თანამედროვე სამყაროში, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და მიღწევების პარალელურად, ბევრი საფრთხეც გაჩნდა. საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში, როდესაც მათ ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია და სკოლაშიც კიბერუსაფრთხოება არ ისწავლება. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ონლაინ სივრცეში ძალადობამ შესაძლოა, ისეთივე საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფსიქიკას, მომავალსა და ურთიერთობებს, როგორც ფიზიკურ გარემოში განხორციელებულმა ქმედებებმა. ნატა გოდერძიშვილი კიბერუსაფრთხოების დარგის მრჩეველია და ამ მიმართულებით უკვე მრავალი წელია, მუშაობს. Mshoblebi.ge მას აქტუალურ თემაზე სასაუბროდ დაუკავშირდა. იგი საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება და მშობლებისთვისა და ბავშვებისთვის აუცილებელ რჩევებს გვიზიარებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც სოციალურ სივრცეში საკუთარი ანგარიშის გაკეთებას გადაწყვეტენ და აქტივობებში ჩაერთვებიან:
- განათლებით იურისტი ვარ, ბოლო 15 წელია, საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროექტებში საქართველოს ციფრული ტრანფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ვმუშაობ. ჩემი ძირითადი ინტერესებია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიული და სამართლებრივი მექანიზმებით.
- მოზარდებთან დაკავშირებული საფრთხეები გვხვდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სამყაროში, თუმცა ფიზიკურ სამყაროში ბავშვებს დავასწავლეთ, რომ მაგალითად, უცხო პირს კარი არ უნდა გაუღონ, ონლაინ სამყაროში კი ჯერჯერობით გააზრებული არ გვაქვს, რომ უცხოსთვის კარის გაღება სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი საჯარო პოსტების განთავსებას ნიშნავს.
მოზარდებთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული ონლაინ საფრთხეები შეგვიძლია დავყოთ, როგორც:
როგორც ყველა საფრთხესთან, ონლაინსაფრთხეებთან გამკლავებაც, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციის მიღებით, ცოდნისა და უნარების განვითარებით უნდა მოხდეს. მოზარდებმა, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ყველა წევრმა, ციფრული უნარები უნდა ავიმაღლოთ, იმისთვის რომ ტექნოლოგიები და კიბერსივრცე გამოვიყენოთ უსაფრთხოდ, დაცულად და ამით ნაკლები რისკი ან ზიანი მივაყენოთ როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებს.
- თანამედროვე ბავშვები ყველაზე მეტ დროს დღეს, როგორც წესი, ონლაინ სივრცეში ატარებენ. ტექნოლოგიები, ინტერნეტი - ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, კიბერბულინგის საფრთხე და კონკრეტული შემთხვევების ალბათობა თითქმის ყოველდრიურად გვხვდება.
კიბერბულინგი დიდი გამოწვევაა, რომელიც განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. თანამედროვე კვლევები პირდაპირ მიუთითებს კიბერბულინგის მსხვერპლთა შორის დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, თვითმკვლელობის შემთხვევების მაღალ სტატისტიკაზე.
კიბერბულინგის სხვადასხვა ფორმები გვხვდება: ერთ შემთხვევაში, მოზარდი იღებს დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ პირად შეტყობინებებს, მეორე შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი მიმოწერისა თუ ფოტო-ვიდეო მასალის ღია თუ დახურულ ჯგუფებში გასაჯაროებასა და მის დამცირებას აქვს ადგილი, სხვა შემთხვევებში ყალბი ანგარიშების უკან ამოფარებული კიბერ ბულერები საჯაროდ, სოციალური ქსელის გამოყენებით მსხვერპლის დამცირებას, შეურაცხყოფასა და გაკიცხვას ისახავენ მიზნად.
მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი შვილების ემოციურ მდგომარეობაზე დაკვირვებით დროულად ამოვიცნოთ კიბერბულინგის შემთხვევა და გვერდში დავუდგეთ მათ.
- მარტივი პასუხი იქნება "რაც გვიან, მით უკეთესი". თუკი სოციალურის ქსელების გამოყენების პირობებს გადავხედავთ, მინიმალური ასაკი თითქმის ყველას 13 წელი აქვს მითითებული. თინეიჯერების შემთხვევაშიც განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, სოციალურ ქსელზე წვდომის პარალელურად, მშობლები ვალდებულნი ვართ ვესაუბროთ ჩვენს შვილებს სოციალური მედიის ნეგატიული გავლენის და ზიანის შესახებ.
