ცალკე პროცესირებული პროდუქტები უზამაზარ რისკს ჰქმნის. პინის მეორე მხარეს ბოსტნეული და ხილია. ასევე, მარცვლეულისა და ბურღულეულის კვების რაციონში ჩართვა. რაც უფრო მთლიანი და უხეშად დაფქულია მარცვლეული, მით უკეთესია. ამავე დროს, სხვადასხვა პარკოსნის, როგორც მცენარეული ცილის გამოყენების ალტერნატივა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ალკოჰოლთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენა რეკომენდაციებში საგანგებოდაა მითითებული. ქალებსა და მამაკაცებს შორის დოზა განსხვავებულია. ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ მამაკაცების შემთხვევაში ალკოჰოლისათვის დასაშვები დოზა ორჯერ მეტია. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლის მოხმარებაში მამაკაცები უფრო თამამები უნდა იყვნენ. ნებისმიერი დანამატი, ადამიანის მიერ საწარმოო წესით მიღებული ნივთირებები, თავისი ბუნებით ძალიან განსხვავდება საკვებ პროდუქტებში არსებული მათი ანალოგებისგან. უკეთესია, ორგანიზმი ბუნებრივი საკვები პროდუქტებით შევავსოთ.
მარი მალაზონიამ ჩამოთვალა ის პროდუქტებიც, რომლებიც თავიანთი შემადგენლობის წყალობით ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს ამცირებენ:
წყლისა მოხმარების აუცილებლობაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ასევე, ნაწლავის წონასწორობის აღდგენაზე აღარაფერს ვამბობ იმიტომ, რომ ონკოლოგიური რისკი და იმუნური სისტემის ხარვეზები პირდაპირაა ნაწლავის ფლორასთან დაკავშირებული.
- ჯანსაღი ცხიმები, მაგალითად, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, მზესუმზირის, ყურძნის წიპწის ზეთი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომეგა 3, რომელიც თევზეულშია. ასევე, კარგია ციტრუსი და მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური შემადგენლობა, რომელსაც C ვიტამინი განაპირობებს.
- სტაფილო და ყველა ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე პროდუქტი, რომლებიც კაროტინებითა და ძლიერი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი.
- პომიდორი, რომელიც C ვიტამინთან და კაროტინებთან ერთად ისეთ ნივთიერება სშეიცავს, როგორიცაა ლიკოპენი. მას ანტიკარცეროგენული ეფექტი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანთებისა და კიბოს წინააღმდეგ მოქმედებს.
- ყურძენში, განსაკუთრებით კი წითელ ყურძენში, არსებული რეზვერატროლი დაბერების, ანთებისა და ონკოლოგიური პრობლემების შეფერხებაში გვეხმარება.
- ძლიერი ანტიოქსიდანტური შემადგენლობა აქვს კენკრას და ლურჯი მოცვი ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ.
- სხვადასხვა სახის თხილეული და მასში არსებული მინერალების შემცველობა. რაც მთავარია, ომეგა 3-ის ტიპის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ძალიან სერიოზულ დაცვით ეფექტს გვაძლევს.
- სელის მარცვალი და მისგან წარმოებული პროდუქტები თავის შემადგენლობით უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
- სხვადასხვა სახის პარკოსანი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელთა ეფექტი უმნიშვნელოვანესია და ონკოლოგიური დაავადებების რისკის მართვისას გასათვალისწინებელია.
- ბროკოლში არსებული სხვადასხვა ნივთიერების დამსახურებით ონკოლოგიური რისკი მცირდება.