ონლაინრომანი "თეთრი მთვარე"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სასიყვარულო ფრონტზე გადამხდა. საინტერესო ისტორიაა, არა? მეც ასე მგონია. ახლა კი, თითქოს ბედი ჩამეკეტა. არც არავის ვუნდივარ და არც არავის ვაინტერესებ. რომ არა ის შემთხვევა, უცნობმა მაგნოლია რომ მომიწყვიტა, მამაკაცისკენ არც არასდროს გავიხედავდი ალბათ, მაგრამ იმ ერთმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. ისე მომინდა ვინმეს შეყვარება, გონებაზე არ ვიყავი. ის კაცი სიზმრად მექცა. ქუჩაში გასული, ყველა გამვლელ-გამომვლელს დაჟინებით ვაკვირდებოდი, რომ სადმე " ის" შემემჩნია. რამდენჯერ ჩავიარე აღმაშენებელზე, თვითონაც არ ვიცი. მაგნოლიის ვითომ " ხეივანს" დიდი ამბით ავუვლ-ჩავუვლიდი იმ იმედით, რომ კიდევ ერთხელ მომცემოდა საოცნებო მამაკაცის ნახვის შესაძლებლობა, მაგრამ არა და არა. შანსი ერთხელ უკვე გავუშვი ხელიდან. ერთხელ კი არა, ორჯერ. როცა პირველად შევხვდი, მაშინვე უნდა გამოვცნაურებოდი, მეკითხა, რა ერქვა, სად ცხოვრობდა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა. სირცხვილი? სირცხვილს მოუკვდა პატრონი, როცა სურვილი გკლავს, როცა გრძნობ, რომ სწორედ ის გინდა, ვისაც ეძებ, ვინც გავსებს, ვინც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებს, რა დროს სირცხვილია?!
ერთხელაც, სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი, მარჯანიშვილზე მივდიოდი. სტადიონის წინ, ბაზრობის გაჩერებასთან, სწორედ იმას მოვკარი თვალი. ფერი მეცვალა, გულმა ნამდვილი ჯანყი მომიწყო, გადადი მანქანიდან და გამოელაპარაკეო. დავუჯერე გულის კარნახს, მაგრამ სანამ უცნობს მივუახლოვდებოდი, რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე, არ შევცდე-მეთქი. იგი ვიღაცას ელოდებოდა. როცა დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი, გაუბედავად მივუახლოვდი, ხმის ტემბრი " გავიწმინდე" და მივმართე.
- უკაცრავად, ჩვენ ერთმანეთს ხომ არ ვიცნობთ?
- მაპატიეთ, მაგრამ არა მგონია...
- იცით... რამდენიმე კვირის წინ ერთმა უცნობმა მამაკაცმა " პლეხანოვზე" დახმარება გამიწია... აი... მაგნოლიის ყვავილი მომიწყვიტა, იმას მიგამსგავსეთ. თქვენ ის არა ხართ? - ვკითხე, მაგრამ ბოლო წუთებში მივხვდი, რომ ვცდებოდი, მამაკაცს მარცხენა ღაწვზე ნაიარევი ეტყობოდა. " იმას" კი ასეთი რამ არ ჰქონდა.
- სამწუხაროდ, არა, ქალბატონო, აშკარად ვიღაცაში გეშლებით, თუმცა სიამოვნებით ვიქნებოდი ის ვიღაც, - გაიღიმა უცნობმა.
- ბოდიშს გიხდით, შემეშალა, ცუდად ნუ გამიგებთ, - უხერხულად გავიღიმე და სახეალეწილი გავერიდე.
- არაფრის, რას ამბობთ, - თავი დამიკრა უცნობმა და უცნაურად გამიღიმა.
ამ " გაცრუებულმა" შეხვედრამ უარესად გამიფუჭა ხასიათი. რა დეგენერატი ვარ, რას ვერჩოდი იმ კაცს, რა ძალა მედგა? ჯერ კარგად დავკვირვებოდი და მერე გამერკვია, არ ჯობდა? საკუთარი თავი შემზიზღდა.
მოსვენება დავკარგე. სადაც უნდა ვყოფილიყავი, წინ სულ უცნობის სახე მედგა, ყურში ჩამესმოდა მისი სასიამოვნო ხმით ნათქვამი სიტყვები: " თეთრი მთვარე" - იდუმალი, გამოუცნობი ფრაზა, რომელიც ჩემი მისამართით იყო ნათქვამი თუ მაგნოლიას უკავშირდებოდა, ვერ გავარკვიე.
როგორ დამაგვიანდა, როგორ დამაგვიანდა... ვინ იცის, მერამდენედ ვიმეორებდი ამ სიტყვებს. არადა, ახლა სწორედ მისნაირი კაცი მჭირდებოდა - სიმპათიური, მოხდენილი, " საჭირო" ასაკის, რომელიც ყველაზე მეტად გამიგებდა, ყველაზე მეტად გაიგებდა ჩემს ფასს. როგორ მიყვარს ამის გამეორება, არა? ჩემს ფასს! რა ვქნა, მე ასე მიმაჩნია. კაცმა ქალის ფასი უნდა იცოდეს, რომ შეიყვაროს და მერე შეინარჩუნოს ეს სიყვარული. შეიძლება ამაში ცოტა პატივმოყვარეობის ელემენტებიც გამოსჭვიოდეს, მაგრამ რას იზამ, მე ასე ვხედავ და ასე მესმის.
* * *
არიან ადამიანები, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც იძულებით უწევთ გადაწყვეტილების მიღება. მე ამ უკანასკნელს მივეკუთვნები, - გავიფიქრე ერთ მშვენიერ დღეს ჩემთვის. უაზროდ მივჩერებოდი ტელევიზორის ეკრანს, სადაც ვიღაც ადამიანები რაღაცაზე იცინოდნენ. შევეცადე, გამეგო, რა იყო მათი სიცილის მიზეზი, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ჩემი გონება ისევ " იმას" დასტრიალებდა. ნუთუ ერთხელ მაინც არ უნდა შემხვდეს სადმე? დავიჯერო, დროებით იყო ჩამოსული თბილისში ან შემთხვევით გამოიარა იმ დღეს " პლეხანოვზე" ? ასე ხომ არ ხდება. ბედისწერა ხომ არსებობს? რადგან ერთხელ მაინც შემხვდა ის, ვინც ჩემმა გულმა საჭიროდ ცნო, კიდევ ერთხელ ხომ უნდა შემხვდეს? ოღონდ შემხვდეს და როგორ დამიძვრება ხელიდან, მაგასაც ვნახავ!
ჩემები ბათუმში გაემგზავრნენ გასვენებაში, ამიტომ სახლში ორი დღეა, მარტო ვარ. რა ბედნიერებაა, როცა დედა კითხვებით არ გაბეზრებს თავს, რა გჭირს, შვილო, რამე ხომ არ შეგემთხვა, რატომ ხარ ასეთი სევდიანიო და როცა მამა გამუდმებით არ ეძებს სადღაც დადებულ თავის საფერფლეს და არ ბუზღუნებს, ამ სახლში შენს გემოზე ვერაფერს დადებო.
