ონლაინრომანი "თვითმკვლელობა დაკვეთით"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
რომანის დასაწყისიმხოლოდ ერთი წერილი დახვდა, თათიას მოეწერა, თავის კლასელს, რომელთანაც ურთიერთობა დღემდე შეინარჩუნა. ამ დღეებში გამოგივლიო, მეგობარი სწერდა. თვითონაც მისწერა, გელოდები, სულ სახლში ვარო და კოცნა გაუგზავნა.
საძიებელში შევიდა და ლეონის მოძებნას შეუდგა. არ ეგონა, ამდენი ლეონი თუ იქნებოდა. უმრავლესობას ჟან რენოს სურათი ეყენა მთავარ ფოტოდ ან ნატალი პორტმანის. სათითაოდ ყველასთან შევიდა. იცოდა, რომელი ლეონიც სჭირდებოდა - ის, ვისაც არც ერთი მეგობარი არ ეყოლებოდა.
როგორც იქნა, მიაგნო. მას მხოლოდ ლეონი არ ერქვა, სახელის გვერდით ფრჩხილებში "პრინცი კედებში" მიეწერა. გაუხმეს თავი! პრინცი არა, ტოროლა! გაეღიმა. სურათიც შესაბამისი დაეყენებინა "ლეონს". ფოტოზე წითელკედებიანი ფეხები მოჩანდა მხოლოდ, იქვე თეთრი ბურთი იდო, ბურთზე კიდევ სნაიპერის შაშხანა იყო მიყუდებული.
ეს სწორედ ისაა, ვისაც ეძებს. კარგია, რომ იპოვა. მის კედელზე გადავიდა. ლეონს მხოლოდ ფოტოები ედო - ყვავილების, გზების, ტბების, ჩანჩქერების... ჰმ.. რომანტიკოსი ყოფილა, - დაასკვნა მაიკომ.
ახლა მთავარია, ახალი პროფილი შექმნას, აქედან ხომ არ მისწერს? მან არ უნდა გაიგოს, ვინაა, თორემ ალბათ გადაირევა - სულელია ვიღაც, საკუთარ თვითმკვლელობას მიკვეთსო.
სასწრაფოდ შეუდგა ახალი გვერდის გაკეთებას. საფოსტო მისამართიც სხვა მიუთითა, სათადარიგო რომელიც ჰქონდა, ტელეფონის ნომრად კი ნიკას ნომერი მოიშველია, რომელიც არ გაუუქმებია, ქმრის ტელეფონით დღესაც სარგებლობდა.
რამდენიმე წუთში პროფილი მზად იყო. "პიმპუ" დაირქვა, რომ უცხო ადამიანების ყურადღება არ მოეზიდა. მამა ეძახდა ასე ბავშვობაში.
ინტერნეტიდან ზოგადი ფოტოები ამოიღო და ორიგინალური სურათებით გვერდი გაალამაზა. ესეც ასე. ახლა მთავარია, დაეკონტაქტოს. უფრო სწორად, მაიკომ მისწეროს და ლეონი კონტაქტზე გამოვიდეს. დაიწყო ფიქრი, რა მიეწერა. სანდოობის მომეტიც უნდა გაეთვალისწინებინა. ვიღაც უცხოს კაცის მკვლელი ალბათ ასე ადვილად არ ენდობოდა. რამდენჯერმე დაალაგა წინადადებები გონებაში, მერე კლავიატურაზე აკრიფა, მაგრამ სანამ გაგზავნიდა, გადაიკითხა. სიტყვები გადაალაგ-გადმოალაგა, წაშალა, ხელახლა დაწერა და ბოლოს, როცა ყველაფერი გაასწორა, "ენტერს" დაუწკაპუნა და წერილი გაგზავნა.
"გამარჯობა, ლეონ! თქვენთან დაკავშირება ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა მირჩია, ვასილ ბაღდავაძემ, პოლკოვნიკმა. თქვენი დახმარება მჭირდება. არ ვიცი, როდის ნახავთ ჩემს წერილს, მაგრამ საჩქარო არ არის. როცა მოგიხერხდებათ, მომწერეთ, რომ დაგელაპარაკოთ".
ის იყო, ფეისბუქიდან გამოსვლას აპირებდა, რომ პასუხი მოუვიდა:
- ვინ ხართ?
გული ლამის გაუჩერდა. ჯერ ერთი, ასე უცებ საპასუხო წერილს არ ელოდა. რას იფიქრებდა, ამ დროს ეს კაცი თუ აქ იქნებოდა. თითქოს ჩასაფრებული იყოო. ხელები აუკანკალდა. თითები სასწრაფოდ მოისრისა და გამალებით შეუდგა წერას.
- რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ არ გეკითხებით, თქვენ ვინ ხართ? - და "გაუღიმა".
პასუხმა ერთხანს დააყოვნა. მერე ლეონმა კვლავ მოიწერა:
- რა საქმე გაქვთ?
- რა საქმესაც თქვენ ასრულებთ, - ახლა უკვე თამამად მისწერა.
- ვასოს საიდან იცნობთ?
- ახლობელია ჩემი.
- ახლობელი?
- ჰო. ჩემი მეუღლის ძმაკაცია, თავდაცვის სამინისტროში.
- ქალი ხართ?
მაიკოს გამეღიმა. ამას ალბათ არ ელოდა. რა სულელია, რას ახსენა მეუღლე და ძმაკაცი? ეთქვა, ჩემი მეგობარიაო. ახლა უკან დახევას აზრი არ ჰქონდა.
- კი, ქალი ვარ, - და კვლავ "გაუღიმა". სხვა სმაილების დასმა არც იცოდა. ერთადერთი ღიმილი იყო ხოლმე, რასაც იყენებდა.
- აჰა... ეგღა მაკლდა, - ახლა მან "გაუღიმა".
- რატომ, რა არის ამაში ცუდი?
- არ ვიცი... იქნებ არც არაფერი. უბრალოდ, ქალებთან საქმიანი ურთიერთობა ჯერ არ მქონია.
- ესე იგი, გაგიმართლათ.
- მე თუ თქვენ?
მაიას გაეცინა. მართლაც, მას უფრო გაუმართლა, ვიდრე ლეონს.
- ორივეს, - მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და ახლა ორი ღიმილი გაუგზავნა.
- რა შინაარსისაა თქვენი შეკვეთა? ქალს ეხება თუ კაცს? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა. როგორც ჩანს, ვასიკოს ხსენებამ გაჭრა.
- ქალს.
- ქალს? რა დააშავა? ქმარი წაგართვათ თუ თანამდებობა? - და შეკითხვას თვითონაც ორი ღიმილი მოაყოლა.
- არც ერთი და არც მეორე.
- ვა! ეგ როგორ?
- ჩვეულებრივად. მიზეზის დასახელება არ მსურს. ვფიქრობ, ამას საქმესთან კავშირი არა აქვს. ხომ მეთანხმებით?
- გასაგებია. თანამდებობა? სოციალური ფენა? ცნობილი პროვნებაა? ასეთებზე არ ვმუშაობ.
- არა, ჩვეულებრივი ადამიანია, როგორიც თქვენ და მე.
- თქვენ რა იცით, მე როგორი ვარ? იქნებ არაჩვეულებრივი ვარ?
- თქვენზე ბევრი რამ ვიცი.
- მაგალითად?
- მაგალითად ის, რომ ცნობილებს არ "ერჩით", საქართველოში იშვიათად მუშაობთ და ასე შემდეგ.
- ჰოდა, რატომ გგონიათ, რომ თქვენს საქმეს მივხედავ?
- არ ვიცი, მე უბრალოდ, ვცადე.
- უარი რომ ვთქვა?
- მაშინ სხვას მოვძებნი.
- ასე ადვილად? გგონიათ, ასე ადვილია?
- ადვილი არაფერია, ფაფის ჭამაც კი, - და ისევ "გაუღიმა".
- კარგი. მომიყევით, აბა, რა ხდება და პასუხს ბოლოს გეტყვით.
- ისეთი არაფერი. ერთი ჩვეულებრივი ქალია. მარტო ცხოვრობს. არავინ არ ჰყავს. ადვილად მოსაგვარებელი საქმეა. მისი სახლის წინ კორპუსია, ბოლო სართულზე სარდაფი და ლიფტის ოთახია. მოკლედ, ადვილი და უსაფრთხო საქმეა.
- ისე ლაპარაკობთ, თითქოს დიდი გამოცდილება გქონდეთ. თან სიტყვებს ფრთხილად არჩევთ. თამამად დაწერეთ, აქ ამას ვერავინ წაიკითხავს.
- იმიტომ ვფრთხილობ, რომ... რა ვიცი, ვინმეს გაშიფვრა რომ მოუნდეს... ხომ იცით, ძალიან მარტივია სხვისი წერილების ამოღება.
- ამაზე ნუ დარდობთ. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული მაქვს.
- თქვენ შეიძლება დაცული გაქვთ, მაგრამ ჩემი ხომ არ იქნება დაცული?
- იქნება. როგორც კი საუბარს დავასრულებთ, თქვენთანაც ყველაფერი ავტომატურად წაიშლება.
დაუჯერებელ რაღაცას ეუბნებოდა. ასეთი რამ პირველად გაიგო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვნახოთ, რამდენად მართალია ბატონი ლეონი.
- სურათი და მისამართი დამჭირდება. - მოიწერა ლეონმა ცოტა ხანში.
- მე კიდევ ჰონორარი რამდენი მექნება გადასახდელი, იმის გაგება მჭირდება.
- თქვენ რამდენს გადამიხდით? - სიცილი გამოგზავნა.
- რა ტაქსის მძღოლივით მევაჭრებით? - გაბრაზდა მაიკო.
- თუ ჩემზე ბევრი რამ იცით, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რამდენს ვიღებ საქმეში.
- ყველა საქმეში ხომ ერთნაირად არ გიხდიან? თქვენ თქვენი მითხარით, მე ჩემსას გეტყვით.
- ჰოდა, თქვენ თქვით ჯერ, ქალი ხართ და უნდა დაგითმოთ.
- ეგრე არ გამოვა. მე რომ ასი დოლარი გითხრათ, დამთანხმებით?
- სცადეთ... იქნებ ვთანხმდები, - და ღიმილი დახატა.
- ეგ არასერიოზული დამოკიდებულებაა, ლეონ. მეგონა, სერიოზულ ადამიანთან მქონდა საქმე, თან პროფესიონალთან.
- სერიოზულთან არა, პროფესიონალთან - კი.
- მაშინ დაასახელეთ არასერიოზული პროფესიონალის სამუშაოს გასამარჯელო!!! - გაბრაზება ძახილის ნიშნებით გამოხატა.
- კარგი. რახან ქალისგან პირველად ვიღებ საქმეს... 9.
ეს 9 ვერ გაიგო მაიკომ, რას ნიშნავდა.
- 9 რა?
- და სამი ნული.
- დოლარებში?
- თქვენ ევროში გირჩევნიათ?
- არა, მე ლარებში მირჩევნია.
ლეონმა სიცილით "აიკლო". კარგა ხანს მხოლოდ მოცინარ სმაილებს გზავნიდა.
- რატომ იცინით?
- იმიტომ, რომ ახლა თქვენ მევაჭრებით ტაქსის მძღოლივით.
მოკლედ, საქმე ისე წავიდა, რომ ლამის იჩხუბეს. დაქირავებული მკვლელი ბევრს ითხოვდა, ამდენის გადახდას ნამდვილად არ აპირებდა. თან მწარედ ეცინებოდა, რომ საკუთარი თავი ცხრა ათასი დოლარიც არ უღირდა.
უხსნიდა, რომ მისი სამიზნე არც პოლიტიკოსი იყო და არც ცნობილი პიროვნება, ამიტომ თანხისთვის უნდა დაეკლო. ამ საქმეს არავითარი გართულება არ მოჰყვებოდა, ყველაფერი წამში დამთავრდებოდა და სანამ ვინმე გონს მოეგებოდა, თვითონ უკვე შორს იქნებოდა წასული.
როგორც იქნა, ექვსი ათას ლარზე შეთანხმდნენ. ნახევარი წინასწარ უნდა ჩაერიცხა მისთვის მაიას, ნახევარი - საქმის დამთავრების შემდეგ.
ისევ გაეცინა. საქმე რომ მომთავრდებოდა, ფულს ვინღა გადაურიცხავდა? ამიტომ შესთავაზა, მეორე ნახევარს ერთი დღით ადრე ჩაგირიცხავო. სამაგიეროდ, უნდა დალოდებოდა.
- მე თქვენ ფოტოს გამოგიგზავნით და მისამართსაც. დააკვირდით, შეისწავლეთ კარგად ობიექტის გარეგნობაც და მარშრუტიც. ხოლო როცა საჭირო იქნება, მოგწერთ და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ.
- ანუ არ გეჩქარებათ?
- არა, არ მეჩქარება.
- მაშინ წინასწარ რატომ დამიკავშირდით?
- იმიტომ, რომ არ ვიცოდი, მოვახერხებდი თუ არა თქვენთან დაკავშირებას.
ერთი სიტყვით, საერთო შეთანხმებას მიაღწიეს. მაიკოს ორ დღეში 3 ათასი უნდა გადაერიცხა ლეონისთვის, ოღონდ არა მის პირად ანგარიშზე, არამედ სულ სხვა, რაღაც ორგანიზაციის ანგარიშზე. არც გაჰკვირვებია, მკვლელი სიფრთხილეს იჩენდა.
- მეც სხვისი სახელით ჩაგირიცხავთ, ასე რომ... ერთმანეთის მოძებნას ნუ შევეცდებით... - ქალმა თავი დაიზღვია.
- თქვენ აპარატიდან ჩარიცხეთ და საერთოდ არ დაგჭირდებათ არავის ვინაობის დაფიქსირება, - ლეონმა რჩევა მისცა.
