ონლაინრომანი "თეთრი მთვარე"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ფიქრით თავს ვიმტვრევდი, რა მეღონა, გამგზავრებამდე როგორ დავკავშირებოდი საბას, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. ლევანთან დარეკვის მომერიდა, სხვანაირად არ ეფიქრა, სხვა გამოსავალი კი ვერ ვიპოვე. ბედს მივენდე, რაც მოსახდენია, თავისით მოხდეს-მეთქი. გუნება დამიმძიმდა, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. თვალწინ გამუდმებით საბას სახე მედგა და მისი სიტყვები ჩამესმოდა - "მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, ეს არ დაგავიწყდეს, რაც უნდა მოხდეს". რა იგულისხმა? რა უნდა მოხდეს? რას აპირებს? კითხვები პასუხგაუცემელი რჩებოდა. ან კი საიდან უნდა მცოდნოდა, რა ჩაიფიქრა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ორჯერ შევხვდი ცხოვრებაში, თანაც - ორივეჯერ შემთხვევით.
ორი დღეც გავიდა. გიას არ დაურეკავს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აწუხებდა სინდისი, ვერ მოინელა იმღამინდელი ამბები და ამიტომ აჭიანურებდა შემოხმიანებას. არც მე გამჩენია სურვილი, მომეკითხა. მასზე უკვე აღარ ვფიქრობდი - არც ასე და არც ისე, თითქოს უკვალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს წაიშალა...
კვირა საღამო იყო. მთელი დღე სახლში გავატარე, სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც იმედი მქონდა, რომ საბა დარეკავდა ან მობილურზე, ან სახლის ტელეფონზე, ამიტომაც ფეხი არ მომიცვლია შინიდან. ჩემმა იმედმა არ გაამართლა. მხოლოდ დედამ დამირეკა და მომიკითხა, ჩვენთან რატომ არ მოდიხარო. მოვატყუე, მეგობრებს ველოდები და დღეს ვერ გამოგივლით-მეთქი. საღამო ჟამს, ზუსტად ცხრა საათზე, კარზე ზარის ხმა გაისმა. დაფეთებული წამოვხტი და ჰოლისკენ გიჟივით გავქანდი, საბა არ იყოს-მეთქი. სათვალთვალოში გავიხედე, ვერავინ დავლანდე.
- ვინ არის? - აკანკალებული ხმით ვიკითხე.
პასუხი არავინ გამცა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ხომ არ მაყაჩაღებენ-მეთქი და კითხვა უფრო ხმამაღლა გავიმეორე. ისევ დუმილი. ცოტა ხანს მივაყურადე, გარედან ჩქამი არ ისმოდა. ბოლოს გავბედე და კარი ოდნავ გამოვაღე. გამოვაღე და... სადარბაზოს მთელი მოედანი ბრჭყვიალა ქაღალდებში ლამაზად შეფუთული ყვავილების ნაირნაირი თაიგულით იყო მოფენილი. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. მივხვდი, საბას გარდა ამას არავინ ჩაიდენდა. დავთვალე ბუკეტების რაოდენობა - 13 აღმოჩნდა. რატომ ცამეტი? ახლა ეს კითხვა დავუსვი საკუთარ თავს. ვერ მივხვდი. ფართხაფურთხით მოვკრიფე სუყველა, შინ შემოვზიდე და მაგიდაზე შემოვდე. იმწუთას მათი დახარისხების და ლარნაკებში გადანაწილების თავი არ მქონდა. სამწუხაროდ, იმას, რასაც ვეძებდი, ანუ ბარათს ან რაიმე წერილს, ვერ წავაწყდი, იქნებ რაღაც მინიშნება მაინც ყოფილიყო, მაგრამ ვერა, მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე.
უცებ მობილურმა "დაიწკმუტუნა", ეს მესიჯის სიგნალი იყო. ტელეფონს ვეცი. ის იყო, საბა, რომელიც მხოლოდ ორ სიტყვას მწერდა: "შეხვედრამდე, ლედი". ნომერს დავხედე და სასწრაფოდ ვაფრინე საპასუხო შეტყობინება: "რატომ ცამეტი?" არც პასუხმა დაყოვნა: "კარგად მაქვს დაცდილი". ახლა ნომერი ავკრიფე და დარეკვა ვცადე, მაგრამ... ნურას უკაცრავად. ავტომატის უსიამოვნო ხმამ ეგრევე "მომახალა": "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. დარეკეთ მოგვიანებით". კიდევ ვცადე, კვლავ უშედეგოდ. ესეც ასე, მაგდა, ტყუილად ნუ ირჯები, ამ ეტაპზე ამით უნდა დაკმაყოფილდე, "დავამშვიდე" ჩემი თავი და... ავტირდი. დიდხნას, ძალიან დიდხანს ხმამაღლა მოვთქვამდი, თითქოს ჩემი ცრემლებით ერთდროულად ვეთხოვებოდი დანგრეულ წარსულს, უღიმღამო აწმყოსა და გაურკვეველ მომავალს...