ნებიერად მოვკალათდი სავარძელში და მაგიდაზე დადებულ თეფშს გადავწვდი, სადაც, როგორც ყოველთვის, შავი შოკოლადის ნამტვრევები ეყარა. პირისკენ გავაქანე, თან ფიქრებში ჩავიძირე. თვალი გადავავლე ჩემი განვლილი ცხოვრების ბოლო სამ თვეს. იქ მხოლოდ აუხსნელი სევდა, მოწყენილობა და ერთფეროვნება სუფევდა. სამი გაუსაძლისი თვე, როცა ერთს მივტიროდი იმიტომ, რომ სხვაში გამცვალა, ხოლო მეორეს ვეძებდი იმიტომ, რომ ჩემს სულში შემოსვლა მოულოდნელად გადაწყვიტა. რატომ მერგო ასეთი ბედი? ნუთუ ვერც ერთ მამაკაცს ვერ ვუპოვე ჩემს გულში ადგილი? მე ხომ საოცარი ხიბლი მაქვს, ეგრევე ვატყვევებ მამაკაცებს, მაშინ რატომ ხდება ასე? იქნებ ამას ჰქვია ჩაკეტილი ბედი? პირადი ჰოროსკოპი ხომ არ შევადგენინო ასტროლოგს? იქნებ ამან მაინც მიშველოს და მაპოვნინოს გზა, როგორ გამოვიდე " ჩაკეტილი სივრციდან" ? თავი უსიამოვნოდ გადავაქნიე. ნამდვილად გავუტიე. ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ ქმნის. ალბათ ძალიან არ ვეცადე. რაღაც ისე ვერ გავაკეთე, რომ საკუთარი ბედნიერება შემენარჩუნებინა, თორემ...
სამი გაუსაძლისი თვე - წარსულისა და მომავლის გარეშე, რადგან წარსულს უმოწყალოდ გადავუსვი ხაზი, მომავალში კი ისე ვიყურებოდი, როგორც ამღვრეულ წყალში, სადაც ვერაფერს ხედავ, ძალიანაც რომ მოინდომო.
არა, ასე არ ვარგა. ხომ არ შეიძლება ყოველდღე დღევანდელობით იცხოვრო და ასე გაგრძელდეს მანამ, სანამ არ მიხვდები, რომ ხვალაც იგივე გელის, რაც დღეს იყო. რა მოხდება, ახლა, ამწუთას, ადგე, გახვიდე სახლიდან და შეცვალო შენი ცხოვრება - უცებ, ერთ წამში, თვალის ერთ დახამხამებაში?
ასეც მოვიქეცი. ტელევიზორი გამოვრთე, თხელი პლედი მოვისხი და კარი გამოვიხურე... ნელი ნაბიჯებით დავუყევი ტროტუარს თავაწეული, მივდიოდი და თითქოს მთელი ქუჩა მიმქონდა, ისე მივარხევდი ტანს. აქაოდა, შემომხედეთ, რა ქალი მოვდივარო. რად გინდა?! ღამის თერთმეტ საათზე ქუჩაში მოხეტიალე ვიღაც ქალს ზოგი ინტერესით შემომხედავდა, ზოგი კი საერთოდ ვერ მამჩნევდა, ტყუილად ვცდილობდი გამვლელების ყურადღების მიქცევას. კარგა ხანს ვიბოდიალე, მერე მომბეზრდა, თან დავიღალე ფეხით სიარულით და შინ დავბრუნდი, კარი ჩავკეტე და საწოლზე მივესვენე დაღლილ-დაქანცული, გახდაც კი დამეზარა...
* * *
მეორე დილით რაღაც უცნაურ ხასიათზე გამეღვიძა. არა, მარტო უნდა ვიცხოვრო. სანამ უნდა ვიყო ასე? მოპარული ცხოვრებით სანამ უნდა ვიარსებო? ხომ მაქვს ჩემი ბინა, გავარემონტებ და ვიქნები ჩემთვის, არც დედას შევაწუხებ და არც მამას. როცა მომინდება, მაშინ მივალ, როცა მომინდება, მაშინ დავალაგებ. საყვედურს არავინ მეტყვის, ლოგინი რატომ გაქვს აშლილი ან ტანსაცმელი რატომ მიგიყრია დაუდევრადო. დედაჩემს სჩვევია ასეთი რაღაცები. ყელში ამომივიდა მისი ზრუნვაც და " დედაშვილური" დარიგებებიც. არა, ცალკე უნდა გადავიდე, - მტკიცედ გადავიწყვიტე და მოვემზადე მშობლებთან ახალი წინადადებით შესახვედრად.
ჩემდა გასაოცრად, არც ერთს და არც მეორეს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ისე უცებ მივიღე მათგან თანხმობა, თავი სიზმარში მეგონა. შენ ოღონდ ის ბინა გაარემონტე, შენ ოღონდ საკუთარ თავზე იფიქრე და იქით დაგეხმარებითო, ხალისით გამომიცხადეს. მეც მეტი რა მინდოდა. ფული, იცოცხლე, მოგროვებული მქონდა, მანქანა უნდა მეყიდა, მაგრამ წამსვე გადავიფიქრე. ჯერ რემონტს მოვითავებ და იქამდე რაღაც იქნება-მეთქი. მეორე დღესვე შევუდექი საქმეს. მუშები დავიქირავე, დედაჩემი მივუჩინე, რომ კონტროლი გაეწია მათთვის, პარარელურად მათ გამოკვებაზე ეფიქრა, მე კი მშვიდად გავაგრძელე მუშაობა.
სარემონტო სამუშაოები, მართალია, გაიწელა, მაგრამ სამაგიეროდ, გადასარევი ბინა გამოვიდა. მიუხედავდა იმისა, რომ ერთოთახიანია, კარგა გვარიანი ფართია, აივანიც შემოვიერთე და საშრობიც. ასე რომ, სასტუმრო ოთახის გვერდით პატარა, მაგრამ გემრიელი საძინებელიც გამომივიდა. აი ახლა მეც " პერსპექტიული" საპატარძლო გავხდი. ვიღაცას მე თუ არა, ჩემი ბინა მაინც ხომ დააინტერესებს? ეჰ, მინდა კი ისეთი კაცი, ბინის გულისთვის რომ მომაქცევს ყურადღებას? რაღაც არ მხიბლავს ასეთი " ბიზნესგეგმა" . თუმცა არა უშავს, რაღაც მაინც გამოდნება ამ საქმიდან.
სამი თვე გაგრძელდა რემონტი. როგორც იქნა, შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დავამთავრე და გაწიკწიკებულ ბინაში დიდი ზარ-ზეიმით გადავედი. მთელი სამსახური დავპატიჟე. დედა და მამა ყირაზე დადგნენ, ისეთი სუფრა გააწყვეს, ავ თვალს არ დაენახვებოდა. კარგადაც მოვილხინეთ. ყველა ნასიამოვნები დარჩა... მეც, რა თქმა უნდა...
* * *
შემოდგომაც ნელ-ნელა მიილია. გაყვითლდა ქალაქი. სუსხი უკვე ძვალ-რბილში ატანდა. ერთ დღეს, მორიგი პაციენტი რომ გავისტუმრე, როგორც მჩვეოდა, ფანჯარასთან დავდექი და ქუჩაში მოსიარულე ხალხის თვალიერება დავიწყე. მოულოდნელად ტროტუართან მანქანა გაჩერდა, შავი " ბმვ" , მძღოლს შევავლე თვალი. იმანაც, თითქოს ჩემი მზერა იგრძნოო, მაღლა ამოიხედა. ცოტა ბუთხუზა მამაკაცი იყო, მაგრამ საკმაოდ ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა. წამით ერთმანეთს გავუსწორეთ თვალი. მამაკაცი რატომღაც მომესალმა, მეც ანგარიშმიუცემლად დავუქნიე თვალი, თან გავუღიმე. არ ვიცი, როგორი ღიმილი გამომივიდა - მაცდუნებელი თუ ძალზე გამომწვევი, მაგრამ ფაქტი იყო - უცნობი მანქანიდან გადმოვიდა, ჭყვიტინა დისტანციურით ჩაკეტა " ბმვ" და კლინიკის ჭიშკარში გაუჩინარდა. გულმა რეჩხი მიყო. ახლა აქ რომ ამოვიდეს და კარი შემოაღოს, რა ვუთხრა? ან თვითონ რას მეტყვის? რა მოხდება? თითქოს რაღაც ინტერესიც კი აღმეძრა, მოვა კი ჩემს გასაცნობად?
