ონლაინრომანი "თვითმკვლელობა დაკვეთით"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
რომანის დასაწყისიგოჩა შუადღემდე არ წასულა. მაიკოს თითის განძრევის საშუალება არ მისცა, საუზმეც თვითონ მოამზადა და სადილიც. იმდენად განებივრებულად იგრძნო თავი და ისეთი ბედნიერი იყო, რომ ლამის წამლის დალევა დაავიწყდა. არადა, ისე უნდა მოეგვარებინა ეს საქმე, რომ გოჩას არ შეემჩნია. საუზმის შემდეგ არც გახსენებია, რომ აბები უნდა მიეღო, ამიტომ სადილამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ გოჩა სუფრას გაშლიდა, დრო იხელთა, წამლებით სავსე პარკი ხალათის ჯიბეში ჩაიტენა და ტუალეტში შეიკეტა.
გოჩა კი ღიღინით აწყობდა სუფრას. თვალწინ მაიას გაღიმებული სახე ედგა. როცა მაი იღიმოდა, ქვეყნად ყველაფერი ავიწყდებოდა. საოცარი იყო მისი ღიმილი - თითქოს ცეცხლისა და სინაზის ნაზავი. წამით შუბლი შეეჭმუხნა - ცხოვრებაში მისნაირი ქალი არ შეხვედრია. ყველაფერი ჭკუაზე შლიდა, რაც მაიას უკავშირდებოდა - მოციმციმე თვალები, რომელსაც ყველა ბარიერის გალახვა და მის სულში შეღწევა შეეძლო, გოჩას ბნელ სულში, გაქვავებულ სულში. მისი აზრების წაკითხვაც შეეძლო ოდესღაც ამ თვალებს.
შუადღეს, როცა გოჩამ წასვლა დააპირა, მაიკომ კარამდე მიაცილა. მერე იმდენ ხანს ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, თითქოს უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო.
სანამ გოჩა კარს გაიხურავდა, მაიკომ მაჯა დაუჭირა და ჩურჩულით ჰკითხა:
- ხომ ისევ მოხვალ? - ტკივილგარეული ტონით გამოუვიდა.
- ჭკვიანი გოგოსთვის ერთობ სულელური შეკითხვაა, ღმერთმანი, - გაიცინა გოჩამ და ტუჩებში ხმაურით აკოცა, - იმდენჯერ მოვალ, რომ ბოლოს თავს მოგაბეზრებ და გამაგდებ, - ამ სიტყვებით კარი გაიხურა...
მაიკო კედელს მიეყრდნო და თვალები მილულა. უნდოდა, სიხარულისგან ეყვირა, ეტირა, ეცინა... თან უკვირდა, რა ადვილად შემოაღწია გოჩამ მისი მარტოობის იმპერიაში, რამდენიმე ლამაზი სიტყვა ფარდაგივით გაუშალა ფეხებთან და მისი გული მეორედ დაიპყრო. ამჯერად უფრო ადვილად, ვიდრე მაშინ, შორეულ წარსულში, ვიდრე ამას წინათ, სპონტანურად რომ დანებდა. ბევრად უსიტყვოდ, ვიდრე პირველად, გაცილებით თამამად, ვიდრე წინა შეხვედრაზე. და ეს სწორედ ის იყო, რასაც ყოველთვის ელოდა მისგან და რომელიც მხოლოდ ახლა მიიღო.