ის ღამეც თეთრად გავათენე...
* * *
ამ ამბიდან რამდენიმე კვირა გავიდა. სექტემბერიც დადგა. საბასგან არაფერი ისმოდა, მიუხედავად ჩემი მოლოდინისა, არც უცდია ჩემთან დაკავშირება. სამაგიეროდ, გია გააქტიურდა. ძველებურად მირეკავდა, სამსახურში მაკითხავდა... ერთი სიტყვით, დამღალა თავისი ყურადღებით. რამდენჯერმე დედამისთან ვიზიტის შესახებაც ჩამომიგდო ლაპარაკი, მაგრამ შორს დავიჭირე. ნამდვილად არ ვიყავი მის ხასიათზე. საბას გამგზავრების შემდეგ ჩვევად მექცა, სამსახურის დამთავრებისთანავე შინისკენ გავქცეულიყავი და იქ დავლოდებოდი სასწაულს. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი იდუმალი სიყვარული სიურპრიზს მომიმზადებდა და, ყვავილების არ იყოს, კიდევ ერთხელ გამაოგნებდა თავის "ოინებით". არა და არა. ამაოდ ველოდი რაღაც მოულოდნელს. როგორები არიან მამაკაცები... ნუთუ ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის ყურადღება? სულ მცირე ყურადღებაც კი... ერთი მესიჯი რა გახდა? ვოხრავდი გაწბილებული...
ბოლოს, ილუზიებით ცხოვრება რომ მომბეზრდა, მტკიცედ გადავწყვიტე, შვებულება ამეღო და ქობულეთში წავსულიყავი. მაიკოც ავიყოლიე. სიხარულით დამთანხმდა - "ხავერდოვანი" სეზონია და კარგ დროს გავატარებთო. ბევრი არ გვიფიქრია, ორკვირიანი შვებულება ავიღეთ და მაიკოს მანქანით "დავაწექით" ქობულეთისკენ მიმავალ გზას.
მშვიდობიანად ჩავაღწიეთ "დანიშნულების ადგილამდე". არც ბინის მოძებნა დაგვჭირვებია. მაიამ ძველ, "პრესტიჟულ ხაზეიკას" მიაკითხა და იმანაც უმალ გამოგვიყო საუკეთესო ოთახი - "პირადი" სამზარეულოთი და აბაზანა-ტუალეტით. ერთი სიტყვით, კომფორტულად მოვეწყვეთ.
პირველი სამი დღე გადასარევი ამინდი იყო - მზიანი, თბილი, მაგრამ მეოთხე დღეს, წვიმამ რომ დაუშვა, წაეწყო და წაეწყო წვიმიანი დღეები, თავს გარეთ ვერ ვყოფდით, ისე აცივდა. ლამის ისტერიკა დაგვემართა, ყველაფრის ხალისი დავკარგეთ. ერთი კვირა არ გამოდარებულა. ოთახში ვისხედით და საწოლზე წამოკოტრიალებულები ხან კარტს ვშლიდით, ხან "ჩაძირობანას" ვთამაშობდით, სხვა რა უნდა გვეკეთებინა? ერთ საღამოს, როგორც იქნა, წვიმა შეწყდა. ჩვენც დრო ვიხელთეთ და ქუჩაში გამოვედით. პარკში შესვლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ბუნგალოში მაინც შევსულიყავით. სანაპიროზე სუსხი იგრძნობოდა, სამაგიეროდ ზღვის ხმაური გვიწყნარებდა ნერვებს. მიუხედავად სიცივისა, მაინც დავსხედით და ორი აჭარული ხაჭაპური და ორიც "ესპრესო" მოვითხოვეთ. ყავა რამდენიმე წუთში მოგვიტანეს, ხაჭაპურს კი უნდა დავლოდებოდით. მოულოდნელად ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ჩვენს მოპირდაპირე მაგიდასთან ძალიან ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. მეჩვენება თუ ნამდვილად ის არის? კიდევ ერთხელ დავძაბე გონება. არა, არ მეშლებოდა, ლუკა იყო, ჩემი ძველი და გაწბილებული სიყვარული. მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი. საიდან სად? ამასობაში ლუკა წამოდგა და ჩვენკენ გამოემართა. მაიას ჩემი შეშფოთება არ გამოჰპარვია და თვალები ჩემს მზერას გააყოლა.
