93 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე, რომელსაც ბევრი დასამახსოვრებელი კინო თუ თეატრალური როლით იცნობს მაყურებელი.
თამარ სხირტლაძე დაიბადა 1929 წელს, ლაგოდეხში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. იმავე წლიდან ჩაირიცხა მარჯანიშვილის თეატრის დასში, სადაც 1967 წლამდე მოღვაწეობდა. 1967-1975 წლებში რუსთავის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.
თამარ სხირტლაძე უხუცეს მსახიობად ითვლებოდა ქართულ კინოსა და თეატრში. მან მოხსნა ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი (70 წელი გაატარა სცენაზე). თამარ სხირტლაძეს მოიხსენიებენ როგორც „მსახიობი ასაკის გარეშე“. მას ჰყავდა ერთადერთი შვილი, მსახიობი თაზო თოლორაია, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. მისი მეუღლე ასევე მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა 2017 წელს.
2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი.
თამარ სხირტლაძე: "ერთადერთი შვილი დავკარგე, მაგრამ მეუღლის დაკარგვა კიდევ უფრო ძნელი ყოფილა"