"თუ 40 წლის ასაკში თქვენი ცხოვრება არ მოგწონთ, ალბათ 20-30 წლის ასაკში "არასწორი" გადაწყვეტილებები მიიღეთ" - რა უნდა იცოდეთ, რომ სწორი ნაბიჯები გადადგათ - მშობლები

"თუ 40 წლის ასაკში თქვენი ცხოვრება არ მოგწონთ, ალბათ 20-30 წლის ასაკში "არასწორი" გადაწყვეტილებები მიიღეთ" - რა უნდა იცოდეთ, რომ სწორი ნაბიჯები გადადგათ

2022-11-21 08:08:19+04:00


საზოგადოებაში პეპლის ეფექტზე ხშირად საუბრობენ. მარტივად რომ ვთქვათ, პეპლის ეფექტი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქმედებაა, რომელსაც მომავალში სერიოზული შედეგები მოჰყვება. იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად ცხოვრების რომელ სფეროზე ვსაუბრობთ, შედეგებიც განსხვავებულია. მაგალითად, თუ აქცენტს ფსიქოლოგიაზე ვაკეთებთ, მაშინ შედეგები შესაძლოა, ცალკეული ადამიანების ან სოციალური ჯგუფისთვის განვაზოგადოთ.
თავად ტერმინი ჩვენამდე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან მოვიდა და საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე სახელწოდების ფილმის წყალობით გახდა, სადაც ეს ეფექტი უკვე ადამიანის ცხოვრების მაგალითზე შესანიშნავადაა ნაჩვენები.
ფსიქოლოგიაში კი ამ ტერმინს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კონკრეტული მიზნით, პიროვნების დამოუკიდებელი განვითარების აღსაწერად იყენებენ.

რას გვასწავლის პეპლის ეფექტი?

1. ცხოვრება ქაოტურია

თითოეული ადამიანის ქმედება უნიკალურ შედეგებს იწვევს, რომელთა პროგნოზირება ძალიან რთულია. სინამდვილეში, ცოტაა ისეთი რამ, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. ამის გამო ადამიანები უამრავ სტერეოტიპს იგონებენ და იჯერებენ. მაგალითად, ამკვიდრებენ არასწორ წარმოდგენებს ქერა ქალების, ან კიდევ, ზოგადად ქალების შესახებ. გარკვეულ ქმედებებს ზოდიაქოს ნიშანს მიაწერენ და პასუხისმგებლობებს ირიდებენ. ჩვენი ფსიქიკა მუდმივად ცდილობს, თავი დაიცვას და მზადაა, ყველაზე გიჟური იდეაც კი დაიჯეროს, ოღონდ თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს.

შეგვიძლია, ჩვენს ცხოვრებაზე მაქსიმალური კონტროლი დავამყაროთ, მაგრამ არა ყოველთვის. ბევრი რამ ადამიანების ამბიციებზე, შესაძლებლობებსა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

პეპლის ეფექტის განსაზღვრების თანახმად, მთელი ეს "წესრიგი" მხოლოდ ილუზიაა. თითქოს ბანქოს სახლში ვცხოვრობთ, როცა ხან გვიმართლებს და ამ პერიოდს კეთილდღეობას ვუწოდებთ და ხანაც წარუმატებლობა გვაქვს.

2. არ არსებობს სწორი გადაწყვეტილებები

სინამდვილეში, არავინ იცის, როგორ იცხოვროს სწორად. მეტიც, ვინც ცდილობს, სხვებს ასწავლოს, როგორ გადადგან ამ ცხოვრებაში ნაბიჯები ისე, რომ კომფორტულად იყვნენ და წარმატება ნახონ, ილუზია და ფუჭი სიტყვებია. სინამდვილეში, მხოლოდ ჩვენი არჩევანი არსებობს, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ჩვენსავე თავზე, ასევე გარშემომყოფებზე. ნებისმიერი ეგრეთ წოდებული "სწორი არჩევანი" უბრალოდ ისაა, რაც უფრო მეტ სარგებელს მოგვცემს, ვიდრე ზიანს. ცხადია, სარგებელი მხოლოდ მატერიალური არ არის.

გადაწყვეტილებების შედეგების პროგნოზირება ხშირად რთულია. გადაწყვეტილებები ინვესტიციებს ჰგავს: ისინი გრძელვადიანი და მოკლევადიანია. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ხვალ შეიძლება ძალიან მომგებიანი მოგვეჩვენოს, მაგრამ ერთ წელიწადში კატასტროფა აღმოჩნდეს ან კიდევ პირიქით.

3. შენი ცხოვრება მხოლოდ შენი პასუხისმგებლობაა

მიუხედავად პირველ პუნქტში განხილული მოსაზრებისა, რომ ცხოვრება ძალიან ქაოტურია და ხშირად შედეგების პროგნოზირება რთულია, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი ქმედება ჩვენი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ირგვლივ უამრავი უბედური შემთხვევა ხდება. მაგალითად, ბავშვებს თანდაყოლილი მძიმე პათოლოგიები აქვთ, რომლებიც არ დაუმსახურებიათ, ხდება უბედური შემთხვევები და სხვა კატასტროფები. მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ცხოვრებაში საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ და ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ვეცადოთ.

თუ 40 წლის ასაკში თქვენი ცხოვრება არ მოგწონთ, მაშინ, ალბათ, 20-30 წლის ასაკში "არასწორი" გადაწყვეტილებები მიიღეთ. ამის გამო ბევრი ადამიანი სევდასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. იფიქრებს, რომ ამ ასაკში რაიმეს შეცვლა ან გამოსწორება უკვე ძალიან გვიანია. მაგრამ, 50 წლის ასაკში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არახელსაყრელი იქნება და დაფიქრდება, 40 წლისას რომ რაღაცების შეცვლა დაეწყო, შესაძლოა, ახლა ამ დღეში არ ყოფილიყო.

სინამდვილეში, ნებისმიერი გადაწყვეტილება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა და დღევანდელი ცხოვრება იმ წლების არითმეტიკული საშუალოა, რომლებიც დაბადების შემდეგ გავიარეთ.