ონლაინრომანი "თეთრი მთვარე"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ჩემი შემდეგი ისტორია ჩემს ყოფილ ქმარს უკავშირდება. როგორ გავიცანი? უცნაურად. კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო. ახლა ნათია ამერიკაშია, იქ მუშაობს და კარგი ანაზღაურებაც აქვს, მოიწყო ცხოვრება. შვილს მშობლები უზრდიან. მაშინ კი... ნათია თავზარდაცემული იყო, მეც არ ველოდი რეზოსგან ამას, სულ სხვანაირი ბიჭი ჩანდა, მაგრამ... ნათიამ ბავშვი მაინც გააჩინა, პატარა დათუნა. ოთხი წლის რომ გახდა, ნათიამ აიჩემა, რეზოს უნდა ვაჩვენო საკუთარი შვილიო და... მთხოვა, შენ წაიყვანე მათთან სახლშიო. თავიდან უარზე ვიდექი, მაგას ვერ ვიზამ, ორი თავი სადა მაქვს-მეთქი, მაგრამ იმდენი მეხვეწა, მაინც დამიყოლია.
დიდხანს ვებრძოდი საკუთარ თავს. ვერ გადამეწყვიტა, ღირდა თუ არა ნათიას ჩანაფიქრის განხორციელება. როგორ შეხვდებოდა რეზო ამას? ვაითუ, სასაცილოდ არ ეყოს? ბავშვი გარეთ რომ გამოაგდოს? მერე როგორღა მოვიქცე? სირცხვილისაგან თავი არ გამომეყოფა არც მე და არც ნათიას! ღირს კი? ფიქრები ერთმანეთში მერეოდა. ხუთი წელია, არ უნახავს. არც არაფერი იცის მის შესახებ. ახსოვს კი ნათია საერთოდ? შეიძლება არც ახსოვს. არა, ეს შეუძლებელია! განა მას მერე შეიცვალა რამე? თუმცა, როგორ არა. ბევრი რამ. ნათია უკვე აღარ არის ის უმწეო, აბიტურიენტი გოგონა, "კარგ ოჯახში გათხოვების მიზნით" პროფესორის ვაჟს რომ "აბამდა". ეს ქალბატონი ეთერის სიტყვებია, დიდად პატივსაცემი, ბრწყინვალე ქალბატონის, ბინა ანტიკვარიატებით რომ აქვს გამოტენილი და სახლში ქეჩის ფაჩუჩების გარეშე რომ არ უშვებს არავის. "ვისია ეს ცინგლიანი ბავშვი?" ამ სიტყვებით თუ იკივლა, მერე ნახეთ! ხომ ვიქნები ღირსი, არამკითხე მოამბესავით გარეთ გამომაბრძანოს! ხომ არ მოგისმენს ბოლომდე. თემიდასავით იქვე გაგასამართლებს და გამოგიტანს განაჩენს, რომელიც მერე, რა თქმა, "გასაჩივრებას არ დაექვემდებარება".
ნათიას არაფრის გაგონება არ სურდა. დათუნას დანახვაზე იქნებ მამაშვილურმა გრძნობამ გაიღვიძოს მასშიო. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდეს, ამხელა და ასეთი ვაჟკაცი რომ ეზრდებაო?
"მე ჩემს მოვალეობას მოვიხდი", - ვიმართლებდი თავს. არ ვიცი, ნათიას რისი მიღწევა უნდოდა ამ ჟესტით. იქნებ შერიგების იმედი ჰქონდა? იქნებ "პატივცემულ ბებიას" ქვის გული გალღობოდა ბავშვის დანახვაზე? იქნებ... იმდენი "იქნებ" დაგროვდა, დავიბენი...
სადარბაზოს მივუახლოვდით. გული გამალებით მიცემდა. დათუნა უკვე დავარიგე. იცის, რაც უნდა თქვას. პატარა კი აღარ არის, ოთხი წლისაა უკვე.
რკინის კარს მივადექით. ბავშვს ვუჩურჩულე, აბა შენ იცი, დეიდა, თამამად იყავი, არ შეგეშინდეს-მეთქი, ლოყაზე ვაკოცე და ერთი სართულით დაბლა ჩამოვირბინე. საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა.
დათუნამ დააკაკუნა. მერე კიდევ... კარის გაღების ხმა გაისმა. შიშისაგან აკანკალებულმა კიდევ ერთი სართულით დაბლა ჩავირბინე. მამაკაცის ხმა გაისმა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა სიტყვები: "ბიჭუნა", "მამიკო", "პატარავ", "დედიკო"... მერე ყველაფერი მიწყნარდა. ხმები შეწყდა. ფეხაკრეფით ავუყევი კიბის საფეხურებს. მივაყურადე. ჩქამი არ ისმოდა. ნეტავ რა ხდება იქ, შიგნით? რას ეკითხებიან დათუნას? ვინ გაუღო კარი? რეზო შინაა? იქნებ უკვე ცოლიანია? იქნებ ამისთანა უკვე ორი ჰყავს ან სამი? ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა. რა სულელი ვარ! რატომ აქამდე არ ვიფიქრე? მოვკლავ ნათიას! არა უშავს, კვლავ საკუთარი თავის დამშვიდებას შევუდექი. თუ ასეა, უკან გამოუშვებენ. ეტყვიან, შვილო, ვის დაკარგვიხარ, ვის ეძებ, დედაშენს მისამართი შეეშალაო და მორჩა. ხომ არ შეჭამენ! ბავშვია, ბოლოს და ბოლოს, რა უნდა დაუშავონ? არც არაფერი!
დრო გაიწელა. დათუნა არ ჩანდა. საათს დავხედე. საკმაო ხანი გასულა - მთელი ორმოცი წუთი. რაშია საქმე? თუ ყველაფერი კარგადაა, რატომ არ მეძახიან? რატომ მეც არ შემიპატიჟებენ შინ? ბავშვი ხომ ეტყოდა, მაგდა დეიდა დაბლა მელოდებაო. თუ ყველაფერი ცუდადაა, რატომ არ გამოუშვებენ? ამხელა "დაკითხვა" რა ამბავია? ამდენ ხანს რისი გაგება უნდა აინტერესებდეთ? გული საგულიდან ამოხტომას ლამობდა. ნერვიულობამ მიმატა. რა საშინელებაა ეს ლოდინი! რამ მოაფიქრა ნათიას ეს ყველაფერი. მე რაღა მინდოდა, ვერ დავეტიე ჩემთვის? რა მრჯიდა? რაში მჭირდებოდა აუტკივარი თავის ატკივება? ადგილს ვერ ვპოულობდი. საოცრად გაიწელა წუთები. მიუსვენრობამ შემიპყრო. ბავშვის დატოვებას ხომ არ აპირებენ?... ნათიას რა ვუთხრა? ბავშვი ჩამაბარა და... ამის გაფიქრებაზე ჩემში თითქოს მხეცმა გაიღვიძა. შლეგივით ავვარდი კიბეზე. საფეხურებს ვახტებოდი. აკანკალებულმა თითი მივაჭირე ზარის ღილაკს და მანამ არ ავუშვი, სანამ კარი არ გაიღო...
ზღურბლზე უცხო მამაკაცი იდგა.
- მაგდა ხართ? - ღიმილით გამომხედა სათვალის ზემოდან.
- დიახ... ჩემი შვილი აქ უნდა იყოს, - სხვა რა გზა მქონდა, ვიცრუე. სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს. ოთახში შევიხედე.
- კი, აქ არის. მობრძანდით, ჩვენ უკვე გამოვნახეთ საერთო ენა. ასე ვთქვათ, დავძმაკაცდით. მშვენიერი ბიჭუნაა, - მამაკაცს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- არა, გმადლობთ. ჩვენ წავალთ, - დაბნეულმა უკან დავიხიე.
ეს სად მოვხვდი? სადარბაზო ხომ არ შემეშალა? იქნებ სართული? უარესად ავფორიაქდი. ეს რეზო არ იყო, მამამისი - მით უმეტეს.
- სად წახვალთ? ახლა თქვენი წასვლა იქნება? მობრძანდით, მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა. მართალია, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ სტუმრის დახვედრა არ მეშლება, - სასიამოვნოდ ჟღერდა მამაკაცის ხმა.
ახლაღა შევხედე დაკვირვებით. ასე, ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა. მაღალი, მოხდენილი, საფეთქლებთან ოდნავ შერეოდა ჭაღარა, შავგვრემანი იყო და შავთვალება.
- უკაცრავად, ქევხიშვილები აქ არ ცხოვრობენ? - როგორც იქნა, მოვისაზრე, რაც თავიდან უნდა მეკითხა.
- არა, აღარ ცხოვრობენ. კარგა ხანია, აღარ ცხოვრობენ. შემოდით, ასე ხომ არ ვისაუბრებთ. კარში რატომ უნდა ვიდგეთ?
გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი. შევედი. მივიხედ-მოვიხედე. აშკარა იყო, აქ უკვე სხვა ცხოვრობდა, ეს არ ჰგავდა ანტიკვარიატებით გამოტენილი პროფესორის ბინას. აქ სხვა - ხელმოკლე და, რა თქმა უნდა, "არაპროფესორი" ვინმე ცხოვრობდა. დათუნა პატარა სათამაშო მანქანებით ერთობოდა ოთახის კუთხეში. ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემთვის.
- ყავა დავლიოთ, კარგი?
სუნთქვა შემეკრა.
მორიდებით დავუქნიე თავი... "თქვენ რა გქვიათ?" - უნდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე.
- მაგდა, მაგდალინა, - თქვა უცებ მამაკაცმა.
"ღმერთო ჩემო, რა ხდება?" - გამიელვა გონებაში.
- ახლა არ მითხრათ, რომ ბაღში შეყვარებული გყავდათ და მასაც მაგდა ერქვა, - ხმა ამიკანკალდა.
- არა, არა. რატომ გგონიათ? - გაიცინა და სათვალე მოიხსნა, - უბრალოდ, მომწონს, კარგი სახელია. მე გიორგი მქვია. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, - წარმომიდგინა თავი და ხელი გამომიწოდა.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, - როგორც იქნა, მოვეშვი და ხელი ჩამოვართვი.
რა ცუდი თვისება მაქვს - ყველაფერზე ვწითლდები. ჩემს მასპინძელს ეს არ გამოჰპარვია.
- გაწითლება წესიერი ადამიანის თვისებაა. ასე რომ, ნუ იდარდებთ ამაზე, - ღიმილით დააყოლა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
დათუნამ, როგორც იქნა, "მოიცალა" ჩემთვის. მანქანები მომირბენინა და აჭყლოპინდა.
- აი, მამიკომ რა მაჩუქა! - "მახარა" და თავისი ნადავლი ჟურნალების მაგიდაზე დაახვავა.
- ჩუმად, შე საძაგელო! - ხმას დავუწიე, - ეს ძია შენი მამიკო არ არის, - თითი მივადე ტუჩზე.
- ვიცი, მაგრამ ბიძიამ ასე მითხრა, თუ გინდა, მე ვიქნები შენი მამიკოო.
როგორ შემრცხვა! სრულიად უცხო ადამიანს შინ შემოვუვარდი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ბრალმდებელივით მამობაც დავაბრალე! ავწრიალდი. ნათია ვერ გადამირჩება!
- დათუნა, დადე ეგ მანქანები თავის ადგილზე და წავედით სახლში, - მთელი სერიოზულობით მივმართე ბავშვს და წამოვდექი.
- ო-ო-ო! ვიყოთ ცოტა ხანს, რა? კარგი? გეხვეწები, სულ, სულ ცოტა ხანს, - ფეხები ჭირვეულად დააბაკუნა დათუნამ და თითით ყელი გამოიწია.
ამასობაში გიორგიც გამოჩნდა სინით ხელში. ყავა მოჰქონდა. იძულებული გავხდი, კვლავ დავმჯდარიყავი.
- თქვენ იცნობდით გურამის ოჯახს? - მკითხა და ფინჯანი დამიდგა.
- დიახ, ჩემი მეგობარი ქალბატონ ეთერთან ემზადებოდა, - კვლავ გავწითლდი.
- კარგი კაცი იყო, საწყალი. რომ გარდაიცვალა, იცით ალბათ, არა?
- არა, არ ვიცი. რა მოუვიდა?
- ინფარქტი.
- დიდი ხანია?
- სამი წელი იქნება. მერე ძალიან გაუჭირდათ. ვალები დაედოთ და გაყიდეს ეს ბინა.
- რას ამბობთ! რა ვალები? - ამ ცნობამ უარეს ხასიათზე დამაყენა.
- ბიჭის გამო. კაზინოში თამაშობდა თურმე. ეთერი ვერ აუდიოდა მევალეებს, სანამ გურამი ცოცხალი იყო, კიდევ ახერხებდნენ რაღაცას, მერე კი... უკან-უკან წაუვიდათ საქმე.
- ახლა სად არიან?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. სადღაც სხვაგან იყიდეს ბინა. რეზო ამერიკაში აპირებდა წასვლას. წავიდა თუ არა, არ ვიცი. არ შემხმიანებიან.
- რა საწყენია..., - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- ნამდვილად. გურამი კარგი ადამიანი იყო, - დამიდასტურა გიორგიმ.
- შაქარი ხომ არ აკლია?
- არა, არა, ძალიან გემრიელია, გმადლობთ, - გავუღიმე.
- ბოდიშს გიხდით ასეთი არეულობისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ უქალო ოჯახის ამბავი. ცოლი მე არ მყავს და შვილი, ამიტომ... მეპატიება. რომ მცოდნოდა, თქვენნაირი მშვენიერი სტუმრები მომივიდოდნენ, უკეთეს მასპინძლობას გაგიწევდით, დამერწმუნეთ, - იმართლა თავი.
- არა, რას ამბობთ! ისედაც შეგაწუხეთ.
- ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა, - გიორგი უცებ წამოდგა და კვლავ სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში ვაზაზე დაწყობილი ხილი შემოიტანა.
- ხილი ყოველთვის მაქვს, მით უმეტეს, ატამი. ძალიან მიყვარს. ბავშვსაც აჭამეთ და თქვენც. მიირთვით, ნუ მოგერიდებათ.
- ნუ წუხდებით, ძალიან გთხოვთ.
- სულაც არ ვწუხდები, თქვენნაირ ქალს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუმასპინძლდები. ოღონდ ეს სიტყვები ქათინაურში არ ჩამითვალოთ, გულით გეუბნებით, - შემომცინა.
- გმადლობთ, - დავიმორცხვე.
- სწავლობთ, მაგდა? - დაჯდა და ატმის გათლას შეუდგა.
- დიახ.
- სად სწავლობთ, თუ საიდუმლო არ არის?
- სამედიცინოზე.
- ო-ო-ო! ეს კარგია, ესე იგი, კარგი ექიმი იქნებით.
- არ ვიცი, ვნახოთ.
გიორგიმ ბავშვს გადახედა. ზუ-უ-უ-უ! - დაატარებდა იგი მანქანას და თავისთვის დუდუნებდა.
- მშვენივრად ერთობა, რას ერჩი! - გაიცინა გიორგიმ, - იცი, რა მკითხა, კარი რომ გავაღე? - უცებ შენობით მომმართა. მეხამუშა.
- არა, - დაბნეულად ვუპასუხე.
- ჩემი მამიკო შენ ხარო? - კვლავ გაიცინა.
- მე ვუთხარი, არა ვარ, მაგრამ შენ თუ გინდა, ვიქნები-მეთქი!
ჩრდილმა გადამირბინა სახეზე. შეამჩნია.
- რამე ისე ხომ არ ვთქვი? - ფრთხილად მკითხა.
- არა, არა, - ხელები გავასავსავე.
- ისე, აწი კი უნდა მყავდეს ამხელა შვილი. თავის დროზე რომ დავოჯახებულიყავი, შეიძლება ბევრად უფროსიც მყოლოდა, - თავი ისე გადააქნია, თითქოს დაგვიანებას ნანობსო.
- მერე? რამ შეგიშალათ ხელი? - რაღაც ხომ უნდა მეთქვა, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
- ვერ გეტყვით. რატომღაც ვერ გავრისკე. ოჯახი სახუმარო საქმე არ არის. ოცდაათ წლამდე ვითომ არ ვიჩქარე. მერე კი... გეზარება კაცს ცოლის მოყვანა. დაძალებით კი ჩემთვის არავის დაუძალებია, თორემ შეიძლება კიდევაც მეფიქრა.
- როგორ? თქვენს მშობლებს შვილიშვილი არ უნდოდათ?
- მშობლები, სამწუხაროდ, არ მყავს, უკვე თითქმის ათი წელია.
- უკაცრავად.
- არა უშავს, საბოდიშო აქ არაფერია.
- შენ არ აპირებ გათხოვებას? - თვალებში ჩამაშტერდა.
- მე არც ვყოფილვარ გათხოვილი, - თვითონაც არ ვიცი, რატომ გამოვიჩინე ასეთი გულახდილობა ახალგაცნობილი მამაკაცის წინაშე.
- მაგას მივხვდი...
- დათუნაც...
- ვიცი, ეგეც ვიცი. არ არის საჭირო არაფრის თქმა. მითხრა, ჩემი დედიკოს ამხანაგიაო. მე შენს მომავალზე გესაუბრები. არ აპირებ? - "გათხოვებას" აღარ დაამატა.
- როგორ გითხრათ, კაბის კალთები ჯერ არავის დაუხევია, - გავიცინე.
- რომ დაგახიონ?
შევცბი. რისი თქმა უნდა? საითკენ უმიზნებს?
- ვის რაში ვჭირდები, - თავმდაბლობა გამოვიჩინე.
- იქნებ სჭირდები? - ეშმაკურად იკითხა.
- ვის? - ავყევი მის გამოწვევას.
- თუნდაც ჩემნაირ მამაკაცს.
სიჩუმე ჩამოვარდა. თვალები დავხარე.
- თქვენნაირმა მამაკაცმა რა იცის, მე როგორი ვარ, - ყრუდ ვთქვი ცოტა ხნის მერე.
- მე ფსიქოლოგი ვარ, ადამიანებში კარგად ვერკვევი. რადგან ვთქვი, ესე იგი, ვიცი.
დაახლოებით ერთი პროფესიის ვყოფილვართ, გავიფიქრე.
- არ გირჩევთ ასეთი ნაადრევი დასკვნების გამოტანას, - თითის დაქნევასავით გამომივიდა ნათქვამი.
- მე მგონი, სწორედ რომ დროული დასკვნებია. შენნაირ ლამაზ ქალს არ შეიძლება მახინჯი სული ჰქონდეს. რას იტყვი, ხომ არ ვცადოთ?
- არ ღირს ამაზე საუბარი, ბატონო გიორგი, - საკუთარი ხმა თავად არ მესიამოვნა. ასე უცებ ასეთი "საპატიო" წინადადება დაუჯერებელი იყო ჩემთვის.
- ცუდად ნუ გამიგებ, მაგდა. მე სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი. ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. არ გაჩქარებ. მე პატარა აღარა ვარ. 38 წლის ვარ უკვე, დავიღალე სხვისი შვილების ფერებით. დისშვილები მყავს. ეს მანქანები მაგათია. აწი საკუთარიც არ მაწყენს. ვიცი, ახლა ამაზე საუბარი აბსურდია, მაგრამ ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ. ცხოვრებამ მწარე გამოცდა ალბათ შენც ჩაგიტარა. ხომ ასეა? მერე ჩემს წარსულსაც მოგიყვები. თუ დაგაინტერესებს, რა თქმა უნდა. დათუნა იმედია, შვილივით გიყვარს, მერე ჩვენც გვეყოლება შვილები... მგონი, არ იქნება ურიგო საქმე. შევხვდეთ ერთმანეთს, უფრო ახლოს გავიცნოთ, იქნება და ყველაფერი გამოგვდის? რას იტყვი? ვცადოთ?
