მსოფლიოში კონტრაცეფციის ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს და წყვილები არასასურველი ორსულობის თავიდან ასარიდებლად მათთვის ყველაზე კომფორტულ მეთოდს ირჩევენ. თუმცა, ბოლო წლებში მამაკაცები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ვაზექტომიას, რომელიც არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და ეფექტურ მეთოდ. ეს მეთოდი სტერილიზაციას გულისხმობს, შედარებით მარტივი ქირურგიული პროცედურაა, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება. ოპერაციის ხანგრძლივობა 15-დან 30 წუთამდეა. ქირურგი აკეთებს ერთ ან ორ მცირე პუნქციას სასქესო ჯირკვალში. მისი მოქმედების მექანიზმი, თესლგამომტანი სადინრის გამავლობის ბლოკირებაა, რაც სპერმატოზოიდების სპერმაში მოხვედრას გამორიცხავს. წარმატებული ვაზექტომიის შემდეგ არასასურველი ორსულობის რისკი ნულამდე მცირდება და სპეციალისტები ამბობენ, რომ კონტრაცეფციის ამ მეთოდის ეფექტურობა 99%-ზე მეტია. პროცედურის შემდეგ გართულებების რისკი უკიდურესად დაბალია (მხოლოდ 1-2%). ისინი კონტრაცეფციის ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო, უმტკივნეულო, ასევე ნაკლებად ინვაზიურ და ნაკლებად სარისკო მეთოდად სწორედ ვაზექტომიას თვლიან.
39 წლის დონალდ გლოვერმა, რომელიც ფსევდონიმად Childish Gambino-ს იყენებს, თქვა, რომ პანდემიის დროს მესამედ გახდა მამა. მას 3 ვაჟი ჰყავს. ის ვაზექტომიაზე ფიქრობს და აპირებს, თუკი კიდევ გადაწყვეტენ ბავშვის ყოლას, იშვილონ.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ოპერაცია მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაზე საერთოდ არ მოქმედებს და არც ლიბიდო ქვეითდება. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია აბსოლუტურად უმტკივნეულო და სწრაფია, მაინც არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც მამაკაცებმა ამ დროს უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში მაინც უნდა მიმართონ კონტრაცეფციის სხვა სახეს. პირველი რამდენიმე დღე შესაძლოა, დისკომფორტი იგრძნონ და გამაყუჩებლის გამოყენებაც დასჭირდეთ. ასევე, რამდენიმე დღე მანქანის მართვა აკრძალულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მამაკაცის სტერილიზაცია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან თავდაცვას არ გულისხმობს, ამიტომაც ამ მიმართულებით ისევ ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ.
აღსანიშნავია, რომ ვაზექტომიას სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი მიმართავს. მაგალითად, ცნობილმა ფეხბურთელმა, მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელმა, რონალდუმ 10 წლის წინ გაიკეთა ეს ოპერაცია. მაშინ მას 5 წლის შვილი ჰყავდა. მაშინ ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა:
"დიახ, ვაზექტომია გავიკეთე. თუ შვილების გაჩენა ისევ მოგვინდება, არ იქნება პრობლემა. საკმარისი სპერმა გავყინე და შემიძლია, მთელი საფეხბურთო გუნდი შევქმნა", - თქვა მან.
ამერიკელმა მომღერალმა კელი კლარკსონმა საკუთარ მეუღლეს დაჟინებით მოსთხოვა, რომ ვაზექტომია გაეკეთებინა, რადგანაც აღნიშნა, რომ ორი ორსულობა ძალიან გაურთულდა და შემდეგში შვილის გაჩენას აღარ აპირებდა. მეუღლე მის თხოვნას დასთანხმდა, თუმცა წყვილი 7 წლის შემდეგ განქორწინდა. როგორც ცნობილია, კონტრაცეფციის ამ ფორმას მიმართა მომღერალმა ელტონ ჯონმა. მას ორი ვაჟი ჰყავს და ოჯახის გაზრდას აღარ გეგმავს.
წლების წინ ვაზექტომიას მიმართა ჯორჯ კლუნიმაც. როგორც ცნობილია, მსახიობს შვილების გაჩენა კატეგორიულად არ სურდა. თუმცა, მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც ამალი გაიცნო. გადაწყვიტა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, რომელსაც "შებრუნებულ ვაზექტომიას" უწოდებენ და ახლა ამალთან ერთად ტყუპს ზრდის.
იგივე მეთოდი გამოიყენა ოზი ოსბორნმა. მომღერალმა ეს მეუღლის დაჟინებული თხოვნით გააკეთა, როდესაც ქალს 3 შვილზე მეტის გაჩენა აღარ სურდა. მაგრამ, როდესაც მის მეუღლეს, შერონს კვლავ მოუნდა დედობა, ოზიმ საპირისპირო ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ქალს საშვილოსნოს მილების დაავადება აღმოაჩნდა და შვილის გაჩენა ვეღარ შეძლო.
თუ ვაზექტომიის შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მამაკაცი მილების აღდგენას ისევ გადაწყვეტს, მაშინ პარტნიორის დაორსულების შანსი დაახლოებით 55%-ია. 10 წლის შემდეგ - დაახლოებით 25%. ამიტომ ექსპერტები ამბობენ, რომ იყოთ წინდახედულები და რონალდუს მსგავსად მოიქცეთ.
პროცედურის პოპულარულობა წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება. მაგალითად, ავსტრალიაში, განსაკუთრებით სწრაფი ზრდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაფიქსირდა. 2018 წელს 25 ათასზე მეტმა მამაკაცმა გადაწყვიტა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. კონტრაცეფციის ეს მეთოდი სწრაფად იძენს პოპულარობას სკანდინავიის ქვეყნებშიც. ექსპერტები ამ ტენდენციას წყვილში შეცვლილ ურთიერთობებს უკავშირებენ. თუ ადრე ორსულობის პრევენციის პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალს ეკისრებოდა, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, მამაკაცებმაც დაიწყეს ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ცოლების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ვაზექტომიის წყალობით, ქალებს აღარ უწევთ ჰორმონალური კონტრაცეპტივების გვერდითი მოვლენებისა და არასასურველი ორსულობის შიში, აბორტის რთული გადაწყვეტილების მიღება და მისი შედეგებით ტანჯვა. გარდა ამისა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, საშვილოსნოსშიდა საშუალებები და პრეზერვატივი, რომ აღარაფერი ვთქვათ კონტრაცეფციის სხვა "ხალხურ" მეთოდებზე, რაც ძალიან არასანდოა. ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებას ჩვეულებრივ იღებენ წყვილები, რომლებმაც უკვე გააჩინეს იმდენი შვილი, რამდენიც სურდათ.ამავდროულად, მეუღლეებს შორის ურთიერთობა უნდა იყოს ძალიან მჭიდრო და სტაბილური, სიყვარულსა და ჰარმონიაში სიბერემდე ერთად ცხოვრების პერსპექტივით. განქორწინების და სხვა ქალთან ახალი ურთიერთობის შემთხვევაში შეიძლება ქმარს უნდოდეს, რომ მასთან შვილი გააჩინოს და ეს პრობლემა როგორმე მოგვარდეს.