შიშველი სცენები 14 წლის ასაკში და მოზარდობისას გადატანილი გაუპატიურება, რომელიც არავისთვის გაუმხელია - ბრუკ შილდსი იხსენებს, რა მოუტანა კამერის წინ გატარებულმა ბავშვობამ - მშობლები

შიშველი სცენები 14 წლის ასაკში და მოზარდობისას გადატანილი გაუპატიურება, რომელიც არავისთვის გაუმხელია - ბრუკ შილდსი იხსენებს, რა მოუტანა კამერის წინ გატარებულმა ბავშვობამ

2023-01-22 17:54:40+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრუკ შილდსი იმ მსახიობთა შორისაა, რომლებმაც კარიერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყეს. შილდსზე ამბობდნენ, რომ მას ბავშვობა თითქმის არ ჰქონია, რადგან სულ კამერების წინ იდგა, და რაც მთავარია, სექსუალური იმიჯით. ბოლო დროს კი თავად მსახიობმა გაამხილა, თუ რა საშინელებების გადატანა უხდებოდა მისთვის შერჩეული სექსუალური როლების გამო. ახლახან "სანდენსის" კინოფესტივალზე დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, სადაც ბრუკი თავის ნაადრევად დასრულებულ ბავშვობაზე საუბრობს და გაუპატიურების ფაქტს იხსენებს. მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო და მორიგი როლის მისაღებად ერთ-ერთ პიროვნებასთან შეხვედრა სასტუმროს შენობაში მოუწყვეს. ბრუკს მოძალადის ვინაობა არ გაუმხელია, თუმცა დეტალები აღწერა. შეხვედრის შემდეგ გოგონა თავის ნომერში დაბრუნდა, საიდანაც ტაქსის გამოძახებას ელოდა. ამ დროს სწორედ ის პიროვნება მის ოთახში შევიდა და გოგონაზე ძალა იხმარა.

ბრუკმა განმარტა, რომ არ უცდია წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ეშინოდა, რომ ეს უფრო მეტ სისასტიკეს გამოიწვევდა: „მეშინოდა, რომ დამახრჩობდა ან რამე მსგავსი. ასე რომ, მე ნამდვილად არ ვიბრძოდი. ვერ ვმოძრაობდი. ჩემს თავს ვუთხარი: „გადარჩი და წადი აქედან". ღმერთმა იცის, ვიცოდი, როგორ უნდა განმეცალკევებინა ჩემი ფიქრები და გრძნობები ჩემი სხეულისგან, ამაში ნავარჯიშევი ვიყავი“, - განაცხადა შილდსმა.

მანამდე კი ერთ-ერთ პოდკასტში ფილმ "ცისფერი ლაგუნას" გადაღებებზე ისაუბრა. ამ ფილმში, რომელსაც მოგვიანებით ბავშვთა პორნოგრაფიაც უწოდეს, ბრუკი 14 წლის იყო, მისი პარტნიორი კი 18-ის. ყველა სცენაში მოზარდები ნახევრადშიშვლები არიან და სექსუალურ სცენებშიც მონაწილეობენ.

744-1674398378.jpg

„ტანსაცმლის ნაცვლად რამდენიმე ნაკუწით ვიფარავდით სიშიშვლეს, წელზემოთ შიშველს თმა ტანზე მქონდა წებოთი მიკრული, რომ მკერდი დამემალა. 14 წლისას ისეთი პატარა მკერდი მქონდა, არ ვიცი, რის დამალვას ვცდილობდი“, - იხსენებს შილდსი.

მისი თქმით, უფრო დიდი და სექსუალური მკერდი რომ გამოსჩენოდა, მათზე სპეციალური ხორცისფერი ბალიშები დააწებეს. რამდენიმე სცენისთვის დუბლიორიც დაიხმარეს. როგორც ბრუკი იხსენებს, გადაღებების შემდეგ ჩაცმულიც კი ისე გრძნობდა თავს, თითქოს გახდილი იყო.

"ცისფერ ლაგუნამდე არავისთვის მიკოცნია. ჩვენს შორის ეს უმანკო ქიმია იგრძნობოდა და ეს ფილმისთვის მომგებიანი გამოდგა," - თქვა მან. თუმცა ფილმმა, 58 მილიონი დოლარი მოგების გარდა, ბევრი უსიამოვნო შეფასებაც მოიტანა.

ფილმის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმ სცენების სიმრავლე, სადაც არასრულწლოვანი ბრუკ შილდსი შიშველი თამაშობდა, ასევე რამდენიმე სექსის სცენა. მოგვიანებით ფილმი საბავშვო პორნოგრაფიაშიც კი დაადანაშაულეს.

მომავალში ეს თავად ბრუკ შილდსის კარიერაზეც აისახა. მას ყოველთვის სექსუალურ კონტენტს უკავშირებდნენ. ასეთი იმიჯის გამო ბრუკის მონაწილეობით რეკლამების გაშვებაზეც კი უარი თქვეს ტელეარხებმა.

არასრულწლოვანმა ბრუკ შილდსმა არაერთხელ ითამაშა სკანდალურ პროექტებში და ამას ძირითადად, დედამისი უწყობდა ხელს. ბრუკის იმიჯი სექსუალური გახდა მას შემდეგ, რაც 10 წლის გოგონა, დედის თანხმობით, შიშველ ფოტოსესიაში გამოჩნდა. 11 წლის ასაკში კი ფილმში "Pretty Child" მეძავის ქალიშვილი განასახიერა, რომლის უბიწოებაც აუქციონზე გაიყიდა.

დედის ამბიციების მსხვერპლის მძიმე ბავშვობა - როგორ გამოიყურება დღეს და რას საქმიანობს ულამაზესი ბრუკ შილდსი