ბავშვების საბავშვო ბაგა-ბაღში მიყვანა ბევრი მშობლისთვის გამოწვევაა. პატარები ზოგჯერ ვერ ეგუებიან ახალ გარემოს, მშობლებთან განშორებას, ნერვიულობენ და სახლში ყოფნა სურთ. თუმცა, მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევით ეს პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, მალევე დაიძლევა ხოლმე. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ ბაღთან შეგუებას. სინამდვილეში, რამდენად აუცილებელია ბაღი, რა არის მისი მთავარი დანიშნულება და მიზანი, რას ცოდნასა და უნარებს აძლევს აღსაზრდელებს და რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში წარმატების მისაღწევად ეს პერიოდი - აქტუალურ შეკითხვებზე Mshoblebi.ge-ს ქალაქ თბილისის 117-ე საბავშვო ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ქართველიშვილი პასუხობს:
- საბავშვო ბაღის მთავარი დანიშნულება სკოლამდელი ასაკის ბავშვების განავითარების სტიმულირება, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაში მხარდაჭერა და სასკოლო ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის მომზადებაა. ბაღი არის განვითარების პირველი, ბაზისური, უმნიშვნელოვანესი საფეხური, რომელიც თამაშით სწავლების, სოციალური ადაპტაციის, ინდივიდუალური მიდგომების პრინციპებზე დგას. ბაგის ასაკიდან ბავშვი საბავშვო ბაგა-ბაღში საშუალოდ 3600-5000 საათს ატარებს და სწორედ ეს პერიოდი განსაზღვრავს მისი პიროვნების ჩამოყალიბებას. ჩვენი მთავარი მიზანია, სააღმზრდელო პროცესი ისე წარიმართოს, რომ განვითარების სტიმულირებასთან ერთად უზრუნველვყოთ ბავშვის კეთილდღეობა.
- ბაშვისთვის ოჯახი სიყვარულითა და ზრუნვით აღსავსე გარემოა, რაც მას უპირველესად დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას უჩენს. ყველა ბავშვისთვის მეტ-ნაკლებად რთულია სახლიდან უცხო გარემოში და უცხო ადამიანებთან მოხვედრა, მაგრამ საბავშვო ბაღში შექმნილი მრავალფეროვანი, ხალისიანი გარემო და თამაშის ფილოსოფიაზე დაფუძნებული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი მისი მრავალმხრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ბავშვზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს საბავშვო ბაღი - პედაგოგები, მეგობრები და გარემო, სადაც ისინი გამუდმებით ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში. საბავშვო ბაღში თანატოლთა ხშირი კონტაქტი და ეფექტური კომუნიკაციების დამყარება ადრეული ასაკიდან იწყება. რაც უფრო მეტ დროს უთმობენ ბავშვები პედაგოგის მიერ კარგად დაგეგმილ და შეთავაზებულ აქტივობებს, მით მეტად ადაპტირებულები ხდებიან, უყალიბდებათ სოციალური ნორმები, რაც ქცევის გარკვეული სტანდარტების დაცვას გულისხმობს (მაგალითად, რიგისა და ჯერის დაცვა, ჯგუფის წესების დაცვა, თავაზიანობა, დათმობა და ა.შ.).
საბავშვო ბაღის ფორმალურ გარემოში გათვალისწინებულია ჯგუფის წევრების სხვადასხვა ვალდებულებები, ქცევების ნორმები და მათი მართვის სტრატეგიები, რასაც ოჯახის არაფორმალურ გარემოში ბავშვები სრულყოფილად ვერ ეზიარებიან. სოციალური ნორმები ბავშვის სოციალიზაციის აუცილებელი ნაწილია და მოქმედებს მისი შინაგანი სამყაროს, კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბებაზე, რაც პიროვნებას განსაზღვრავს. ბაღში ყალიბდება ის ძირითადი სოციალური უნარ-ჩვევები და მიმღებლობა, რომელიც შემდგომ საზოგადოებასთან ჯანსაღი ურთიერთობისთვისაა აუცილებელი. ბაღი უზრუნველყოფს ბავშვის სოციალურ ინკლუზიას. ბაღი არის ადგილი, სადაც ბავშვი ადრეული ასაკიდან აღიარებს სხვადასხვა შესაძლებლობების, განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის, განსხვავებული კულტურული და ტრადიციული ღირებულებების მქონე ბავშვებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას, თანასწორუფლებიანობას, რაც მომავალ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაზე დადებითად აისახება. თუმცა ის ბავშვები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ დადიან საბავშვო ბაღში, შესაძლებელია სულაც არ იყვნენ მოკლებული ასეთ უნარებს. მიუხედავად ამისა, მშობლებმა და საბავშვო ბაღმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, მათ შორის ფსიქოლოგების დახმარებით, რომ ბავშვმა გადალახოს პრობლემა და გადამეტებული შფოთვის გარეშე იაროს ბაღში. თუ მშობლები მაინც გადაწყვეტენ, რომ ბავშვი სახლში უნდა დარჩეს, მაშინ ისინი თავად უნდა დაეხმარონ შვილს უნარ-ჩვევებისა და სოციალური ნორმების ჩამოყალიბებაში, რათა ბავშვს მომავალში სოციალური და კულტურული ღირებულებების დეფიციტი არ შეექმნას. დაეხმარონ სასარგებლო მეგობრული კონტაქტების დამყარებაში, სადაც თავად იქნებიან თანატოლების შეხვედრების ორგანიზატორები და წაახალისებენ ბავშვს მასპინძლობისთვის. დაგეგმონ სხვადასხვა თამაში (ხატვა, კითხვა, სამშენებლო სათამაშოები, ფაზლები და სხვადასხვა თავსატეხები, ეზოს აქტივობები, ბუნებაში გასეირნება, და ა.შ.), ატარონ ბავშვი საზოგადოებრივ ადგილებში (თეატრი, კინო, ბიბლიოთეკა, კაფე და ა.შ), სტუმრად იმ ოჯახებში, სადაც მათი თანატოლი ბავშვები ჰყავთ, ატარონ სპორტულ ან სხვა ტიპის გუნდურ აქტივობებზე. საჭიროების შემთხვევაში, ჩართონ ფსიქოლოგი და/ან სხვა სპეციალისტი. უმთავრესი კი მაინც მშობელისა და ბავშვის ჯანსაღი ურთიერთობა და ნებისმიერ სფეროში თამაშის ფორმით შეთავაზებული საქმიანობებია. მშობლის მაღალი ჩართულობა, ემოციურად სწორი დამოკიდებულება სახლშიც და ბაღშიც, აყალიბებს ძლიერ მეგობრულ და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს და შემდგომში მაღალ მიმღებლობასა და ჯანსაღ სოციალურ უნარ-ჩვევებს.
- ბავშვებს ბუნებრივად აქვთ სწავლისადმი მიდრეკილება. ისინი, ყოფითი სიტუაციებიდან, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე უამრავ ახალს სწავლობენ. მშობლიურ ენას, ელემენტარულ არითმეტიკულ მანიპულაციებს, გაზომვებს, ფერებს, საპირისპირო სიტყვებს, უცხო ენაზე მულტფილმების და თამაშების ხშირი ყურებით და სმენით უცხო ენებს და ა.შ. სკოლაში მისვლამდე გაცილებით ადრე სწავლობენ ის ბავშვებიც, რომლებიც არ დადიან საბავშვო ბაღში. ბევრჯერ გამიგია მშობლებისგან, რომ ვერც კი ამჩნევენ სად და როგორ მიიღო ბავშვმა ცოდნა ამა თუ იმ სფეროში, ეს განსაკუთრებით ეხება მობილური ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებას. ყოფით სიტუაციებში ისე მარტივად მიმდინარეობს დასწავლა და გარკვეული უნარების შეძენა, რომ ჩვენ მართლაც ვერ ვაცნობიერებთ, როდის მოასწრო ბავშვმა ამის სწავლა და დახელოვნება. თუმცა ასეთი ხერხებით უნარ - ჩვევების ჩამოყალიბება და ცოდნის დაგროვება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ხშირად ქაოსური და არამიზანმიმართულია. ყოფით სიტუაციებში ცოდნის შეძენის პროცესი განსხვავებულია ბაღში და შემდგომში ნებისმიერ სხვა სასწავლო დაწესებულებაში (სკოლა, უნივერსიტეტი) არსებული ფორმალური სასწავლო პროცესისგან და გაცილებით რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ყოფით სიტუაციებში ცოდნის მიღებაა. სწავლა ყურადღების კონცენტრაციას, გარკვეულ ძალისხმევას, უნარებსა და ჩვევებს, წესების შესრულებას, სისტემატურობას მოითხოვს. ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერები და პრაქტიკოსები მუდმივად ცდილობენ, შემოგვთავაზონ სხვადასხვა კონცეფციები, სტრატეგიები და მოდელები სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისთვის.
საბავშვო ბაგა-ბაღები ახორციელებენ სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სტანდარტზე მორგებულ სასკოლო მზაობის პროგრამას - თამაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბავშვების წარმატებული გადასვლა ბაღისა და სახლის შედარებით ნაკლებად ფორმალური გარემოდან სკოლის მეტად ფორმალურ გარემოში. ეს არის ბავშვზე ორიენტირებული, თამაშზე დაფუძნებული პროგრამა ახალი მეთოდოლოგიური მიდგომებითა და რჩევებით, სადაც გათვალისწინებულია ბავშვების ინდივიდუალური უნარები და შესაძლებლობები. პროგრამის ძირითადი პრინციპია ბაღში შეიქმნას ხალისიანი, მრავალფეროვანი გარემო, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების უნარების განვითარებას და ცოდნის მიღებას ყველა სფეროში. სასკოლო მზაობის პროგრამის ძირითადი მიზნებია, განუვითაროს ბავშვებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ჯანსაღი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარები, რაც მომავალში საზოგადოებასთან წარმატებული ინტეგრაციისა და მოქალაქედ ფორმირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. დაეხმაროს ბავშვს საუკეთესო არჩევანს გაკეთებასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში. ხელი შეუწყოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ სიჯანსაღეს. მოამზადოს ბავშვი დაწყებითი სკოლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისთვის. შეუქმნას სწავლისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. საბავშვო ბაგა-ბაღის გარემოში ყველა ბავშვი თავისი შესაძლებლობების და მისწრაფებების შესაბამისად, აღიჭურვება ამ უნარ-ჩვევებით.
ყველა ბავშვი უნიკალურია, განსხვავებული ემოციური ხასიათითა და თანდაყოლილი ტემპერამენტით, რაც განვითარების პროცესში იშვიათად იცვლება. არიან აქტიური და ენერგიული ბავშვები, რომლებიც მუდმივად იჩენენ ინიციატივას, სხარტად ასრულებენ ინსტრუქციებს, აქტიურად ერთვებიან ჯგუფურ თამაშებში. არიან ლიდერები, ყოველთვის ასრულებენ დაწყებულ საქმიანობას. ზოგიერთი ბავშვი, რომელიც აქტიურად ერთვება თამაშში, მალევე კარგავს ენთუზიაზმს და სხვა აქტივობაზე გადადის. ზოგიერთი მორცხვ ხასიათს და მიჯაჭვულობას ამჟღავნებს - ხშირად ტირის, შიშით აღიქვამს სხვადასხვა პროცესებს. ზოგიც მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ საკმაოდ ჯიუტია იმისთვის, რომ დავალებები შეასრულოს. შეუძლებელია ისინი ერთნაირი ძალისხმევით ჩაერთონ საერთო აქტივობებში. ბავშვების ვიწრო კოგნიტური უნარები განსხვავებულად, არასწორხაზოვნად მწიფდება და ყოველი მათგანი განსხვავებულად გამოხატავს მზაობას. პედაგოგი, რომელიც იცნობს აღსაზრდელს, უნდა გეგმავდეს სხვადასხვა აქტივობებს ბავშვის ინდივიდუალური თვისებების, ხასიათის, ტემპერამენტის შესაბამისად.
- საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვის მიყვანისთვის მკაცრად განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარი დადგენილი არ არის, მაგრამ საუკეთესო ასაკად მაინც 3 წელი მიიჩნევა. ამ პერიოდში ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკმაოდ ძლიერი ემოციური ურთიერთკავშირი მშობლის ან მზრუნველი პირის მიმართ. ბავშვს ამ ასაკში უკვე შეუძლია შეინარჩუნოს მიჯაჭვულობა ხანგრძლივი დროით და შედარებით ნაკლები შფოთვებითა და სტრესებით აიტანოს განშორება. ბავშვის ემოციური უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია. პედაგოგების მხრიდან უნდა იყოს ადეკვატურად გაგებული, მხარდაჭერილი და დაკმაყოფილებული მისი ემოციები. საბავშვო ბაგა-ბაღში მოსვლა პატარა ბავშვებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა და მშობლების და პედაგოგების ერთობლივი და სწორი სტრატეგიებით მალე და ეფქტურად დაიძლევა.
თამარ იაკობაშვილი