ეს არ უფიქრია. გონივრული წინადადება იყო, რაც ძალიან მოეწონა, მაგრამ აპარატიდან სამი ათასის ჩარიცხვა ასე ადვილი იყო? მთელი საათი უნდა დაეკარგა ამისთვის. რა მოხდა მერე, დღეს ყველას ასე შეაქვს ფული ბანკში.
როგორც იქნა, საუბარს მორჩნენ და მაია უცნობს დაემშვიდობა. სასაუბრო ფანჯარა ჩახურა, მაგრამ გაახსენდა, ლეონმა რომ უთხრა, ყველაფერი წაიშლებაო და შემოწმება სცადა. ჯერ არაფერი წაშლილიყო. ცოტა ხანს დაელოდა, თავის გვერდზე გადავიდა, გარეშე თვალით შეხედა, როგორი პროფილი ჰქონდა და როცა კვლავ გადაამოწმა ლეონთან მიწერ-მოწერა, მართლაც ყველაფერი წაშლილი დახვდა. ვააა! ნუთუ ასეთებიც ხდება? უნდოდა, მიეწერა, შეექო ოპერატიულობისთვის, მაგრამ მის გვერდს ვეღარ მიაგნო... ნუთუ ისიც წაშალა? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წერილებიც წაიშლებოდა. მაგრამ როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა, თუკი პროფილი აღარ ექნება? იქნებ მაიკოსავით ორი გვერდი აქვს მასაც ან მეტი? ალბათ ამიტომ უთხრა, მე თვითონ შეგეხმიანები ამ დღეებშიო... ჰო, ალბათ ამიტომ უთხრა...
თუმცა, ლეონი არც ორი და არც სამ დღის შემდეგ არ შეხმიანებია. მაიას ჩვევად ექცა დაძინების წინ და გაღვიძების შემდეგ ფეისბუქში შევარდნა. ციებიანიავით ელოდებოდა მის წერილს. ის კი არ ჩანდა. როგორც ჩანს, მოატყუა. ალაპარაკა, ალაპარაკა და გაქრა. მკვლელი ალბათ დასცინის ახლა, როგორ დაიჯერა ამ ქალმა ჩემი დანაპირებიო. "მეც არ გამიკვირდა, ასე უცებ როგორ დამთანხმდა-მეთქი? როგორი სულელი ვარ"... - საკუთარი მიამიტობით გაწბილებულმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
ხასიათი გაუფუჭდა. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი მოაგვარა. მოტყუვდა. ახლა რა უნდა ექნა? ვერაფერსაც ვერ იზამდა, უნდა დალოდებოდა. იქნებ საქმე ჰქონდა და სხვების შეკვეთებზე მუშაობდა? იქნებ სულაც მოულოდნელად მოუწია ქალაქიდან გასვლამ? მაიკომ ეს არ იცოდა. არა უშავს, თუ არაფერი გამოუვა, თვითონ მიხედავს ამ საქმეს. წამლების გადაჭარბებული დოზა და მისი ჯანი! ყველაფერზე წავა, ოღონდ ამ საშინელ სენს თავი არ გააწამებინოს!
ოთხშაბათს ნუცას მოცემული მისამართი ჯიბეში ჩაიდო და კლინიკისკენ გასწია. გარეთი ცრიდა. არა და არ გამოვიდა ამინდი. მოენატრა სითბო, მზე... მხრებაწურული მიუყვებოდა სველ ასფალტს, ქოლგა წინ გადაეწია, რომ თავი ქარისგან დაეცვა. ქარი თითქოს ლამობდა, მისთვის ქოლგა წაერთმია.
თბილ შენობაში რომ შევიდა, მოეშვა. ქოლგა დაკეცა და ცელოფანში ჩადო, რომ ჩანთა არ დაესველებინა. სვენებ-სვენებით ავიდა მეექვსე სართულზე და განყოფილების გამგის კაბინეტს მიადგა. ირგვლივ მიმოიხედა. სიგრძეზე დალაგებულ სკამებზე პაციენტები ისხდნენ და თავიანთ რიგს ელოდებოდნენ.
- ბატონ თემურს ვინმე ელოდება? - იკითხა.
უარის ნიშნად ზოგმა თავი გააქნია, ზოგმა არაო, უპასუხა.
წარწერას კიდევ ერთხელ ახედა. "თემურ სახვაძე, მედიცინის დოქტორი", - იუწყებოდა წარწერა. კარზე დაკაკუნა. პასუხი არავინ გასცა.
ამ სახელისა და გვარის ბიჭი მეცხრე კლასში უყვარდა. ბორჯომში გაიცნო, დასასვენებლად რომ წაიყვანა ბებიამ. რას იცინებს, ის რომ აღმოჩნდეს...
მოპირდაპირე კაბინეტში შეიხედა.
- ბატონი თემური აქ არის, თუ იცით? - მორიდებით ჰკითხა თეთრხალათიან ქალებს.
- მაღლაა, რეანიმაციაში. დაელოდეთ, მალე ჩამოვა.
კარი მოიხურა და ფანჯარასთან დადგა... უნდა დალოდებოდა...
უიმედო ადამიანის რამდენიმე ტიპი არსებობს - უიმედოდ გულჩათხრობილნი, უიმედოდ გულუბრყვილონი და უიმედოდ იმედიანები. მაიკო ამ უკანასკნელს მიეკუთვნებოდა. რაღაცის იმედს დაკარგავდა და მაინც იმედი ჰქონდა, რომ ის რაღაც გამოუვიდოდა. ახლაც იდგა ფანჯარასთან თავისი რიგის მოლოდინში და იმედოვნებდა, რომ ლეონი აუცილებლად გამოეხმაურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელი ჩაქნეული ჰქონდა.
ამ დროს განყოფილების გამგის გვერდითა კაბინეტიდან წელში ოთხად მოხრილი პაციენტი გამოვიდა. მამაკაცი იყო, საშუალო ასაკის. სახე ისე გაყვითლებოდა, აშკარად ჩანდა, დიდი დღე არ ეწერა. გვერდით ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა - ალბათ ცოლი. გული მოეწურა. მასაც ეს დღე ელის, თანაც ძალიან მალე.
გააჟრჟოლა. უეცრად ზურგს უკან სასიამოვნო ხმა მოესმა:
- მე მელოდებით?
იმდენად მოულოდნელი იყო უცხო ხმის გაგონება, რომ შეკრთა და სწრაფად შემობრუნდა.
მის წინ ათლეტური აღნაგობის ერთობ სიმპათიური მამაკაცი იდგა, დაახლოებით მისი ასაკის. თეთრი ხალათი, შაბიამნისფერი შარვალი და ამავე ფერის ჩაჩი ეხურა. მოსწონდა მაიკოს თანამედროვე ექიმების ფორმა. მით უფრო, თუ ექიმი სიმპათიური იყო. ასეთებს ფორმა განსაკუთრებულად უხდებოდათ.
- ბატონი თემური ბრძანდებით?
- დ... დიახ, - ექიმს, რატომღაც, ენა დაება.
- დიახ, თქვენ გელოდებოდით.