- ვინა არის? - ჩურჩულით მკითხა, სანამ ლუკა მოგვიახლოვდებოდა.
- მერე გეტყვი, - ჩურჩულითვე ვუპასუხე და სახეზე ღიმილი გაჭირვებით ავისხიპე.
- გამარჯობა, მაგდა, - ლუკას ხმაც შეცვლოდა, გარეგნობასთან ერთად, ისე გამხდარიყო, ძნელად თუ იცნობდა ადამიანი.
- ლუკა, აქ როგორ გაჩნდი? - ისე მოვიკითხე, თითქოს ჩვენ შორის "შავ კატას" არასდროს გაერბინოს.
- გუშინ ჩამოვედი, - უხერხულად შეიშმუშნა, - შეიძლება თქვენთან ცოტა ხნით ჩამოვჯდე?
- კი, როგორ არა, დაჯექი, - ხელით ვანიშნე და შეცბუნებულმა მაიას გადავხედე.
- მაიკო, გაიცანი, ჩემი ძველი მეგობარი, ლუკა. ეს მაიკოა, ჩემი დაქალი და ამავდროულად თანამშრომელი, - გავაცანი ორივე ერთმანეთს.
ლუკამ მაიას ხელი ჩამოართვა და დაჯდა.
- დალევთ რამეს? გეპატიჟებით, - ჯიბეზე გაიკრა ლუკამ ხელი.
- არა, გმადლობთ, უკვე შევუკვეთეთ, - თავაზიანი უარი "ვტკიცე" ჩემს "წარსულს" და ამით ვაგრძნობინე, რომ მისი ვიზიტი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო.
- დიდი ხანია, აქ ხარ? - მკითხა.
- მეორე კვირაა, მაგრამ ჩავლპით სახლში, რამდენი დღეა, მზე არ გვინახავს, - დავიწუწუნე.
- ხვალიდან გამოიდარებს, - "შეგვპირდა" ლუკა.
- თქვენ საიდან იცით, შემთხვევით სინოპტიკოსი ხომ არ ხართ? - კეკლუცად გაეხუმრა მაია და თავის გაქნევით თმა უკან გადაიყარა.
- რადგან მე ჩამოვედი, აუცილებლად კარგი ამინდები წამოვა, დამიჯერეთ, - დარწმუნებით თქვა ლუკამ.
- მარტო ხარ ჩამოსული თუ მეუღლესთან ერთად? - დავსვი "საჭირბოროტო" კითხვა.
ამის გაგონებაზე თითქოს შეცბა და თვალი ამარიდა.
- ამჯერად მარტო ვარ... ასე ვამჯობინე, - დააყოლა ოდნავი პაუზის შემდეგ.
- შეცვლილხარ, ძლივს გიცანი, - რაღაც ხომ უნდა მეთქვა.
- ჰო, შევიცვალე. რას იზამ, ასეც ხდება. შენც შეცვლილი ხარ, მაგრამ უკეთესობისკენ, - გამიღიმა.
- დიდი მადლობა, არც შენ ხარ უარესობისკენ, მშვენივრად გამოიყურები.
- ვიცი, როგორც გამოვიყურები. იმ ამბის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვედი, - თითქოს გაუჭირდა ამის თქმა.
- რა ამბის შემდეგ? - შუბლი შევჭმუხნე, მის შესახებ დიდი ხანია, არაფერი მსმენოდა.
- არ იცი? - გაუკვირდა.
- არა, არაფერი გამიგია.
- კრისტის არ უთქვამს?
- კრისტი თვეზე მეტია, არ მინახავს, ბულგარეთში ისვენებს, "ოქროს ქვიშებზე". ასე რომ...
- სამსახურში პრობლემები შემექმნა, ერთი პაციენტის მშობელმა მიჩივლა და... იძულებული გავხდი, მუშაობა მიმეტოვებინა.
- რას ამბობ? - შევიცხადე, რადგან მართლა ძალიან მეწყინა ეს ამბავი, - დიდი ხანია?
- დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, ტელევიზორშიც იყო, მეგონა, იცოდი. მთელმა საქართველომ გაიგო და შენ როგორ გამოგრჩა?
