ედინბურგის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ბავშვის დაბადების საშუალება დაკავშირებულია სიცოცხლის პირველ კვირებში მისი იმუნიტეტის რეაქციასთან ვაქცინებზე. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა 120 ბავშვი გამოიკვლიეს, რომლებიც 8-დან 12 კვირამდე აცრეს მენინგიტსა და ფილტვების ინფექციებზე. ეზიმებმა გამოიკვლიეს კავშირი ნაწლავურ მიკრობებსა და ნერწყვში ანტისხეულების დონეს შორის, ვაქცინაციის შემდეგ. ნეწყვის ანალიზს 12-დან 18 თვის ასაკში ხელახლა აკეთებდნენ.
ბავშვებს, რომლებიც საკეისრო კვეთით იყვნენ მოვლენილი ამქვეყნად, ანტისხეულების დონე 1,7-ჯერ დაბალი აღმოაჩნდათ. ვაქცინაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფაქტორი აღმოჩნდა ძუძუთი კვება. ანტისხეულების დონე 3,5-ჯერ მეტი ჰქონდათ ფიზიოლოგიური გზით დაბადებულ ბავშვებს, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იყვნენ, მათთან შედარებით, ვინც ასევე ფიზიოლოგიური გზით იყო გაჩენილი, მხოლოდ, ხელოვნურ კვებაზე.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორი ბაქტერიის Bifidobacterium-ისა და E.coli-ის - მაღალი დონე დაკავშირებული იყო ანტისხეულების მაღალ დონესთან. ამ სასარგებლო ბაქტერიებს ბავშვი იღებს სამშობიარო გზების გავლისას, ხოლო ბუნებრივი რძე იმ შაქრის წყაროა, რომელზეც ეს ბაქტერიები ვითარდება.
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მომავალში შესაძლოა, ექიმებმა შეძლონ ამ ბაქტერიების დამატება დედიდან ფეკალური ტრანსპლანტაციის გზით ან პრობიოტიკების მეშვეობით გაზარდონ მათი დონე. გარდა ამისა, პედიატრები შეძლებენ დააკორექტირონ ვაქცინაციის გრაფიკები იმის მიხედვით, თუ როგორ გაჩნდა ბავშვი - ფიზიოლოგიურად თუ საკეისრო კვეთით, ან ბავშვის მიკრობიომის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით.