"ბავშვი კიოდა, არ გამიშვაო... ძალით წაიყვანეს" - ძიძა მშობლებს სასამართლოში უჩივის და ბავშვის ჩამორთმევას ცდილობს - მშობლები

"ბავშვი კიოდა, არ გამიშვაო... ძალით წაიყვანეს" - ძიძა მშობლებს სასამართლოში უჩივის და ბავშვის ჩამორთმევას ცდილობს

2023-01-22 12:41:18+04:00

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, თუ როგორ ეჩვევიან პატარები ძიძებს და უჭირთ მათთან განშორება. თუმცა ალბათ არასოდეს გსმენიათ, რომ ძიძას მშობლისთვის ბავშვის ჩამორთმევა და მასზე ოფიციალური მეურვეობა მოეთხოვოს. 2 წელია რუსეთში, ყოფილი ძიძა ტატიანა კალენტევა სასამართლოში იბრძვის, რომ ყოფილი აღსაზრდელი დაიბრუნოს. ბავშვი რამდენიმე წლის წინ მშობლებმა მინდობილობით, სადღესამისო მოვლის შეთანხმებით გადასცეს. ხოლო შემდეგ, როცა ძიძამ ის შვილივით შეიყვარა, ბავშვი უკან დაიბრუნეს, ძიძას კი მისი ნახვა აუკრძალეს.

ტატიანა საბავშვო ბაღის ყოფილი აღმზრდელი იყო, მუშაობდა არასრულწლოვანთა საქმეთა კომისიის ინსპექტორად, ანუ საკმაოდ კარგი გამოცდილება ჰქონდა ბავშვებთან ურთიერთობის და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

დაბადებიდანვე არასასურველი

2013 წელს ტატიანა ძიძად დაიქირავა ოჯახმა, რომელსაც ახალშობილი ტყუპი ჰყავდა. როგორც თავად ამბობს, ბავშვები წყვილს სუროგატი დედისგან შეეძინა, თუმცა დედას, იულიას, მხოლოდ გოგონა უნდოდა. ბიჭი კი სურდა სახლისგან შორს გაზრდილიყო. სწორდ მისი ძიძა უნდა გამხდარიყო ტატიანა. დედამ მოსკოვის ახლოს პატარა სახლი იქირავა, გააფორმა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, ბავშვი ძიძასთან იცხოვრებდა და მას ანიჭებდა ყველა გადაწყვეტილების მიღების უფლებას, რაც ბავშვის ჯანმრთელობასა და აღზრდას შეეხებოდა.

იმ დღიდან ტატიანას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ამბობს, რომ უმწეო ჩვილი თავიდანვე განსაკუთრებულად შეუყვარდა, რადგან ასეთი არასასურველი იყო მშობლებისთვის, შვილივით ზრდიდა. დედა არასოდეს ნახულობდა - ძიძას დაჰყავდა ექიმებთანაც. ბავშვს, რომელიც უცხოსთან ცხოვრობდა, სამედიცინო დაზღვევაც არ ჰქონდა. მოგვიანებით ძიძამ შეიყვანა სხვადასხვა წრეზეც.

"ოღონდ არ გამიშვა..."

პატარა მაქსიმის დედა არსად დაკარგულა. მართალია, შვილს არ ნახულობდა, მაგრამ სულ ხაზზე იყო. ფულს, თვეში 5 ათას რუბლს, სისტემატურად ურიცხავდა და ეს თანხა სრულიად საკმარისად მიაჩნდა. "მიხვდა, ბავშვზე უარს რომ არ ვიტყოდი და ამიტომ გადასახადის მომატებაზე უარს მეუბნებოდა" - ამბობს ტატიანა, თუმცა პატარა მაქსიმეს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ქალაქში დედა და დაიკო ჰყავდა, რომლებსაც აუცილებლად შეხვდებოდა. სამწუხაროდ, შეხვედრა იმ ვითარებაში არ მოხდა, როგორც ძიძას წარმოედგინა.

ტატიანამ თავად მიმართა სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს, რათა ბავშვზე მეურვეობა მოეპოვებინა - მაქსიმე სკოლაში უნდა შესულიყო, ძიძას კი მხოლოდ დაბადების მოწმობა და ვადაგასული მინდობილობა ჰქონდა, სხვა საბუთი არ გააჩნდა. სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები გაოგნებული დარჩნენ იმ ფაქტით, რომ ბავშვი ამდენი წელი ძიძასთან იზრდებოდა. ამიტომ კატეგორიულად მოსთხოვეს ბავშვის ოჯახში დაბრუნება.

კალენტევამ თავად ჩაიყვანა ბავშვი მოსკოვში, თუმცა მათ დედა არ დახვედრია. სადგურში სახელმწიფო ზრუნვის თანამშრომელი და პოლიცია დახვდნენ, რომლებმაც ტირილისგან ისტერიკაში ჩავარდნილი ბავშვი ახლობელ ადამიანს გამოართვეს და წაიყვანეს. "მაქსიმე ტიროდა, კიოდა და მებღაუჭებოდა. "ოღონდ არ გამიშვაო", მეხვეწებოდა" - იხსენებს ტატიანა. ამის შემდეგ მას ბიჭუნა აღარ უნახავს.

კანონის ძალით

ტატიანამ სასამართლოს მიმართა და ბავშვზე ოფიციალური მეურვეობა მოითხოვა, ტუმცა კანონმდებლობის მიხედვით, მას ამის შანსი არ აქვს, რადგან დედისთვის მშობლის უფლება არავის ჩამოურთმევია, ძიძასთან ნათესაური კავშირი არ არსებობს. 2 წელია სასამართლო გრძელდება. დედა სხდომებს არ ესწრება.

"ძიძა ჩვენგან თანხას 10 წლის განმავლობაში იღებდა და ამ წყაროს შეწყვეტისთვის ახლა სამაგიეროს გვიხდის. მაქსიმე კარგად არის, სწავლობს, მხოლოდ ძიძის დევნა გვაწუხებს. ორი შვილი მყავს, მინდა მათ აღზრდაზე ვიზრუნო და არა სასამართლოებზე ვინერვულო" - განაცხადა ბავშვის დედამ.

"დარწმუნებული რომ ვიყო, რომ მაქსიმე კარგადაა, ბრძოლას შევწყვეტდი. დედამისი ამბობს, ძიძა დაგვსდევსო. ეს ტყუილია, რაც ბიჭი წაიყვანეს, ერთხელაც არ მინახავს. ის ძვირადღირებულ სკოლა-პანსიონში მიაბარეს. იქ ცხოვრობს და იქედან სასამართლომ ბავშვის დახასიათებაც მოითხოვა. დახასიათებაში წერია, რომ ბიჭი არავისთან ურთიერთობს, მარტოსულია. ფიქრობს, რომ მეც მივატოვე" - ამბობს ტატიანა.

"ეს ჩემი მაქსიმე არაა"

სკოლის დირექტორი, სადაც მაქსიმე სწავლობს, აღნიშნავს, რომ ბავშვი სიტუაციას ძალიან განიცდის. "მისი აქტივობის დონე გაკვეთილებზე ძალიან დაბალია, დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ სურს, არ იჩენს ინტერესს, ხშირად ჩხუბობს, ყვირის, ტირის, აზიანებს ნივთებს და სხვის ტანსაცმელს" - ნათქვამია მის დახასიათებაში.

ტატიანა ვერ იჯერებს, რომ მაქსიმე ასე შეიცვალა: "ეს ჩემი მაქსიმე არ არის, ის სულ სხვანაირია. რა დაემართა, რა უქნეს?" - ამბობს ყოფილი ძიძა და ბავშვის ნახვის კანონიერ საათებს ითხოვს. თუმცა ვერც ამას მიაღწია. ოფიციალურად ის ბავშვისთვის არავინ არის, მინდობილობას კი ვადა დიდი ხნის წინ ამოეწურა. კანონი მას შანსს პრაქტიკულად არ უტოვებს, თუმცა ქალი იმედს არ კარგავს და გამოსავალს ეძებს. ხან სახელმწიფო ზრუნვის სამსახურში შეაქვს განაცხადი, ხან ბავშვთა უფლების კომიტეტში, მუდმივად იურისტებთან კონტაქტობს, სოფლიდან მოსკოვში დადის სასამართლოს სხდომებზე დასასწრებად. იმედი აქვს, დაარწმუნებს სამართალდამცავებს, რომ ბავშვს მისი ყურადღება სჭირდება, რომ მასზეა მიჯაჭვული, თავად კი დარწმუნებულია, რომ ცხოვრება არ შეუძლია მაქსიმეს გარეშე.