* * *
ვცადეთ... გაცნობიდან სულ რაღაც სამ თვეში ხელი მოვაწერეთ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. გიორგი მზრუნველი მეუღლე აღმოჩნდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვიჩქარე. ჯერ კარგად უნდა გამეცნო და მის ცოლობაზე მერე მეფიქრა. იგი ასაკით ბევრად უფროსი იყო ჩემზე, ეს კი მე ვერ გავთვალე. ისე ვიყავი თავგაბეზრებული თაყვანისმცემლებისგან, მისი მიდგომა ყველაზე არაორდინარულად მეჩვენა, სხვანაირი იყო, გამოირჩეოდა ყველასგან და ამიტომაც მომხიბლა ასე ადვილად. არადა... ისეთი ეჭვიანი აღმოჩნდა, გული მქონდა გაწყალებული. ყოველ წუთს მითვლიდა, რატომ დააგვიანე, დღეს ხომ ოთხი ლექცია გქონდა, აქამდე სად იყავი, სად გაიარე, ვისთან ერთად გამოხვედი უნივერსიტეტიდან და რა ვიცი, საჩხუბარი საბაბი არ ელეოდა. თავიდან ვითმენდი, ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი, როგორც მას გაუხარდებოდა, მაგრამ სანამდე? ყველაფერს აქვს საზღვარი. ბოლოს და ბოლოს, გაწყდა ჩემი მოთმინების ძაფიც. მისი ეჭვიანობა უკვე ავადმყოფური გახდა. ტელეფონი რომ დარეკავდა, შუა ლაპარაკში ხელიდან გამომტაცებდა ყურმილს, ალბათ "იმან" ქალს დაარეკინა და ახლა თვითონ გელაპარაკებაო. ჩვენი ურთიერთობა თანდათან გართულდა. ყოველი სიტყვა უნდა გამომეზომა, რამე "ისეთი" არ წამომცდენოდა. მერე დაიხვევდა ხელზე ჩემს ნათქვამს და, როცა შეთვრებოდა, მაშინ გამიხსენებდა. ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. ამის ატანა უკვე აღარ შეიძლებოდა. ამას ისიც დაერთო, რომ არა და არ დაადგა ჩემს დაორსულებას საშველი. ხოლო როცა ორდინატურაზე მიდგა საქმე, კინაღამ გადაირია, საავადმყოფოში სამუშაოდ არ გაგიშვებ, შენ შინ უნდა იჯდე და მხოლოდ ჩემზე უნდა იზრუნოო. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. შევკარი ჩემი გუდა-ნაბადი, ერთ დღესაც დავუტოვე ძალიან მწარე წერილი და ჩემებთან გადავბარგდი. მამაჩემი გადაირია, დედამ კივილი მორთო, მაგრამ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი იყო. ერთხელ ვთქვი უარი და მორჩა, გადაფიქრებას არ ვაპირებდი.
გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა. მივხვდი, არ მიყვარდა - არც ახლა და არც მაშინ, როცა მივთხოვდი. ვიჩქარე, შეცდომა დავუშვი და არ მსურდა, ამ შეცდომის მსხვერპლი გავმხდარიყავი მთელი ცხოვრება. აღარაფერი მაკავშირებდა მასთან. სიყვარულით მხოლოდ ლუკა მიყვარდა, ისევ და ისევ ლუკა. რა ვიცი, იქნებ გიორგიზე დაქორწინება ქვეშეცნეულად ლუკაზე შურისძიების მცდელობაც იყო? გიორგი ფსიქოლოგი იყო და მალევე მიხვდა, რომ არ მიყვარდა და ალბათ ეჭვიანობაც ამის ნიადაგზე დაიწყო. შინაგანი ბუნებაც უწყობდა ხელს, ხასიათშიც ჰქონდა ეს თვისება. ამიტომაც სულ ათი თვე გაგრძელდა ჩვენი ოჯახური ტანდემი.
ხედავთ, როგორი უიღბლო ვარ? მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ბარე ორი ვერ მაჯობებს, სიყვარულში მაინც არ მიმართლებს. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იწყება, მე ვიტყოდი, არაჩვეულებრივადაც, მაგრამ... ბოლოს ყველა ურთიერთობა კრახით მთავრდება. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: რატომ? რა არის მიზეზი? ახსნას ვერ ვპოულობ, არ ვიცი და მორჩა. უინტერესო ნამდვილად არა ვარ, იმიტომ, რომ ყველა მამაკაცი, ვის გვერდითაც თუნდაც ცოტა ხანი გამიტარებია, აღფრთოვანებულა ჩემით. სექსუალურობა? კი ბატონო, უმაღლეს დონეზე. ხასიათი? ბრწყინვალე. განათლება? უმაღლესი. ანგელოზივით სახე მაქვს, მაშ რაღა დარჩა? რა აკლია ჩემს სრულ ბედნიერებას? რატომ დაიწყო ჩემი ყველა სიყვარული ზღაპარივით და რატომ დამთავრდა მწარე რეალობით? ალბათ არის კითხვები, რომელსაც პასუხი არა აქვს. შეიძლება სწორედ ის მაკლია, რასაც იღბალი ჰქვია. იღბალი, რომელიც განგებამ უნდა გიბოძოს რაღაც დოზით. ჩემთვის ალბათ ყველაზე მცირედ გაიმეტა.
კოკას შემთხვევაში როგორ იყო? სწორედ ისე, როგორც ზღაპარში. სიზმარივით დაიწყო ყველაფერი.
გიორგის რომ დავშორდი, კაცის ხსენება ისევ შემძულდა. ახლოს არ ვიკარებდი არც ერთ მამაკაცს, ნებისმიერთან სიახლოვეს გავურბოდი. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. ამასობაში დავამთავრე, მუშაობაც დავიწყე, კარგი თანამშრომლისა და მეგობრის სახელიც მოვიპოვე, მაგრამ კაცი, როგორც ასეთი, ჩემ გვერდით არ გაჭაჭანებულა. ყველას მიმართ დავკარგე ნდობა, მათში მხოლოდ ჩამი სხეულის დაუფლების მსურველს ვხედავდი. "მონადირეთა" რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა, კომპლიმენტები, სატელეფონო ზარები, სიყვარულის ორიგინალური ახსნები... მაგრამ არა და არა, ჩემი გულის დაპყრობა ვერავინ მოახერხა. ალბათ ვინმე განსაკუთრებულს თუ ვეძებდი. არ მიზიდავდნენ მამაკაცები, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ ჩემს მოხიბვლას, ისეთი კი არ გამოჩნდა, რომელზეც მე გამოვაცხადებდი "ნადირობას". გულთან ახლოს არავინ მოდიოდა. რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ კომპლექსები გამიჩნდა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა კიდეც, სიბერემდე უკაცოდ არ დავრჩე-მეთქი. თუმცა...