კარგა ხანი გავიდა. არაფერიც არ მომხდარა. ცოტა ხანში მეც დამავიწყდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი თუ არმომხდარი ამბავი და რადგან სამუშაო საათები კარგა ხნის დამთავრებული იყო, ჩანთას დავავლე ხელი და ოთახიდან გავედი. კაბინეტი დავკეტე, გასაღები ხელჩანთის წინა ჯიბეში ჩავაგდე და კიბეს ჩავუყევი. ჭიშკარს რომ მივუახლოვდი, ის ბუთხუზა შევამჩნიე, თითქოს ჩასაფრებული მე მელოდა. გვერდი ავუქციე, ვითომ არც მაინტერესებდა და გზა გავაგრძელე, მაგრამ გავცდი თუ არა, ფეხი ამერია.
- უკაცრავად, ქალბატონო, - მომესმა უკნიდან ხმა, - შემთხვევით აქ ხომ არ მუშაობთ?
მოვტრიალდი, თან გულგრილი გამომეტყველება მივიღე.
- დიახ, აქ ვმუშაობ, რა გაინტერესებთ?
- წეღან, თუ არ ვცდები, თქვენ მოგესალმეთ, არა? - გამიღიმა უცნობმა. საშუალო სიმაღლის მამაკაცი იყო, გრუზა შავი თმით.
- მგონი კი, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვაში შეგეშალეთ, - მეც გავუღიმე.
- არა, არ შემშლია. იმიტომ კი არ მოგესალმეთ, რომ ნაცნობი მეგონეთ, უბრალოდ, მომეწონეთ და...
" კარგი დასაწყისია" , - გავივლე გულში, ხმამაღლა კი ვთქვი.
- გმადლობთ, სასიამოვნო მოსასმენია, - თავი დავუკარი და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე, ძალიან ციოდა.
- გნებავთ, სახლამდე მიგიყვანთ, თუ სხვანაირად არ გამიგებთ.
- არა, ნუ შეწუხდებით, ფეხით გავივლი.
- შევწუხდები? რას ამბობთ, ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის.
" ღმერთო, რატომ არის ყველა კაცი ერთნაირი? რას მეფარცქვალება, ჩემს მეტი ვერავინ ნახა? ამისთანა რა მივესალმე, რომ ჩამისაფრდა?" - თავი ისე გადავაქნიე, თითქოს უსიამოვნო ფიქრების თავიდან მოშორება მინდოდა.
- არ ღირს, ჩემი გაცნობა დიდ სიხარულს არ მოგიტანთ, მით უმეტეს - დიდ ბედნიერებას, - არ ვიცი, რა საჭირო იყო ეს სიტყვები, მაგრამ რატომღაც ვთქვი. სხვა არაფერი მომაფიქრდა.
- ცხოვრება საინტერესოა, რა იცით, რა ხდება... მე სიამოვნებით მოგემსახურებით, დანარჩენს ხვალინდელი დღე გვიჩვენებს, - არ ისვენებდა მამაკაცი.
- ახლა არ მითხრათ, რომ უნდა ვცადოთ, - მკაცრად შევაწყვეტინე იმის შიშით, სწორედ ეს სიტყვები მასაც არ ეთქვა ჩემთვის, როგორც სხვა მის " წინამორბედებს" .
- არა, არა, არც მიფიქრია. რატომ უნდა მეთქვა ასეთი რამ?
- იმიტომ, რომ ორჯერ უკვე მქონდა ამ სიტყვებით გაცნობის მცდელობა და ორივეჯერ მარცხი განვიცადე, - ჩემდა უნებურად, უცხო ადამიანს გული გადავუშალე.
