მსოფლიოში ცნობილი მოდელი ირინა შეიკი (ნამდვილი გვარი შეიხლისლამოვა), რომელიც თვეში ასი ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, ხოლო წელიწადში - მილიონ დოლარზე მეტს, ამბობს, რომ ფულის გონივრულად ხარჯვის მომხრეა.
36 წლის მოდელი, რომელიც რუსეთის პროვინციაშია დაბადებული და საკმაოდ რთული ბავშვობა აქვს გავლილი, დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია თავის სფეროში და წლებია არ კარგავს ადგილს მსოფლიოს ულამაზეს ქალთა რეიტინგებში. ხუთი წელია, დედის სტატუსსაც ატარებს - პატარა ლეა მსახიობ ბრედლი კუპერთან ქორწინებაში გაჩნდა. წყვილი კი მალე დაშორდა, თუმცა მეგობრულად ზრდიან შვილს და კარგი ურთიერთობა აქვთ.
ძიძის მომსახურებაზე ირინამ უარი თქვა. მთელ თავისუფალ დროს ბავშვთან ატარებს და როცა არც მას სცალია და არც ბავშვის მამას, მაშინ ირინას დედა ეხმარება, რომელიც ხშირად სტუმრობს ქალიშვილს.
ირინა ამბობს, რომ ასეთ წარმატებაზე ვერასოდეს იოცნებებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ხუთეულშია და მისი ჰონორარები ასობით ათას დოლარს აღწევს, ზემდეტად ხარჯვა და ფუფუნება არ უყვარს. ამბობს, რომ პრაქტიკული ადამიანია:
"მე მომწონს ფულის ინვესტირება ხარისხიან ნივთებში, რომლებსაც დიდხანს ვატარებ. მაგრამ მთელი ქონების მიცემა ბრენდულ ნივთებში, ბრწყინვალე მოსაცმელში და ა.შ., სისულელეა. დედაჩემი თვეში 10 დოლარს გამოიმუშავებდა. მე ძალიან კარგად ვიცი ნივთების და ფულის ფასი. ვზოგავ - არ ვხარჯავ ბრენდულ ნივთებში, რომლებიც მომავალ წლებში აღარ გამომადგება".
იმავე პრინციპს იზიარებს შვილთან მიმართებაში. მის გოგონას აქვს ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ არავითარი ფუფუნება და ზედმეტი ნივთები.
მიუხედავად ამ მიდგომისა, მან იცის, თუნდაც რამდენიმე წლის სამოსი როგორ შეუხამოს ერთმანეთს და როგორ იყოს სულ სექსუალური.
"სექსუალობა თავდაჯერებას უთანაბრდება. ქალი, რომელიც შესანიშნავად გრძნობს თავს საკუთარ სხეულში, ყოველთვის ლამაზი და მიმზიდველია", - ამბობს მოდელი.
თავის მთელ ცოდნას და გამოცდილებას ირინა წლებთან ერთად ქალიშვილსაც გაუზიარებს. ამბობს, რომ შვილთან თბილი და ნდობით სავსე ურთიერთობა აქვს. დედობას ის საუკეთესო გამოცდილებას უწოდებს, რაც კი შეიძლება მიიღო ცხოვრებაში.
ირინამ ასევე ისაუბრა დედობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე. თურმე სანამ დაორსულდებოდა, მასაც აწუხებდნენ შეკითხვებით: როდის გააჩენ? და არა მხოლოდ ახლობლები, არამედ უცნობებიც. "ჩვენ, ქალები, ერთგვარ სოციალურ ზეწოლას განვიცდით დედობის ასაკთან დაკავშირებით. ჩემს ქვეყანაში, თუ 20 წლის მერე შვილები არ გყავს, ამბობენ, რომ უკვე აგვიანებ. მე კი ყველას ვურჩევ, საკუთარ თავს იმდენი დრო მისცეს, რამდენიც საჭიროა... მახსოვს, ბებიაც ხშირად მეუბნებოდა: "როდის გეყოლება ქმარ-შვილი? აიღე მაგალითი დისგან".
ირინას დას წლებია მეუღლე და შვილები ჰყავს და მშობლიურ ჩელიაბინსკში ცხოვრობს.