"არც ერთი სიცხის დამწევი პრეპარატი, დღე-ღამის განმავლობაში, 5 დოზაზე მეტი არ უნდა გამოვიყენოთ" - პედიატრი მაღალი ტემპერატურის მართვაზე - მშობლები

"არც ერთი სიცხის დამწევი პრეპარატი, დღე-ღამის განმავლობაში, 5 დოზაზე მეტი არ უნდა გამოვიყენოთ" - პედიატრი მაღალი ტემპერატურის მართვაზე

2022-11-29 16:55:47+04:00

პედიატრი, თსსუ პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, რა პრინციპით უნდა მისცეს სიცხის დამწევი საშუალებები და რატომ არ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის გამოყენება:

-ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს მიმდინარეობა, როდესაც, შესაძლოა, პირველი სამი დღე, ზოგ შემთხვევაში, ცოტა უფრო მეტიც, ცხელება, პრაქტიკულად, დაუმორჩილებელი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სიცხის დამწევ საშუალებებს ვიყენებთ, შეიძლება ოდნავ დაქვეითდეს ტემპერტურა და მალევე მაღალ ციფრებამდე ავიდეს. სიცხის დამწევი საშუალებები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ, რომ ზედოზირებასთან არ გვქონდეს საქმე. როდესაც ერთი გვაქვს მიცემული, არ შეიძლება სხვა მედიკამენტის მალევე მიწოდება. ამან, ერთი მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შეიძლება ზედოზირებამდე მივიდეთ, მეორე მხრივ კი, პირიქით, შეიძლება ძალიან დააქვეითოს ტემპერატურა, რაც ასევე არასასურველია. ძირითადად, ორი ჯგუფის მედიკამენტია, რომელსაც ასეთ დროს ბავშვებთან ვიყენებთ, ესენია - პარაცეტამოლი და იბუპროფენი და სხვადასხვა დასახელებით გამოდის. მათ შორის გარკვეული ინტერვალი აუცილებლად უნდა დავიცვათ. პარაცეტამოლის დოზებს შორის შუალედი შესაძლებელია მინიმუმ 4 საათი იყოს, მაგრამ 24 საათის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, რა წამალს ვარძლევთ, სიცხის დამწევი საშუალება 5 დოზაზე მეტი არ უნდა იყოს. როდესაც იბუპროფენზე ვსაუბრობთ, 24 საათის განმავლობაში მისი გამოყენება მხოლოდ 4-ჯერ შეიძლება. იდეალური ვარიანტია, თუ ეს 8 საათში ერთხელ გამოვიყენებთ, თუმცა 6 საათში ერთხელაც მისაღებია. თუ იბუპროფენს ვიყენებთ, შესაძლებელია, ერთხელ პარაცეტამოლიც მივცეთ, თუკი ცხელებას ვერ ვიმორჩილებთ. მაგრამ, ზოგიერთი მშობელი ზოგჯერ შვილს ტემპერატურის დამწევ მედიკამენტს აძლევს, ნახავენ, რომ ტემპერატურამ კი არ დაიწია, პირიქით, მაღლა წავიდა, მალევე სხვა დამწევს აძლევენ - მსგავსი საქციელი არანაირად არ არის გამართლებული. ზოგადად, ვამბობთ, რომ თუ ტემპერატურა 38-ნახევარზე მაღლაა, ამ შემთხვევაში უნდა ვებრძოლოთ. სხვა შემთხვევაში, ტემპერატურა ჩვენი დამხმარეა, ვირუსულ ინფექციას ებრძვის და მისი დაქვეითება ყოველთვის აუცილებელი არ არის. როდესაც ტემპერატურას ვზომავთ, შესაძლებელია, ასვლის სტადიაში დავაკვირდეთ. მაგალითად, გავზომეთ ტემპერატურა, არის 38-ნახევარი, მივეცით მედიკამენტი და ნახევარ საათში, 40 წუთში გადავამოწმეთ. იმის მაგივრად, რომ სიცხე დაწეულიყო, ზემოთ წავიდა. აქ კი პანიკა იწყება და მშობელი ფიქრობს, რომ მედიკამენტი არ მოქმედებს. ეს წამლის ბრალი არ არის. ეს არის ფიზიოლოგია, როდესაც სიცხის ზემოთ ასვლა ხდება, წამლის მიუხედავად, მაინც გარკვეულ მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.

თუ ბავშვს ხელი და ფეხი გაუთბა, ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურამ პიკს მიაღწია და ამის შემდგომ უკვე ნელ-ნელა მისი დაქვეითება დაიწყება. ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია, რომ გაგრილების მეთოდები გამოვიყენოთ, ოღონდ არა ცივი წყლით. ვზელთ ტანს, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს და სითბოს გაცემა გაიზარდოს. ჩვენ თუ ძალიან ცივი წყლით დავზილეთ, პირიქით, შესაძლოა, სისხლძარღვების შევიწროება და სპაზმი გამოვიწვიოთ. ამიტომ, წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. მხოლოდ წყალი უნდა გამოვიყენოთ და არ გვჭირდება ძმარი, სპირტი, რომესაც თავისი გარკვეული გვერდითი ეფექტები აქვს. დღევანდელ დღეს ასეთი რეკომენდაციაა: ჯერ მედიკამენტი უნდა გამოვიყენოთ და თუ მედიკამენტით არ გვაქვს ეფექტი, ამ შემთხვევაში, შეიძლება მას გაგრილების მეთოდები მივამატოთ და არც ერთ შემთხვევაში მხოლოდ გაგრილებით არ უნდა დავიწყოთ.