„ჩემნაირმა კაცმა ჯობია, ცოლი საერთოდ არ მოიყვანოს,“ - დაბეჯითებით აცხადებდა მსახიობი ჯორჯ კლუნი პირველ ცოლთან, ტალია ბალსამთან განქორწინების შემდეგ და თითქმის 25 წელი ამ მოწოდების ერთგული იყო. საბედნიეროდ, ქორწინების უღელი მაინც არ ასცდა და 53 წლის ასაკში იურისტ ალამ ალამუდინს, რომელსაც დღეს 45 წელი შეუსრულდა, საკურთხევლისკენ გაუძღვა. დღეს წყვილი საყვარელ ტყუპს ზრდის, რომლებსაც იშვიათად აჩენენ საზოგადოების თვალწინ.
ტყუპი და-ძმა, ალექსანდრე და ელა, უკვე 6 წლისანი არიან. წყვილი საკუტარი ნებით არასდროს ასაჯაროვებს ბავშვების ფოტოებს, ყველა ფოტო, რაც გავრცელებულა, პაპარაცულია. ამის მიუხედავად, მსახიობი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს თავის შვილებზე.
ტყუპი 2 წლისაც არ იყო, როცა მამა ამაყად აცხადებდა, რომ ორივენი თავისუფლად საუბრობდნენ ორ ენაზე - ინგლისურსა და იტალიურზე.
მოგვიანებით, 2022 წელს, ჯორჯმა იხუმრა, რომ შვილებისთვის ორი ენის სწავლება „საშინელი შეცდომა“ იყო. ”ჩვენ მათ ვასწავლეთ იტალიური, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ იტალიურად. ასე რომ, "შევიარაღეთ" იმ ენით, რომლითაც ვინ იცის, ჩვენზე რას ამბობსნ”. მან ასევე თქვა, რომ ბავშვებმა ფრანგულიც ისწავლეს.
ტყუპის დაბადებისას ჯორჯ კლუნი 56-ის, ალამ ალამუდინი კი 42 წლის იყო. ალექსანდრემ რამდენიმე წუთით დაასწრო ალას ამქვეყნად მოვლინება, თუმცა ჯორჯმა მალევე აღნიშნა, ალა უფრო მტკიცე ხასიათის ბავშვი ჩანსო. სხვათა შორის, მისი ვარაუდი გამართლდა. სიდედრმა ბარია ალამუდინმაც დაადასტურა: "მთელს ოჯახში ალაა ყველაზე ძლიერიო".
"ერთი შვილის ყოლის აზრსაც ძლივს შევეგუე, ვფიქრობდი, რომ ბებერი ვიყავი საამისოდ, ტყუპი კი ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. 10 წუთი გაოგნებული ვუყურებდი დასკვნას, სადაც ეწერა, რომ ერთდროულად 2 შვილი გვეყოლებოდა" - ამბობდა კლუნი ერთ-ერთ ინტერვიუში. სხვათა შორის, კლუნი ხშირად ხუმრობს თავის ასაკზე. მან წლების წინ ელენ დეჯენერისის შოუში მაყურებელს უამბო, თუ როგორ სთხოვა ხელი ულამაზეს ადვოკატს. ინტერესი დიდი იყო, რადგან ყველამ იცოდა კლუნის სასიყვარულო ურთიერთობები უამრავ ქალთან, რომელთა შორის იყვნენ: კამერონ დიასი, რენე ზელვეგერი, კრისტა ალენი, ლინდა ტომპსონი, ელიზაბეტა კანალისი და სტეისი კეიბლერი, რომელთაგან ვერც ერთმა ვერ გააბა ის ცოლ-ქმრულ უღელში.
მიუხედავად იმისა, რომ კლუნი ყოველთვის სასურველი სასიძო იყო, ალამს მისთვის ცოლობაზე თანხმობა მაშინვე არ უთქვამს.როგორ კლუნმა ელენის შოუში აღიარა, ხელის თხოვნის პროცესი მისთვის "საშინელი მომენტი" იყო. "მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რომ ეთქვა "დიახ". უყურებდა ბეჭედს და მერე მიყურებდა, მთელი 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვუთხარი, იმედია, "ჰოს" მეტყვი, რადგან დიდხანსაც ვერ მოვიცდი, 52 წლის ვარ და ცალი ფეხი სამარეში მაქვსო" - იხსენებდა კლუნი, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების მთავარ მონაპოვრად სწორედ ოჯახს მიიჩნევს.
ცნობილია, რომ პატარა ალექსანდრეს ასთმის დიაგნოზი აქვს. ამიტომ კოვიდიზოლაციის პერიოდში ჯორჯ კლუნი ყოველდღე გენერალურ დალაგებას აწარმოებდა სახლში, რომ ბავშვს მტვრისგან პრობლემები არ შექმნოდა. მსახიობი ძალიან დიდ დროს ატარებს ოჯახთან და ამის გამო ბევრ პროექტზე უარსაც ამბობს.
”არსებობენ ადამიანები, რომელთა მიზანიც შვილების ყოლაა. ჩემი ნამდვილად არ იყო. არასოდეს მიფიქრია, რომ ცხოვრებას შვილების გარეშე აზრი არ ჰქონდა. ვფიქრობდი, რომ საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მქონდა. შემდეგ ამალი გავიცანი და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სინამდვილეში ცარიელი იყო. როცა წარმოვიდგენ წლებს ამ ორ ბავშვის გარეშე, ვხვდები, რა წარმოუდგენლად ცარიელი ყოფილა ჩემი არსებობა." - განაცხადა კლუნმა.