- სიმართლე გითხრა, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, მით უმეტეს, საინფორმაციო გამოშვებებს. ასეთი რამეები მძაბავს, - ვიმართლე თავი.
- ჩემი სიმამრი დამეხმარა, თორემ დასაჭერად მქონდა საქმე, ისეთი ვითარება შეიქმნა, გახსენებაც აღარ მინდა, ცუდი დღეები გამოვიარე.
- თუ გინდა, ნუ იტყვი, შენი საქმეა, - გულწრფელად შემეცოდა, განახევრებული იყო კაცი.
ამასობაში ხაჭაპურიც მოგვართვეს, თუმცა ლუკას ნაამბობმა ისეთ ხასიათზე დაგვაყენა მე და მაია, არც ერთს ხელი არ გვიხლია მისთვის.
- არა, არა, ახლა უკვე ყველაფერი დამთავრდა, ღვთის მადლით, ნერვიულობა უკან დარჩა. ერთ ქალს კუჭის წყლულის ოპერაცია გავუკეთე და მესამე დღეს პერიტონიტი განუვითარდა. ეს გარემოება კი გამომრჩა, როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.
- შეცდომა ყველას მოსდის, - ვანუგეშე.
- ჰო, მაგრამ მე, როგორც მთავარი ექიმის მოადგილეს, შეცდომის უფლება არ მქონდა. შედეგიც მოვიმკე.
- დისკვალიფიკაციაც ხომ არ მოგცეს? - ჰკითხა მაიამ.
- რა თქმა უნდა, ეგ რომ არა, გასამართლება არ ამცდებოდა. რადგან პაციენტი გადარჩა, პატრონები ამით დაკმაყოფილდნენ.
- ვწუხვარ, - თანაგრძნობით შევხედე.
თვალი თვალში გამიყარა და ირონიულად ჩაიცინა.
- შენმა ცოდვამ მიწია, მაგდა, ამიტომაც სამართლიანად დავისაჯე.
- რა სისულელეა, ეგ რამ გაფიქრებინა.
- ასეა, ასე. კარიერის გულისთვის მაშინ მე ისეთ რამეზე ვთქვი უარი, რაც ყველაზე მეტად ალამაზებდა და ავსებდა ჩემს ცხოვრებას, თუმცა შენ რომ არ დაგეჩქარებინა მოვლენები, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო - შენთვისაც და ჩემთვისაც სასიკეთოდ, - თავი ჩაქინდრა ლუკამ.
- მე ნუ მადანაშაულებ, ძალიან გთხოვ, ჩემს ადგილზე ყველა ქალი ჩემნაირად მოიქცეოდა.
- ყველა არა, ასე მხოლოდ შენ შეგეძლო მოქცეულიყავი, - დანანებით წარმოთქვა და კვლავ შემომხედა თავისი ლამაზი თვალებით.
- არ გვინდა წარსულის გახსენება, მე უკვე დავივიწყე, - ცივად ვუთხარი.
- კარგი, მე დაგტოვებთ, თორემ როგორც ვატყობ, მშივრები დარჩებით. სად ხართ დაბინავებული? თუ ზედმეტობაში არ ჩამითვლი, ხანდახან შემოგივლი, გნახავ, - ლუკა წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
- ზუსტად პარკის წინ, მაღაზიის გვერდზე რომ ორსართულიანი სახლია, მეორე სართულზე. როცა გინდა, მოდი, პრობლემა არ არის.
- ჰო, ისე... მეც გავშორდი ცოლს, - თქვა მოულოდნელად.
ამის გაგონებაზე გავწითლდი.
- მეც რას ნიშნავს? - დავეკითხე.
- რა ვიცი, როგორც გავიგე... შენც... ქმარს გაშორდაო, მითხრეს...
- კი, მართალი უთქვამთ, თუმცა ეგეც შორეულ წარსულში იყო, - თავი გავაქნიე და მწარედ გავიღიმე...
* * *
კიდევ ერთი უძილო ღამე... თვალწინ გამუდმებით ლუკა მედგა, მისი მონაყოლი მახსენდებოდა. მოგონებებმა ძალაუნებურად გადამისროლა წარსულში, ის დრო გამახსენდა, როცა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, როცა ვარდისფერ ფერებში ვუყურებდი ცხოვრებას. რომ ვუფიქრდებოდი, სადღაც, გულის სიღრმეში, ისევ ისე მიყვარდა იგი, მისი ადგილი ვერა და ვერ დაიკავა სხვამ, თუნდაც საბამ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მთელი გრძნობებით საბაზე ვიყავი გადართული. იმ ურთიერთობას სხვა ეშხი ჰქონდა, შიში არ ახლდა - მიტოვების და მოპარული სიყვარულის შიში. ეს სხვა იყო. ფაქტობრივად, საბასთან რომანს, შორიდან რომ შეეხედა ადამიანს, არც ერქვა სიყვარული. ალბათ უფრო სიგიჟე იყო, არამიწიერი, არაამქვეყნიური გრძნობა, აუხსნელი და ამოუცნობი. არ ვიცი, ქალები რას გრძნობენ, როცა ყოფილ შეყვარებულს წლების შემდეგ ხვდებიან, მაგრამ მე საოცარი რამ ვიგრძენი - მასთან სიახლოვე მომინდა - ხორციელი სიახლოვე ანუ ის, რაც მისგან მაკლდა - ჩვენ ხომ სექსი არასდროს გვქონია.
არეული ვიყავი. იმ წუთებში საბა რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო, ალბათ არ გამიჩნდებოდა ასეთი სურვილი, მაგრამ ახლა, როცა მასთან ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო ყველაფერი, "ვნების სასწორი" ლუკასკენ გადაიხარა. ვინ, ვინ და, ჩემს სიცარიელეს ახლა მხოლოდ ლუკა თუ შეავსებდა და იმ დანაკლისსაც, რაც საბასთან განშორებით იყო გამოწვეული...
როგორც ჩანს, გამთენიისას ჩამეძინა, რადგან საოცარი რამ მესიზმრა. თითქოს სადღაც უდაბნოში ვიყავი, მზე საშინლად აცხუნებდა. წყურვილისაგან ტუჩები მქონდა დაშაშრული. ფეხშიშველი მივაბიჯებდი ცხელ ქვიშაზე და სასოწარკვეთილი აქეთ-იქით ვიყურებდი, ჭას, გუბეს, წყაროს - რაღაც ამდაგვარს ვეძებდი. მოულოდნელად ჩემ წინ ორი ადამიანი აისვეტა. ხელი მოვიჩრდილე და დავაკვირდი - ლუკა და საბა იყვნენ. ხელში ორივეს წყლიანი ჭიქები ეჭირა - ლუკას სავსე, საბას - ნახევრად ცარიელი. ცდუნება დიდი იყო. ისე მწყუროდა, რა თქმა უნდა, თვალი წყლით სავსე ჭიქისკენ გამექცა, მაგრამ გული მაინც საბასკენ მეწეოდა. ვხვდებოდი, ჩემი ბედი ახლა წყდებოდა - ან ერთი უნდა ამერჩია, ან მეორე. ნაბიჯი ჩემდა უნებურად ლუკასკენ გადავდგი, მან ჭიქა გამომიწოდა... უცებ ყველაფერი შეზანზარდა და ვიგრძენი, ფეხქვეშ ნიადაგი როგორ გამომეცალა. მიწამ ნაპრალებად დაიწყო დასკდომა. შიშით უკან დავიხიე, რომ პირღია უფსკრულში არ გადავჩეხილიყავი. ლუკა მიტრიალდა და გაიქცა, საბა ადგილიდან არ დაძრულა. ამასობაში წონასწორობა დავკარგე და ის იყო, უნდა გადავჩეხილიყავი, რომ საბა გადმოხტა და ხელი წამავლო. განწირული ხმით ვიკივლე. ამ დროს საიდანღაც მაიას ძახილი მომესმა: "მაგდა, მაგდა!" ოფლში გაწურულს გამომეღვიძა, თურმე მართლა მეძახდა მაიკო. უცნაური ზმანება გაქრა.
- მაგდა, ნახე, რა ამინდია, ადექი, რა დროს ძილია, პლაჟზე გავიდეთ, - მაია ჩანთას ალაგებდა.
კარგა ხანს გონს ვერ მოვედი სიზმარში ნანახით თავზარდაცემულმა. მაიას მოვუყევი დილის კოშმარი, სახე მოექუფრა.
- ფრთხილად იყავი, ლუკასგან თავი შორს დაიჭირე. რა იცი, რა ხდება, - მირჩია მან.
- სიზმრების არ მჯერა, თანაც მე ყველაფერი უკუღმა მიხდება ხოლმე, - ჩავიქნიე ხელი და ჩაცმას შევუდექი.
მინდოდა ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამევიწყებინა, მაგრამ მაინც შევფიქრიანდი.
