ამ ამბავმა 2010 წელს მთელი ინდოეთი შეძრა, რადგან სერიული მკვლელი, რომელიც ახალგაზრდა გოგონებზე ნადირობდა, ბიოლოგიისა და მათემატიკის მასწავლებელი მოჰან კუმარი აღმოჩნდა.
ერთი შეხედვით, მშვიდი, თავაზიანი მამაკაცი ოთხი შვილის მამა იყო, რომელიც მესამედ დაქორწინდა. თუმცა, ისინი, ვინც მას ახლოდან იცნობდნენ, უცნაურობებს ამჩნევდნენ. მაგალითად, მასწავლებელი გამუდმებით ცვლიდა ტელეფონის ნომრებს, ხშირად ყიდულობდა ახალ მოწყობილობებს, ვერ იტანდა, როცა ვინმე მის გვერდით იჯდა და არც წითელი ბოსტნეული უყვარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მას სისხლთან აკავშირებდა. გარდა ამისა, მოჰან კუმარი ხმამაღალ მუსიკას ვერ ეგუებოდა - თუ ვინმე ხმამაღლა იწყებდა სიმღერას, მაშინვე ტოვებდა ოთახს. ასევე, მოკრძალებული მასწავლებელი პათოლოგიურად ძუნწი იყო, ამიტომ ახლობლები გაოცდნენ, როცა მოჰანმა მოულოდნელად ძმისშვილს, დანუშს მობილური აჩუქა. საჩუქარი კუმარის მხრიდან ზედმეტად გულუხვი იყო. რეალურად კი, მოგვიანებით სწორედ ეს ტელეფონი გახდა მთავარი მტკიცებულება, რომლის წყალობითაც პოლიციელები სერიული მკვლელის კვალზე გავიდნენ.
ყველაფერი 2003 წელს დაიწყო, როდესაც ინდოეთის კარნატაკას შტატი თვითმკვლელობების სერიამ მოიცვა. ახალგაზრდა გოგონები ერთმანეთის მიყოლებით იკლავდნენ თავს. თავდაპირველად, გამოძიების ვერსია იყო, რომ ქალები გარკვეული ტიპის სექტას დაუკავშირდნენ და ეს ერთგვარი რიტუალის შედეგი იყო. თუმცა, მთავარი უცნაურობა ის იყო, რომ ისინი არც წერილს უტოვებდნენ ვინმეს და არც წინასწარ ემშვიდობებოდნენ საყვარელ ადამიანებს. ყველა გარდაცვლილ გოგონას საქორწინო სარი ეცვა და როგორც გაირკვა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ.
საგანგაშო კიდევ ერთი მომენტი იყო: ყველა მსხვერპლი ან ობოლი, ან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან იყო. როგორც წესი, ნათესავები დიდხანს ყურადღებას არ აქცევდნენ და მათი გაუჩინარების შესახებ ინფორმაციაც გვიან ვრცელდებოდა. თითქოს, ვიღაც განგებ არჩევდა მსგავს გოგონებს...
20-მდე ცხედარი ავტობუსის გაჩერებებზე ან საზოგადოებრივ ტუალეტებში იპოვეს, რომლის კარიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოძიება უშედეგოდ ცდილობდა რაიმეს გაგებას და ვერ ხვდებოდნენ, რატომ იკლავდნენ გოგონები თავს. ბოლოს კი მე-19 მსხვერპლს მიაგნეს და საქმეც აქედან გაიხსნა.

22 წლის ანიტა ბანტვალი 2009 წლის 16 ივნისს გაუჩინარდა. გოგონა რელიგიური თემის წევრი იყო. ორგანიზაციის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ გზააბნეულ ანიტას მშობლების გაღიზიანება სურდა და ამიტომაც, მუსლიმანთან ერთად სახლიდან გაიქცა. გოგონას ოჯახის წევრები სასწრაფოდ პოლიციაში წავიდნენ და ანიტას პოვნა და ოჯახში დაბრუნება მოითხოვეს.