- მობრძანდით, - მამაკაცმა გასაღები საკლიტულში შეარჭო და გადასწია, მაგრამ კარის გაღება ვერ შეძლო. კარგა ხანს ეჯაჯგურა, სახელურს ხან აქეთ გადმოატრიალებდა, ხან იქით და ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა.
- ვერა და ვერ შევაკეთებინე ეს საკეტი. უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, - ექიმი თავის მართლებას მოჰყვა.
- არა უშავს, ხდება ხოლმე, - გაიღიმა მაიამ და ექიმს კაბინეტში ფეხდაფეხ შეჰყვა.
- დაბრძანდით, - შავტყავგადაკრულ სკამზე მიუთითა თემურმა, თვითონ სამუშაო მაგიდას მიუჯდა და მბრუნავ სავარძელში ჩაეშვა.
მაიამ ირგვლივ მიმოიხედა. თვალში მოხვდა კარადაზე შემოდებული ხელოვნური ყვავილები და სანთლისგან ჩამოსხმული ხილი, რომელიც ვაზაში ეყარა. სხვა ყველაფერი ჩვეულებრივად ექიმის კაბინეტს მოგაგონებდათ, თავისი ორგანოებდახატული პლაკატებითა და ჰიპოკრატეს ჩარჩოში ჩასმული ფიცით, საქაღალდეებითა და სამედიცინო ხასიათის წიგნებით.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მაიკო ექიმის შეკითხვას ელოდებოდა, ექიმი - მის ახსნა-განმარტებას.
ბოლოს თემურმა ჩაახველა.
- გისმენთ, რა გვაწუხებს? - და ლამაზი, გრძელი თლილი თითები ერთმანეთში ჩახლართა, თან თვალს არ აშორებდა მაიას, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო.
- ჩემი სახელია მაია...
- ვეკუა... - დაასრულა ექიმმა და ქალის გაოცებულ სახეს რომ შეხედა, ღიმილით გააგრძელა, - მაკო, მაიკო, მაკუნა... ეგრევე მივხვდი, როგორც კი შემოგხედე. შენი არაბუნებრივად ბუნებრივი ფერის თვალები ძნელია, დაივიწყო. ნუთუ ვერ მიცანი? - განყოფილების გამგე სახეზე ოდნავ წამოწითლდა და მეტი დამაჯერებლობისთვის ჩაჩი მოიხადა.
მომენტალურად შეეცვალა გარეგნობა, ჩაჩით უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თავზე, წრიულად, ღერი თმა არ შერჩენოდა, ნახევრად გამელოტებულიყო.
- თემო, შენ ხარ? - მაიკოსაც მოერია ღიმილი და თვალები აუციმციმდა, - ღმერთო, წარმოუდგენელია! - მსწრაფლ წამოხტა, მაგიდას შემოუარა და ფეხზე წამომდგარ ბავშვობის მეგობარს გადაეხვია.
- მე ვარ, მე... ასე ძალიან შევიცვალე? - თემური ზურგზე ხელს უსვამდა და სიამოვნებაჩაღვრილი ქალის თმის სურნელს ნეტარებით ისრუტავდა.
- იცი, ვიფიქრე, სანამ მოვიდოდი, ეს კაცი ის სახვაძე რომ აღმოჩნდეს, რამდენს ვიცინებ-მეთქი, - მაიკო მამაკაცს მოშორდა და ახლა შორიდან შეათვალიერა.
- მერე? რატომ არ იცინი? - უხერხულად მოისვა ექიმმა თავზე ხელი, - გამელოტებულია შენი თემური.
- ეგ არაფერი, უნაკლო არავინ ვართ, - ხელი ჩაიქნია მაიკომ და თავის ადგილს დაუბრუნდა, - ესე იგი, მაინც აიხდინე ოცნება და ექიმი გახდი, არა? ყოველთვის მიზანმიმართული იყავი, რაც ყველაზე მეტად მომწონდა შენში.
- ჰო, მაგრამ ჩემი მიზანმიმართულობა ყველაზე მთავარ რამეში ვერ გამოვიყენე.
- რაში? კიდევ დაგრჩა რამე აუხდენელი? - მაიკომ ხელზე ხელი დაადო და ოდნავ მოუჭირა.
- ჰო, შენ დამრჩი განზე, - კვლავ წამოწითლდა თემური და დაბნეულობის დასაფარავად ჩაჩს წაეტანა, რომ თავზე დაეხურა.
- ისე, ქუდი უფრო გიხდება, ვიდრე უქუდობა, - სიცილი წასკდა მაიას.
- ჰო, ამიტომაც სულ მახურავს... მომიყევი ახლა, როგორ ხარ, რას საქმიანობ, საით ხარ... ჩემთან რა ქარმა გადმოგაგდო?
- როგორ ვარ და... ცუდად. რას ვსაქმიანობ? ნუ, ვწერ... მწერალი მქვია. თბილისში ვცხოვრობ, მეუღლე გარდამეცვალა, ქვრივი ვარ, მყავს ერთი ქალიშვილი და ასე. შენ?
- მე? მე რა, მეც მყავს ცოლ-შვილი. მეუღლე ექიმია, აქ მუშაობს, ჩვენთან. ორი ბიჭი მყავს, დიდები არიან უკვე. სხვა რა ვიცი, - მამაკაცმა ხელები გაშალა.
- ეს დასავლური სენი შენც შეგეყარა, არა?
- რა დასავლური სენი?
- ექიმ კაცს აუცილებლად ექიმი ცოლი უნდა ჰყავდეს. დასავლეთ საქართველოში ასე იციან. დედების გულის გასახარად ექიმ კაცებს ექიმი ქალები მოჰყავთ ცოლად.
- შენ ხომ იცი, რომ მე ასეთი არასდროს ვყოფილვარ.
- აბა, რა ვიცი? წესიერად ვერც მოვასწარი შენი გაცნობა.
- მაკუნა, ნუ მაბრაზებ! - ხუმრობანარევი ტონით დატუქსა ექიმმა.
- ხო, კარგი, გეხუმრე. მიხარია შენი წარმატებები. ნუცა ექიმმა მომცა შენი კოორდინატები, ძალიან გაქო.
- ოოო, ნუცა საუკეთესო ექიმია... და... ისა... - მოულოდნელად დაიბნა, - იმასთან რა საქმე გქონდა?
მაიკოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, მოიქუფრა. გაღიმება სცადა, მაგრამ იმდენი სევდა გაერია ამ ღიმილში, მამაკაცი მიხვდა, არც ისე კარგად იყო საქმე.
- მოკლედ, სიმსივნე მაქვს, თემო... ფილტვის... მეოთხე სტადია. განგებამ იმდენი ქნა, რომ პირდაპირ შენთან გადმომაგდო. ერთ დროს შენი შეყვარებული ვიყავი, ახლა კი შენ პაციენტი გავხდები, - და ზედმეტად გულისამაჩუყებლად რომ არ გამოსვლოდა, პატარა ბავშვივით დაიჯღანა, მერე კი დაამატა, - ხომ ხედავ, მაინც გეპრანჭები.