- როდესაც ბავშვს აქვს წვდომა ონლაინ საკომუნიკაციო არხებთან, დიდი ალბათობაა, რომ იგი გახდეს მსხვერპლი ან მონაწილე კიბერბულინგის შემთხვევის, რომლის თავიდან აცილება მხოლოდ და მხოლოს შესაბამისი წესებითა და ციფრული უნარ-ჩვევებით არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ არასრულწლოვანი კიბერბულინგის მსხვერპლი არ გახდეს:
უპირველეს ყოვლისა, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ არ არის მარტო და მას ჰყავს მხარდამჭერები. შესაბამისად, თუკი მის მიმართ სოციალურ ქსელში რაიმე არასასიამოვნო, შემაწუხებელ ქმედებებს აქვს ადგილი, ყოველთვის შეუძლია მოგვმართოს რჩევისთვის, როგორც სანდო და მხარდამჭერ პირს. და არა მხოლოდ ერთ პირს, არამედ სკოლას, საზოგადოებას, მეგობრებს - ყველას გვაქვს შესაძლებლობა, პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ ბულერზე, თუკი კიბერბულინგის ყოველ კონკრეტულ შემთხვევას განვაცხადებთ (სოციალურ მედია საშუალებებს აქვთ რეპორტინგის შესაბამისი მექანიზმი), რასაც მოჰყვება მისი სოციალურ ქსელში დაბლოკვა. პოზიტიური ზეგავლენის ფორმაა ბულინგის შემცველი რესურსების არგაზიარება, არდაკომენტარება, გაუვრცელებლობა, ასევე ბულინგის შემცველი მასალის კოპირება და წარდგენა შესაბამისი უფლებამოსილი პირებისთვის, იქნება ეს სკოლა თუ სამართალდამცავი ორგანოები.
- რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად უმთავრესი როლი ციფრულ სამყაროში ბავშვის უნარ-ჩვევების განსავითარებლად სკოლას აკისრია. სამწუხაროდ, დღეს კიბერჰიგიენის საკითხებს საგანმანათლებლო პროგრამაში სათანადო ყურადღება არ ეთმობა. აუცილებლად მიმაჩნია, რომ კიბერუსაფრთხოების საფუძვლები კონკრეტულ საგნად ისწავლებოდეს სკოლებში და სწავლების პროცესი წარიმართოს კომპიუტერულ კლასებში, შესაბამისი ინტერნეტ რესურსების გამოყენებით.
- აუხსენით თქვენს შვილს, რომ კიბერსივრცეში ძალადობა გავრცელებულია და მისი მრავალი შემთხვევა არსებობს, ამიტომ თუკი იგი შესაბამის რჩევებს გაითვალისწინებს, უფრო მეტად იქნება დაცული კიბერმოძალადეებისგან.
უპირველეს ყოვლისა, კარგი იქნება, თუკი მშობლები არ გავუხსნით სოციალური ქსელის ანგარიშებს შვილებს, ან თუკი ისინი დამოუკიდებლად გახდებიან სოციალური ქსელის მომხმარებლები, შვილებთან ერთად გავივლით სოც. ქსელის პარამეტრებს უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად.
მიეცით რჩევა, რომ ბულინგის შემთხვევას არ უპასუხოს ძალადობით, არამედ მაქსიმალურად აიცილოს ბულერთან კომუნიკაცია, მოითხოვოს დახმარება და არ შერცხვეს კიბერბულინგის შემთხვევის, ვინაიდან ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში.
- მშობლები ხშირად ვაზიარებთ ჩვენ შვილების პერსონალურ მონაცემებს სოციალურ ქსელებში, რის შედეგებზეც არ ვფიქრობთ, ასევე ამ პროცესში არ ვეკითხებით მათ, რამდენად სურთ საკუთარი ფოტო-ვიდეო ნახვადი იყოს ჩვენი მეგობრებისთვის. ამ კუთხით მეტი სიფრთხილე გვმართებს.
ყველა ადამიანს, მშობლესა თუ მოზარდს ონლაინ სამყაროში მარტივად და სწრაფად ნავიგაცია სურს. ამიტომ ხშირად უგულვებელყოფთ უსაფრთხოების მოთხოვნებს, სწორედ ამგვარ შეცდომებს მოაქვს სავალალო შედეგი. უსაფრთხოების უგულებელყოფ დაუშვებელია.
- როდესაც შვილები გყავს, უფრო მძაფრად აღიქვამ მათ საჭიროებებს და ხანდახან უფრო გაფართოებული თვალებით, გადამეტებულადაც კი აფასებ მათკენ მიმართულ საფრთხეებს. უპირველეს ყოვლისა, ჩემი რჩევა მშობლების მიმართ იქნებოდა ის, რომ მეტი და ხარისხიანი დრო გაატარონ შვილებთან.
სამწუხაროდ, დღევანდელი ტემპისა და დაკავებულობის გათვალისწინებით, ამ რჩევის გათვლისწინება ძალიან რთულია. მეც ერთ-ერთი იმ მშობელთაგანი ვიყავი, ვინც ბავშვის სკოლაში/დამატებით აქტივობებში ყოფნის დრო ჩემი სამუშაო საათების პერიოდს გავუთანაბრე იმ აზრით, რომ "სახლში მაინც არ იქნება უსაქმოდ", "გაჯეტებთან ჯდომას, აქტივობებით დატვირთულობა სჯობს". რამდენიმე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არასწორი პრაქტიკაა და მინდა სხვა მშობლებსაც ვურჩიო, რომ, თუკი ამის მცირედი შესაძლებლობა მაინც არსებობს, არ დატვირთონ ბავშვები მილიონი აქტივობით და ბაღი, სკოლა "სამუშაოდ" არ გადავუქციოთ მათ.
