"ოპერაცია გიორგიმ გამიკეთა და ჩვენი სიყვარულის ამბავიც იმ დღიდან დაიწყო... 8 შვილიდან 5 პატრიარქის ნათლული გვყავს" - ექიმისა და პაციენტის სიყვარულის ისტორია - მშობლები

"ოპერაცია გიორგიმ გამიკეთა და ჩვენი სიყვარულის ამბავიც იმ დღიდან დაიწყო... 8 შვილიდან 5 პატრიარქის ნათლული გვყავს" - ექიმისა და პაციენტის სიყვარულის ისტორია

2023-01-25 08:38:03+04:00

15 წლის დავითი, 13 წლის ანასტასია, 12 წლის ნიკოლოზი, 11 წლის ანდრია, 7 წლის ნატალია, 6 წლის ლუკა, 4 წლის ლაზარე და 2 წლის იოანე - გიორგი ჩაფიჩაძისა და თამარ ტყემალაძის ოჯახში იზრდებიან. მათგან 5 პატრიარქის ნათლულია. თამარი პედაგოგია, გიორგი - ექიმი. როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებდა, ბატონმა გიორგიმ შინ 7 შვილი ფეხმძიმე მეუღლესთან დატოვა და ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე დადგა. რა აძლევდა ძალას, როგორ უმკლავდებოდა მონატრებას? პასუხი მარტივია, - უფლის წყალობით.

როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, როგორ გახდა პაციენტი ექიმის მეუღლე და როგორია მრავალშვილიანობის მადლი - 8 ახალი სიცოცხლის დაბადების სიხარული? - ამის შესახებ თავად მოგვითხრობენ.

- სანამ დაოჯახდებოდით, ფიქრობდით, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?

- მაშინ 8 შვილზე არ ვფიქრობდი, მაგრამ 4 შვილის გაჩენას ნამდვილად ვაპირებდი, ვფიქრობდი, გოგოს და, ბიჭს კი ძმა ჰყოლოდა. თავად ერთი ძმა მყავს და სულ მინდოდა, და მყოლოდა, აქედან გამომდინარე არ მსურდა, ჩემს შვილებსაც იმავე განცდით ეცხოვრათ. მადლობა უფალს, რომ ჩემი სურვილი ორმაგად ამისრულა, 6 ბიჭისა და 2 გოგოს დედა ვარ.

გიორგი:

- მეც არ ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან, მხოლოდ ერთი და მყავს, მაგრამ ჩემი წინაპრებისთვის მრავალშვილიანობა უცხო არ ყოფილა. ბაბუაჩემი 12-შვილიანი ოჯახიდან იყო.

- როდესაც იოანეზე ფეხმძიმედ იყავით, პანდემია გახლდათ. ბატონი გიორგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენ გვერდით არ იყო, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე იდგა. იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. 7 თვის ორსულმა "კოვიდი" გადავიტანე, ჩემი მეუღლის კლინიკაში ვმკურნალობდი. ძალიან ცუდად ვიყავი. ორმაგად რთული პერიოდი გვქონდა: ჯერ ის, რომ ამ მდგომარეობაში მყოფს გვერდით მეუღლე არ მყავდა და ამას დამატებული - შიში. ოჯახიდან მხოლოდ მე და ჩემი დედამთილი დავინფიცირდით, ბავშვებს არ შეხვედრიათ. გიორგის თავადაც "კოვიდი" ჰქონდა, მაგრამ პაციენტები ამ მდგომარეობაში მყოფსაც წუთით არ მიუტოვებია.

გიორგი:

- შეუძლებელი იყო, სხვაგვარად მოვქცეულიყავი. თავად ძალიან რთულად არ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფილტვების ანთება მქონდა. მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვღელავდი. კლინიკაში თერაპიულ განყოფილებაში დავაწვინეთ და განყოფილების გამგე ძალიან დაგვეხმარა. მადლობა უფალს, ყველაფერი კარგად დასრულდა! განაგრძეთ კითხვა