- თქვენ განიცადეთ მარცხი თუ იმან, ვინც გამარჯვებული გგონიათ? - წარბები აზიდა, - მარცხზე იმან იფიქროს, ვინც თქვენნაირი მანდილოსანი გააწბილა და ასეთი რამ აფიქრებინა, - ჩქარი ნაბიჯით მიმავალს უცნობიც ამედევნა.
- არ მომეშვებით? - ნერვები ვეღარ მოვთოკე, გავჩერდი და შუბლშეკრულმა შევხედე.
- არა, არ მოგეშვებით. ვიცი, რომ გაღიზიანებთ, მაგრამ მაინც არ მოგეშვებით!
- რატომ, რა გინდათ? მოგზავნილი ხომ არა ხართ?
- მოგზავნილი არა ვარ, ისე, გია მქვია, გია პატარიძე. თქვენს სახელსაც ხომ არ მეტყოდით?
გია, გიორგი! როგორ მძულს ეს სახელი! რა ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული, ნეტავ იცოდეს, ჩემი გაცნობის ყოველგვარი სურვილი დაეკარგებოდა.
- რა საჭიროა, - მკვახედ ვუპასუხე, მაგრამ არ გავბრაზებულვარ.
- გთხოვთ, მშვენიერო ქერა ქალბატონო, გაიღეთ მოწყალება ერთი უბადრუკი პატარა კაცისთვის, რომელიც თავისი სიმაღლით ამართლებს თავის გვარს და უბოძეთ მას თქვენი სახელი.
- ღმერთო, რა დავაშავე, - წასვლა დავაპირე, მაგრამ ძალზე მოწადინებულმა უცნობმა მკლავში ჩამავლო ხელი.
- გაიმეტეთ ჩემთვის თქვენი სახელი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ. გთხოვთ, - არ მეშვებოდა მამაკაცი.
მის შემხედვარეს გამეცინა. ისეთი მავედრებელი გამომეტყველება ჰქონდა, გაბრაზებაც ვერ მოვახერხე.
- კარგი, რაც არის, არის. მე მაგდა მქვია, - ხელები ძირს ჩამოვუშვი და ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე.
- ასე, შე კაი ადამიანო, რა გახდა ასეთი. ამისთანა ლამაზი სახელის დამალვა იქნებოდა? მე... მე... ის მქვია... თუმცა მგონი უკვე გითხარით კიდეც, არა?
- კი, მითხარით, თუ, რა თქმა უნდა, არ მომატყუეთ, - ისევ გამეცინა. ძალიან საყვარლად გამოსდიოდა ეს ყველაფერი.
- არ მომიტყუებიხართ და არც არასდროს მოგატყუებთ. არ მჩვევია ადამიანების მოტყუება, განსაკუთრებით ქალების, თანაც თქვენნაირი ანგელოზების.
- იცით? ამდენ ლამაპარაკს ხომ არ ჯობს, ჩავსხდეთ მანქანაში? ძალიან ცივა, - ვთქვი და თავადვე გამიკვირდა, საიდან ამდენი სითამამე.
- ახლავე, რაზეა ბაასი, დაბრძანდით, - დაფაცურდა გია და კარი რევერანსებით გამოაღო, - კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს " ბმვ-ეში" .
ისე მციოდა, ახლა ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის. ოღონდ ვიღაცას სახლამდე მივეყვანე და არ მაინტერესებდა, რა წარმოდგენა შეექმნებოდა ჩემზე.
გიამ მანქანა დაძრა.
- თქვენ ოღონდ მითხარით, საით უნდა წავიდე, - უკვე მშვიდი ხმით წარმოთქვა.
- კანდელაკზე, - მეც მშვიდად ვუპასუხე.
- არის კანდელაკზე.
რაოდენ საოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩემს ენაწყლიან " თაყვანისმცემელს" გზაში ხმა არ ამოუღია, თითქოს ენა გადაყლაპაო. მეც დავდუმდი, აბა რა უნდა მეთქვა?