თემოს სახე გაუქვავდა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად შესცქეროდა ერთ დროს სათაყვანებელ არსებას და არ იცოდა, რა ეთქვა.
- ჰა, თქვი ახლა რამე, თორემ დაიძაბა სიტუაცია, - გაიხუმრა ქალმა.
- იცი რა? - ამოიხვნეშა თემურმა და სავარძელში შეირხა, - ცხოვრებაში ყველაფერს მოევლება, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, გასაგებია? იქნებ ისე სულაც არ არის საქმე, როგორც შენ გგონია.
- მოიცა, მოიცა... არ გვინდა ეს სენტიმენტალური შეგონებები. მე ძლიერი პიროვნება ვარ, უკვე გავიაზრე, რაც მჭირს და საერთოდ არ მეშინია. რაც არის, არის. მარადიული არავინაა ამქვეყნად. უბრალოდ, ჯერ არ მცალია იმისთვის, რომ მოვკვდე, რაღაც-რაღაცები დამრჩა გასაკეთებელი, დასამთავრებელი. ამაში უნდა დამეხმარო. ოღონდ ერთი პირობით - ქიმითერაპიას არ ჩავიტარებ.
ექიმმა ჩაახველა და იმწამს დახურული ჩაჩი კვლავ მოიძრო. იქვე, მაგიდის კიდეში მიაგდო და სავარძელში ერთი ბრუნი გააკეთა.
- მაჩვენე შენი გამოკვლევები, - დახშული ხმით მიმართა მაიკოს და ხელი გაიწოდა.
მაიამ ჩანთიდან კარგა მოზრდილი საქაღალდე ამოიღო და მეგობარს გაუწოდა.
- ყველაფერი გაკეთებული მაქვს, ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე. აი, აქაა ჩემი ავადობების მთელი ნუსხა, - ისევ გახუმრება სცადა.
თემომ საქაღალდე გახსნა და სათითაოდ შეუდგა საბუთების კითხვა-შესწავლას.
- სენტიმენტალური გამოთქმები სენტიმენტალურმა ასაკმა იცის, - თქვა ექიმმა, როცა გამოკვლევების დათვალიერებას მორჩა და საქაღალდე დახურა, - მაგრამ ქიმიოთერაპია სენტიმენტების გარეშე უნდა ჩავიტაროთ. გესმის?
- მესმის, მაგრამ არა. ამას არ ვიზამ.
- იზამ. თუ ჩემთან მოხვედი, ისე უნდა მოიქცე, როგორც მე ვიტყვი. სხვანაირად არ გამოვა. დღეიდან მე ვარ შენი მიმთითებელი და არანაირ პროტესტს არ მივიღებ. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. სიტუაცია რთულია, მაგრამ არა უიმედო. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და მომეცი საშუალება, დაგეხმარო. ახლა მაინც მომეცი ამის უფლება.
- თემო...
- თემო არ ვიცი მე! ძლივს გიპოვე. ამდენი წელი გეძებდი, სად არ გავიკითხე, ვის არ ვთხოვე, შენი ასავალ-დასავალი გაეგო და ვერაფერს გავხდი. ახლა შენი ფეხით მოხვედი, თანაც დახმარება გჭირდება, რაც მე მართლა შემიძლია და არ გინდა ეს გამაკეთებინო? დაივიწყე! დღეიდან სულ შენ გვერდით ვიქნები. ერთად ვიმუშაოთ და ერთად გამოვძვრეთ ამ ორომტრიალიდან. გთხოვ!
მაიკომ გულის მომკვლელად ამოიოხრა და მამაკაცს აწყლიანებული მზერა მიაპყრო.
- რატომ არ მოხვედი მაშინ, რომ შემპირდი? რატომ მომატყუე? - ამ ორი შეკითხვით წარსულს გადასწვდა.
- არ მომიტყუებიხარ. გიგა გახსოვს? ქუთაისელი. ის შემპირდა, გამოგყვებიო და ჯერ მასთან ჩავედი ქუთაისში, მაგრამ იქ ისე გამომათვრეს, რომ არაფრის თავი არ მქონდა. მერე ვეღარ მოვახერხეთ შენთან წამოსვლა, შაბათ-კვირა თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა. სახლში რომ არ დავბრუნებულიყავი, ჩემები დარდით დაიხოცებოდნენ. მეათე კლასში ვიყავი და ხომ გესმის... ჯერაც ვერ ვგრძნობდი თავს დამოუკიდებლად.
- რამაც ჩვენი სიყვარული შეიწირა.
- ჰო. მერე გწერდი, შენ კიდევ პასუხს არ მიბრუნებდი. მივხვდი, რომ გამიბრაზდი, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდი...
- ასე რომ, საკურორტო რომანი გამოგვივიდა და ეგ იყო.
- ჰო, ეგ იყო, მაგრამ არ დამვიწყებიხარ. არასდროს. დღემდე. სულ ვფიქრობდი შენზე. არ იცი, როგორ გამახარე.
- გაგახარე რო? ასეთი ავადმყოფი გამოგეცხადე და...
- მთავარია, გამომეცხადე. შენი შეხედვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, შენი ხმის გაგონება სიხარულს მიბევრებს, შენი სიცილი კი ბედნიერებით მავსებს. მეტი არც არაფერი მინდა.
- მეტს ვერც მე შეგპირდები, ესაა, რისი გაცემაც შემიძლია, - გაიღიმა მაიკომ.
თემურმა თვალები დახუჭა და თავი სინანულით გადააქნია.
- მწეველი ხარ?
- არა, ცხოვრებაში არასდროს მომიწევია, ასე რომ, ჩემს სენს სიგარეტს ვერ დავაბრალებ.
- გასაგებია. მაშინ მკურნალობას შევუდგეთ.
- მომისმინე, თემო. ქიმიოთერაპია მართლა არ მინდა. გთხოვ. ამ ეტაპზე რამე წამლები გამომიწერე. თუ უარესობა იქნება, მერე ვნახოთ.
- თუ მხოლოდ წამლებზე ვიქნებით დამოკიდებული, უარესობა იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევ. ამიტომ...
- არა, ამ ეტაპზე არა-მეთქი, უკვე გითხარი. - ხელები გაასავსავა მაიამ.
- ისევ ისეთი ჯიუტი ხარ, როგორიც მახსოვხარ. სიცოცხლე არ გინდა?
- მინდა, მაგრამ გარკვეული დროით. დარჩენილი დრო კი მეყოფა იმისთვის, რისთვისაც სიცოცხლე მინდა, - ნიშნის მოგებით უპასუხა და კვლავ პატარა ბავშვივით დაიჯღანა.
- მაინც მეპრანჭება, - გაიხუმრა თემურმა, - როგორი თავნებაა ეს გოგო! - ამ სიტყვებით სავარძელში წამოიწია, მაიკოსკენ გადმოიხარა და შუბლზე აკოცა, - შენ ყოველთვის ჩემი პატარა ბედნიერება იყავი, ლამაზი და ნათელი ბედნიერება.