შვილებთან ხარისხიანად გატარებული დრო ყველანაირი ტექნოლოგიური კონტროლის და აკრძალვის გარეშე გაჯეტებს ჩაანაცვლებს. დაგეგმეთ მათთან ერთად სასურველი და სასარგებლო აქტივობები, რომლებშიც შეიძლება თავიდან ხალისით არ ჩაერთონ, თუმცა თუ არ დანებდებით და სიმტკიცეს გამოიჩენთ, ცოტა ხანში კარგ გასართობს იპოვით. მაგალითად, ერთად იარეთ (კი არ ატაროთ და მოსაცდელში გაჯეთით ხელში ელოდოთ, ერთად იარეთ) სპორტზე, ცეკვაზე, ხელოვნების წრეებზე, ერთად უსმინეთ მუსიკას (შეიძლება სახელიც კი არ იცოდეთ მუსიკის იმ ქვე-მიმდინარეობის, რასაც თქვენი შვილი უსმენს, თუმცა ამით გაიგებთ თქვენი შვილის სამყაროს), ერთად ითამაშეთ, იკითხეთ წიგნები. ასევე ჩართეთ თქვენი შვილების მეგობრებიც გარკვეულ ერთობლივ აქტივობებში. მე, მაგალითად, ჩემი შვილის მეგობრებთან ერთად წიგნის კითხვის წრე გავაკეთე - ჩემი შვილი და მისი მეგობრები სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს კითხულობენ და მე ყოველი ასეთი შეკრების შემდეგ რაღაცით ვაჯილდოებ მათ.
ერთად ხარისხიანად გატარებული დრო ნდობის მოპოვების საფუძველია და ამით ჩვენ, მშობლებს მეტი შესაძლებლობა გვაქვს გავიგოთ როგორია ჩვენი შვილების სამყარო და რა სურთ მათ. უფრო მეტიც, ამგვარი ურთიერთობისას, მოზარდს მშობლის მიმართ ნდობის და დახმარების მყარი "ზურგი" უჩნდება და თუკი იგი ოდესმე გახდება ონლაინ საფრთხეების მსხვერპლი, გაცილებით მეტი შანსია, რომ დამალვის ნაცვლად სწორედ მშობელს სთხოვოს დახმარება.
- რამდენიმე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას - ე.წ. "მშობლის კონტროლის" მექანიზმებს ვიყენებ, როგორებიცაა მაგალითად არაასაკობრივ რესურსებზე წვდომის დაბლოკვა, კონკრეტული აპლიკაციების და ზოგადად, გაჯეტების გამოყენების დროის შეზღუდვა, საღამოს საათებში ტექნოლოგიების გათიშვა და აშ. ამავდროულად ვცდილობთ, ონლაინ სივრცეში გატარებული დრო უფრო შემეცნებითი აქტივობებით იყოს დატვირთული, ითამაშოს ის თამაშები, რაც მის განვითარებას უწყობს ხელს.
თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ყველა კონტროლის მექანიზმისაგან თავის დაღწევის გზა მოიძებნება, განსაკუთრებით როდესაც ჩვენი შვილები ციფრულ სამყაროში ჩვენზე უკეთ არიან გათვითცნობიერებულნი. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ ბავშვებთან დიალოგი, ახსნა, მაგალითების დემონსტრირება, ონლაინ საფრთხეებისა და რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება არის ერთადერთი გზა, რომელიც გრძელვადიან შედეგს მოგვიტანს. სახლში ხშირად ვსაუბრობთ რა გამოწვევები არსებობს, ვუხსნი, მაგალითად, როგორ უნდა აწარმოონ ელექტრონულად მიმოწერა მეგობრებთან, ასევე ვუზიარებ ხოლმე კიბერ ჰიგიენის რჩევებს. მაგალითად, კიბერჰიგიენის ერთ-ერთი ტრენინგის დროს, რომელსაც მე და ჩემი კოლეგა ვატარებდით და ამ შეხვედრას ჩემი შვილიც ესწრებოდა, ტიკ-ტოკის გამოყენებასა და მონაცემების უკანონოდ ხელში ჩაგდების საკითხზე ვსაუბრობდით, შეხვედრის შემდეგ ჩემმა შვილმა თავისი ინიციატივით წაშალა ტიკ-ტოკის აპლიკაცია საკუთარი გაჯეტიდან. ასე რომ, ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ ჩვენი შვილების უნარს, თავად შეაფასონ გარემოებები და საკუთარი არჩევანით მიიღონ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილებები.
- გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა მრავალწლიან და ნაყოფიერ ურთიერთობას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს "გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობის" (UKGCP) სამწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული სტრატეგიის აღსრულებისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, მათ შორის კიბერინციდენტებისა და კიბერსაფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. პროგრამის განხორციელება ქვეყნისთვის სტრატეგიული დონის ამოცანაა და მისი წარმატებით იმპლემენტაცია ჩვენი კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.
თამარ იაკობაშვილი