გიჟური ღამე იყო. მერე რა? სიკვდილის წინ მასაც მოუნდა გაგიჟება, მოუნდა გაფრენა იქ, სადღაც, სიტკბოების უხილავ სამყაროში. მთავარია, ეს გაზაფხული გადაიტანოს, იქნებ ზაფხულიც? ეს ის წუთებია, როცა არ უნდა, რომ მოკვდეს. ახლა ყველაზე მეტად სიკვდილი ეზარება. დრო რომ ჰქონდეს, რა სიამოვნებით დაწერდა ახლა რომანს ამ სიყვარულზე, დაწერდა და სათაურსაც რომანტიკულს შეურჩევდა, მაგალითად, "ნასესხები გაზაფხული". ჰო, მშვენიერი სათაურია. ისე, ამ გახსენებაზე, იქნებ ჩაიტაროს ქიმიოთერაპია? იქნებ ამ გზით მართლაც ისესხოს გაზაფხული და ბედნიერი დღეები გაიხანგრძლივოს? ამის გაფიქრება ჭკუაში დაუჯდა. არა, გოჩას არ ეტყვის, რაც მოელის, გულს არ მოუკლავს. დაე, იყოს ბედნიერი, სანამ მაია ცოცხალია. თვითგვემა და ტკივილი მერეც ეყოფა.
რა ეგოისტია ადამიანი. ორი დღის წინ სულ სხვა ჭკუაზე იყო. გულს არ ვატკენო, ჯობია, არ შემეჩვიოს, თორემ მერე უფრო გაუჭირდებაო. ახლა კი, ახლა, როცა წლების განმავლობაში ფიქრებში ნალოლიავები ოცნება აიხდინა, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, მხოლოდ იმაზე, რომ დარჩენილი დღეები გაილამაზოს. უკვე ნაკლებად ადარდებს, რა მოჰყვება მის ამ გალამაზებულ ცხოვრებას, სულ ცოტა ხანში რამხელა ტანჯვას არგუნებს მისი ცხოვრების გამლამაზებელს...
დაე, იყოს ეგოისტი. ცოცხალი ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, გოჩაც შეეჩვევა. სამაგიეროდ, სანამ არ მომკვდარა, ისეთ დღეებს აჩუქებს, ისეთ დაუვიწყარ მოგონებებს დაუტოვებს, საზრდოდ ღრმა სიბერემდე რომ ეყოფა. თანაც, განა დიდხანს გაგრძელდება ეს სიამოვნება. ერთ მშვენიერ დღეს წაიქცევა, დაიშლება, ლოგინად ჩავარდება, გოჩა ყველაფერს გაიგებს, იდარდებს, იჯავრებს და საბოლოოდ თვითონაც მიეჩვევა იმას, რომ მაიამ ეს ქვეყანა უნდა დატოვოს და იმ ქვეყანაში გადაბარგდეს.
არა, არა, ღმერთმა დაუფაროს! წაქცევამდე საქმეს არ მიიყვანს. ეს საკითხი უკვე ხუთიანზე მოაგვარა. როგორც კი შეატყობს, რომ აღსასრული მოახლოვდა, ეგრევე ლეონს შეატყობინებს... რა თქმა უნდა, გოჩასთვის დიდი ელდა იქნება, მაგრამ...
არა უშავს, როგორმე გადაიტანს. სადაც ამდენი გადაუტანია, ამასაც გადაიტანს...
რამდენიმე წელი მაინც ჰქონდეს დარჩენილი... არ ღირს ამაზე ფიქრი. მთავარია, ცოტა ხანს მაინც იცოცხლოს, ცოტათი მაინც შეივსოს დაცარიელებული სული ტკბილი შეგრძნებებით, სიყვარულის სუფთა ჰაერით.
გოჩას შესახებ არავის მოუყვება. რა საჭიროა, ვინმემ იცოდეს მისი პირადი ცხოვრების დეტალები? ეს ხომ ძალიან ინტიმურია? ვინ იცის, როგორ გაუგებენ. იქნებ გაკილონ კიდევაც - სამი წელია, დაქვრივდა და უკვე საყვარელი გაიჩინაო. ენას ძვალი არა აქვს, ცუდის მთქმელს რა გამოლევს? ადამიანებმა ოღონდ კი ერთმანეთი გაჭორონ, მეტი რა უნდათ? უმეტესობა ამით საზრდოობს. ყველა მისნაირი კი არ არის. არც თაია მოუწონებს ასეთ ნაბიჯს. ზუსტად იცის, რასაც ეტყვის, მამაჩემის სახელი ლაფში ამოსვარეო. კარგია, რომ მისი ქალიშვილი აქ არ არის. უეცრად იგრძნო, რომ პირველად მოხდა, შვილის შორს ყოფნა რომ ახარებდა. აი, თუ არ არის ეგოისტი!
თუ ვინმე ისეთ დროს ესტუმრება, როცა გოჩა მასთან იქნება, იტყვის, რომ სკოლის მეგობარია ან სტუდენტობის, ან ძველი მეზობელი... გააჩნია, ვინ მოუსწრებს. გოჩასაც გააფრთხილებს, სხვების თანდასწრებით ცოტა თავშეკავებულად მოიქცეს.
დაუჯერებენ მაიკოს. მას ხომ ტყუილის თქმა არ უყვარს. არასდროს არავინ მოუტყუებია, მისი ყოველთვის ყველას სჯეროდა. ან კი რა არის დაუჯერებელი? მარტო გოჩა ხომ არ ივლის მასთან? ხანდახან თემოც მოვა, მამა გიორგიც... ისინიც ხომ მაკოს მეგობრები არიან? ჰოდა, ეჭვს ვერავინ ვერაფერში შეიტანს. ისედაც, ვერც წარმოიდგენენ, მომაკვდავმა, თან სამი წელი მგლოვიარე მაიამ სხვა კაცისკენ გაიხედაო. ის ხომ აქამდე შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდა საზოგადოებაში. როგორ ვერ იტანდა სიტყვათა ამ წყობას. "შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდა საზოგადოებაში". მსგავს რაღაცებს კომუნისტური ისტორიის გადმონაშთად ნათლავდა ყოველთვის.
გაეღიმა. არეულ ლოგინს გადახედა და ახლაღა გაიაზრა, რომ ქვეყანაზე აღარაფერი ახსოვდა წუხანდელი ღამის გარდა, თუმცა მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემორჩენოდა გონებაში...
გოჩა მთელი კვირა არ გამოჩენილა, მაგრამ ყოველდღე ურეკავდა. მთელი კვირა აცალა, რომ გონს მოსულიყო, ყველაფერი აეწონ-დაეწონა და გაეანალიზებინა. თან გულს ეჭვი უღრღნიდა. ახლა ხომ უკვე იცოდა იმ უცნობი ქალისგან, რომ მაიკომ ქმარი წაართვა. ნუთუ მართლა ხვდებოდა ვინმეს? ვის? რატომ ერთხელ ვერ ნახა იმ ვიღაცასთან, თუ მართლა ასე იყო? იქნებ უკვე დაშორდა და იმ ქალმა ჯერ არ იცის? პირველ დღეს, როცა მაიამ სახლიდან ცივად გაისტუმრა და მერე გოჩა დამკვეთს ელაპარაკა, ძალიან გაღიზიანდა. იმიტომაც მიიჩქაროდა მაიასკენ, რომ სიმართლე გაეგო. თუ ასე შეტრიალდებოდა საქმე და ერთი სიტყვის თქმაც არ მოუწევდა, ვერც იფიქრებდა. კარი გაუღო თუ არა მაომ, მის თვალებში მაშინვე მოუთმენლობა ამოიკითხა, ლოდინით ავსებული მოუთმენლობა. სადღა ეცალა სალაპარაკოდ და წარსულის გამოსაკითხად? შეხედა თუ არა, მხოლოდ ერთი სურვილი ამოუტივტივდა გონებაში - გულში ჩაეკრა და ალერსში გაეთანგა.
ასეც მოიქცა. არადა, პირველმა შეხვედრამ რაღაცნაირად უღიმღამოდ ჩაიარა, თითქოს ერთმანეთს გემო ვერ გაუგეს. ალბათ იმიტომ, რომ ორივე შებოჭილი იყო, შებოჭილი და დაძაბული. სპონტანურად მოხდა ყველაფერი. მერე კი ორივეს მიეცა დაფიქრების დრო, საშუალება, აწონეს, დაწონეს ვითარება, ნიადაგი მოუსინჯეს ერთმანეთის გრძნობებს და მიხვდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინათ ურთიერთობა, რომ უერთმანეთოდ ცხოვრებას აზრი ეკარგებოდა.
ახლა კი უფრო მეტად ორჭოფობს, ვიდრე მანამ. თუ თვითონ არ გადაუშალა მაიამ გული და არ მოუყვა თავისი პირადი ცხოვრების დეტალებს, გამოკითხვას ვერ დაუწყებს. იქნებ ცოტა შორიდან მოუაროს? რამენაირად შეიტყუოს ლაპარაკში და... ჰო, ეგრე იზამს, თავის თავზე დაიწყებს ლაპარაკს, მაგალითად, ერთხელაც როგორ სცადა სხვა ქალის შეყვარება... გამოიგონებს ვინმეს, ტყუილები ყოველთვის ეხერხებოდა, არც ახლა გაუჭირდება. რა ქნას, სხვა გზა არა აქვს, სიმართლის გასაგებად ყველა ღონეს უნდა მიმართოს.
ის ორი დღე გოჩა ადგილს ვერ პოულობდა. ეჭვიანობა ერთი იყო და ვიღაცას მაოს მოკვლა რომ უნდოდა, - მეორე. მისთვის ორივე საშინელება იყო, ამიტომ კითხვაზე პასუხი როგორმე უნდა მიეღო.
ასეთი ფიქრებით გულდამძიმებულმა კიდევ ერთხელ დაურეკა...
მაიკო დილიდან შეუძლოდ გახდა. სუნთქვა დაუმძიმდა, წნევაც დაუვარდა და საწოლიდან ადგომა გაუჭირდა. შეშინებულმა მაშინვე თემოს დაურეკა. ახლავე გადასხმა გჭირდებაო, თემომ, სასწრაფო გამოიძახე და როცა ბრიგადა მოვა, დამალაპარაკეო. ასეც მოიქცა.
სასწრაფოს ექიმმა მაიკოს "პირად ექიმს" მოუსმინა, კარგა ხანს ელაპარაკა, თავიც ბევრჯერ დააქნია და როგორც კი მისგან ინსტრუქციები მიიღო, მაიკოს წვეთოვანი იქვე, ადგილზე, სახელდახელოდ დაუყენა. რადგან წამლის ჩამოცლას დრო სჭირდებოდა, ექთანი მასთან დატოვა, თვითონ კი საავადმყოფოში გაბრუნდა. თემო ყოველ თხუთმეტ წუთში რეკავდა, თან ბოდიშს უხდიდა, რომ მოსვლას ვერ ახერხებდა, რთული დღე ჰქონდა, დღის განმავლობაში ზედიზედ ორი ოპერაცია ელოდებოდა.
მაია ვერ მიხვდა, ცუდად რატომ გახდა. წამლების მიღება არ შეუწყვეტია, არც ფიზიკურად დატვირთულა, არც უნერვიულია. გოჩა ყოველდღე ურეკავდა, საათობით ელაპარაკებოდა, ჩურჩულით ეფერებოდა... იქნებ ემოციურმა ფონმა იმოქმედა ასე? თუ ავადმყოფობა უკვე საბოლოოდ მოერია მის ორგანიზმს? შეშინდა. იმაზე მეტად შეშინდა, ვიდრე წესით, უნდა შეშინებოდა. თემომ დაამშვიდა, ნუ გეშინია, ჯერ ისე არაა საქმე, როგორც შენ გგონია, მაგრამ მკურნალობის კურსი უნდა შევცვალოთ, ორშაბათს გამოდი და სრული გამოკვლევა ჩავიტაროთო.
ახლა მაიკო ყველაფერზე თანახმა იყო. ოღონდ კი სიცოცხლე რამდენიმე თვით მაინც გაეხანგრძლივებინა და უკან არ დაიხევდა.
გადასხმამ უშველა, შუადღეს მომჯობინდა და თავი უკეთ იგრძნო. მართალია, სისუსტემ არ გაუარა, მაგრამ სუნთქვა გაეხსნა, ისე აღარ უმძიმდა, როგორც დილით.