- ვიცი, - ჩამწყდარი ხმით მიუგო ქალმა და თვალები დახარა.
- კარგი, მაშინ ახლა მე შენ წამლებს გამოგიწერ, ფასდაკლებასაც გაგიკეთებ, რომ არ გაიწეწო და აი, ამ ერთ კოლოფს გაჩუქებ ჩვენი ძველი მეგობრობის ნიშნად. - და უჯრიდან მოზრდილი ყუთით პრეპარატი ამოიღო.
- არ გინდა. იმდენს ნუ იზამ, რომ დაზარალდე. უფულობას არ ვუჩივი, საშუალება მაქვს.
- არ დავზარალდები, შენ მაგის დარდი ნუ გაქვს. აქ 50 აბია, ყოველ დილით უზმოზე ორ-ორი უნდა დალიო. 25 დღე გეყოფა. კიდევ ორ თავ პრეპარატს გამოგიწერ, ადვილი საშოვნელია. დაგიწერ, რა დოზით და როგორ უნდა მიიღო. ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს დამირეკავ და მეტყვი, როგორ იქნები. ეს ერთი... მეორე... გადასხმები აუცილებლად უნდა გავიკეთოთ.
- რამდენიმე დღის წინ გავიკეთე.
- რამდენი, ერთი?
- ჰო, ერთი.
- დამცინი? ერთი კი არა, კურსი უნდა ჩაიტარო. ათი მაინც.
- ცხრა.
- ხო, კარგი, იყოს ცხრა, მაგრამ ხვალვე უნდა დაიწყო. სახლში გყავს ვინმე?
- არა, მარტო ვარ. ჩემი გოგო ჰოლანდიაშია, იქ მუშაობს.
- აბა რა ვქნათ? ყოველდღე აქ სიარული დამღლელია, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ჩემზე კარგად ეს არავინ იცის.
- მეგობარს ვთხოვ, ის გამიკეთებს.
- ექიმია?
- არა, მაგრამ ეხერხება ეგეთები. ჩემს ქმარს ის უკეთებდა, როცა ლოგინად იყო ჩავარდნილი.
- რა ჭირდა?
- გრძელი ამბავია, არ მომაყოლო, - ჯავშანჟილეტი შემოაკრა უცებ ქმრის ბიოგრაფიას. არ უნდოდა სცოდნოდა, ნიკაც სიმსივნით რომ გარდაიცვალა.
- კარგი, ჩვენ ახლა შენს ჯანმრთელობას მივხედოთ. ჯერ ახალგაზრდა ხარ, მაკო, მენდე, გთხოვ. ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, ხომ იცი?
მაიკოს გაეცინა.
- ძალიან ბებერი ვარ იმისთვის, რომ ახალგაზრდა მერქვას, - დანანებით წარმოთქვა.
- მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ ბებერი გერქვას, - შეუტრიალა თემომ და წამოდგა.
მაიაც წამოდგა. ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ორჯერ შეხედა თემომ და ერთხელ გაუღიმა.
- გინდა, კინოში წავიდეთ? - მოულოდნელად შესთავაზა მამაკაცმა.
- შენი ცოლი არ იეჭვიანებს?
- კი, მაგრამ ვერ გაიგებს, - ეშმაკურად გაიცინა.
- ჩემთვი სულერთია. მთავარია, შენთან ერთად ვიყო, ცოტა ხნით მაინც. ტკბილ ბავშვობასთან დამაახლოებს.
- მაშინ დაგირეკავ, კარგი?
- კარგი. წავედი ახლა.
- მოიცა ცოტა ხანს. იყავი, სად გეჩქარება?
- არა, წავალ. შენც საქმე გექნება. წამლებსაც დროზე ვიყიდი, რომ არ გავაჯანჯლო.
- ჰო, - დახშული ხმით დაეთანხმა, სახეზე ხელისგულები რკალივით შემოსდო და თვალებში ჩააცქერდა.
მაიკომ გაუღიმა. თემომაც ღიმილით უპასუხა, მერე შუბლზე ეამბორა, როგორც პატარა ბავშვს, რომელიც ძალიან მოენატრათ...
თითქოს ფრთები შეესხაო, ისე მიქროდა ქუჩაში. რამდენი ხანია, ასე არაფერი გახარებია. თან გული უკვდებოდა, რომ მისი სიკვდილის მოწმე მაინცდამაინც ბავშვობის სიყვარული უნდა გამხდარიყო. "საიმედო ადამიანის ხელში მაინც დავლევ სულს", - სიმწრით გაიფიქრა და ქუჩაზე გადაირბინა, რომ აფთიაქში შესულიყო.
წამლები შეიძინა თუ არა, გეზი ეკლესიისკენ აიღო. იშვიათად დადიოდა იქ. ბოლო დროს იმიტომ მოუხშირა, რომ ნიკას სახელზე პარაკლისებს იხდიდა. ერთი ლოცვაც არ იცოდა ზეპირად, "მამაო ჩვენოს" მხოლოდ დასაწყისი და ზოგიერთი ფრაზა ახსოვდა... "რომელი ხარ ცათა შინა"... "მოგვეც პური არსობისა"... სამაგიეროდ, ათი მცნება იცოდა ზეპირად და ცდილობდა, ყველა ერთნაირად დაეცვა. სანთელს სახლში ანთებდა, ისიც მხოლოდ აღდგომასა და შობის დღესასწაულზე. არა იმიტომ, რომ ღმერთი არ სწამდა, უბრალოდ, ეკლესიის მსახურებს არ ენდობოდა.
ქაშვეთში შევიდა. ყოველთვის მოსწონდა ეკლესიის სუნი, სანთლის ნამწვით გაჯერებული ჰაერი და მრუმე ნათელი, რომელიც იქ შესულს ხვდებოდა.
თავშალი დაიფარა, პირჯვარი გადაისახა და შევიდა. აქ დასადგურებული სიჩუმე საოცარ სიმშვიდეს ანიჭებდა. სანთლები იყიდა და ჯერ მიცვალებულების კუთხეში აანთო, მერე სხვა ხატებს დაუარა. თან ანთებდა, თან პირჯვარს იწერდა.
"მიშველე, ღმერთო, უმტკივნეულოდ დამატოვებინე ეს ქვეყანა", - ჩურჩულებდა თავისთვის და თვალზე მომდგარ ცრემლს გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა.
ამ დროს მის წინ მდგარ სასულიერო პირს მოჰკრა თვალი. ჭაღარაწვერიანი, შავანაფორიანი მღვდელი თვალს არ აცილებდა. მაიკოს ეგონა, რაღაცას არასწორად აკეთებდა, ამიტომ მზერა აარიდა ღვთის მსახურს და სხვა კუთხეში გადაინაცვლა.
- შენ მაია არ ხარ? - მოულოდნელად მღვდელი წინ აესვეტა.
მაიკოს უცნობის თვალები მაშინვე ეცნო. ჰო, ეს თვალები ერთ დროს ძალიან ხიბლავდა.
- გოგა! - ჩუმი აღტაცებით წამოიძახა და პირზე ხელი მიიფარა, ზედმეტად ხმამაღლა ხომ არ ვიყვირეო.
- ჩემი გოგო! - მღვდელმა ხელები გაშალა და ქალი გულზე მიიკრა,- დაგლოცოს უფალმა, - მამაკაცმა ხელი უშვა მაიას და ჰაერში პირჯვარი გადასწერა.
- აქ რას აკეთებ? - ჩურჩულით ჰკითხა.
- ვმსახურობ. მამა გიორგი ვარ. შენ? როგორ ხარ? რამდენი წელია, არ მინახავხარ.
- მე ვიფიქრე, სანთელს დავანთებ-მეთქი...
- წამო, გარეთ გავიდეთ, - მამაკაცი იდაყვში ჩააფრინდა და კარისკენ გაიტაცა.
ეზოში გავიდნენ.
- დღეს სიუპრიზების დღე მაქვს, - გაიცინა მაიამ, - დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვხვდები. აქ ნაღდად არ გელოდი. შენ და ეკლესია? არ მჯერა.
გოგა მისი წარსულის კიდევ ერთი ფურცელი იყო. მაიკოს იგი მეათე კლასიდან უყვარდა, რაც თემოს დაშორდა, მას მერე და გოგაც თავს არ ანებებდა. სულ კუდში დასდევდა, მოსვენებას უკარგავდა. მაიას ხომ უყვარდა, მაგრამ არ სჯეროდა მისი, რადგან მისნაირი მეორე მექალთანე არ ეგულებოდა. ყოველდღე სხვადასხვა გოგოსთან ხედავდა, ხან ქუჩაში მოსეირნეთ, ხან გოგას სადარბაზოდან ერთად გამოსულთ ან შესულთ... ხარბი, ვნებიანი მზერა ჰქონდა გოგას, ქალს შეხედავდა და თვალებით აშიშვლებდა. სწორედ ეს აშინებდა მაიკოს მასში, სწორედ ამას უფრთხოდა და გაურბოდა. სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის ისეთი დაძაბული იყო ამ შეხვედრებზე, ბოლომდე გახსნა უჭირდა, თავისუფლად ერთხელაც არ უგრძნია თავი. მაიკო ასაკით პატარა იყო, გოგა კი ისე ეპყრობოდა, როგორც ზრდასრულ ქალს, რომელსაც სიყვარულში გამოცდილება არ აკლია. მაიკოს კი აკლდა, რადგან ჯერ პატარა იყო, უკოცნელი და მამაკაცის სხეულის არმცოდნე. ისიც კი არ იცოდა, როგორ უნდა ეკოცნა.
უყურებდა მაია მამა გიორგად გადაქცეულ გოგას და თვალებს არ უჯერებდა. თმა და წვერი გაჭაღარავებოდა, ასაკი მისი თმის ყოველ ღერში იგრძნობოდა. უხდებოდა წვერი, უფრო სექსუალურს აჩენდა, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო და მის სულწასულობამდე ვნებიან თვალებს უფრო დიდრონს აჩენდა.
- დედაშენი როგორაა? - მზია დეიდა მოიკითხა მაიკომ.
- რა ქნას, დაბერდა, სიარული უჭირს უკვე, მაგრამ ძველებურად ქაქანის ხასიათზეა, თუ ჩაირთო, ვეღარ გამორთავ, - გაიღიმა გოგამ.
- ცოლ-შვილი?
- სამი ბიჭი მყავს, დიდები არიან უკვე, უფროსი დაოჯახებულია, ბაბუაც გავხდი შარშან. ცოლიც მყავს, რა ვიცი, არის რა.
მაიას ყურში უსიამოვნოდ მოხვდა მისი "არის რა". ჩანდა, ცოლით დიდად კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო.
- ასე რატომ? - დაინტერესდა და თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო ყოფილ თაყვანისმცემელს.
- ზედმეტად ანჩხლია. შენთან რა მაქვს დასამალი და, ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდი. ჯერ ხომ ეჭვიანობით დამტანჯა, ახლა კიდევ... ეჰ, რა ვიცი, ჩხუბის მიზეზი არ ელევა. ხანდახან სახლში მისვლა მეზარება. ვნანობ, რომ შენთან უფრო არ ვიაქტიურე.
- გგონია, აქტიურობა საქმეს უშველიდა? - მაიკოს ხმამაღლა გაეცინა.
- უშველიდა, კი. უშველიდა და არ მოვინდომე. დღემდე ვნანობ, ხელიდან რომ გაგიშვი. შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი იყავი, სინათლე გვირაბის ბოლოს. ერთადერთი ვარსკვლავივით ანათებდი ჩემს მრუმე ცაზე.
- ცისკრის ვარსკვლავივით უნდა გეთქვა, - კვლავ გაეცინა ქალს.
- არა, მართლა, რატომ გამირბოდი მაშინ, ა? - ღიმილით გამოხედა მოძღვარმა და მარცხენა ხელი ანაფორის კალთაზე დაიდო.
- იმიტომ, რომ ყველა კაბიანს დასდევდი. შემეშინდა, ცხოვრებას გამიმწარებს-მეთქი.
- სულ ეგ იყო მიზეზი? სხვა არაფერი?
- ამაზე მეტი მიზეზი რა უნდა ყოფილიყო? ცოტაა? - წარბები აზიდა, - ვიფიქრე, მეც ისე მიყურებს, როგორც სხვა გოგოებს-მეთქი.
- ეგ რამ გაფიქრებინა? იცი, როგორ მიყვარდი? სულ სიზმარში გნახულობდი. გეუბნებოდი, გიმტკიცებდი, მაგრამ ვერ დაგაჯერე. ალბათ არ გიყვარდი, თორემ ჩემი მექალთანეობა ვერ შეგაჩერებდა.
- ბოლო დროს შენც რაღაცნაირად გაცივდი. შენთან ურთიერთობის სურვილი სელ მქონდა, ბრმად მიყვარდი და ვიცოდი, რომ გსურდა ჩემტან ყოფნა, მაგრამ მეგონა, მხოლოდ მოგწონდი და ველოდებოდი, ეს სურვილი სიყვარულად როდის გარდაიქმნებოდა. სამწუხაროდ, არ გარდაიქმნა და მერე ხელიც ჩავიქნიე. ვიფიქრე, ალბათ ღმერთის ნება ასეთია-მეთქი. მაგრამ შენს თვალებს რომ ვუყურებდი, ელეთმელეთი მემართებოდა.
- მოიცა, რა თვალები, რის თვალები. - დაირცხვინა გოგამ.
- და თითები კიდევ. ახლაც ისეთივე ლამაზი თითები გაქვს, როგორიც მაშინ. გახსოვს, პიანინოზე რომ დაუკრავდი, რა დღეში ვვარდებოდი? ერთიანად მბურძგლავდა.
გოგამ სიცილი ვერ შეიკავა.
