2023 წლიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება. „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ერთად შეეკრიბა იმ სიახლეთა ნაწილი, რომელიც ახალი წლიდან შევა ძალაში და რომლის შესახებაც მოქალაქეებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
1-ლი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.
2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცემთ ერთჯერად დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტით პენსიის ზრდა იგეგმება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.
2023 წლიდან სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველი იანვრიდან ცვლილება 1 100-ზე მეტ, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება. ფასების რეგულირება 2 დონეზე მოხდება. ეს იქნება, როგორც ორიგინალი მედიკამენტების, ასევე მათი გენერიკების ღირებულების მაქსიმალური ჭერი. ფასები საბითუმო და საცალო დონეზე დარეგულირდება. საცალო ქსელს, წამლის ღირებულების შესაბამისად, გარკვეული პროცენტული ფასნამატის გაკეთება შეეძლება. მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით, ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ.