ონლაინრომანი "თვითმკვლელობა დაკვეთით"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
რომანის დასაწყისიდილით გოჩას მკერდზე თავმიდებულს გაეღვიძა. მამაკაცი თანაბრად სუნთქავდა, მისი ცხელი სუნთქვა პირდაპირ ცხვირში სცემდა ქალს. გაეღიმა. ტუჩებით ოდნავ შეეხო საყვარელი ადამიანის ყელზე მფეთქავ ძარღვს და მისი სურნელი შეისრუტა. წუხელ არც ერთს არ უძინია ნორმალურად. გოჩას სადღაც, გამთენიისას მიეძინა, მაიკომ კი მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გაათენა.
გოჩა ოდნავ შეირხა, ცალი თვალი გაახილა, წამით შეაათვალიერა მის ყელზე დაკონებული ქალი, მკლავები მოხვია, მჭიდროდ მიიხუტა გულზე და გაყუჩდა.
მაიკოს მალე ჩაეძინა, ამჯერად მშვიდი, უშფოთველი ძილით.
იმ დღიდან ორივეს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მაიკო ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. არც გოჩა ყოფილა არასდროს ასეთი ბედნიერი. თითქოს ორმა დაკარგულმა ნახევარმა ერთმანეთი იპოვა და ერთი მთლიანი შექმნა.
მაიას უკვირდა, ასე ჰარმონიულად რომ ავსებდნენ ერთმანეთს. მოიკეთა, გოჩას სიახლოვე ნამდვილი თერაპია აღმოჩნდა მისთვის. მართალია, თემოსთვის მიცემული პირობა დაარღვია და ორშაბათს კლინიკაში არ გამოცხადდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია. სამი დღის შემდეგ თემოს ყოველდღიური ზარებით თავგაბეზრებული იძულებული გახდა, გამოკვლევაზე წასულიყო.
სრული სიზუსტისთვის ტომოგრაფიაზეც გაიყვანა მეგობარმა ექიმმა. და აი, ახლა იჯდა მაიკო თემოს კაბინეტში და გულდასმით ისმენდა მის "საბრალდებო დასკვნას".
- წინ ძალიან რთული გზა გველის, მაიკო, - დახშული ხმით დაიწყო თემურმა, - ყოყმანის დრო უკვე აღარ არის, სერიოზული მკურნალობა გჭირდება.
- დრო რამდენი მაქვს?
- რა თქვი?
- რამდენი დამრჩა-მეთქი, გკითხე, - თავი ასწია ქალმა და თამამად შეხედა ექიმს.
- აბა, რა გითხრა...
- მაინც, მაინც?
- ასე ზუსტად არ შემიძლია ამის განსაზღვრა.
- შემოდგომამდე მივაღწევ?
- წინ კიდევ ბევრი შემოდგომა გელის, თუ მომყვები.
- არ მომატყუო. მინდა, სიმართლე ვიცოდე. მშიშარა არ ვარ.
თემო დადუმდა.
- ქიმიოთერაპია გამიხანგრძლივებს სიცოცოხლეს? - ახლა მაიკოს სიკვდილი არ უნდოდა, არ აწყობდა. ახლა რაც შეიძლება, მეტხანს უნდა ეცოცხლა.
მამაკაცმა უიმედოდ გადააქნია თავი.
- უკვე დაგვიანებულია. მედიკამენტებით უნდა გავაგრძელოთ მკურნალობა, თუმცა, ეს დასასრული არ არის.
- ის მაინც მითხარი, შემოდგომამდე მივატან?
- აუცილებლად, - მეტი დამაჯერებლობისთვის ქალის ურწმუნო მზერას თემომ თამამად დაუხვედრა თავისი მზერა.
- კარგი. მაშინ ველოდები დანიშნულებას. ეს ის მომენტია, როცა სიკვდილი მეზარება.
თემოს გული მოუკლა მისმა სიტყვებმა.
- მე ყველაფერს ვიღონებ, რაც შემიძლია და უნდა გითხრა, რომ ბევრი რამე შემიძლია.
- ვნახოთ, რა შეგიძლია. მალე გამოჩნდება.
მამაკაცმა არ უპასუხა, თავი დახარა და გამალებით შეუდგა რეცეპტის გამოწერას...
მაია დროს უქმად არ კარგავდა. გოჩა ყოველდღე ურეკავდა, კვირაში სამჯერ მოდიოდა და რჩებოდა. საღამოოობით ერთად გადიოდნენ გარეთ, სეირნობდნენ, კაფე-ბარებში ვახშმობდნენ. როცა მაია დაღლას იგრძნობდა, შინ ბრუნდებოდნენ და სასიამოვნოდ მოთენთილ ქალს მაშინვე ძილი ერეოდა.
ასე გადიოდა დღეები, კვირები... გოჩა ქალს მარტო იშვიათად ტოვებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა "საქმე" გამოუჩნდებოდა. პროფესიას ასე უცებ ვერ შეიცვლიდა. ან კი სად უნდა ემუშავა, ყოფილი სამხედროსთვის ასე ადვილი როდი იყო სამსახურის პოვნა. ერთადერთი, რომელიმე კერძო კომპანიაში თუ მოეწყობოდა დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე. ეგ იყო და ეგ. სხვა არაფრის იმედი არ ჰქონდა, თუმცა დაცვის სამსახურში იმდენს არავინ გადაუხდიდა, რომ ჯერაც შეუმდგარი ოჯახი შეენახა.
მაიკო სულიერად ძლიერი გამოდგა. თავი მამაცურად ეჭირა. თან მკურნალობდა, თან წიგნს წერდა, თან გოჩაზე ზრუნავდა. ადრე თუ თავს არ იწუხებდა სამზარეულოში ტრიალით, ახლა ყოველდღე ნაირ-ნაირ კერძს ამზადებდა. უკვე აღარ იყო მარტო, ამიტომ დიდი მონდომებით დიასახლისობდა.
სამაგიეროდ, ზაფხულში გაუჭირდა, რადგან სიცხე აუტანელი გახდა, სუნთქვას უშლიდა. ყველა სიკეთესთან ერთად ოფლიანობა დასჩემდა, სახეზეც კი ოფლი ასხამდა, თუ დღის განმავლობაში სადმე გავიდოდა. ყველანაირად ცდილობდა, გოჩასთვის თავისი ავადმყოფობის ამბავი დაემალა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ დიდხანს ამას ვერ შეძლებდა.
გოჩამ მისი თვალთვალი შეწყვიტა. შიგადაშიგ ამოწმებდა ფეისბუქს, ელოდებოდა, დამკვეთი როდის შეეხმიანებოდა, მაგრამ, რაოდენ საოცრადაც უნდა მოსჩვენებოდა, მისგან ახალი არაფერი ისმოდა. ამან ცოტა შვება მოჰგვარა. გამორიცხული არ იყო, უცნობს გადაეფიქრებინა კიდევაც თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა.
მაიკო სუსტად კი გრძნობდა თავს, მაგრამ ცუდად არ ხდებოდა. რეგულარულად იღებდა თემოს გამოწერილ წამლებს და უკვირდა, მდგომარეობა რომ არ უუარესდებოდა. თან გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, როგორ აეხსნა გოჩასთვის, სინამდვილეში რაც ხდებოდა მის თავს. იცოდა, რომ მალე დადგებოდა ის დღე, როცა საყვარელი ადამიანისთვის სიმართლის თქმა მოუწევდა.
გოჩა კი ვერაფერს ხვდებოდა. იმდენად გაბრუებული იყო მაიას სიახლოვით, მის გვერდით ტრიალით, რომ ამქვეყნად ყველაფერი გადავიწყებოდა. როგორ უნდოდა, ცოლად შეერთო, თუ ქალი ამაზე წამოვიდოდა, თუმცა ამაზე საუბრის წამოწყებას ვერ ბედავდა. ეშინოდა, ყველაფერი არ გაეფუჭებინა. დედამისმა რამდენჯერმე შეაგულიანა, იქნებ გეფიქრა ოჯახის შექმნაზე, ახლა მაინც რა გიშლის ხელსო, მაგრამ მამაკაცი წინ ნახევარი ნაბიჯის გადადგმასაც არ აპირებდა, ჯერ ისევ არსებული მდგომარეობით ტკბებოდა.
სამაგიეროდ, დროს ქალბატონი ნინო არ კარგავდა. გამოჰკითხავდა ხოლმე შვილს მაიკოს ამბებს, მოკითხვას დააბარებდა, ხანაც საჩუქარს გაატანდა. ამ მიდგომამ გაჭრა, დედა-შვილი უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. დედა სიხარულისგან აღარ იყო, შვილის ასე შემობრუნება სიგიჟემდე ახარებდა. ერთხელაც ტელეფონის ნომერი სთხოვა გოჩას, დავურეკავ, მოვიკითხავ, მინდა იცოდეს, რომ თქვენი სიყვარულის წინააღმდეგი სულაც არ ვარო. გოჩამაც დაუწერა ნომერი და მაგიდაზე დაუდო.
დედა დეკემბრის დადგომას დაელოდა. იცოდა, რომ დეკემბრის ბოლოს მისი შვილი დროებით აუცილებლად გაუჩინარდებოდა. მამის გარდაცვალების მერე ასე დასჩემდა. ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდებოდა - გოჩას მთელი ორმოცი დღით გადაკარგვა. მერამდენე წელია, ახალ წელს სახლში არ შეხვედრია. დარწმუნებული იყო, რომ წელსაც ასე მოხდებოდა და შინიდან გადაკარგვაში მაიკოსთან სიახლოვე ვერ შეაფერხებდა.
თუმცა წლის ბოლომდე ლოდინი აღარ დასჭირდა. აგვისტოს დასაწყისში გოჩა დედას გამოუტყდა, ოთხი დღით ქალაქიდან გავდივარო.
აი, სწორედ მაშინ იხელთა დრო ნინომ და როგორც კი შვილი თბილისიდან გაიგულა, ეგრევე მაიკოსთან დარეკა...
როცა ლაპარაკით გული იჯერეს, ნინომ სთხოვა, მითხარი, სად ცხოვრობ და გესტუმრებიო. მაიას მისამართის დამალვა ეუხერხულა, არ უნდოდა, მისთვის ეწყენინებინა.
საღამოს ნინო მართლაც ესტუმრა. ორი კილოგრამი შოკოლადი იყიდა, ერთი ბოთლი - მანგოს ნატურალური წვენი და შვილის შეყვარებულს მიადგა.
მაიას გაუხარდა მისი სტუმრობა. ცხოვრებაში პირველად ხედავდა ამ ქალს, მაგრამ მისი ხმა წარსულიდან ჯერაც ყურში ჩაესმოდა. ეს ხმა არასდროს გამქრალა მისი გონებიდან.
ნინო დიდხანს დარჩა მაიასთან, ლამის მთელი დღე. ერთად ისადილეს, ყავაც ერთად დალიეს და ვახშმობამაც ერთად მოუწიათ.
ნავახშმევს კი მაგიდა აალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს და სამაგალითო დედა-შვილივით ისაუბრეს ერთმანეთთან. ნინო კითხვას სვამდა, მაია პასუხს სცემდა - თუმცა ლაკონიურს.
როგორც იქნა, ქალბატონი ნინო მთავარ თემასაც მიადგა.
- მეუღლის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამას ხომ არ შეეწირები? ჯერ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია კიდევ შექმნა ოჯახი... გოჩაც მზადაა ამისთვის, იქნებ გეფიქრა?
- მე-ე? - მკერდზე საჩვენებელთითმიდებულ მაიკოს გაკვირვების შეძახილი აღმოხდა.
- შენც და გოჩასაც. წლები მიქრის, ახალგაზრდული წლები უკან რჩება.
- არა, ქალბატონო ნინო, რა დროს ჩემი გათხოვებაა, გამორიცხულია. ისიც საკმარისია, რასაც ვაკეთებ. ამისიც კი მრცხვენია.
ნინოს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.
- სწორედ მაგას ვამბობ. თუ დაქორწინდებით, ყველაფერი მოგვარდება. უფრო გალაღდებით ორივენი. ურთიერთობას ოფიციალური სახე მიეცემა.
- არა! - ლამის იყვირა მაიკომ და ისე აღელდა, სუნთქვა შეეკრა.
- კი მაგრამ, რატომ? ხომ გიყვართ ერთმანეთი? ეს რა, კომპლექსია? რადგან ქვრივი ხარ, ხელმეორედ გათხოვების უფლება არ გაქვს? მეც გამიწიეთ ანგარიში, მინდა ჩემი შვილის ბედნიერებას მოვესწრო, მასზე დარდს საფლავში ნუ ჩამატან, მაია, გთხოვ!
მაიკოს ოფლმა დაასხა. როგორ აეხსნა ქალისთვის, რა ცეცხლიც უტრიალებდა სულში? როგორ ეთქვა, რომ გოჩას ცოლობაზე ფიქრიც კი აკრძალული ჰქონდა? რომ მათი დაქორწინება შეუძლებელი იყო?
ნინო კი არ ჩერდებოდა. ეჩიჩინებოდა და ეჩიჩინებოდა თვალზე ცრემლმომდგარი. მოუყვა, რაც გადაიტანა გოჩამ მასთან განშორებით. რამდენ ხანს რამხელა ტკივილი ატარა სულითაც... გულითაც... როგორ განუდგა მშობლებს, როგორ განმარტოვდა.
- ახლა მის თვალებში იმხელა სიხარულს ვკითხულობ, ისეთი ბედნიერია, ისეთი, ისეთი, რომ... იქნებ იმის გეშინია, რომ აღარ დაორსულდები და შვილს ვერ გაუჩენ? ეგ წინასწარ არავინ იცის, შვილო. ამის გამო საკუთარ ბედნიერებაზე უარს ნუ იტყვი.
მაიკოს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ნინოს ნათქვამი ყოველი სიტყვა გაუსაძლის ტკივილს აყენებდა, თითქოს ვიღაც ჩაქუჩის ძლიერი დარტყმით ლურსმანს აჭედებდა გულში.
როცა არც უარი გაუვიდა და არც თავის დაცვა, გოჩას დედას ხელებში სწვდა, თავისი წვრილი თითები ოდნავ მოუჭირა, თვალი თვალში გაუყარა და ჩურჩულით წარმოთქვა:
- ჩვენი შეუღლება შეუძლებელია, ქალბატონო ნინო... მე სიმსივნე მაქვს... თანაც, მეოთხე სტადია, რაც გოჩამ არ იცის...
გაოცება? არა, ეს არ იყო მხოლოდ გაოცება. შიში? არც მხოლოდ შიში. წარმოიდგინეთ დაზაფრული, თავზარდაცემული და ელდანაცემი ქალი, რომელსაც ეს-ესაა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სწორედ ასე გამოიყურებოდა გოჩას დედა. მაიკომ ჩაიღიმა... სევდიანად, სინანულნარევი მზერით.
- აი, ასეა ჩემი საქმე, ქალბატონო ნინო, ასე რომ, ნუ გეშინიათ, გოჩას მე ვერ წაგართმევთ.
ქალი ხმას ვერ იღებდა, დამბლადაცემულივით მისჩერებოდა.
- ის, უბრალოდ, სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, როცა ჩემ გვერდითაა, ესაა და ეს.
- რისი სიმსივნეა? - ისე ხმადაბლა იკითხა ქალმა, რომ მაიკომ ძლივს გაიგონა.
- ფილტვების.
- დიდი ხანია?
- ეს წელი რომ დაიწყო, მაშინ გავიგე, მანამდე მეც არ ვიცოდი.
- და მერე? არაფერი შველის? ხომ არის რაღაც საშუალებები...
- ბოლო სტადიას სიკვდილის მეტი არაფერი შველის, - კვლავ ჩაიღიმა მაიამ.
- გოჩას რატომ არ უთხარი?
- იმიტომ, რომ ინერვიულებდა. იმიტომ, რომ დამაძალებდა, იმკურნალეო. თანაც, ისედაც ხომ გაიგებს, როცა დრო მოვა. ახლა რა საჭიროა? ახლა ისეთი ბედნიერია, მირჩევნია, გავუხანგრძლივო ეს ბედნიერება.
- ბედნიერება? - მოულოდნელად სრული გარდასახვა მოხდა. წიწილებთან მყოფი კრუხი რომ აიფოფრება საშიშროების მოახლოებაზე, სწორედ ისე აიფოფრა ნინო. - გაუხანგრძლივო? და შენ ამას ეძახი ბედნიერებას? და ამის მერე გინდა მითხრა, რომ გოჩა გიყვარს? ასე იცი შენ სიყვარული? იცი, რა დაემართება ჩემს შვილს, ამ ამბავს რომ გაიგებს? მოკვდება, გესმის? მო-კვდე-ბა! შენ არ იცნობ მას წესიერად. წესიერად კი არა, საერთოდ არ იცნობ. მისი ბედნიერების გახანგრძლივებაზე კი არა, შენი დარჩენილი დღეების გალამაზებაზე ფიქრობ, თუ სიმართლე გინდა! ბედნიერებას გაუხანგრძლივებს ქალბატონი!. იცი რა გადაიტანა გოჩამ ამ წლების მანძილზე? იცი, როგორი მგრძნობიარეა და რა ჩვილი გული აქვს? შენ გამო სხვა ქალისკენ არ გაუხედავს, ფიქრადაც არ გაუვლია ცოლის მოყვანა! შენ კი გათხოვებაც მოასწარი, ოჯახიც შექმენი, შვილიც გააჩინე და... ჩემი ბიჭი კი ისევ მარტოა, თავისი აუწყობელი ცხოვრებით. ერთხელ გაწირე და ახლა მეორეჯერაც აპირებ მის გაწირვას.
მაია გაოგნებული მისჩერებოდა ქადაგად დავარდნილ ქალს.
- მე გავწირე? - ოდნავ ჩაახველა და დივანზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა, მარჯვენა ხელით სახელურს დაეყრდნო და და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩააფრინდა, თითქოს გაუსაძლისმა ტკივილმა წამოუარა და უნდა იკივლოსო. - ეს ტყუილია, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი სურვილით არ გამიწირავს. ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, ქალბატონო ნინო. მე, პირველ რიგში, თქვენ გაგიწიეთ ანგარიში. თქვენ მიბრძანეთ, არ გაბედოთ მისი ცოლობა და განზე გადექითო.
- მე ასე არ მითქვამს, - ხმა წაერთვა ქალს და გაფითრდა.
- ჰო, ასე არ გითქვამთ, მაგრამ ქვეტექსტი ამას ნიშნავდა. მე ხომ შეუგნებელი არ ვიყავი და ეს თქვენ მშვენივრად იცოდით. იცოდით, რომ მე ყველაფერს სწორად გავიგებდი და "შეგნებულად მოვეკიდებოდი ამ საკითხს", - ბოლო წინადადება პათეტიკური ტონით წარმოთქვა, თითქოს ვიღაცას გამოაჯავრაო, - თქვენ რა იცით, მე რა გადავიტანე გოჩასთან განშორების შემდეგ? თქვენ რა იცით, მე როგორ გადამიხადა ცხოვრებამ სამაგიერო? თქვენ არაფერი არ იცით ჩემ შესახებ, ქალბატონო ნინო! ამიტომ ნურც ჩემს გუშინდელ ნაბიჯს განსჯით ასე ჰაიჰარად და ნურც დღევანდელს. უსინდისოდ და უნამუსოდ არ მიცხოვრია, აქამდე ისე მოვედი, თუმცა, ვერ ვიამაყებ ჩემი თავით, რადგან მთელი შეგნებული ცხოვრება სხვისი სურვილების დაკმაყოფილებას შევალიე, ოღონდ სხვა ყოფილიყო კარგად, ოღონდ სხვას ჩემ გამო პრობლემა არ შექმნოდა და ყოველთვის უკან ვიხევდი, ბედნიერებაზეც, სიხარულზეც და კეთილდღეობაზეც უარს ვამბობდი. ხათრით ცხოვრებამ დამღუპა, სხვა კი არაფერმა. ბედნიერი ამ დრომდე არ ვყოფილვარ. პირველად განვიცადე მსგავსი რაღაც. ნუ მიყურებთ ასე. ვიცი, რა შეკითხვაც გიტრიალებთ ენის წვერზე. განა იმ წლებში, გოჩასთან რომ ურთიერთობდი, ბედნიერი არ იყავიო? თქვენ წარმოიდგინეთ, არ ვიყავი, იმიტომ, რომ ჩვენ შორის ჩამდგარი ასაკობრივი სხვაობა მაწუხებდა. დღეც და ღამეც მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, ეს მამძიმებდა. ამას ცოტა მოგვიანებით თქვენი ზარიც დაემატა და მორჩა, იქ ჩაქრა იმედის ბოლო ნაპერწკალიც.
- მაშინ სხვა დრო იყო, მე...
- ვიცი, რომ სხვა დრო იყო. ვიცი, რომ გეშინოდათ, რას იტყოდნენ ნათესავები, ოჯახის ახლობლები, როცა ასაკით უფროს რძალს შემოიყვანდით ოჯახში. მეც ამიტომ გაგერიდეთ. სიმართლე თუ გინდათ, დარწმუნებული ვიყავი, გოჩა თავს არ დამანებებდა და საბოლოოდ მაინც მაიძულებდა, გავყოლოდი, მაგრამ შევცდი, როგორც ჩანს, თქვენ ბევრად მეტი გავლენა გქონდათ მასზე, ვიდრე მეგონა. ვერ გავთვალე.
- არა, არ ხარ მართალი, მაია, მე მასზე გავლენა არასდროს მქონია.
- მართლა? მაშინ, გამოდის, რომ მასაც არ ვყვარებივარ ძლიერად. მე რომ კაცი ვყოფილიყავი და ისე მყვარებოდა ქალი, როგორც მე თქვენი შვილი მიყვარდა, მოსვენებას არ მივცემდი და ჩემსას გავიტანდი.
ნინომ წარბები შეყარა და გამჭოლი მზერა მიაპყრო.
- ის ბავშვი იყო, როგორ არ გრცხვენია, ასე რომ ლაპარაკობ? ვინ, ვინ და, შენ მაინც იცი, როგორ გიჟდებოდა შენზე. პროტესტის ნიშნად ჯარში წავიდა და თანაც, სად! გადასაკარგავში! დღედაღამ ვლოცულობდი, ოღონდ ცოცხალი დამბრუნებოდა.
- ვიცი ეგ ყველაფერი, თვითონ მომიყვა, - მაიკომ თავი ჩახარა და სახელურს ხელი აუშვა. მაშინვე შვება იგრძნო და უნებლიეთ თითებზე დაიხედა, რომელიც დაჰბუჟებოდა. თითქოს ზუზუნი გაუდიოდა მარჯვენა ხელის მტევანს. სათითაოდ მოისრისა თითები, რომ სისხლს მოძრაობის საშუალება მისცემოდა.
- იმას თუ მოგიყვა, კინაღამ რომ გადაჰყვა მამამისს? იცი, რომ დღესაც კი, ყოველ წელიწადს ახალ წელს მონასტერში ხვდება? დღემდე ვერ მოუნელებია ეს ტკივილი. ახლა კიდევ შენი ამბავი... ამას უკვე ვეღარ გადაიტანს. ამას ვეღარ გაუძლებს მისი გული. არა, არა, მაიკო, დედაშვილურად გთხოვ, რაც გინდა, ის დაარქვი ამ თხოვნას, ოღონდ უარი არ მითხრა! აღარ შეხვდე გოჩას, უთხარი, რომ არ გიყვარს, უთხარი, რომ... არ ვიცი, რაც გინდა, ის უთხარი, ოღონდ მასთან ურთიერთობა გაწყვიტე. არ მინდა, ჩემი შვილი შენს სიკვდილს წაესწროს. მაპატიე, ამას რომ გეუბნები, ღმერთმა დიდხანს გამყოფოს, მაგრამ... მე ჩემი შვილი ყველას და ყველაფერს მირჩევნია. მის გარდა არავინ მყავს ამ ქვეყანაზე, ნუგეშად ისღა დამრჩა.
მაიკომ იგრძნო, სადღაც შიგნით, სხეულში, როგორ გადაიკეტა რაღაც. ისეთი რაღაც, რაც სუნთქვის საშუალებას აძლევდა. თითქოს ოთახიდან უეცრად ჟანგბადი ამოტუმბეს. პირი გააღო, რომ ჰაერი ჩაესუნთქა, მაგრამ მხოლოდ ხველა აუტყდა. ყელზე წაივლო ხელი, თვალები აატრიალა, უმწეოდ შეხედა მის წინ მჯდარ ქალს და დივნიდან ჩამოცურდა. ფანჯრისკენ გაფორთხდა, იქ ეძებდა შველას, გარეთ, ღია ფანჯარაში, ხის კენწეროებთან.
ნინო გახევდა. ასეთი სცენის შემსწრე არასდროს ყოფილა. ცოტა არ იყოს, დაიბნა. თავდაპირველად იფიქრა, ალბათ სიმულანტობს, რომ თავი შემაცოდოსო, მაგრამ როცა დაინახა, რომ მაიას ცხვირიდან სისხლი წასკდა, მიხვდა, საქმე სერიოზულად იყო.
ფეხზე წამოხტა და მაიკოს მივარდა.
- მითხარი, რა გავაკეთო, მითხარი, ამ დროს რა გშველის? მითხარი, მითხარი! - თავი დაუჭირა და სახეზე რამდენჯერმე შემოკრა გაშლილი ხელისგული.
- წყააალი! - ამოიხავლა მაიამ და ისეთი ხველა აუტყდა, მუხლებზე მდგარმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ძალაგამოლეული იატაკზე დავარდა.
ნინო სამზარეულოში შევარდა, გაზქურაზე შემოდებულ ჩაიდანს ხელი დაავლო და მოსინჯა, ესხა თუ არა შიგ წყალი. როცა ჩაიდანი ემძიმა, უკან გამოვარდა და ძირს გაშხლართულ მაიას პეშვით აპკურა წყლის წვეთები, მაგრამ როცა ამან შედეგი არ გამოიღო, მთელი ჩაიდანი სახეზე დააპირქვავა.
მაიკო რამდენიმე წუთი ებრძოდა უჰაერობას. ბოლოს, როგორც იქნა, კრიზისმა გადაიარა და ხრიალით ამოისუნთქა.
ოფლში გახვითული მაიკო ნინომ ძლივს მიიყვანა დივნამდე და წამოაწვინა. მერე ჩაის ტილოთი სისხლიანი სახე, გულმკერდი და მკლავები გაუწმინდა და მზრუნველად მიაჩერდა.
- მადლობა, ღმერთო, რომ არ გამწირე და ამ ბავშვის სიკვდილს არ შევესწარი, - ჩაიჩურჩულა სისუსტისგან აცახცახებულმა და პირჯვარი გადაისახა, - ხშირად გემართება ასე?
- ასეთი გამძაფრებული ჯერ არ მქონია, - ძლივს გასაგონი ხმით მიუგო და თვალები დახუჭა. იმწამსვე ღაწვებზე ორი მსხვილი ცრემლი ჩამოუგორდა. ტირილის შესაკავებლად ნერწყვი გადაყლაპა და ჰაერი რაც შეეძლო, ღრმად ჩაისუნთქა.
- უკეთ ხარ? - ნინომ შუბლზე ხელი გადაუსვა.
- კარგად ვარ, ახლა არაფერი მიჭირს, - მაიკომ წამოჯდომა სცადა.
- რას შვრები, შვილო, იწექი, ნუ დგები! - შეშფოთდა ნინო.
- ჯდომა უკეთესია, დაწოლილს უფრო მიჭირს სუნთქვა, - თქვა მაიამ და წამოჯდა თუ არა, რბილ საზურგეს მიეყრდნო და ხელები თავზე შემოიჭდო.
ერთხანს ჩუმად ისხდნენ. ორივე თავის ფიქრს მისცემოდა. ბოლოს სიჩუმე მაიამ დაარღვია:
- თქვენ წადით, ქალბატონო ნინო, მე ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც თქვენ მთხოვეთ.
- მე ამას...
- ახსნა არ არის საჭირო, - გააწყვეტინა, - თქვენი ბრალი არ არის, რაც დამემართა. ეს ამ დაავადების თანამდევი პროცესია, რომელიც აწი უფრო და უფრო გახშირდება. თქვენ მართალი ხართ, არ ვიქცევი სწორად. კიდევ ერთხელ დაგიჯერებთ და ყველაფერს მოვაგვარებ, გპირდებით. დიდი მადლობა დახმარებისთვის. - ბოლო სიტყვები საკმაოდ ცივად წარმოთქვა, რითიც აგრძნობინა, რომ მისი იქ ყოფნა მაიასთვის ზედმეტი იყო.
ქალი ხმის ამოუღებლად დასწვდა თავის ხელჩანთას, ნახვამდისო, ჩაილაპარაკა და უხმაუროდ გავიდა...
მაიკომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მთავარი არ იყო, რას ეტყოდა გოჩას, როგორ, რა მიზეზით დაშორდებოდა. მთავარი ის იყო, რომ მისთვის ცხოვრება კიდევ ერთხელ დამთავრდა... ამჯერად ისე, რომ მისი ხელახლა დაწყება საბოლოოდ იყო დაგვიანებული....
მიუხედავად ამისა, გოჩას რამდენიმე დღე მაინც ვერ შეელია. ვერ შეძლო მისთვის იმის თქმა, შენთან ცხოვრება აღარ მინდაო. იმ საღამოს გოჩა ისეთი მხიარული მოვიდა, ისე გაცისკროვნებოდა თვალებით, მაიკომ ხმა ვერ ამოიღო.
შემდეგ დიდხანს იფიქრა. აანალიზებდა, როგორ ჯობდა. რა უფრო ატკენდა გოჩას გულს - მისი მოახლოებული სიკვდილის ამბავი თუ მათი მოულოდნელი დაშორება? რომელი უფრო ძნელად მოსანელებელი იქნებოდა მისთვის? თუ ახლა დაშორდებოდა, იქნებ შესძულებოდა კიდევაც მამაკაცს, ეს ხომ მეორედ ხელის კვრა გამოდიოდა? ასეთ რამეს კაცები, ზოგადად, არ პატიობენ ქალებს.
რაც შეეხება მეორე ვარიანტს... დაფიქრებად ღირდა. მართალია, გოჩასთვის უმძიმესი დარტყა იქნებოდა, როცა სიმართლეს გაიგებდა, მაგრამ, მეორე მხრივ, თანდათან შეეჩვეოდა ახალ მდგომარეობას და თან გამუდმებით მის გვერდით იქნებოდა. მისთვის ეს მოულოდნელი აღარ იქნებოდა. ჩემს შვილს არ იცნობო... პირიქით, იმაზე უკეთ იცნობს, ვიდრე დედამისს ჰგონია. გოჩას მოულოდნელი ტკივილი აშინებს და არა შეჩვეული. ამას კარგად ხვდება მაიკო. მათი დაშორებაც მოულოდნელად მოხდა მაშინ, მამამისიც მოულოდნელად გარდაიცვალა. დედამისი ცოტა უფრო გონიერი ქალი რომ იყოს და თავისი შვილის შინაგან სამყაროს უკეთ იცნობდეს, ამას ადვილად მიხვდებოდა... მაგრამ ვერ ხვდება...
