"დილის 5 საათზე გამაღვიძა ზარმა და განწირული დედის ღრიალმა..." - ექიმი შემთხვევაზე, როცა მეზობლის რჩევით, 2 წლის ბავშვს არასწორ და ძლიერმოქმედ პრეპარატს აძლევდნენ - მშობლები

"დილის 5 საათზე გამაღვიძა ზარმა და განწირული დედის ღრიალმა..." - ექიმი შემთხვევაზე, როცა მეზობლის რჩევით, 2 წლის ბავშვს არასწორ და ძლიერმოქმედ პრეპარატს აძლევდნენ

2022-12-05 15:13:42+04:00

ექიმი ლელა ჯღამაძე სოციალურ ქსელში საყურადღებო პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბავშვის თვითნებურ მკურნალობას ეხება. ექიმის თქმით, დედა მეზობლის რჩევით აპირებდა ბავშვისთვის არასწორი, საკმაოდ ძლიერმოქმედი მედიკამენტი მიეცა.

"დილის 5 საათზე გამაღვიძა ზარმა და განწირული, შეშფოთებული დედის ღრიალი მესმის: "მგონი ცრუ კრუპის შეტევა აქვს ჩემს 2 წლის შვილს, გამოვიძახე სასწრაფო და იგვიანებს. მეზობელმა მითხრა დიაზეპამი გაუკეთეთ სასწრაფოდო და წასულია ნემსზე მეუღლე. მეხრჩობა ბავშვი, მიშველეთ, გთხოვთ, სანამ დიაზეპამს ვიშოვით ან სასწრაფო მოვა".

რა თქმა უნდა, დავაკვალიანე და ონლაინ გამოვიყვანე ბავშვი მდგომარეობიდან, სასწრაფომაც მოგვისწრო, მაგრამ მეზობელი მინდა ვცემო: 2 წლის ბავშვს დიაზეპამს რომ უკეთებდა და სინამდვილეში ახსოვდა წამლის სახელწოდების მხოლოდ დასაწყისი. დიაზეპამი თუ დექსამეტაზონია, კაცო, ეს აერია თურმე. მინდა, აგიხსნათ მშობლებს: კრუპის დროს ტირილი, გაღიზიანება, აგზნება მდგომარეობას ამძიმებს, ამიტომ მაქსიმალურად ვერიდებით კუნთშიდა ინექციას, ინტრავენურ გადასხმას, ყველაფერს, რაც ზედმეტად აღაგზნებს ბავშვს. ეცადეთ, პატარას კომფორტი შეუქმნათ, დაამშვიდოთ, მოარიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება გააღიზიანოს და, ამგვარად, მდგომარეობის დამძიმება თავიდან აიცილოთ.

კრუპის მკურნალობის ტაქტიკა განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკი ამ დროს საჭირო არ არის, ვინაიდან კრუპი ვირუსული დაავადებაა. მკურნალობა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ორ პრეპარატს. ერთია ეპინეფრინი/ადრენალინი, რომლითაც ინჰალაცია ტარდება, მეორე – ჰორმონი დექსამეტაზონი.და არა დიაზეპამი. როცა სწრაფი ეფექტის მიღება გვსურს, პირველ რიგში საინჰალაციო პრეპარატს ვიყენებთ, ხოლო დექსამეტაზონი ახანგრძლივებს ინჰალაციური თერაპიის შედეგს. აუცილებელია ექიმის ხელმძღვანელობით გაკეთდეს პროცედურა, რათა დოზები ასაკის და წონის მიხედვით ინიშნება. ამ ორი პრეპარატის გამოყენების შედეგად პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება.

თუ საინჰალაციო პრეპარატი არ გვაქვს, ვაღებთ ფანჯარას, ვამშვიდებთ ბავშვს მაქსიმალურად. გაზზე ვდგამთ წყალს, ადუღებულში ვაგდებთ 4 ან 5 აბ ვალიდოლს და ვყრით სოდას. ამ ოთახში, ახლოს ამ სითხესთან სასწრაფოს მოსვლამდე ვასუნთქებთ ამ დატენიანებულ ჰაერს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დროს დიაზეპამი 2 წლის ბავშვზე მეზობლის რეკომენდაციით." - წერს ლელა ჯღამაძე.