ერთხელ მაიამ დაგვპატიჟა გოგოები დაბადების დღეზე. მაია ჩვენთან მუშაობს კლინიკაში, პედიატრია. ექვსი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა. ძალიან დავუახლოვდი, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, ამიტომ ადვილად ვუგებდით ერთმანეთს. მას ჩემ შესახებ ყველაფერი ვუამბე. არც თავად ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. ორჯერ უყვარდა ცხოვრებაში და არც ერთხელ არ გაუმართლა. პირველი სიყვარული დაქალმა წაართვა. ვითომ შუამავლის როლს თამაშობდა და თურმე ჩუმ-ჩუმად "ორმოს უთხრიდა". საბოლოოდ ისე გამოვიდა, როგორც ერთ გამოთქმაშია: "ბევრი ვეცადე შენთვისა, ძლივს მოვახერხე ჩემთვისა". ჰოდა, სწორედ რომ მის "ცხვირწინ" დაქორწინდნენ. მაია კი დარჩა პირში ჩალაგამოვლებული.
მეორედ... მეორედ, ეს უკვე სტუდენტობისას, მოიტაცა შეყვარებულმა. აბა, მოსატაცებელი რა სჭირდა, მაიკო ისედაც გაჰყვებოდა, ისე ძალიან უყვარდა ლევანი, მაგრამ სადედამთილომ დაიწუნა. ცოცხალი თავით არ ისურვა მისი რძლობა - ამიტომ თვითონაც იკავებდა თავს, არ თანხმდებოდა ლევანს ცოლობაზე. ისიც ადგა და მოიტაცა. მოტყუებით ჩასვა მანქანაში, სახლამდე მიგიყვანო. ორნი იყვნენ, თან ვიღაც გოგო ახლდა, ჩემი მეზობელიაო, ასე უთხრა. ცოტა ხანში, როცა "გზიდან გადაუხვიეს" და მაია მიხვდა, რომ იტაცებდნენ, ქვეყანა დააქცია. იმდენი ქნა, უკან მოაბრუნეს და საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩამოსვეს... მას მერე ლევანი არ გამოჩენილა. მერე კი... ის მეზობელი გოგო შეურთავს ცოლად. ეს ცოტა გვიან გაიგო. რაღას იზამდა, ბედს შეურიგდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მაიკო ახლა 32 წლისაა. იმ ორი "ხელმოცარვის" შემდეგ შეყვარების "მცდელობა" არ ჰქონია. არც კი უფიქრია მამაკაცისკენ გახედვა. ბედი არ მწყალობსო, შესჩივლა საკუთარ თავს და შინაბერად დარჩენა გადაწყვიტა. არადა, რა სჭირს სამაგისო. მშვენიერი ქალია. არც ტანი აკლია, არც ფეხი. მართალია, მოდელის "სიგრძე-სიგანე" არა აქვს, მაგრამ არც უმაგისობაა. მამაკაცები გულგრილად ვერ უვლიან გვერდს. ეს კი ჩემსავით ახლოს არავის იკარებს. მას მერე ისეა დაშინებული, კაცის სახელს ვერ უხსენებ. ამ ბოლო დროს ხომ "პერსპექტიული" საპატარძლო გახდა. ბინაც აქვს, მანქანაც იყიდა, არც უფულობას უჩივის... აბა, რომელი იტყვის ასეთ ქალზე უარს?
ისეთი ლამაზი ნაკვთები აქვს, მაგრამ მაიას არაფრის გაგონება სურს. ეშინია, ჰგონია, რომ კაცებს მხოლოდ მისი "პერსპექტიულობა" ხიბლავთ. შეიძლება ასეც იყოს. იმის გულისთვის, რომ ქმარი ჰყავდეს და გათხოვილი ქალის სახელი ერქვას, ხომ არ გაიუბედურებს ცხოვრებას? მაიას სარჩენი რომ შეიქმნას ის ვიღაცა? ისეთი ბედი აქვს, უმუშევარი და უსაქმური შერჩება ხელთ. ხომ იცის თავისი თავის ამბავი. ამიტომ აუტკივარ თავს ძალად არ იტკივებს. არ უნდა გათხოვება. ზედმეტი ტვირთი არაფერში სჭირდება. მარტო ყოფნა და თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია.
აი, ასე ერთნაირად ვფიქრობდით მე და მაია მაშინ, ზუსტად სამი წლის წინ. ჩვენს ცხოვრებაში ერთი კაციც არ გამოჩენილა ისეთი, სერიოზულად მოგვწონებოდა და მის შეყვარებაზე "გაკვრით" მაინც გვეფიქრა. არც არის საჭირო, გამოვიტანდით საბოლოო დასკვნას და ორივეს გვეღიმებოდა.
ჰოდა, იმას ვამბობდი, მაიამ დაბადების დღეზე დაგვპატიჟა სამნი - ნია, მე და ჯულიეტა. ნია და ჯულიეტა ორივე გათხოვილია, ქმრებიც ჰყავთ და შვილებიც, ჩვენსავით "უშვილძიროები" არ გეგონოთ. საათივით აქვს აწყობილი ცხოვრება. ჟულიეტას ქმარი ჩვენი მთავარი ექიმის მოადგილეა, ავთო. კარგი კაცია, სხვათა შორის. ნიას ქმარს არ ვიცნობ, მაგრამ ამბობენ, საქმიანი კაცია, ცხოვრებაში სხვა ქალისკენ არ გაუხედავსო, ამბობენ... ვინ იცის... გამიგრძელდა თხრობა...
გრანდიოზული დაბადების დღე არ ჰქონია მაიას. ჩვეულებრივი, მოკრძალებული სუფრა გაშალა. საინტერესო მხოლოდ ერთი რამ იყო - აიჩემა, ერთი ბიჭი უნდა გაგაცნო, ჩემი ძმის ძმაკაცია, მაგარი ტიპია, ღვინის ქარხნის დირექტორი, ფულიც აქვს, ბინაც, მანქანაც და საერთოდ, უზრუნველად ცხოვრობსო. თუმცა ამ "მეღვინეს" ერთი ნაკლი ჰქონია - მისი მოსაწონი ქალი თურმე ჯერ არ მოვლენილა ამ ქვეყანაზე. რაღა მე გამომარჩევს-მეთქი, გამეცინა, რა დამსახურებისთვის? შენ სხვანაირი შარმი გაქვს, კაცები შენს დანახვაზე სიყვარულის ბადეში ადვილად ებმებიანო. სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ რას ვკარგავდი, თვალს მაინც შევავლებდი "უკარება" დირექტორს, რომელსაც სახელად კოკა ერქვა. დიახ. დიახ, ის ლეგენდარული კოკა, რომელმაც ძალიან ადვილად გამცვალა მერე სხვაში.
ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირვებია. კოკა მალე გამოჩნდა მაიას ძმასთან, თემოსთან ერთად. შევხედე თუ არა, ვაღიარებ, მაშინვე მომეწონა, მზის შავი სათვალე ეკეთა, მაგრამ ვიგრძენი, რომ იმ სათვალის მიღმა რაღაც საოცრება იმალებოდა. შემოსვლისთანავე დაყენებული მანერებით დაგვიკრა თავი, გაგვეცნო და წამიერად მოავლო თვალი ოთახში მყოფთ. მომეჩვენა, თითქოს მზერა ყველაზე დიდხანს ჩემზე შეაჩერა. მერე სათვალე მოიხსნა და პერანგის ჯიბეში ჩაიდო. შევხედე და... რაღაც შეტოკდა გულში. მაიკოს არ მოვუტყუებივარ. მართლა კარგი ვინმე იყო. მის ხორბლისფერ კანს ულამაზესი ნაცრისფერი თვალები უკეთებდა აკომპანემენტს, უძირო, მრავლისმეტყველი თვალები, ერთი შეხედვით რომ გაგაქვავებდა ადგილზე.
მაგიდას მათი მოსვლისთანავე მივუსხედით. კოკა კარგი თანამეინახე აღმოჩნდა. მართალია, სერიოზული კაცის იმიჯის შექმნას ცდილობდა, მაგრამ ისეთი კარგი იუმორი ჰქონდა, ადვილად შეეძლო ნებისმიერი ქალის მოხიბვლა. ნამდვილად ვერ გაექცეოდი ასეთი მამაკაცის ფლირტს. მშვენივრად მოვილხინეთ. შიგადაშიგ თვალი გამექცეოდა მისკენ, ის კი ზედაც არ მიყურებდა. მთელი ქეიფის განმავლობაში ერთხელაც არ შემოუხედავს "ისე". ცოტა დავლიე, რომ შებოჭილობისაგან გავთავისუფლებულიყავი. სხვებიც შეზარხოშდნენ. ცეკვის დროც მოვიდა. რადგან მხოლოდ ორი მამაკაცი გვყავდა, "ადვილად" ვერ დავწყვილდებოდით. ალბათ ამიტომ თუ მოხდა, რომ კოკამ "პირველ ჯერზე" იუბილარი გაიწვია, მე კი თემოს კავალრობა მერგო. შემდეგ "უკარება მეღვინემ" ნია გაიწვია, მერე ჯულიეტა და ბოლოს მე "მომადგა". წელზე ხელი შემახო თუ არა, ცეცხლი წამეკიდა სხეულზე, კინაღამ კანკალმა ამიტანა. ხელები მხრებზე დავაწყვე და დავტრიალდით. მის სუნთქვას ისე ახლოს ვგრძნობდი, ლამის იყო, ლოყა ლოყაზე მივადე, მით უმეტეს, რამდენიმე ჭიქა დალეული მქონდა და სითამამე არ მაკლდა. კიდევ კარგი, არ "წამიცდა" ლოყა. შუა ცეკვისას მოულოდნელად მკითხა.
- მგონი მოგწონვართ, არა?
იმდენად თავხედური შეკითხვა იყო, კინაღამ შევხტი. როგორი თავდაჯერებულია? ეტყობა, ქალებში პოპულარობას ისეა მიჩვეული, ყველა ერთნაირი ჰგონია. თუმცა არც ჩემს შემთხვევაში შემცდარა, მაგრამ ამას შევიმჩნევდი?
- როგორც პიროვნება - კი, მაგრამ როგორც მამაკაცი - არა, - მუშტი რომ მოხვედროდა, ალბათ ისე არ ეტკინებოდა, როგორც ჩემი სიტყვები.
- ასეთ პასუხს მიჩვეული არა ვარ, - თქვა და გაიღიმა.
- მივხვდი.
- ამიტომაც მომახალეთ ასე? - კვლავ გაიღიმა.
- ამიტომ არა, მე სიმართლე მოგახალეთ, თქვენ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებით, არ გეწყინოთ.
უსინდისოდ ვტყუოდი და ვერ ვგრძნობდი, ჩემი ასეთი კატეგორიულობით როგორ გავეცი ჩემი საიდუმლო.
- არა, საწყენი არაფერია. აბა როგორი მამაკაცი ჯდება თქვენს გემოვნებაში?
- სამწუხაროდ, ასეთი მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია. როგორც ჩანს, ჯერ არც დაბადებულა.
- ჰო-ო-ო, მაშინ უნდა გაგაწბილოთ. აწი რომ დაიბადება, უკვე ძალიან გვიან იქნება.
- არა უშავს, ავიტანთ. "მიახლოებითი" თვისებებით შემკული მაინც გამოჩნდება ვინმე.
- მაინც როგორია ის "მიახლოებითი" თვისებები?
- როგორ გითხრათ... პირველ რიგში, ქალის ფასი უნდა იცოდეს, ქალის წონა.
- თქვენ რა, იყიდებით?
- დაახლოებით, - მეც გამეცინა.
- და რა ღირს ქალბატონი მაგდა?
- ქალბატონი მაგდა შეუფასებელია, თქვენ ვერ შესწვდებით.
- არც მიფიქრია, უბრალოდ, ისე ვიკითხე, - გულგრილად თქვა და ღიმილით შემომაჩერდა.
ხასიათი გამიფუჭდა. მომიგო. ამას ალბათ ერთით ნული ერქვა მის სასარგებლოდ. არ შევიმჩნიე.
- ტყუილად გეწყინა, მართლა არ მიფიქრია, - ისე გასცა პასუხი ჩემს ფიქრებს, თითქოს ხმამაღლა მეთქვას.
- საიდან მოიტანეთ, რომ მეწყინა?
- თქვენმა თვალებმა მითხრა და არა მარტო ეს, სხვა ბევრი რამეც.
- მაინც რა? - დავაკვესე ჩემი "გამყიდველი" თვალები.
- ის, რომ ძალიან მოგწონვართ. ნუ ცდილობთ ამის დამალვას, მაინც ვერ შეძლებთ.
- მე დასამალი არაფერი მაქვს. სამწუხაროდ, ძალზე ნაადრევი დასკვნები გამოგაქვთ.
- ვნახოთ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ყოველი შემთხვევისთვის, აი ჩემი ტელეფონი, აქ წერია, - თქვა და შარვლის უკანა ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა.
გამოვართვი, რა უნდა მექნა, არა, ბატონო, თქვენი მართხკუთხა ლურჯი ქაღალდი არაფერში მჭირდება-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი?
