გარნეტ სპირსმა 5 წლამდე ასაკში 20-ჯერ მოასწრო საავადმყოფოში მოხვედრა. დედამისს ნამდვილ გმირ დედად თვილიდნენ, რომელიც შვილის დაავადებების გამო ძალიან ნერვიულობდა. 2014 წელს ბიჭი დაავადებებთან ბრძოლაში გარდაიცვალა. შვილის ყველა ტკივილს დედამისი ლეისი სპირსი სოციალურ ქსელში აღწერდა და უამრავი ადამიანის თანადგომას იმსახურებდა. ამასობაში იგი წარმატებული ბლოგერიც კი გახდა. სამძიმრის წერილები არ ჩერდებოდა ისევე, როგორც შემოწირულობები, რომლებსაც გაჭირვებული დედის დასახმარებლად ადამიანები რიცხავდნენ. თუმცა, გარნეტის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ სოციალური ქსელები ერთმა ძალიან უცნაურმა ამბავმა ააფეთქა. ლეის სპირსი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს...
ლეისი თავიდანვე უცნაური ადამიანი იყო. ალაბამაში დაიბადა და გაიზარდა. როდესაც ვაჟი, გარნეტი გაუჩნდა, ფლორიდაში, ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ მეზობლებს უთხრა, რომ ბავშვის მამამ გააუპატიურა და მასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონდა.
მალევე ახალი ისტორია მოიფიქრა და თქვა, რომ ბიჭის მამა გმირი პოლიციელი იყო, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. სინამდვილეში კი ქალმა შვილი მეგობარი მამაკაცისგან კრის ჰილისგან გააჩინა, რომელთანაც ცოტა ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. კრისმა როგორც კი აღმოაჩინა, რომ ლეისი უცნაური ადამიანი იყო, მალევე ჩამოშორდა. როდესაც კაცმა შვილის დაბადების შესახებ გაიგო, ბავშვის დედასთან დაბრუნება და შვილის აღზრდაში მონაწილეობის მიღება სცადა, თუმცა ლეისმა უთხრა, რომ ის ბავშვის მამა არ იყო და აღზრდაში მონაწილეობაზე უარი უთხრა.
ამის შემდეგ ლეისი გარნეტთან ერთად მარტო დარჩა და სოციალურ ქსელში პოპულარობის მიღწევა სცადა. დღესა და ღამეებს დედების ფორუმებზე ატარებდა, სხვადასხვა ჯგუფში წერდა, როგორ ავადმყოფობდა მისი შვილი და რამდენი ტანჯვა გაიარეს ერთად. საკუთარი გვერდიც კი გააკეთა, რომელსაც Garnett's Journey უწოდა.
პოსტები ძირითადად ერთნაირი იყო. ლეისი შვილს ფოტოებს უღებდა და ავადმყოფობის შესახებ წერდა. გარედან ჩანდა, რომ დამწუხრებულმა დედამ მთელი თავისი ცხოვრება ავადმყოფი შვილის მოვლას მიუძღვნა და ძალიან ბევრი თბილი და გამამხნევებელი კომენტარის გარდა მათგან ფინანსურ დახმარებასაც იღებდა. ასევე, მიიღო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა დახმარებაც.
ბიჭი არაერთხელ აღმოჩნდა კლინიკაში. საბოლოოდ კი ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. დედამ საკმაოდ ემოციური პოსტი დაწერა თავის გვერდზე და გამომწერებს შეატყობინა, რომ მისი ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სამძიმრის წერილი და სანუგეშო სიტყვა დაიწერა მის გვერდზე.
ამასობაში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ გარნეტის ორგანიზმში ნატრიუმის დონე რამდენჯერმე აღემატებოდა ნორმალურ დონეს. სპირსის სახლში იპოვეს ისეთი საკვები, რომელიც მარილის უზარმაზარ რაოდენობას შეიცავდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო. ასევე, ლეისი შვილს მილის საშუალებით კვებავდა, რისი საჭიროებაც აბსოლუტურად არ იდგა. ბავშვს თავად შეეძლო ეჭამა. თუმცა, ამ მდგომარეობაში მას ფოტოებს უღებდა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა. გამოძიებამ ასევე აღმოაჩინა ისიც, რომ დედა აქტიურად ეძებდა ინტერნეტში ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ნატრიუმის ქლორიდი ბავშვის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ ლეისი შვილს ნელ-ნელა წამლავდა მხოლოდ იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებში პოპულარული დედა გამხდარიყო და მოწყალება მიეღო. ქალის ადვოკატი საპირისპიროს ამტკიცებდა და აღნიშნავდა, რომ ბავშვის გარდაცვალებაში უპასუხისმგებლო ექიმები იყვნენ დამნაშავეები. თუმცა, ნაფიცმა მსაჯულებმა მას სამუდამო პატიმრობა ერთხმად მიუსაჯეს. პრესაში კი უამრავი სტატია დაიწერა, სადაც ლეის სპირს თვითმარქვია და ყველაზე ბოროტ დედას უწოდებდნენ.
გარნეტი მხოლოდ 5 წლის იყო. პოლიციის თავდაპირველი ვერსიით ქალს ფსიქიკურად დაავადება ჰქონდა, თუმცა მას მაინც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ასევე დადგინდა ისიც, რომ ვიდრე შვილს გააჩენდა, სხვა ბავშვს უვლიდა, რომელსაც სოციალურ ქსელში საკუთარ ვაჟს უწოდებდა. როდესაც ბიოლოგიურმა მშობლებმა ამის შესახებ გაიგეს, ლეისს ბავშვი მალევე ჩამოაშორეს. ამის შემდეგ მან საკუთარი შვილი გააჩინა და ამ გზით შეძლო პოპულარობის მოპოვება.