ზღვის ხმაურმა და თბილმა ამინდმა გუნება გამომიკეთა. მაია მაშინვე წყალში შევარდა. მეც შევყევი, ცოტა ხანს ვინებივრე ტალღებზე და მალევე ამოვედი წყლიდან, შეზლონგი გავშალე და წამოვწექი. მცხუნვარე სხივები სხეულზე მომელამუნა. მესიამოვნა და გაღიმებულმა ქუდი ჩამოვიფხატე თვალებზე, სახის კანი ზედმეტად არ დამეწვას-მეთქი.
წინა ღამის განცდებით დაღლილს მალევე ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. მობილური მოვძებნე და ნომერს დავხედე, გია იყო. მისი ხმა კარგად არ ისმოდა, ხანდახან ექოსავით იკარგებოდა. მხოლოდ ის გავიგე, უკვე გზაში ვარ და ქობულეთში მოვდივარო. არც მწყენია და არც გამხარებია. ვინ იცის, იქნებ ჯობდეს კიდევაც მისი ჩამოსვლა, უკეთ გავერთობით, იმედია, თავს არ მომაბეზრებს სასიყვარულო ფრაზებით. თუმცა ბოლო ხანებში არც თბილისში ვყავდი ამით განებივრებული. ტელეფონი ჩანთაში ჩავდე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მეწვოდა ბეჭები. როგორც ჩანს, კარგა ხანს მეძინა, თაკარა მზემ კი თავისი ქნა. მივიხედ-მოვიხედე, თვალებით მაიას დავუწყე ძებნა. იგი ცოტა მოშორებით კოჭამდე წყალში იყო შესული და ვიღაცას მხიარულად ელაპარაკებოდა. ის ვიღაცა კი, ჩემდა გასაკვირად, ლუკა აღმოჩნდა. უსიამოვნოდ გამცრა ტანში, წეღანდელი კოშმარი გამახსენდა. ნუთუ სიზმარს რამე ძალა აქვს? იქნებ წინათგრძნობა მართლა რაღაცას მკარნახობს? იქნებ მართლა მმართებს სიფრთხილის გამოჩენა? რამ ამამჩატა ამხელა ქალი, შეიძლება ერთდროულად ორ მამაკაცზე ფიქრობდეს საღად მოაზროვნე ადამიანი? თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე, წამოვდექი და მათკენ გავეშურე.
- აი, მაგდაც გამოჩნდა. დაიხრუკე? - მაია მხიარული შეძახილებით შემხვდა.
- საშინლად მეწვის ბეჭები, რატომ არ გამაღვიძე? - ვუყვედურე მეგობარს.
- ისე ტკბილად გეძინა, შემეცოდე. თან ისედაც კარგად იყავი "დაზაგრული" და რას ვიფიქრებდი, კიდევ უფრო თუ მოგეკიდებოდა მზე.
- გამარჯობა, ლუკა, - მივესალმე მამაკაცს და თვალი ავარიდე.
- დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? - შემომცინა მან და ხარბად შემათვალიერა.
ახლა კი სასიამოვნო ტალღამ დამიარა სხეულში. კარგია, რომ ვაღელვებ. ესე იგი, ისევ ვუნდივარ, გავიფიქრე ჩემთვის.
- არა მიშავს. მე წყალში უნდა შევიდე, ცოტას გავგრილდები, - თითქოს ნებართვა ვითხოვე და წელამდე წყალში შესულმა ჩავყვინთე.
დიდხანს დავაყოვნე წყლის ქვეშ. ყურები დამიგუბდა. მეტის გაძლება რომ ვერ შევძელი, თავი ამოვყავი, ზურგზე გავწექი და ნელ-ნელა, ნებივრად გავცურე. ცურვა, იცოცხლე, კარგი ვიცი. ბავშვობიდან დავყავდი დედას აუზზე. ისე მსიამოვნებდა წყალზე ლივლივი, ნაპირზე გამოსვლა არ მინდოდა...
* * *
შუადღემ მოატანა. ლუკა წამით არ გვშორდებოდა, თითქოს ჩვენთან ერთად იყო ჩამოსული და მთელი კვირა ერთად გაგვეტარებინოს. არ მიკვირდა მისი საქციელი, მით უფრო ახლა, როცა სულიერად ასე უჭირდა, როცა სრულ სიცარიელეს გრძნობდა ტრავმირებული ცხოვრების გამო. ახი კი იყო მასზე, რაც დაემართა, მაგრამ შურისძიებისთვის ვერ ვიმეტებდი. შურისძიება კი არა, მთელი არსებით მივიწევდი მისკენ, ოდნავადაც რომ შემეხებოდა, სუნთქვა მეკვროდა.