ცეკვა დავამთავრეთ თუ არა, თავი გავიგიჟე, უნდა წავიდე-მეთქი, მაიას ხვეწნას ყური არ ვათხოვე, "დავიხურე ქუდი" და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე. ხმა არ ამოუღია - ან გაგაცილებ, ან მე წაგიყვან, ან რამე... ნული რეაქცია. გაწბილებული მივუყვებოდი ქუჩას. საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა. რა დამემართა, ასეთი რა შემეტყო, რომ ეგრევე გამშიფრა? ნუთუ ასე ძალიან მინდა მამაკაცი? ალბათ უკაცო სხეული თავისას ითხოვს. ჯანდაბა და დოზანა! ნეტავ სულ არ მენახა, ნეტავ არ წავსულიყავი დაბადების დღეზე!
ის სავიზიტო ბარათი კარგა ხანს იდო ჩემს მაგიდაზე. კი დავხედავდი ხოლმე, მაგრამ დარეკვა არც ერთხელ არ მიცდია, არც მიფიქრია. ან კი როგორ ვიზამდი მაგას, კოკას ვათქმევინებდი, თურმე მართალი ვყოფილვარო? არავითარ შემთხვევაში!
გავიდა რამდენიმე კვირა. ერთხელაც, სამსახურიდან გამოსულს, ქუჩაში დამხვდა. ვხედავ, ვიღაცამ მანქანის წინა კარი გამოაღო და მეძახის. გავხედე - კოკაა. ვიფიქრე, ალბათ მაიკოს თუ მოაკითხა-მეთქი.
- დაჯექი, წაგიყვან, - ისე შინაურულად მომმართა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.
მივესალმე და უკანა სალონის კარი გამოვაღე.
- წინ რატომ არ ჯდები? - გაუკვირდა.
- მაიას არ ელოდებით? - არ დავარღვიე ზრდილობის ნორმები და "თქვენობითი" ფორმა შევინარჩუნე.
- არა, უბრალოდ, დაგინახე და იმიტომ გავაჩერე მანქანა, მაიკოსთან არ მოვსულვარ.
უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ ხომ არ გადმოვხტებოდი მანქანიდან. ავდექი და წინ გადავჯექი.
- საით მივდივართ?
- სახლში, - მოკლედ მოვჭერი.
- გეჩქარება?
- არ ვიცი, რატომ მეკითხებით?
- ყავაზე დაგპატიჟებდი, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს.
მხრები ავიჩეჩე. დავთანხმდე თუ არ დავთანხმდე? ვერ გადავწყვიტე.
- მაქსიმუმ ერთი საათი, მეტი არა. მეც არ მაქვს მეტი დრო.
- კარგი, ერთი საათი არაფერს წყვეტს, - ხმაში აღელვება შემეტყო.
დუმილით გავიარეთ კარგა გვარიანი მანძილი. მოულოდნელად მეკითხება.
- რატომ არ დამირეკე?
- რატომ უნდა დამერეკა?
- რა ვიცი, მეგონა, ჩვენი ნაცნობობა გაგრძელდებოდა.
- ხომ გაგრძელდა? - გამეცინა.
- ჰო, მაგრამ მხოლოდ ჩემი ინიციატივით და არა შენით, - თქვა და გადმომხედა.
- რატომ გეგონათ, რომ დავრეკავდი? მგონი, არ უნდა გაგკვირვებოდათ.
- რომ დაგერეკათ, რა მოხდებოდა?
- ის, რომ იფიქრებდით, მართლა მოვწონვარო.
- რომ არ დარეკე, იცი, რა ვიფიქრე?
- არ ვიცი.
- მართლა მოვწონვარ და სპეციალურად არ დარეკა-მეთქი.
ალმური წამეკიდა.
- თუ შეიძლება, გამიჩერეთ მანქანა, აქ ჩამოვალ, - კატეგორიულად მოვითხოვე.
- რატომ ბრაზდები? იცი, როდის ბრაზდებიან ადამიანები? როცა სიმართლეს პირში ეტყვიან. რატომ არ გინდა აღიარო, რომ მოგწონვარ?
- თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- არ შეგიძლია, შენობით მელაპარაკო?
- არა, ჩვენ ჯერ ერთმანეთს ისე ახლოს არ ვიცნობთ, რომ ასე მოგმართოთ.
- კარგი, როგორც გენებოს. მე მაპატიე, მაგრამ ისევ თქვენობითზე ვეღარ გადავალ. ხომ არ გეწყინება?
- რა აზრი აქვს, წყენა უკვე დაგვიანებულია.
- მართალი ხარ. ჰო, რა მკითხე წეღან?
- რა გკითხეთ?
- ამას რა მნიშვნელობა აქვსო თუ რაღაც ამდაგვარი?
- ჰო, რაღაც ამდაგვარი.
- მნიშვნელობა როგორ არა აქვს. თუ ვიცი, რომ მოგწონვართ, გამიხარდება. ყველა მამაკაცს სიამოვნებს ქალისგან ამისთანა სიტყვების მოსმენა.
- თქვენთვის მაინც ხომ სულერთია, მე მომწონხართ თუ არა, რაში გაინტერესებთ. თქვენ ხომ ჩემნაირი ქალები არ მოგწონთ.
- რა იცი? მკითხე? შენ ხომ არ გიკითხავს, მოგწონვარ თუ არაო?
- თქვენ არ მითხარით, თქვენი ფასი და წონა სულაც არ მაინტერესებსო?
- მერე ამას მოწონებასთან რა საერთო აქვს? მე კეტრინ ზეტა ჯონსიც მომწონს, მაგრამ მისი ფასი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ვიცი, ვერასდროს შევწვდები. შენ კი მომწონხარ, მიუხედავად იმისა, რომ შენს ფასს ვერ შევწვდები. ხომ იცი, რატომაც.
- რატომ? - გამეღიმა.
- იმიტომ, რომ შეუფასებელი ხარ, ასე არ მითხარი? ამდენი ნამდვილად არა მაქვს. სურვილი მაქვს, მაგრამ შესაძლებლობა - არა. თურქულ ყავაზე გეპატიჟები. არ მითხრა, რომ არ გიყვარს.
- არა, რატომ, მიყვარს.
- მაშინ აქ დავსხდეთ.
ყავის სახლთან გააჩერა მანქანა, გადმოვიდა, კარი გამოაღო და ხელი გამომიწოდა.
მეც შევაგებე ხელი და კოხტად გადმოვედი მანქანიდან. კუპეში განვმარტოვდით. ყავახანაში ბევრი ხალხი ირეოდა. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, მაგრამ რას გავაწყობდი.
- შევცდი, სადმე მყუდრო ადგილას უნდა წავსულიყავით.
- უკვე გვიანაა, რაც არის, არის, - ხელი ჩავიქნიე და შევხედე.
საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა. ცქერა არ მოგწყინდებოდა. კოკამ შეკვეთა მისცა - ნამცხვრები, წვენები და ყავა. ანანასის წვენი ისე შეუკვეთა, ჩემთვის არ უკითხავს, გინდა თუ არაო. საიდან იცოდა, რომ მხოლოდ ამ წვენს ვსვამდი?
- მაიკოსგან გავიგე, - ეშმაკურად შემომღიმა.
- რა? - ვითომ ვერ მივხვდი.
- რომ ანანასის წვენი გიყვარს. არ გაგიკვირდა, რომ არ გკითხე?
- ჰო-ო, კი გამიკვირდა, მაგრამ... რა ვიცი, მასპინძელი თქვენ ხართ და...
- მოკლედ ასე, ჩემო მაგდა. დღეს მე შემთხვევით არ გამომივლია იქითკენ. იმისთვის მოვედი, რომ მენახე. მაიასგან ვიცოდი, როდის გამოხვიდოდი სამსახურიდან.
დავიძაბე.
- ერთი სიტყვით, იმიტომ მოვედი, რომ დაგლაპარაკებოდი. პირველად ცხოვრებაში, რომ ქალი მომეწონა. შეიძლება შევცდი, მაშინვე რომ არ გითხარი, მაგრამ... იმედია, მაპატიებ. სიმართლე გითხრა, არ ვიჩქარე. უფრო სწორად, გამოგცადე. მაინტერესებდა, დამირეკავდი თუ არა. ქალები თავიანთი ყურადღებით თუ არ ვიცი, რა დავარქვა, თავიანთი არსებობით თავს მაბეზრებენ, მირეკავენ, მეფლირტავებიან, პაემანს მინიშნავენ, ამიტომ მათ მიმართ ინტერესი დავკარგე. არ გეგონოს, დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე და მე ვარ, ვინც ვარ. უბრალოდ, უინტერესო და ცარიელი ქალები არ მიზიდავს. მათ კაცის შებმის თითქმის ერთნაირი მეთოდი აქვთ. ქალი რომ გამომწვევად ზედ გახტება და ცდილობს, დაგითრიოს, ჩემში ვნებას ვერ აღძრავს. შენ სხვანაირი ხარ. აი შენნაირებთან ურთიერთობა მართლა სასიამოვნოა. მეთანხმები?
- ჩვენ ხომ ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცით...
- მე ყველაფერი ვიცი შენზე, შენც გაიგებ, რა პრობლემაა?
- საიდან იცი?
- თუ ადამიანი გაინტერესებს, ადვილია მის შესახებ ინფორმაცია მოაგროვო.
- მაიამ გითხრათ?
- არა, მაია რა შუაშია, მაიას გარდა არავინ გიცნობს?
- მგონი, ჩვენ მეტი საერთო ნაცნობი არ გვყავს.
- ნუ ხარ ასე დარწმუნებული. გავა დრო და გაიგებ, რომ ასე არ არის. მე ბევრ შენს ნაცნობს ძალიან კარგად ვიცნობ. შენ ის მითხარი, ჩემი კანდიდატურა გაკმაყოფილებს თუ არა?
- ვერ გავიგე, კოკა, რას მთავაზობთ?
- სიყვარულს, სხვას არაფერს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
- მე პატარა გოგო არა ვარ, რომ...
- ვიცი, ვიცი. არც მე ვარ პატარა ბიჭი. აქ არ არის საუბარი ერთჯერად რომანზე. მე სერიოზულ ურთიერთობას გთავაზობ. ეჭვი მაქვს, რომ ჩემს შეყვარებას შეძლებ. კარგად გავუგებთ ერთმანეთს. ვიცი, რომ კაცებს გაურბიხარ, ისიც ვიცი, რატომაც. ასე არ შეიძლება. ყველა კაცი ერთნაირი არ არის და ამას დაგიმტკიცებ.
ამასობაში შეკვეთაც მოგვიტანეს. წვენი შევსვი. ისე ვიყავი გახურებული, ცივი სითხე მესიამოვნა.
- სიყვარული შეკვეთით არ მოდის, - როგორც იქნა, ამოვიღე ხმა.
- ეგეც ვიცი. მე ვეცდები, თავი შეგაყვარო. შენც ეცადე, მეც შეგიყვარო. მე ვიამაყებ, თუ შენნაირი ქალის ნდობას მოვიპოვებ. რას იტყვი?
- არ ვიცი, რაღაც მსგავსი უკვე მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა.
- გასაგებია, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ცუდად ხომ არ მთავრდება? ერთხელ არ გამოვიდა, მეორეჯერ გამოვა. დამიჯერე, არც შენ წააგებ და არც მე. პირდაპირ გეტყვი, რაც გნახე, იმის შემდეგ სურვილით ვიწვი, ისე მინდა შენი შეხება, შენი მოფერება. ეს ისე არ ხდება. ასეთი რამ არასდროს დამმართია. გულახდილად მითხარი, შენც ხომ მოგწონვარ? მე ეს მაშინვე ვიგრძენი.
- არ დაგიმალავ და... მომწონხარ, მაგრამ მოწონება სიყვარულს არ ნიშნავს, - ჟრუნტელმა დამიარა სხეულში.
- მოწონება ნახევარი სიყვარულია. მეორე ნახევარი მერე მოვა. კარგი ყავაა, არა? - სხვა თემაზე გადაიტანა კოკამ საუბარი.
- არა უშავს.
- მოდი, გინდა ერთი სიგიჟე ჩავიდინოთ? დავლიოთ და მერე ჩემთან წავიდეთ. პირდაპირ სექსით დავიწყოთ ყველაფერი.
კინაღამ სასულეში გადამცდა ყავა. ასე ეცებ, ასე პირდაპირ, პირველსავე შეხვედრაზე ჩემთვის მსგავსი რამ არავის შემოუთავაზებია.
- თავხედი ვარ, არა? ნუ მიყურებ ასე. მე გეუბნები იმას, რაც ამწუთას მსურს. თუ თანახმა ხარ, წავიდეთ, თუ არადა, მოვიცადოთ, დრო საკმარისი გვაქვს ერთმანეთის გასაცნობად.
მერე ყველაფერი მართლა გიჟურად მოხდა. ყავის სახლიდან გამოსულები მის ბინაში აღმოვჩნდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ანგარიშმიუცემლად ვიქცეოდი, თითქოს ჰიპნოზი მქონდა ჩატარებული, სხეული მიხურდა, სურვილი მკლავდა, ოღონდ მის მკლავებში აღმოვჩენილიყავი... და აღმოვჩნდი კიდეც.
ცდამ გაამართლა. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. სამი წელი ვიარეთ ერთად და ეს სამი წელი დაუვიწყარი იყო ჩემს ცხოვრებაში...