- აქ შემიჩერეთ, - ვთქვი ბოლოს, გაგარინის მოედანს რომ გავცდით.
- ამ სახლში ცხოვრობთ?
- არა, ცოტა წინ, მაგრამ აქ ჩამოვალ, მარკეტში უნდა შევიარო. უღრმესი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, - ზრდილობიანად დავემშვიდობე ახალგაცნობილს.
- მაგდა, შეიძლება კიდევ გნახოთ? - მოულოდნელად ისევ " ამოიდგა ენა" გიამ.
- ალბათ არ ღირს, - თავი უიმედოდ გადავაქნიე და მის სურვილს ცივი წყალი გადავასხი.
- რატომ, რატომ? ვიყოთ კარგი ნაცნობები, მე ხომ არაფერი დამიშავებია? - ისევ " მოისაწყლა" თავი.
- გულახდილად მითხარით, რაში გჭირდებათ? ეს ხომ ერთი შემთხვევითი შეხვედრა იყო?
- მერე რა, რომ შემთხვევითი შეხვედრა იყო. შემთხვევითობა ძალიან ხშირად რადიკალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას.
- მაგით რისი თქმა გინდათ, რომ ერთი ნახვით შეგიყვარდით?
- არა, არ შემიყვარდით, არ მოგატყუებთ, ტყუილები არ მჩვევია და არც არასდროს დამჭირვებია. თუმცა ძალიან მომეწონეთ, ამას არ დავმალავ.
- ნახვამდის, გია, ვინ იცის, იქნებ მართლაც შევხვდეთ ოდესმე ერთმანეთს, - ნაძალადევად გავუღიმე და მანქანიდან პროფესიონალი მანეკენის მოძრაობით გადავედი.
- ტელეფონის ნომერი მაინც მოგეცათ, დაშავდებოდა რამე? - მომაძახა გიამ.
- სხვა ცხოვრებაში, - უმადურად კი გამომივიდა, მაგრამ გაფრენილ სიტყვას უკან ვერ დავაბრუნებდი.
ძრავის თუხთუხი კარგა ხანს მესმოდა, მაშინაც კი, სადარბაზოში რომ შევედი და კარის საკეტს გასაღები მოვარგე. ოთახში რომ შევედი, მხოლოდ მაშინ დაიძრა მანქანა. - კეთილი მგზავრობა, - ხმამაღლა ვთქვი, ჩანთა მაგიდაზე დავაგდე და დივანზე გულაღმა გავიშოტე...
გიას გაცნობას ჩემზე შთაბეჭდილება მაინცდამაინც არ მოუხდენია.
* * *
ამ ამბიდან ორი დღე იყო გასული, რომ საღამოს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, კარი ჯულიეტამ შემოაღო, ვიღაც მამაკაცი გკითხულობსო. მაშინვე მივხვდი, რომ გია იქნებოდა. ამას აწი რა მოიშორებს თავიდან, - საკუთარ თავს დავეჯღანე სარკეში და ზანტად წამოვდექი, რომ მოსულს შევგებებოდი. არ შემვცდარვარ, ის იყო - გამოპრანჭული, საგანგებოდ " დავარცხნილ-დასუნამოებული" . უნდა ვაღიარო, რომ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
- შეიძლება? - მორიდებით შემოვიდა.
- მობრძანდით, როგორ ხართ? - ისე შევხვდი, თითქოს სულაც არ გამკვირვებია, თითქოს ველოდი კიდეც. ისე, მართლა არ გამკვირვებია და მართლაც ველოდი. ვიცოდი, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გამომივლიდა.
- გმადლობთ, არა მიშავს, თავად? - გიამ ხელებს ადგილი ვერ მოუძებნა, ხან ჯიბეებში ჩაიყოფდა, ხან უკან შემოიწყობდა, ზურგზე, ძალიან აფორიაქებული ჩანდა.
- მაინც არ დაიშალეთ თქვენი, არა? - გავუღიმე, რომ ცოტათი გამეთამამებინა.
- მოგაგენით, ხომ ხედავთ, აი, მეც აქ ვარ, - ხელები გაშალა და ადგილზე აცმუკდა.
- ჰო, გაგიჭირდებოდათ ჩემი მოგნება, - გამეცინა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. გია ისეთი დაბნეული იყო, გული მომილბა. ეტყობოდა, კარგი პიროვნება იყო, მისგან აშკარად დადებითი მუხტი მოდიოდა.
- ახლა? - ვკითხე.
- რა ახლა? - უფრო დაიბნა და დატუქსული ბავშვივით შემომხედა.
- ახლა რა ვქნათ?
ჩემმა შეკითხვამ უცებ გამოაცოცხლა, თვალები გაუბრწყინდა.
- ახლა თუ ისურვებთ, მსოფლიოს შემოგატარებთ. საითაც მიბრძანებთ, იქით წაგაბრძანებთ.
- თავად რა გეგმები გაქვს, გია, არ დამიმალო, - ჩემდა უნებურად, შენობით მივმართე.
კიბორჩხალასაით გაწითლდა.
- იცით?.. იცი?.. დღეს ჩემთვის კარგი დღეა და მინდოდა... - შეყოყმანდა.
- თქვი, თქვი, ნუ გერიდება, - გავამხნევე და ეშმაკური მზერა ვესროლე.
- მოკლედ, რესტორანში გეპატიჟები, - როგორც იქნა, დაასრულა სათქმელი და შვებით ამოისუნთქა.
- რესტორანში? - თავი უკან გადავხარე და გადავიკისკისე, - ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?
- არ ვიცი... შენ ასე გგონია? მაშინ... მაშინ სახლამდე მაინც მიგიყვან, - მხრები აიწურა და ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაიწყო.
- რა დამთმობი ყოფილხარ, რა უცებ დაიხიე უკან, ასე მალე ყრი ფარ-ხმალს? - ეს უკვე გამოწვევა იყო. თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა, რა ბზიკმა მიკბინა, რატომ ვიქცეოდი ასე.
- ჰო, რა ვიცი, არ მინდა ადამიანს თავი მოვაბეზრო და არც ის მინდა, ვინმესთვის ზედმეტი აღმოვჩნდე.
- დაჯექი, რა ფეხზე დგახარ, მაპატიე, ვერ მოვისაზრე, - ახლაღა მივხვდი, რომ რაღაც გამომრჩა.
- არა უშავს, მთელი დღეა, ვზივარ, ჩემი სამსახურის გადამკიდე.
- სად მუშაობ?
- ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს?
- პრინციპში, არა, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე, ჩემი " პირადი მძღოლი" რა საქმიანობას ეწევა?
- მოდი, ცოტა ხნით საიდუმლოდ დავტოვებ, ხომ არ გეწყინება?
- თუ არ გინდა, ნუ იტყვი, შენი ნებაა.
- ჰო, რას ვამბობდით, სად მივდივართო?
- ცოტა ხნის წინ მგონი რესტორანში ვაპირებდით სადილობას.
- კი, კი, სწორედ ასე იყო. რაღას ვუცდით?
ისევ გამეცინა.
- არა, გია, დიდი მადლობა, მაგრამ ვერ წამოვალ. აი შინ თუ მიმიყვან, მაგაზე კი სიამოვნებით დაგთანმხდები. ამ წვიმაში ქუჩაში დგომის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.
- რა გაეწყობა, ჯერჯერობით ვერაფერს დაგაძალებ. წავედით, რიგითი გია პატარიძე თქვენს განკარგულებაშია, - ხელი საფეთქელთან მიიდო ჩემმა სტუმარმა და ჯარისკაცივით გაიჯგიმა.
საყვარელი ტიპი იყო, რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი, მით უფრო მეტ მოწონებას იმსახურებდა ჩემში.
იყო მასში რაღაც საინტერესო...