ამასობაში მოგვშივდა. ვერ გადავწყვიტეთ, სადმე დავმსხდარიყავით და მეფურად გვესადილა, თუ იქვე, ნაპირზე მოგვეტანა რამე და ამით დავკმაყოფილებულიყავით. წასვლაზე უარი ვთქვი, ლუკა დავინდე, იქნებ არც ჰქონდა საკმარისი ფული, არ მინდოდა, უხერხულად ეგრძნო თავი.
- მოდი, მე წავალ და რამეს მოვიტან, - წამოხტა მაია.
- თუ მოსატანია, მე მოვიტან, ისედაც არ იქნება ლამაზი, მე აქ ვიჯდე და "საკვების მოსაპოვებლად" შენ მიდიოდე, - გაიხუმრა ლუკამ.
- არა, მაინც წასასვლელი ვარ, ერთი ვიღაც უნდა ვნახო. თქვენ ჩემს მოსვლამდე არ მოიწყინოთ, მე ნახევარ საათში აქ გავჩნდები, - თვალი ჩამიკრა მაიკომ და პასუხს არ დალოდებია, პარეო შემოიხვია, ჩანთას დაავლო ხელი და წავიდა.
ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით.
- მომენატრე, - თქვა ბოლოს ლუკამ.
მთელ ტანში დამბურძგლა ამ სიტყვების გაგონებაზე.
- შენ ალბათ არასდროს მაპატიებ შეცდომას, არა? - გააგრძელა ლუკამ.
- არ გვინდა იმის გახსენება, რაც უკვე იყო. ნუ დავუბრუნდებით ძველ თემას, გთხოვ, - თავი ჩავღუნე და კენჭებით დავიწყე თამაში.
- რაც შენ დაგშორდი, ცუდად წამივიდა საქმე. ვწუხვარ, რომ გული გატკინე. ამის დავიწყება არ შემიძლია, - იმართლებდა თავს მამაკაცი.
- ლუკა, მოდი, სხვა რამეზე ვისაუბროთ, ხომ შეიძლება? - თავი ავწიე და შევხედე.
- კარგი, მაშინ შენ შეარჩიე სასაუბრო თემა, - ამოიხვნეშა ლუკამ და ხელები ერთმანეთში გადახლართა.
- რას აპირებ, თბილისში რომ დაბრუნდები?
- არ ვიცი, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. რამეს მოვიფიქრებ.
- ცოლს არ შეურიგდები?
- მას არ უნდა ჩემთან დაბრუნება. უკვე აღარ ვჭირდები.
- ვერ გავიგე, ხომ უყვარდი? მერე რა, რომ ასეთი რამ შეგემთხვა. ეს შეიძლება ყველას დაემართოს. ამის გამო ოჯახის დანგრევა ვის გაუგია?
- მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგდა. ახლა არაფრის გახსენება არ მინდა. მთავარია, რომ ახლა აქ ვარ, შენთან, შენი ხმა მესმის, შენი სუნთქვა, შენს ლამაზ თმას ვეხები, - თქვა და ხელი თმაზე გადამისვა.
თვალები დავხუჭე. მსიამოვნებდა მისი შეხება.
- მე ახლა ჩავიძირები შენს თმაში და... დავიხრჩობი, - ჩურჩულით თქვა.
პასუხი არ გამიცია.
- იქნებ უსიამოვნოა შენთვის ეს ყველაფერი? - მკითხა უცებ და ხელი შემიშვა.
- არა, გააგრძელე, ხომ იცი, როგორ მიყვარს, როცა თმაზე მეფერებიან.
- ჰო, ვიცი, მაგას რა დამავიწყებს, - გაიცინა ლუკამ და თითები თმაში შემიცურა.
- ვერ დაგივიწყე, ვერაფრით შევძელი შენი ფიქრებიდან განდევნა. ამაზე ძლიერი არასდროს არაფერი განმიცდია ცხოვრებაში. რომ შეიძლებოდეს ყველაფრის უკან დაბრუნება, ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი და უშეცდომოდ გავაგრძელებდი.
- ამას ახლა ამბობ, როცა...
- როცა რა?
- როცა მარტო დარჩი, თორემ აქამდე არც კი გაგხსენებივარ, - ირონიულად შევხედე.