მიუხედავად ამისა, მაიკომ ქალისთვის მიცემული პირობის შესრულება გადაწყვიტა. უფრო იმიტომაც გადაწყვიტა, რომ წიგნი თითქმის დაამთავრა, შეტევებმა კი მოუხშირა, ამიტომ დროზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება და ლეონისთვის საქმის შესრულების თარიღი სასწრაფოდ დაეთქვა.
იმ ღამესვე დაჯდა და ანდერძის წერას შეუდგა. რამდენჯერმე დაწერა და დახია, ყოველ ჯერზე რაღაც არ მოსწონდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაკმაყოფილდა.
მეორე დღეს თავისი უბნის სანოტარო ბიუროში მივიდა და ანდერძი ნოტარიულად დაამოწმებინა. შინ დაბრუნებულმა ანდერძი თავის პირველ გამოცემულ წიგნში ჩადო, ხოლო წიგნი საწერ მაგიდაზე შემოდო. ასე ანდერძის პოვნა არ გაძნელდებოდა.
ამასობაში გოჩა სამი დღით ისევ დაიკარგა. იმ სამ დღეში მაიას შეტევა კიდევ ერთხელ გაუმეორდა. ძნელი იყო მარტო მყოფისთვის კრიზისული წუთების გადატანა, მაგრამ არ სურდა, მის გვერდით ასეთ დროს ვინმე ყოფილიყო. თავის პრობლემებს მარტო სურდა გამკლავებოდა.
როგორც იქნა, გოჩა დაბრუნდა. მაიკოს გული აუჩქარდა, როცა მამაკაცმა დაურეკა და უთხრა, მივლინებიდან ჩამოვედი და ერთ საათში შენთან გავჩნდებიო.
ასე არასდროს დახვედრია. ხელები გაშალა, ჩაეხუტა და რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მოშორებია... თითქოს ემშვიდობებოდა... თითქოს სურდა, სამუდამოდ დაემახსოვრებინა მისი სურნელი... მისი სითბო... მისი გულისცემის სიხშირე...
- რა იყო, მაო, რამე მოხდა? - გოჩამ ფრთხილად ჩამოიღო მხრებიდან მისი მკლავები და სახეში შეაცქერდა.
- არა, არაფერი... უფრო სწორად, რაღაც მოხდა, მაგრამ ისეთი არაფერი... უმნიშვნელო წვრილმანი, - გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- აბა, ერთი მომიყევი, რა მოხდა... - გოჩამ სკამი სწრაფად გამოსწია, დაჯდა და მაიკო მუხლებზე დაისვა, თან მის მკლავებს ტუჩებით დაუწყო მოფერება.
- პირველ რიგში ის, რომ წიგნი თითქმის დავამთავრე, ერთი თავი დამრჩა და ეგ არის. მერე წავიკითხავ, გავასწორებ და გამომცემლობაში გავგზავნი.
- ასეთი კარგი ამბები თუ უნდა მითხრა, გააგრძელე, გააგრძელე, მე ყურადღებით გისმენ.
- რა სასიამოვნოა ჩემი მოსმენა, კარგი რა, - ჩაიცინა.
- რა სასიამოვნოა? შენ, მგონი, არც იცი, რომ არა მარტო სმენას, არამედ მზერასაც ატკბობ, - წარმოთქვა გოჩამ, ქალი თავისკენ მოიზიდა და მკერდზე მძლავრად მიიკრა. მამაკაცის გულზე დავანებული მაიკო მის გახშირებულ გულისცემას მკაფიოდ გრძნობდა. - როგორ მენატრები ხოლმე, წარმოდგენაც არა გაქვს, - გოჩამ ცხვირი მის ცხვირს გაუხახუნა და ტუჩებზე წაეტანა, მაგრამ მაიკომ ამჯერად აღარ დაანება.
- მოიცა, რაღაც უნდა გითხრა... - თავი გაითავისუფლა მისი მკლავებისგან და ადგა.
გოჩას მისი ტონი არ მოეწონა, გულმა რაღაც უგრძნო.
- რა უნდა მითხრა ასეთი.... - თვალი თვალში გაუყარა.
მაიკომ მზერა აარიდა, ტუჩები ენის წვერით გაილოკა და დივანზე ჩამოჯდა. მერე განზე გაიხედა, თითები ერთმანეთში გადახლართა, სახსრები გაატკაცუნა, მერე ისევ გოჩას შეხედა...
მიხვდა გოჩა, რაც ხდებოდა. მიხვდა, რომ იგივე მეორდებოდა, რაც ოცი წლის წინ.
- ამჯერად ვინღაა მიზეზი? - ყრუდ იკითხა.
მაიკომ არ უპასუხა.
- ახლა მაინც ვერ დააბრალებ დედაჩემს, ხომ ასეა? - ცოტა არ იყოს, აგდებულად მიმართა. ისეთ ხასიათზე დადგა, სიამოვნებით დაამტვრევდა ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა.
- ასეა, - ამოიოხრა მაიკომ და თავი ჩაღუნა.
- რატომ, მაი, რატომ? - გოჩამ სკამი მისკენ მიაჩოჩა და მისი ხელები ჩაბღუჯა, - არ გიყვარვარ? მითხარი, თუ არ გიყვარვარ და ყველაფერს გავიგებ.
მაიამ ოდნავ შეაქანა თავი, რომელიც ჯერაც დახრილი ჰქონდა. თმაჩამოშლილს სახე არ უჩანდა და ეს შვებას ჰგვრიდა. უძნელდებოდა ტყუილის თქმა, თანაც ისეთი ტყუილის, რომელიც მამაკაცს განადგურებას უქადდა.
- სიყვარული არაფერ შუაშია, გოჩა. უბრალოდ, საქართველოდან მივდივარ... მართალია, არა სამუდამოდ, მაგრამ არ ვიცი, როდის დავბრუნდები. სამუშაოს კარგი ვარიანტი გამომიჩნდა საბერძნეთში, მე და ჩემი მეგობარი ერთად უნდა წავიდეთ. იმან იშოვა. წაუსვლელობა არ ივარგებს. თანაც, ფული მჭირდება. ჩემმა შვილმა დამირეკა დღეს, დახმარება მთხოვა. ორი დღეა, ბანკებში დავრბივარ და როგორც იქნა, შევძელი სესხის გამოტანა. დაფარვა ხომ უნდა ამ სესხს.
- რამდენი გამოიტანე? რატომ არ მითხარი? დაგეხმარებოდი. უფულობას რომ არ ვუჩივი, ხომ იცი?
- არა, ამ საქმეში შენი ჩარევა არ მინდა. ეს ჩემი პრობლემაა, ისეთი პრობლემა, რომელიც შენ არანაირად არ გეხება და ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე, კარგი?
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გოჩა ოდნავ წინ წახრილი იჯდა და მარცხენა ფეხს ნერვიულად აქანავებდა.
- არ მინდა წახვიდე, - შეცვლილი ხმთ ამოთქვა.
მაიკომ ნერწყვი ძლივს გადააგორა. იგრძნო, როგორ უძნელდებოდა სუნთქვა.
- არც მე მინდა, მაგრამ არ გამოვა. ახლა ეს აუცილებელია, სხვა გზა არ მრჩება.
- როდის მიდიხართ?
- ერთ კვირაში, ალბათ, მაქსიმუმ, ათ დღეში.
- მანამდე...
- არა! - ხმამაღალი შეძახილით გააწყვეტინა, - ეს ათი დღე იმისთვის მჭირდება, რომ შენთან განშორებას როგორმე შევეგუო. იქ, უცხო მიწაზე გამიჭირდება. ამიტომ დღეის იქით აღარ მოხვიდე, კარგი? შემპირდი, რომ აღარ მოხვალ, - ქალს თვალები ცრემლით აევსო და ტუჩები აუკანკალდა. ცოტაც და აღრიალდებოდა.
გოჩამ ყბები ძლიერად მოკუმა, მარცხენა ლოყის ქვემოთ კუნთი აუთამაშდა.
- მპირდები? - არ ეშვებოდა მაიკო.
- იცი რა? ხომ არ მატყუებ? იქნებ სხვა რამეა მიზეზი და მიმალავ? იქნებ სხვას ხვდები და გიჭირს ამის თქმა? - ვეღარ მოითმინა გოჩამ და სწორედ ის შეკითხვა დასვა, რომლის პასუხიც ყველაზე მეტად აღელვებდა.
მაიკოს თვალები გაუფართოვდა.
- სხვა არც არასდროს მყოლია. დაიჯერებ თუ არა, შენი პრობლემაა, - მშრალად წარმოთქვა, ადგა და ამაყად თავაწეული სამზარეულოში გავიდა.
წყალი დაისხა. ისე ხარბად სვამდა, თითქოს მთელი თვეა, არ დაულევიაო. სუნთქვა ისევ უძნელდებოდა. ღმერთს შესთხოვდა, ოღონდ ახლა არ დამართოდა შეტევა, ოღონდ ეს საღამო მშვიდად ჩაეთავებინა...
სულ რამდენიმე წუთი დაყო სამზარეულოში. არ იცოდა, უკან მიბრუნებულს რაღა უნდა ეთქვა. ასეთი და ამ დოზით ტყუილი არასდროს უთქვამს, არ დასჭირვებია. არც აპირებდა. როცა გოჩამ ღალატში სცადა მისი დადანაშაულება, სწორედ მაშინ მოაფიქრდა... დანარჩენი გზადაგზა, უცებ მოიფიქრა.
ვითომ დააჯერა? წავა? დარჩება? მაიკო მის კიდევ, თუნდაც ცოტა ხნით დარჩენას ვეღარ გაუძლებდა. შეეშინდა, უკან არ დაეხია. როგორც იქნა, გამბედაობა მოიკრიბა და გამოვიდა... მაგრამ ოთახი ცარიელი დახვდა... გოჩა იქ აღარ იყო...
ჯერ შვებით ამოისუნთქა... მერე ამოიოხრა, მერე კი... ყელთან მობჯენილ ცრემლებს გზა მისცა...
გაგრძელება