საღამოს გოჩამ დაურეკა, როდის გნახოო. ხვალ საღამოს გამომიარეო, აღელვებულმა ნაჩქარევად ჩასძახა ყურმილში.
გოჩას მისი ხმა არ მოეწონა. თვალწინ უხილავი მეტოქე დაუდგა. აბა, რას უნდა მიეწეროს მაიკოს აღელვებული ტონი? ნუთუ ამ საღამოს სხვასთან აქვს შეხვედრა დანიშნული? კბილი კბილს ნერვიულად დააჭირა. ერთხანს რაღაცას ფიქრობდა და თავს მონოტონურად აკანტურებდა. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო - მოულოდნელად გამოცხადებოდა. თუ იქ ვინმე დახვდებოდა, მისთვის ყველაფერი ცხადი შეიქნებოდა.
შებინდდა თუ არა, სახლიდან გავიდა. მანქანა ნელა მიჰყავდა, თითქოს დროს აჭიანურებდა. ისე ნერვიულობდა, მთელი გზა დანა პირს არ უხსნიდა, უსიამოვნო შეხვედრის მოლოდინში კრიჭა შეკვროდა.
მაიკოს ფანჯარაში შუქი ენთო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას არ ეძინა. სადარბაზოს რამდენიმესაფეხურიანი კიბე დინჯად აიარა და მაიას კარის წინ შედგა. კარგა ხანს ყოყმანობდა, ზარი დაერეკა თუ უკან გაბრუნებულიყო. რამდენჯერაც მიადო თითი ზარის ღილაკს, იმდენჯერ ჩამოიღო. უეცრად შიგნიდან ლაპარაკის ხმა მოესმა, რომელიც უფრო და უფრო ახლოს გაისმოდა. მიხვდა, რომ ვიღაცები კარს უახლოვდებოდნენ. შემცბარი უკან გახტა და მსწრაფლ გაიხედ-გამოიხედა. როგორც იქნა, გამოსავალი იპოვა, რამდენიმე ნახტომით საშრობის კედელს მოეფარა და სუნთქვა შეიკავა.
ამასობაში კარი გაიღო.
- გელოდები, აუცილებლად მოდი, იცოდე? არ გადადო! - გაისმა მამაკაცის ხმა.
- მოვალ, თემო. სხვაგან სადღა წავალ? ხომ იცი, შენს იქით გზა არა მაქვს.
- ჰოდა, გამოჰყევი ამ გზას. ერთად ვიაროთ და ყველაფერი კარგად იქნება.
- ეჰ, მაგის იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც მოვალ.
- აბა, აბა, ეგეთები არ გამაგონო! მოგხვდება, იცოდე! აბა, წავედი, თორემ ნათია გამიგიჟდება, - სიცილით დააყოლა მამაკაცმა.
გოჩამ ყბები მთელი ძალით მოკუმა. ახლა ყველაფერი გასაგებიაო, გაიფიქრა.
მერე ისეთი ხმები გაისმა, მიხვდა, რომ მათ ერთმანეთი გადაკოცნეს. ბოლოს კარი კვლავ დაიკეტა და უცნობის ფეხის ხმაც მაშინვე მიწყდა. რამდენიმე წუთში მანქანის დაქოქვის და დაძვრის ხმაც მისწვდა მის სმენას.
როგორც კი სადარბაზოში სიჩუმემ დაისადგურა, მოეშვა. თავი ცივ კედელს მიაყრდნო და ჩაფიქრდა. რა ქნას, მივიდეს თუ არა? არ ჯობია, ახლავე, ცხელ კვალზე დაადგეს თავს? თვალებში შეხედავს და ყველაფერს მიხვდება. მაოს თვალები არასდროს ტყუიან, მისი გულწრფელი, ბავშვური, ყველაფრის აღმქმელი თვალები. იმასაც გაარკვევს, სად ეპატიჟება უცნობი.