- ცდები. დღე არ გასულა, შენზე არ მეფიქრა, მაგრამ ვიცოდი, არ მქონდა უფლება, ერთხელ მაინც შეგხმიანებოდი. კრისტის ძალიან ხშირად ვურეკავდი, ვეკითხებოდი შენ შესახებ, თან ვაფრთხილებდი, შენთვის არაფერი ეთქვა. არ მინდოდა გაბრაზებულიყავი. ვიცი, რომ გათხოვდი, მერე...
- გამოვთხოვდი, არა? - დავასრულე მისი ფრაზა.
- ქმარს რომ დაშორდი... იმის ამბებიც ვიცი, ბოლოს რომ გიყვარდა...
წარბები შევჭმუხნე.
- კოკაზე მეუბნები? ეგეც კრისტიმ გითხრა?
- არა, ეგ სხვამ მითხრა, - შეცბა ლუკა, - ერთმა საერთო ნაცნობმა.
- მერე? რა დასკვნა გამოიტანე? - აღარ ჩავეძიე, საიდან იცოდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ასე დაწვრილებით.
- ის, რომ არც შენ აგეწყო ცხოვრება ისე, როგორც ამას იმსახურებ. შენ ძალიან ლამაზი ხარ, ფიზიკურადაც და სულიერადაც. შენნაირ ქალს მამაკაცი ხელისგულზე დასმულს უნდა ატარებდეს.
გამომცდელად შევხედე.
- მერე? რატომ არ მატარე? ვინ შეგიშალა ხელი?
- ჩემმა უტვინო თავმა, სხვამ არავინ, - კვლავ ამოიხვნეშა და შეეშვა ჩემს თმას.
- ახლა უკვე გვიან არის, - ვთქვი და კენჭი ზღვაში მოვისროლე.
- ვიცი, მაგრამ ჩემი გრძნობების დამალვა არ მინდა. თქმით ხომ არაფერი დაშავდება.
- ჩემთან სექსის სურვილი გაქვს? - მოულოდნელად ვკითხე, მეც არ ვიცი, რატომ.
გაოცებულმა შემომხედა, თითქოს ჩემი შეკითხვის არსს ვერ ჩასწვდაო.
- გეხუმრე, შენი რეაქცია მაინტერესებდა.
- ბოროტი ხუმრობა გამოგივიდა, მინდა გითხრა... რატომ დამცინი?
- არ დაგცინი, საიდან მოიტანე.
- აბა რა ლაპარაკია ეს, სამაგიეროს მიხდი?
- სულაც არა. უბრალოდ... მე მაქვს ასეთი სურვილი და... შენც იმიტომ გკითხე, - გავწითლდი.
კიდევ უფრო გაოგნდა.
- მართლა მეუბნები? შემომხედე, თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, მართლა ამბობ? - ნიკაპზე წამავლო ხელი და თვალი თვალში გამიყარა.
- რა არის აქ უჩვეულო? მე ის მინდა შენგან, რაც არ მქონია, რაც დამაკლდა, ყველაზე მეტად რაც დამაკლდა.
- ისევ გიყვარვარ? არ დამიმალო, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, - თავი შევიკავე აღიარებისგან. იქნებ მართლა არ მიყვარდა? იქნებ მხოლოდ ხორციელი ლტოლვა მქონდა და იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი ამას?
- სიზმარში იცი, რამდენჯერ მქონია შენთან სექსი? - გამიღიმა და ხელზე მომიჭირა ხელი.
- რამდენჯერ?
- ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. ის რომ ცხადში ამიხდეს...
- რას იზამდი?
- ალბათ სიცოცხლეს დავთმობდი, - თქვა და მკლავზე ამაყოლა თითები.
იმდენად მსიამოვნებდა ლუკას ცივი ხელის შეხება დამწვარ ბეჭებზე, მექანიკურად გადავიხარე მისკენ და თავი მხარზე მივადე.
- საღამოს სადმე შევხვდეთ, მე თანახმა ვარ, - ჩურჩულით ვუთხარი.
ერთხანს გამომცდელად მიმზერდა, მერე თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა.
- კარგი, მე მოვაგვარებ მაგ საკითხს. სად გნახო?
- ათ საათზე პარკის შესასვლელთან დაგელოდები.
- ცენტრალურ შესასვლელთან?
- ჰო, - უცნაურად გაბრუებული ვიყავი, თითქოს ბანგი დამელიოს.
- იმედია, საღამომდე არ გაგინელდება ეს სურვილი, - კვლავ ჩურჩულით თქვა და თითები ტუჩებზე მომისვა. ვნებისაგან თვალები დაენისლა.
- იმედია, - ჩურჩულითვე ვუპასუხე და თვალებით მივეფერე...