პირველ რიგში, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გოგონა გაუჩინარებამდე ტელეფონით ბევრს ლაპარაკობდა და კავერი მანკუთან ჰქონდა მიმოწერა. პოლიციის მონაცემთა ბაზის შემოწმებამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობდა, მაგრამ იმავე ნომრის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცი იმ გოგონებსაც ეკონტაქტებოდა, რომლებიც წლების განმავლობაში გაუჩინარდნენ. ნომერი სოფელ დერალაკატეს მიდამოში ფიქსირდებოდა. პოლიციელებმა ივარაუდეს, რომ გარკვეული სექტის წარმომადგენლები გოგონებს აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ცხედრებს კვალის დაფარვის მიზნით ყრიდნენ. გამომძიებლები მოცემული სოფლის მიმართულებით დაიძრნენ, თუმცა იმაზე საშინელი სურათი დახვდათ, ვიდრე ელოდნენ.
პოლიციამ ეს ტელეფონი სკოლის მოწავლესთან, დანუშთან იპოვა. შეგახსენებთ, რომ მოჰან კუმარმა სწორედ მას აჩუქა მობილური. მოვლენები სწრაფად განვითარდა. პოლიციამ დაადგინა, რომ იმ მობილურით დანუში კი არა, სხვა კაცი ესაუბრებოდა გოგონებს. ამიტომაც, გადაწყვიტეს, იგი ფაქტზე გამოეჭირათ. ტელეფონის ჩანაწერებით გაირკვა, რომ კაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში ესაუბრებოდა გოგონას სახელად - სუმიტრე შეკარე. გოგონამ პოლიციასთან აღიარა, რომ ის მისი საქმრო იყო. სამართალდამცავებმა ასეთი რამ დაგეგმეს: როდესაც მამაკაცმა გოგონას საქორწინო სარის შერჩევა სთხოვა და სასტუმროში დაიბარა, რათა თავიანთი "ქორწილის" შესახებ დეტალები გაერკვიათ, პოლიცია ნომერში წინასწარ ჩუმად შევიდა. ფაქტზე მოჰან კუმარი დააკავეს, რომელმაც მაშინვე აღიარა ყველაფერი. მისმა აღიარებამ ყველა შოკში ჩააგდო - ექვს წელიწადში სერიულმა მკვლელმა 32 ქალი იმსხვერპლა.
კუმარს ყველასთან ერთნაირი სტრატეგია ჰქონდა. არჩევდა ლამაზ, მაგრამ ღარიბ გოგონებს, რომლებსაც დაბალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ, ეკონტაქტებოდა, თავს აყვარებდა და აჯერებდა, რომ მათზე დაქორწინებას აპირებდა. სექსუალური კავშირის დროს გარკვეულ აბებს ასმევდა და გოგონებიც სახლისკენ მიმავალ გზაზე, ავტობუსის გაჩერებაზე ან საზოგადოებრივ ტუალეტში იღუპებოდნენ. კუმარი მათ ძარცვავდა და ყელაფერს ართმევდა, რაც ჰქონდათ.
2013 წელს სასამართლომ კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სერიულ მკვლელობაში ბრალდებულმა ადვოკატზე უარი თქვა, საკუთარ თავს თავად იცავდა, ეკამათებოდა მოსამართლესა და პროკურორს. ეუბნებოდა, რომ სასჯელი შეემსუბუქებინათ, რათა შვილები უმამოდ არ დარჩენილიყვნენ. თუმცა, მას მაინც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. საოცარია ის ფაქტიც, რომ როდესაც მისმა მესამე ცოლმა გაიგო, რომ მისი ქმარი სერიული მკვლელი იყო, ციხეში მოსანახულებლად მაინც მიდიოდა. თუმცა, შემდეგ ქმრის თანამესაკნე შეუყვარდა და იმაზე დაქორწინდა. მკვლელს გამოსამშვიდობებელი წერილიც კი არ დაუტოვებია.