ბრაზმა წამოუარა. აფეთქების ზღვარზე იმყოფებოდა. არა, ასე ვერ მიადგება, ასე ყველაფერს გააფუჭებს. ჯერ უნდა იფიქროს. კარს რომ გაუღებს და გოჩას დაინახავს, წარმოუდგენია, როგორ გაუკვირდება. რა უნდა უთხრას, რატომ მოვედიო? ვეღარ გავძელი უშენოდ და იმიტომო? თუ შენი ხმა არ მომეწონა და ვიეჭვიანეო? პირველი ვარიანტი სჯობდა. დანარჩენი მერე გამოჩნდებოდა. როგორც სიტუაცია უკარნახებდა, ისე მოიქცეოდა. ათიოდე წუთი ადგილიდან არ დაძრულა, მხოლოდ ფეხი მოინაცვლა რამდენჯერმე. ლოდინს წლების განმავლობაში მიეჩვია. დავალებაზე გასულს ლოდინი ხანდახან საათობით უწევდა, ოღონდ მიწაზე გაწოლილს. ფეხზე მდგარი კარგა ხანია, ლოდინის რეჟიმში არ ყოფილა.
მორჩა, დამშვიდდა. ჩვეული სუნთქვითი ვარჯიში ჩაიტარა, თითები ერთმანეთში ჩახლართა, მტევნები გადაწია, გადმოწია, სახსრები გაატკაცუნა და ნაცნობ კარს მიადგა. ჯერ ისევ ჭოჭმანობდა. ბოლოს თვალები დახუჭა და, როგორც იქნა, ზარის ღილაკს თითი გაბედულად მიაჭირა...
გოჩას დანახვაზე მაიკოს თვალები გაუფართოვდა.
- ხომ მშვიდობაა? - წართმეული ხმით ჰკითხა.
- რა თქმა უნდა. რა იყო, რამ შეგაშინა?
- არა, არაფერი... უბრალოდ, ხვალ გელოდებოდი, - დაიბნა მაია.
- მე კიდევ ხვალამდე ვერ მოვითმინე და მოვედი. თუ რამეა, წავალ, - გამჭოლი მზერა მიაპყრო მამაკაცმა.
- არა, რატომ... რახან მოხვედი, ბარემ დარჩი, - ძლივს გაიღიმა ქალმა.
გოჩამ მძიმედ შეაბიჯა ოთახში და მიმოიხედა. სუფრა არ იყო გაშლილი, მხოლოდ ხილით სავსე ვაზა იდო მაგიდაზე და კომპოტის სამლიტრიანი გახსნილი ქილა. იქვე იდგა ორი კომპოტიანი ჭიქა, ერთი - სავსე, მეორე - ნახევრად სავსე და ორი თეფში.
- სტუმარი გყავდა? - ყასიდად იკითხა გოჩამ, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ტერფებზე მონოტონურად აქანავდა.
- ჰო. ჩემი მეგობარი, ერთი ნაბიჯით გაგასწრო.
მამაკაცმა ოდნავ აზიდა წარბები.
- ალბათ მე არ ვიცნობ შენს მეგობარს... - გამომცდელად გახედა კუნაპეტ ღამესავით შავი თვალებით.
- არა, არ იცნობ, - მაიამ ხმას დაუწია.
- შენი ფერი არ მომწონს, - ამოხვნეშა გოჩამ და ტერფებით ქანაობა გააგრძელა, თან ქორივით ავლებდა მზერას აქეთ-იქით, თითქოს სამხილს ეძებსო.
- მე კიდევ შენი მოულოდნელი ვიზიტი, - ამჯერად ხმის აწევით მიუგო მაიამ.
- ჰო, - თავი დააქნია მამაკაცმა, ხელები ჯიბეებიდან ამოიღო და ტუჩებზე შეტყუპებულად მიიფარა.
ერთხანს დუმილი ჩამოწვა. მაია ხმას არ იღებდა, გოჩა კი ელოდებოდა, როდის ალაპარაკდებოდა იგი.
- არაფერი გაქვს სათქმელი? - გოჩას ხმა გაუცივდა.
