ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსუდან კიკნაძე მიმდინარე წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო, ბოლო წლები ამერიკაში ცხოვრობდა. როგორც მისი მეგობარი ჰყვება, მსახიობი გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა.
რუსუდან კიკნაძე 1946 წლის, 7 მარტს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე"(1966), "ფერისცვალება"(ეკა, 1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(ტატა, 1969), "თვალი პატიოსანი" (მედეა, 1976), "მონანიება"(1984), "ფესვები"(1987), "დანაშაული მოხდა"(1988) და სხვ...
ორი წლის განავლობაში იყო მსახიობ გოგი ხარაბაძის მეუღლე, ჰყავდათ ვაჟი ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე, რომელიც აშშ-ში გარდაიცვალა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი - მატვეი შატცი. ის ამჟამად 19 წლის არის და მასზე ბიძა ზრუნავს.
ნანა ღონღაძე, რუსუდან კიკნაძის მეგობარი:
- რუსიკოს მერვე კლასში დავუმეგობრდი, ორივეს მამები გარდაგვეცვალა და ამან დაგვაახლოვა. ძალიან ლამაზი და მხიარული იყო. მართალია სხვადასხვა სკოლებში ვსწავლობდით, მაგრამ ერთმანეთთან სტუმრად ხშირად მივდიოდით. რუსიკოს დედა - ნინა დეიდა თბილი, ლამაზი ქალბატონი იყო. ლენინგრადელი იყო, მხაზველად მუშაობდა და ქვრივად დარჩენილი 3 ბავშვს მარტო ზრდიდა... შემდეგ ჩვენი გზები საქართველოს მოდელების სახლში გადაიკვეთა, ერთად გამოვდიოდით ჩვენებებზე. საზღვარგარეთ, საერთაშორისო გამოფენებზე ბულგარეთსა და თურქეთში ოთახში ერთად ვცხოვრობდით. თურქეთში მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და რუსიკო მივლიდა, დილაობით ლოგინში მაჭმევდა.
ნანა ღონღაძე და რუსუდან კიკნაძეყველა მოგზაურობაში კე-გე-ბეს წარმომადგენელი დაგვყვებოდა და ერთხელ რუსიკომ გადაწყვიტა ამ კაცისთვის "штук“-ის გაკეთება, ფანჯრიდან გადაძვრა მის ოთახში და მის სპორტულ ფორმას მკლავები და შარვლის ტოტები ჩაუკერა! არ ვიცი ის კაცი მიხვდა თუ არა, მაგრამ რუსიკოს მოგვიანებით რუსთაველის თეატრიდან საზღვარგარეთ აღარ უშვებდნენ. ის ძალიან სამართლიანი, მამაცი და უშიშარი გოგო იყო.
- ამერიკაში მას ორჯერ ვესტუმრე. დიდი სახლი ჰქონდა აუზით. მისი მეუღლე - მატვეი შატცი ჰოლივუდში მუშაობდა ტექნიკურ სფეროში, ფილმების განახლებასთან დაკავშირებით. რუსიკო ძალიან უყვარდა, ნიკუშას (ხარებას) როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცეოდა, მისთვის არაფერი ენანებოდა. კარგი განათლება მიაღებინა, სასწავლებელი კინოს განხრით დაამთავრებინა და შემდეგ თავისი კომპანია გაახსნევინა, სადაც ნიკუშა ფილმების გადაღებას აპირებდა. ნიკუშას პარტნიორი მგონი შუა აზიიდან იყო, საკმაოდ მდიდარი. მას, როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ჰქონდა გარკვეულ დაჯგუფებასთან, მათ ჯერ ნიკუშას პარტნიორი მოიტაცეს და ოჯახს მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მერე 25 წლის ბუღალტერი გოგო გაიტაცეს და ბოლოს რუსიკოს ვაჟი. ნიკუშამ დედას დაურეკა და უთხრა, მიყვარხარო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნიორის ოჯახმა მილიონი გადაუხადა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, მათ ყველა მოკლეს, ცხედრები ერთ-ერთი ტბის ფსკერზე პარკებით გაგუდული იპოვეს. ეს საშინელი, ენით აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის! განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები