ონლაინრომანი "თეთრი მთვარე"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ერთ საათში მაიკოც დაბრუნდა, ცხელ-ცხელი თონის პურები, სულგუნის ყველი, კიტრი და პომიდორი მოიტანა. გემრიელად ვისადილეთ... მოვითენთე. ისევ ძილი მომინდა. თან ისეთ ხასიათზე ვიყავი, მარტო მინდოდა დარჩენა საკუთარ თავთან, რომ კარგად გამეანალიზებინა ყველაფერი, მაგრამ ასე უცებ ვერ წავიდოდი, არ მინდოდა მაიკოს სხვანაირად ეფიქრა. თანაც, ლუკასთან ხომ არ დავტოვებდი, უხერხული იყო. იძულებული გავხდი, გადამეფიქრებინა წასვლა.
დიდხანს დავყავით ნაპირზე. რაზე არ ვისაუბრეთ, ვის არ გადავწვდით, პოლიტიკაზეც კი ჩამოვაგდეთ საუბარი, ზღვის აბაზანებიც ბევრი მივიღეთ და მზისაც.
ამასობაში მზე სამხრეთისკენ გადაიხარა. კვლავ აწკრიალდა ჩემი მობილური.
- ვინ არის? - დაინტერესდა მაია.
- მგონი, გია ჩამოვიდა. დილით დამირეკა, მოვდივარო, - უსიამოვნოდ ვთქვი, ახლა ნამდვილად არ მინდოდა გიას გამოჩენა, მისი ვიზიტი ჩემს გეგმებს ხელს შეუშლიდა.
- ჰო, გია, ჩამოხვედი? სადა ხარ? - ჩავძახე მობილურში.
- ერთი საათია, რაც ჩამოვედი. სასტუმროში ავიღე ნომერი, პარკთან ახლოს. შენ სადა ხარ? როგორ მოგაგნო?
- ცენტრში, "მარშრუტკების" გაჩერებასთან მოდი, იქ დაგელოდები, - ვუთხარი და გავთიშე.
- უნდა წავიდე, - ვთქვი და ავდექი, - მელოდებიან.
- სტუმარი გყავს? - ლუკამ თვალებით გამხვრიტა.
დანაშაულზე წასწრებულივით მზერა ავარიდე.
- ნაცნობია, ჩვენი ახლობელი, უნდა შევხვდე.
- მეც წამოვალ, ცოტა გვიან ისევ ჩამოვიდეთ, - თქვა მაიამ, ადგა და სილა ჩამოიფერთხა.
- შენ დარჩები? - ლუკას მივუბრუნდი.
- კი, - მიპასუხა ლუკამ და საყვედურით სავსე მზერა მესროლა.
- გნახავ! - ორაზროვნად ვუთხარი და ვაგრძნობინე, შეხვედრა არ გადამიფიქრებია-მეთქი.
- რა თქმა უნდა, - უნდობლად ჩაილაპარაკა და ნაძალადევად გამიღიმა.
მობილურის ნომრები გავცვალეთ, რომ ყოველი შემთხვევისთვის, შევხმიანებოდი.
მაიაც დაემშვიდობა ლუკას და ქალებმა სანაპირო დავტოვეთ. უკან არ მიმიხედავს, ვიცოდი, ლუკა თვალს მაყოლებდა. ახლა არ მინდოდა მისთვის შემეხედა.
გია დანიშნულ ადგილზე დამხვდა, გადავკოცნეთ ერთმანეთი. მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ შევხვედრივარ. მას ეს არ გამოჰპარვია.
- არ უნდა ჩამოვსულიყავი, არა? - დაღვრემილად მკითხა, თან მაია მოიკითხა.
- არა, რატომ. ეს ზღვა მარტო ჩემთვის კი არ არის, საზოგადოებრივია, - გავიცინე.
- სად ხართ გაჩერებული?
- აი, იმ სახლში, - თითი გავიშვირე ჩვენი ბინისკენ.
- მე ცოტა ქვევით ვარ, ახალი კერძო სასტუმრო რომ აშენდა, თეთრი ფერის შენობაში.
- ვიცი, კარგი ადგილია.
- რა ვქნათ, გავისეირნოთ სადმე? მანქანით ვარ.
- ვიცი, მანქანით რომ ხარ, მაგრამ ძალიან დავიღალეთ. მთელი დღეა ნაპირზე ვყრივართ. ცოტა თუ არ წავუძინე, შეიძლება მოვკვდე. იქნებ მოგვიანებით შევხვდეთ?
გიას ნირი წაუხდა, სახე შეეცვალა ამის გაგონებაზე, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
- მოგვიანებით იყოს. მითხარი, სად და რომელ საათზე.
- შვიდზე აქ გამოვალთ მე და მაია. კიდევ ერთი ჩვენი ახლობელი იქნება, შენ არ იცნობ. ერთად ვივახშმოთ.
- კარგი, შვიდზე აქ დავერჭობი, თუმცა რაღა დარჩა იქამდე, - თქვა და გატრიალდა.
- გია, - დავუძახე.
შედგა და მოიხედა.
- არ გეწყინოს, რა, კარგი? მართლა ძალიან გადავიღალე.
- არა, რა სისულელეა, არა გრცხვენია? ჩვენ შორის ეგეთები არ მოსულა, - ცივად გაიღიმა და მანქანის კარი გამოაღო...
* * *
ძალაგამოლეული მივესვენე საწოლზე. რა ვქნა, რადგან გია ჩამოვიდა, აღარ მომეშვება, წარამარა ჩვენ გვერდით იქნება. არა უშავს, საღამოს ლუკასაც წამოვიყვან და... გია მიხვდება ალბათ, რომ ლუკა ვიღაც არ არის და იქნებ დამანებოს კიდეც თავი. როგორმე უნდა გადავაყვარო ამ ბიჭს თავი, უარი უნდა ვათქმევინო ჩემს სიყვარულზე. სხვანაირად საბასთან ურთიერთობის გაგრძელება ილუზია იქნება და მეტი არაფერი. გამოჩნდება კი საბა? ეყოფა ძალა, დაძლიოს "კაცური მომენტი"? ძმაკაცს "ქალს" ხომ არ "დააწერს"? მინდა კი საბას სიყვარული? ახლა ხომ ლუკა გამოჩნდა. ცოლმა მიატოვა, ქარივით თავისუფალია. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან, დიდი ხანია, ვიცნობ, მისი ყველა თვისება ვიცი, მას კარგად ვეწყობოდი. მშვენიერი წყვილი ვიქნებით. გიასთანაც არ მომიწევს ახსნა-განმარტება და თავის მართლება. ლუკა მაინც არ არის მისი ნაცნობი და ჯგუფელ-მეგობარი, რომ რამეზე საყვედური მითხრას. ამ ფიქრებით ვინუგეშებდი თავს.
ექვს საათზე მაიამ შემახსენა, თავი მოიწესრიგე, ერთ საათში უნდა გავიდეთო. ზლაზვნით ავდექი. სულაც არ მქონდა გიასთან ვახშმობის სურვილი, მაგრამ თავს ძალა დავატანე, ახლა სხვანაირად არ შეიძლებოდა. ლუკასაც დავურეკე, გამოდი, ერთად ვივახშმოთ-მეთქი. ღამის შეხვედრა ხომ არ გადაიფიქრეო, მკითხა. არაფერი შეცვლილა, როგორც შეგპირდი, ისე იქნება-მეთქი.
რვის ათი წუთი იყო, მე და მაია "პაემანზე" რომ გამოვცხადდით. ლუკა და გია ერთმანეთის მოშორებით იდგნენ და გველოდნენ. მამაკაცები ერთმანეთს გავაცანი. გია მტრულად შეხვდა უცნობ მეტოქეს. არც ლუკას შესტყობია აღფრთოვანება. აშკარა იყო, მათ შორის ფარული ომი დაიწყო...
გიამ თავი გაიგიჟა, სასტუმროს რესტორანში შევიდეთ, მე გეპატიჟებით, კარგი დრო უნდა გაგატარებინოთო.
- გია, მე დიდხანს ვერ დავრჩები, ცხრა საათზე სახლში უნდა ვიყო, - მკაცრად გავაფრთხილე.
- იყავი მერე, ვინ გიშლის. იქამდე ჯერ ორი საათია დარჩენილი. ნუ მეწინააღმდეგები, მე ვიცი, სადაც გეპატიჟები. ნახავ, წამოსვლა არ მოგინდება.
რას გავაწყობდი, დავთანხმდი. ლუკამ შორს დაიჭირა ჩვენთან ერთად ვახშმობა, თბილისში მაქვს დასარეკი, უნდა დაგტოვოთ, მოგვიანებით შემოგიერთდებითო. მივხვდი, რატომაც გაგვერიდა. რადგან გიამ თავის თავზე აიღო ჩვენი გამასპინძლება, თვითონ ვერ გაიკრავდა ჯიბეზე ხელს, ამიტომაც გაცლა ამჯობინა. გული დამწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მალე ვნახავდი, მაინც მოვიწყინე. არ გინდოდა ორი საათი გიას გაძლება? მაშინ, როცა წინ გადამწყვეტი შეხვედრა მელოდა - დამაინტრიგებელი, იდუმალი, მაგრამ ალბათ სასიამოვნო...
* * *
უხასიათობა მაშინვე შემეტყო. გიამ ეს ადვილად შეამჩნია, ამიტომაც "სვლები" შეცვალა. ძალიან ბანალურ ხერხს მიმართა, თუმცა ამან მხოლოდ გამახარა, რადგან საბაბი მომეცა, ადვილად დამეძვრინა თავი დანიშნულ დროზე. რა იყო მისეული მეთოდი? მაიკოსთან გააბა ფლირტი. თავს ევლებოდა, კომპლიმენტებს არ იშურებდა, ისე იქცეოდა, თითქოს მე არც კი მამჩნევდა. მაია გაოცებული მიყურებდა. მე თვალი ჩავუკარი, ვანიშნე, შენც აჰყევი-მეთქი. გია მიხვდა, რისი თქმაც მინდოდა და... სმას მოუმატა. მე ლუკმა არ გადამდიოდა ყელში. ისე ვნერვიულობდი ლუკასთან შეხვედრის გამო, ადგილს ვერ ვპოულობდი.
- რატომ აქამდე ვერ შევამჩნიე, შენ რომ ასეთი ლამაზი თვალები გქონდა, მაიკო? - ხშირ-ხშირად იმეორებდა გია ამ ფრაზას, თან თვალს ჩემკენ აპარებდა.
მე არაფერს ვიმჩნევდი, ჩემთვის ვწრუპავდი ანანასის წვენს.
- მაგდა, შენ რატომ არაფერს ამბობ, ჩუმად რატომ ზიხარ? - ახლა მე მომიტრიალდა გია.
- მგონი, მაიკოსთანაც მშვენივრად გრძნობ თავს, - ნაზად გავუღიმე და ნიშნის მოგებით წარბები ავწკიპე.
- რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. ასეთი ლამაზი გოგო, პირდაპირ მიკვირს, როგორ გამომრჩა მხედველობიდან, - გია ხაზგასმით ამბობდა ყველა წინადადებას.
- ფართოდ უნდა გაახილო თვალები, - მწარედ ვუკბინე.
- ჰოდა, ვახელ, ხომ ხედავ... გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ, - გიას სასმელი საკმაოდ მოეკიდა.
მას ნაკლებად ვუსმენდი და წარამარა მობილურის ეკრანზე დამონტაჟებულ საათს დავცქეროდი, რომ დროზე გავცლოდი ამ მასკარადს.
- რაღაც ხასიათი გაგიფუჭდა, თან არაფერს ჭამ, არც სვამ, რამე ხომ არ გეწყინა? - ირონიულად მომმართა გიამ.
- არა, რა უნდა მწყენოდა. გადასარევ ხასიათზე ვარ.
- რომ არ გეტყობა? - ჩამაცივდა მამაკაცი.
- უბრალოდ, დღეს ძალიან დავიღალე და გამოძინებაც ვერ მოვასწარი. ყველაფერი ამის ბრალია.
- მაგდამ დღეს ცუდი სიზმარი ნახა. როგორც ჩანს, ამას განიცდის, - "მიშველა" მაიკომ.
- მართლა? ვინ დაგესიზმრა?
- შენ, - მივახალე და თვალი თვალში გავუყარე.
- მე-ე? - საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო გიამ, - არ არსებობს!
- ნამდვილად შენ დამესიზმრე. თუ გინდა, მაიას ჰკითხე.
- მოიცა, მოიცა, - შეცბა გია, - როგორ დაგესიზმრე?
ჩამეცინა.
- რომ მოგიყვე, გუნება შეგეცვლება, ჯობს, არაფერი ვთქვა, - თითები მაგიდაზე ავათამაშე.
- მოჰყევი, იმაზე მეტი რა უნდა დამემართოს, რაც მჭირს.
- კარგი, მოვყვები და მერე წავალ, უნდა დავიძინო, - ვთქვი, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მოკლედ მოვყევი.
- მე უფსკრულში ვიჩეხებოდი, შენ კი... უკანმოუხედავად გაიქეცი, - კისკისი ამიტყდა.
მაია გაფითრდა. არ ეგონა, ასე უმოწყალოდ თუ მოვიტყუებდი.
არც გიას დასდგომია უკეთესი დღე. სახე მოეღუშა, ნაკვთები გაუმკაცრდა. ტუჩები მოკუმა და მაგიდას ჩააშტერდა. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. მე კმაყოფილი შევყურებდი ამ სცენას. მაიამ საწყალობელი მზერა მესროლა, რას აკეთებო.
ბოლოს გიამ თავი ასწია, ჯერ მაიას შეხედა, მერე მე და ხმადაბლა თქვა.
- შეუძლებელია შენს სიზმრებში მე მთავარი მოქმედი გმირი ვყოფილიყავი. შეუძლებელი კი არა, გამორიცხულია. თუ მართლა ასე იყო, ალბათ... - და შეყოვნდა.
- რა, ალბათ? - დაკონკრეტება მოვითხოვე.
- ალბათ შენ მომეცი ამის საბაბი.
- კარგი, რა, გია, გეხუმრე, რა ყველაფერს იჯერებ, არ გრცხვენია? - ისევ ავკისკისდი.
გაოცებული მზერით შემომხედა.
- შენი აზრით, ეს სახუმარო თემაა?
- არ მეგონა, თუ ასე გულთან მიიტანდი ჩემს ხუმრობას, თორემ როგორ ვიზამდი მაგას, - მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი, - მე წავალ, მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ. იმედია, კარგ დროს გაატარებთ... უჩემოდ, - დემონსტრაციულად გადავიკიდე ჩანთა და თავაღერებული გავშორდი მაგიდას.
ესეც ასე. დარჩეს მაიკოსთან და იფლირტაოს, რამდენიც უნდა. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. ისე, მშვენიერი წყვილია, რას ვერჩი. როგორც ჩანს, მაინც მომხვდა გულზე გიას საქციელი. რა იზამ, ასეთი ვართ ქალები. შეიძლება ვიღაც ან რაღაც ჩვენთვის არ გვინდა, მაგრამ არც სხვისთვის გვემეტება. ცუდად გამომივიდა.
გარეთ გამოვედი. ცხელოდა. ნელა დავუყევი ქუჩას. ათი წუთი დარჩა შეხვედრამდე. ლუკა არ მირეკავდა. გასაგები იყო მიზეზი - ის ჩემგან ელოდა ზარს. ხუთი წუთი რომ დააკლდა ცხრას, დავურეკე. პირველსავე ზარზე მიპასუხა.
- გადაიფიქრე?
- არა, მოვდივარ. სად ხარ?
- შენი სახლის წინ გელოდები.
- სად მივდივართ?
- ისეთ ადგილას, ვერავინ რომ ვერ მოგვაგნებს.
დამფრთხალი ხმა ჰქონდა. შემეცოდა, იგი უკანასკნელ წუთამდე არ დაიჯერებდა, რომ არ ვატყუებდი და მასთან დაწოლაზე თანახმა ვიყავი.
...კარგა ხანს მიცქერდა დაკვირვებით.
- რატომ მიყურებ ასე?
- არ მჯერა, რომ გადაწყვიტე, - თქვა და მკლავში ჩამაფრინდა.
- რატომ?
- არ ვიცი, ასე მგონია, ბოლო წუთებში მაინც გადაიფიქრებ.
- წავიდეთ, - მტკიცედ ვთქვი და გზა განვაგრძე.
- მოიცა, მანქანას გავაჩერებ.
- არ გვინდა მანქანა, ფეხით გავიაროთ.
- შორი მანძილია გასავლელი, დრო დაგვეკარგება.
- კი მაგრამ, ასეთ ადგილას სად მივდივართ?
- ვაგზალთან ავიღე ერთი ოთახი.
- გასაგებია, მაშინ მანქანით აჯობებს.
* * *
რამდენიმე წუთში უკვე დანიშნულ ადგილას ვიყავით. გიამ ორსართულიან სახლთან გააჩერა მანქანა, მძღოლს ფული გადაუხადა და რკინის ჭიშკარი უჩუმრად შეაღო.
- შემო, - ჩურჩულით მითხრა.
- ვისი სახლია? - მეც ჩურჩულით ვიკითხე, თითქოს ვინმე გვისმენდა.
- არ ვიცი, მთავარია, რომ არავინ დაგვხვდება. პირდაპირ ოთახში შევალთ.
პირველსავე სართულზე, პირველსავე კარს მოარგო გასაღები, ფრთხილად გააღო და წინ გამატარა.
- შუქი არ აანთო, - ვთხოვე.
- არც ვაპირებ, - მითხრა და კარი ასევე ფრთხილად დაკეტა.
ოთახი პატარა იყო, ორი საწოლი და მომცრო მაგიდა იდგა. მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა, ქუჩის მხარეს გამავალი. მთვარის შუქი საკმაოდ ანათებდა იქაურობას.
- რას ვიფიქრებდი, ჩვენი შეხვედრა ასეთ ქურდულ ატმოსფეროში თუ შედგებოდა, - თავი გადააქნია ლუკამ.
- რას იზამ, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, არა უშავს, ასე უფრო ინტიმური სიტუაცია იქმნება, - გავიღიმე და საწოლზე ჩამოვჯექი.
- დარჩები ამაღამ?
- არა, რას ამბობ, ერთ საათში უნდა დავბრუნდე. არ მინდა მაიკომ გაიგოს.
- ერთი საათი ცოტა დროა, - დანანებით თქვა.
- ვიმყოფინებთ, - უხერხულად გავიღიმე.
ლუკა გვერდით მომიჯდა. კანკალმა ამიტანა. თან მინდოდა, თან არ მინდოდა. რაღაც საშინელება მემართებოდა. დავიძაბე. რა შტერი ვარ, ერთი-ორი ჭიქა მაინც დამელია სიმხნევისთვის, ცოტა ხასიათზე მომიყვანდა.
- დალევა ხომ არ გინდა? - თითქოს ჩემს ფიქრებს დარაჯობდა, ესეც გაუთვალისწინებია.
- ცოტა არ მაწყენდა, - გაუბედავად დავუქნიე თავი.
საწოლის ქვემოთ შეაცურა ხელი და ბოთლი გამოაძვრინა.
- ჭიქები არა გვაქვს, მაგრამ მგონი არა უშავს. ბოთლიდან მოვსვათ, რა უჭირს?
- არც არაფერი, მოიტა, - ბოთლი გამოვართვი.
- კიდევ გახსოვს, კონიაკი რომ მიყვარს? - გავუღიმე.
- მე ყველაფერი მახსოვს, - თქვა და მკლავი გადამხვია.
ჟრუანტელმა დამიარა. ბოთლი მოვიყუდე და რამდენიმე ყლუპი გადავკარი. ყელი ჩამეწვა. დავიჯღანე.
- რა მაგარია, - ტანში დამბურძგლა.
მერე ლუკამაც დალია. ამასობაში სხეული გამიხურდა. ყელზე ლუკას ტუჩების შეხება ვიგრძენი. ვნება მომეძალა, თვალები დავხუჭე.
ბოთლი გამოვართვი და კიდევ მოვსვი. ახლა უკვე მესიამოვნა. თავი უკან გადავწიე და ლუკას ტუჩებს გზა მივეცი.
- როგორ მინდოდა შენი სხეული განათებულ ოთახში მეხილა. როგორც ჩანს, ამაღამ ეს სიამოვნება ამცდება.
- აქ არ შეიძლება, შენც ხომ იცი, - ვნებიანად ვუჩურჩულე და ლოყა ლოყაზე გავუხახუნე.
ძლიერად მომხვია მკლავები და მკერდზე მიმიხუტა. დაძაბულობა სადღაც გაქრა. სასმელმა ისე შემახურა, სიყვარულის ხასიათზე დავდექი. ლუკა მკოცნიდა, მე ტანსაცმლის გახდას შევუდექი, თან მის კოცნას კოცნით ვპასუხობდი.
ძველი დრო გამახსენდა. ისევ ისე მეორდებოდა ყველაფერი. მახსოვდა მისი კოცნის, მოფერების მანერა, ყველაფერი ძველებურად ხდებოდა. ერთადერთი, ახალი და იდუმალი რაც უნდა მომხდარიყო ამ შეხვედრაზე, სექსი იყო - ის, რაც არასდროს გვქონია.
მსიამოვნებდა საკუთარი სხეულის ცქერა. კარგი ვინმე ვარ, დასაწუნი არაფერი მაქვს. კმაყოფილმა გავიზმორე და ლოგინზე წამოვწექი. ლუკა ორივე ხელით დაეყრდნო საწოლის კიდეებს და თვალებში ჩამაცქერდა.
- მიყვარხარ, მაგდა, ძალიან მიყვარხარ, სანატრელი ქალი ხარ და ჩემთვის სანატრელი იყავი ყოველთვის, - თქვა და ჩემკენ გადმოიხარა, ცხელი მკერდი მკერდზე შემახო.
ხელები კისერზე მოვხვიე და ახლოს მოვიზიდე. კვნესა აღმომხდა. მსიამოვნებდა მისი შეხება, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ვნებისგან გონი არ დამიკარგავს, ყველა ნიუანსს ვაკონტროლებდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მამაკაცთან ინტიმური სიახლოვის დროს გონებით ვმოქმედებდი და არა გრძნობით. არ ვიცი, რატომ, ვერ ვიტყვი, რისი ბრალი იყო ეს. თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. იმწუთას ყველა და ყველაფერი დავივიწყე და ალერსითა და კონიაკით გათანგული ვნების სამოთხეში მთელი არსებით გადავეშვი...
* * *
დაახლოებით ორი საათი დავყავით ერთად. თავიდან კი გადავწყვიტე, ერთ საათში წავალ-მეთქი, მაგრამ იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, დარჩენა მომინდა. ლუკა ბრწყინვალე პარტნიორი გამოდგა. თუმცა ამაში ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული.
ვნებები დაცხრა. ვიგრძენი, ჩემი წასვლის დრო რომ დადგა და ლოგინზე წამოვჯექი.
- უნდა წავიდე, ძალიან დაგვიანდა, - დამნაშავესავით შევხედე გულაღმა გაშოტილს.
- ვიცი, - მხოლოდ ეს თქვა და თვითონაც წამოიწია.
ერთმანეთს შევხედეთ. ლუკამ ჩემი სახე ხელებში მოიწყვდია და თვალებში ჩამხედა.
- ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, - თქვა და ლოყაზე მაკოცა.
- შენ კი გეგონა, რომ გატყუებდი. ხომ ხედავ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედია, უკმაყოფილო არ დარჩი, - არ ვიცი, რატომ ვამბობდი ამას.
- უკმაყოფილო? რას ამბობ! მეორედ არ გაიმეორო ასეთი რამ! შენ არაჩვეულებრივი იყავი. როგორ გგონია, მაქვს შანსი, სხვა დროსაც...
- ვნახოთ, ჯერ გათენდეს ხვალინდელი დღე.
- გეშინია არ ინანო?
- არა, მაგის არ მეშინია. ყველაფერი ნაფიქრი მქონდა. უბრალოდ...
- რა, მითხარი, მირჩევნია, ახლავე ვიცოდე ყველაფერი.
- რა გითხრა, ლუკა, ჯერ ვერაფერს გეტყვი. რა ვიცი, იქნებ თავადაც არ მოგინდეს მეტჯერ ჩემთან შეხვედრა.
- გესმის, რას ამბობ? შენც ხომ იცი, რომ ეს აბსურდია. თუ გინდა, ახლავე წავიდეთ თბილისში და ხვალიდან ერთად დავიწყოთ ცხოვრება.
გამეცინა.
- მე ამისთვის არ დავწოლილვარ შენთან.
- არც მიფიქრია.
- და არც შენთან ცხოვრება მაქვს განზრახული. ჩემი მიზანი რაც იყო, უკვე მოხდა. ხვალ რა იქნება, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, გთხოვ, ნუ გავაფუჭებთ ამ ღამეს.
- კარგი, ეგრე იყოს. გაცილების უფლება ხომ მაქვს?
- აბა ამ შუაღამეს მარტო ხომ არ ვივლი ქუჩაში? წესიერად არც ვიცი, სად ვარ.
- სამაგიეროდ, მე ვიცი, - ლუკა წამოხტა და ჩაცმას შეუდგა...
* * *
თორმეტის ნახევარი იყო, ბინაში რომ დავბრუნდი. ლუკა მანქანიდან არ გადმოსულა. ხელის დაქნევით დავემშვიდობე და სირბილით ავუყევი კიბეს. ჩვენი ოთახის კარი დაკეტილი დამხვდა. ჩუმად მოვარგე გასაღები, ვიფიქრე, მაიკო ალბათ არ დამელოდა და დაიძინა-მეთქი. შენც არ მომიკვდე! არ დამხვდა შინ. როგორც ჩანს, გაუტკბა გიასთან ყოფნა. აი დარდი! თუ უნდა, საერთოდ ნუ მოვა. სიამოვნებისაგან მოთენთილმა ცხელი წყალი გადავივლე და ლოგინში ჩავწექი. ფიქრებით ლუკას გადავწვდი, მაგრამ ისე ვიყავი დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციებით დაღლილი, უმალ ჩამეძინა...
ვიღაცის შეხებამ გამომაღვიძა. თვალები გავახილე, თავზე მაია მადგა - შეცბუნებული სახე ჰქონდა.
- რა იყო? - თავდაპირველად გონს ვერ მოვეგე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.
- არ მეგონა, თუ გეძინა, - მომიბოდიშა.
- რომელი საათია? - თვალებში მოვიფშვნიტე და საწოლზე წამოვიწიე.
- ოთხი ხდება.
- ახლა მოხვედი?
- ჰო, ხომ არ გეწყინა? დიდხანს მელოდი?
- არა, არც მიფიქრია. აქამდე სად იყავი?
- ვსეირნობდით.
- ჰო. კარგი, დაიძინე.
- სალაპარაკო მაქვს შენთან... - ლოგინზე ჩამოჯდა და მკლავზე ხელი დამადო.
- მოდი, დილით ვილაპარაკოთ, ახლა დავიძინოთ, არ დაიღალე? - უკმაყოფილება გამოვთქვი.
- არა, ახლა მინდა დაგელაპარაკო, გთხოვ, - მუდარით სავსე თვალები მომაპყრო.
- კარგი, კარგი, - ამოვიოხრე და წამოვჯექი, - მომიყევი, რისი თქმა გინდა, გისმენ.
- ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები, მაგდა, გემუდარები, - თვალები აუცრემლიანდა.
ხელები გავასავსავე, მსგავსი არაფერი გამივლია გულში.
- ნუ გადამრიე, რა ტონით გელაპარაკები, უბრალოდ, მეძინა, ეგ არის და ეგ. დროზე მითხარი, რა გინდა.
- მგონი გია მომწონს, - თავი ჩაღუნა და ისე თქვა.
კინაღამ გამეცინა. მართალია, ვიცოდი, რაღაც ამდაგვარს რომ მეტყოდა, მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევიკავე.
- მერე მე რა ვქნა? მოგწონს და მოგწონდეს. მე რა შუაში ვარ?
- რა და... შენ და გია... ხომ გესმის, რაც მინდა გითხრა... - თავი ვერ მოაბა სათქმელს.
- მაკო, შენ ხომ იცი, რომ მე ეგ ტიპი არ მომწონს და არც არასდროს მომწონდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც საბა გავიცანი, - საბას სახელის წარმოთქმაზე გული მომეწურა. მხოლოდ ახლა გამახსენდა იგი, - ამიტომ გზა ოთხივე მხრიდან გახსნილი გაქვს, მწვანე შუქი - ანთებული, - გავუცინე და თმა მოვჩეჩე, - მიდი, მიაწექი. თუ შენ მაგ სიკეთეს იზამ და გიას ჩამომაშორებ, სიკვდილამდე შენი მადლიერი დავრჩები.
- არ მინდა შენთან ცუდად გამომივიდეს.
- მეტი რა გითხრა, ადამიანო, ხომ გაიგე, რაც ვთქვი. ეგ კაცი ჩემთვის არ არ-სე-ბობს! ქართული გესმის?
- ესე იგი, არ მიბრაზდები?
- არ გიბრაზდები, სიხარულო, ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. ოღონდ მაგან შეგიყვაროს და ჩემი მხრიდან პრობლემა არ გექნება. პირიქით, ძალიან დიდ საქმეს გამიკეთებ.
- იცი? არ მეგონა, ოდესმე ვინმესკენ კიდევ თუ გამიწევდა გული. მე თვითონ არ ვიცი, ამ საღამოს რა მოხდა.
- განსაკუთრებული არაფერი, ჩემო კარგო. ახალგაზრდა ქალი ხარ, ლამაზი, მოხდენილი, მაგრამ უკაცო. ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, კაცი გინდა და მეტი არაფერი. შენი სხეული ინტიმურ სიახლოვეს მოითხოვს. ახლა მიხვდი?
- მაგას კი მივხვდი, მაგრამ რაღა შენი კაცი მომინდა, სხვა დაილია ქვეყანაზე? - დაიკვნესა მაიამ.
- გოგო, რა გემართება. ეგ კაცი ჩემი არასდროს ყოფილა, არც სურვილი მქონია არასდროს. რას იმართლებ თავს, მოგწონს? მოსწონხარ? შეირგე, რა! - აღვშფოთდი.
- შენ ისეთი რაღაც თქვი იქ, რესტორანში, ვიფიქრე...
- რა ვთქვი ასეთი, ნუ გამაგიჟე! თუ რამე ვთქვი, იმიტომ, რომ წამოსვლის მიზეზი მქონოდა. ადვილად დავიძვრინე თავი. ეგ იყო და მეტი არაფერი. შენ რა შუაში ხარ, შენ სულაც არ გიბრაზდები და არც იმას ვერჩი. დამაძინე ახლა, გეყოფა წუწუნი და თავის მართლება, - ისევ დავწექი და ზურგი ვაქციე.
მაიკომ ერთი ღრმად ამოიოხრა, შუქი ჩააქრო და თავისი საწოლისკენ წავიდა...