- რისი მოსმენა გსურს? - თითქოს გულმა რაღაც უგრძნო ქალს.
- რა ვიცი, ყველაფრის...
- გოჩა, ქარაგმებით რატომ მელაპარაკები? თუ რამე გაინტერესებს, მკითხე და გიპასუხებ.
- ვინ იყო ის ტიპი? - თავი კარისკენ გაიქნია გოჩამ.
- ის ტიპი ჩემი მეგობარი იყო. შენ რა, დაკითხვას მიწყობ?
- არა, მე ვეჭვიანობ.
მაიკომ სიცილი ვერ შეიკავა.
- რა გაცინებს? მოვედი. მეგონა, გაგიხარდებოდა, შენ კიდევ დაფეთდი, როგორც კი დამინახე, ფერი დაგეკარგა. თუ სხვაც არსებობს შენს ცხოვრებაში, მითხარი. რა პრობლემაა, ახსნა-განმარტებას არ მოგთხოვ, გავტრიალდები და წავალ.
- ის ჩემი ექიმია, პირადი ექიმი, - ხმა ჩაუწყდა ქალს.
- პირადი ექიმი? ასე თქვი?.. თუ მომესმა?
- არა, არ მოგესმა.
- და პირადი ექიმი პაემანზე გეპატიჟება? - ჩაეკითხა გაღიზიანებული.
- პაემანზე? მერედა, ვინ გითხრა, რომ პაემანზე მეპატიჟება? ან საიდან მოიტანე, რომ სადმე მეპატიჟება?
- ორშაბათსო... გელოდებიო...
- ა! შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი?
- სრულიად შემთხვევით გავიგონე.
- ო! სრულიად შემთხვევით... მჯერა... - დამცინავად ჩაიღიმა მაიკომ, სკამი გამოსწია და დაჯდა, - თავის კლინიკაში მეპატიჟება, გამოკვლევაზე.
- გამოკვლევაზე? - გოჩამ მაიას მიჰბაძა და თვითონაც დაჯდა, - გამოსაკვლევი რა გჭირს?
- ცოტა გული მაწუხებს, არითმია მაქვს, უჰაერობას ვუჩივი, უძილობას... პატარა კი არ ვარ.
- ეგ რისი ნიშნებია, დეპრესიის?
- გამორიცხული არ არის, შეიძლება დეპრესიაც იყოს. სანერვიულო არ მაკლია. ახლა - მით უმეტეს.
- ახლა? როდიდან დაიწყო ეს "ახლა"?
- როგორც კი შენ გამოჩნდი ჰორიზონტზე.
- ჩემი გამოჩენით ნევროზი დაგმართე?
- არა, სული ამიფორიაქე, - ამოიოხრა მაიამ, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და მსუსხავი მზერა მიაპყრო, - რა გაწუხებს, გოჩა? უფლება არ მაქვს, წელიწადში ერთხელ გამოკვლევა ჩავიტარო?
- როგორ არა, გაქვს. უბრალოდ...
- უბრალოდ რა?
- მინდა, რომ ერთმანეთი არ მოვატყუოთ.
- ერთი უყურე! მსოფლიოში ყველაზე დიდი მატყუარა მამუნათებს, არ მოვატყუო. ოდესმე მომიტყუებიხარ?
- კი.
- კი-ი? განა როდის? მსგავსი არაფერი მახსენდება.
- როცა მითხარი, არ მიყვარხარო და გამექეცი.
- მე კი არა, შენ გამექეცი.
- აჰაა. რა ადვილია სხვაზე გადაბრალება, არა?
- გადაბრალება არაფერ შუაშია. ჰო, მე უარი გითხარი, მაგრამ შენ ერთხელაც არ დაინტერესდი, რა იყო ჩემი უარის მიზეზი. წახვედი და გადაიკარგე!
- უნდა დავინტერესებულიყავი? სიტყვასიტყვით მახსოვს, როგორ გამაგდე. არ მიყვარხარო, შენ არ მითხარი? თუ დამესიზმრა?
- მე იძულებული ვიყავი, მაშინ ისე მოვქცეულიყავი.
- აბა რაა, დედაჩემს გაუწიე ანგარიში.
- მოდი, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, კარგი?
- ეს კაცი ცოლიანია?
- ცოლშვილიანია.
- მერე? მისი ცოლი არ ეჭვიანობს?
- რა აქვს საეჭვიანო? ჩვენ საუკუნეა, ერთმანეთს ვიცნობთ. ჯერ კიდევ სკოლიდან.
გოჩამ მუშტები აათამაშა მაგიდაზე, თითქოს დოლს უკრავსო, რიტმულად, მსუბუქად. პასუხი არ გაუცია, არც შეუხედავს მაიასთვის, შეფიქრიანებული თავის მოთამაშე თითებს დაჰყურებდა.
- შენ რა, მამოწმებ? - მაიკო წინ გადაიხარა.
- არა. სრულიად შემთხვევით შევესწარი თქვენს საუბარს. მე შენკენ მოვიჩქაროდი.
- მაშინ რა საჭიროა ამდენი შეკითხვის დასმა?
- რა ვიცი... ისე.
- არაფერი გაქვს საეჭვიანო. ის მართლა ექიმია, ჩემი ექიმი.
წესით ამ სიტყვებს გოჩა უნდა დაემშვიდებინა, მაგრამ არა, არ გამოსდიოდა. რაც უფრო მეტს უხსნიდა მაიკო, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ სწორედ ამ თემოს ცოლმა დაუკვეთა მისი მკვლელობა.
- კარგი, წავალ... - წამოდგა ბოლოს და ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაიწყო.
- კარგი, წადი... - მიმქრალი ხმით მიუგო მაიამ და თვალებში ნაპერწკლები ჩაუქრა.
გოჩა კარისკენ გაემართა, მაია უკან მიჰყვა. მამაკაცმა სახელურს მძლავრად ჩასჭიდა ხელი და დაბლა დასწია.
- ხვალ მოხვალ? - შეეკითხა ქალი.
- მოვიდე? - შემობრუნდა გოჩა და თვალი თვალში გაუყარა.
- ჰო, - მზერა აარიდა მაიკომ.
- ბარემ მოსული არ ვარ? დავრჩები.
- არა, ამაღამ არა. ცოტა შეუძლოდ ვარ. ახლა უნდა დავწვე და დავიძინო, წეღან წამლები დავლიე.
- რისი წამლები? - გოჩა მიუახლოვდა და სახე სახესთან მიუტანა.
- შეუძლოდ ყოფნის, - ჩურჩულით ამოთქვა ქალმა.
- მაშინ მით უფრო დავრჩები, იქნებ დაგჭირდე რამეში. უბრალოდ, დავრჩები, სულაც სავარძელში დავიძინებ.
მაიკო გაჩუმდა. ერთხანს ფიქრობდა. მერე გაიღიმა.
- კარგი, დარჩი. ჩემ გვერდით დაწექი. თუ რამეა, გაგაღვიძებ.
მამაკაცს მაშინვე მოეხსნა დაძაბულობა, მაიკოს სახე ხელებში მოიქცია, კარგა ხანს უყურა მის დახუჭულ თვალებს, მერე კი მსუბუქად შეუბერა სული.
- არ მომწონხარ. ტუჩების ირგვლივ მთლად გათეთრებული გაქვს კანი.
- ხომ გითხარი, ცუდად ვარ-მეთქი.
- ჰო. მითხარი. კარგი, მეტს აღარ გკითხავ. მოდი, დავწვეთ, ხომ?
ქალმა თავი დაუქნია, თვალები გაახილა და კვლავ ჩურჩულით ამოთქვა:
- ოღონდ კარი ჩაკეტე, ღია არ დაგვრჩეს.
გოჩამ კარი გასაღებით გადაკეტა, მაიას ხელი ჩაავლო და ასე ხელიხელჩაკიდებულები გავიდნენ საძინებელში...
გაგრძელება