- მორჩა, ჩემო მაია, მორჩა. ახლა აღარც პიანინოს ვეკარები და აღარც ქალებს. ჩემი ადგილი ვიპოვე, როგორც იქნა და მშვიდად ვარ.
- რამ გადაგაწყვეტინა სასულიერო სამსახურში შესვლა? რამე მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რაც მე არ ვიცი?
- მოხდა ალბათ... რა ვიცი, ერთ მშვენიერ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ აქ უნდა მოვსულიყავი... მოვსულიყავი და დავრჩენილიყავი. აი, ასე. - გოგამ ხელები მოიფშვნიტა და ღრმად ამოიხვნეშა.
- სხვას რომ ეთქვა, არაფრით დავიჯერებდი.
- ახლა ხომ დაიჯერე? - ხელზე ხელი დაადო მღვდელმა და სიყვარულით მოუთათუნა, - ძალიან ხშირად მახსენდები, არ გამომივიდა შენი დავიწყება. არ იცი, როგორ გამახარე, ისევ ისეთი ლამაზი ხარ... დედაჩემიც გიხსენებს ხოლმე, იცი? ნეტავ სად არის, რას შვრებაო.
- ერთხელ უნდა ვინახულო, დავალებული ვარ მისგან.
- გაუხარდება.
- შენი ცოლი ხომ არ იეჭვიანებს?
- კარგი რა... - ხელი აიქნია მამა გიორგიმ და სივრცეს უაზროდ გახედა. - შენი ამბები მომიყევი, გათხოვილი ხარ?
- უკვე ქვრივი ვარ, ერთი ქალიშვილი მყავს, ჰოლანდიაშია, იქ მუშაობს.
- ჰო... გადაიხვეწნენ ყველანი, აღარავინ დარჩა ქვეყანაში.
- მართალი ხარ, აღარ დარჩა.
- აბა, ახლა მარტო ხარ?
- მარტო ვარ, კი.
- ეკლესიაში დადიხარ? ვისი მრევლი ხარ?
- არც არავისი, მოძღვარი არ მყავს. ეკლესიაშიც იშვიათად დავდივარ, მხოლოდ სანთელს თუ ავანთებ.
- რატომ მერე, რატომ? ასე არ შეიძლება. მოძღვარი უნდა გყავდეს, წირვებზე უნდა იარო, აღსარება ჩააბარო, მარხვა დაიცვა, რწმენა უნდა გაიძლიერო...
- რაღა დროსია, გოგა, ცალი ფეხი სამარეში მაქვს, - თვალები აუწყლიანდა მაიკოს და ძველ მეგობარს სევდიანი მზერა შეანათა.
- რა ცალი ფეხი, რას ამბობ? - შეშფოთდა მღვდელი.
მაიკომ უამბო თავისი გასაჭირი. რატომღაც, აღარ უცდია ავადმყოფობის დამალვა.
გოგა შეძრა ქალის ნამბობმა. უფრო და უფრო ეჭმუხნებოდა შუბლი, სახე ექუფრებოდა.
როცა მაიკომ მოყოლა დაამთავრა, მამაკაცმა ხელი მხარზე გადახვია, გამხნევების ნიშნად მოუთათუნა და თავზე აკოცა. მამა გიორგის ანაფორას საკმევლის მძაფრი სუნი ასდიოდა. მაიამ თვალები დახუჭა.
- მე ვილოცებ შენთვის. ნუ გეშინია, ჩემო გოგო, ყველაფერი კარგად იქნება, - ხმადაბლა უთხრა, მაგრამ ისეთი მოგუდული ხმით წარმოთქვა, თითქოს რაღაც უშლის ხელს სიტყვების წარმოთქმაშიო, თითქოს სხვისი ხმით ლაპარაკობდა.
- ილოცე, მამაო, ეგ თუ მიშველის, - უიმედო ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე მაიას.
კარგა ხანს ისაუბრეს. ბოლოს მღვდელმა თავისი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა, ნებისმიერ დროს დამირეკე, არა აქვს მნიშვნელობა, დღე იქნება თუ ღამე, თუ წირვაზე არ ვიქენი, მაშინვე გიპასუხებ, თუ არადა, მერე მე თვითონ დაგირეკავო.
- წავედი ახლა, - მაიამ თავშალი ჩანთაში ჩაჩურთა.
- ღმერთი იყოს შენი მფარველი, - კვლავ გადასახა მამა გიორგიმ პირჯვარი, - მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები, ეს იცოდე.
ემოციებით სავსე გამოვიდა ეკლესიიდან. თითქოს ფრთები შეესხა.
უცნაური დღე გაუთენდა. დილიდან ორჯერ შეხვდა თავის წარსულს... თავისი წარსულის ყველაზე სასიამოვნო წუთებს. განა რა, დღეს არც ერთი უყვარდა ძველებურად და არც მეორე, მაგრამ მაინც ეტკბილა, რომ ორივე მამაკაცი დღემდე მას მისტიროდა. რა კარგი შეგრძნება ყოფილა, როცა ვიღაც გეუბნება, მიყვარდი, შენზე ვფიქრობდი, ახლაც მიყვარხარ და სულ მეყვარებიო. თითქოს სულის სიცარიელე მთლიანად შეევსო. თითქოს თვითონაც გაუმზაფრდა მათი სიყვარული.
ალბათ ესეც განგების ნებაა. ალბათ ორივეს უნდა შეხვედროდა სიკვდილის წინ, ასე ინება უფალმა. ერთი მისი მკურნალი ექიმია, მეორე - მოძღვარი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე მეტად დასჭირდება სიკვდილის ბოლო წუთებში.
სიმწრისგან ცრემლები მოაწვა. ისევ ისეთი ლამაზი ხარო... არის კი? რაღა დროს სილამაზეა, დღითი დღე ილევა. არადა, რა ლამაზი გოგო იყო ერთ დროს. წელწვრილი, ტანკენარი... სიარულის გამორჩეული მანერა ახასიათებდა, კი არ დადიოდა, დანარნარებდა, თითქოს ცეკვავსო. მხრებში გამართული, ამაყად ყელმოღერებული მსუბუქი ნაბიჯებით დასრიალებდა. ახლა? ახლა დააბოტებს, კი არ დასრიალებს. იქნებ იმიტომ, რომ არავის ეპანჭება? აი, დღეს ორ ყველაზე ახლობელ ადამიანს შეხვდა და გაკეკლუცება არც უცდია. კი უთხრა თემომ, მეპრანჭებიო, მაგრამ მხოლოდ გაიხუმრა. მე შენ ახლა ორმაგად გიფრთხილები, როგორც მეგობარს და როგორც პაციენტსო, წამოსვლის წინ თემომ უთხრა, - მეგობრებს ისე უნდა გაუფრთხილდე, როგორც ავადმყოფებსო. ამის მოგონებამ ღიმილი მოჰგვარა.
- და თუ მეგობარი ამავდროულად, ავადმყოფიცაა, მაშინ როგორ უნდა გაუფრთხილდე? ოთხმაგად? - ფიქრი ხმამაღლა გაახმოვანა.
გაგრძელება