პოლ ნიუმენისა და ჯოან ვუდვორდის სიყვარულის ამბავი ჰოლივუდის ტრადიციული სასიყვარულო ურთიერთობებისგან ნამდვილად განსხვავდება, სადაც ვარსკვლავების უმეტესობის ბიოგრაფია მრავალი ხანმოკლე რომანით, სპონტანური ქორწინებით, გახმაურებული განქორწინების პროცესებითა და სხვა სკანდალური ეპიზოდითაა სავსე. ნიუმენისა და ვუდვორდის კავშირმა უამრავ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გაჭირვებას გაუძლო, 2008 წელს კი მათ ქორწინების ოქროს იუბილე აღნიშნეს. სამწუხაროდ, მალევე, რამდენიმე თვეში, ლეგენდარული მსახიობი სიმსივნით გარდაიცვალა და ამ დროს ქალი, რომელიც დაუსრულებლად უყვარდა, მის გვერდით იყო.
ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავები წარმატებული კარიერის გარიჟრაჟზე ერთ-ერთ სააგენტოში შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნული სააგენტო ახალგაზრდა შემსრულებლებსა და მსახიობებს პოპულარობის მიღწევაში ეხმარებოდა. საბედისწერო შეხვედრა 1953 წლის აგვისტოში შედგა. პოლი შესანიშნავად გამოიყურებოდა და ყველას ყურადღებას იქცევდა. ჯოანს კი თავდაპირველად მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
თუმცა, პირველი შეხვედრის ნეიტრალური ემოცია მალევე ურთიერთსიმპათიითა და ერთგული მეგობრობით შეიცვალა, რომელსაც მსახიობები რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ და ცდილობდნენ, საზოგადოების წინაშე რაიმე ზედმეტი არ გამოევლინათ, რომ პრესის გვერდებზე არ აღმოჩენილიყვნენ. პოლი 1949 წლიდან დაქორწინებული იყო, ჰყავდა შვილები და მეუღლესაც პატივს სცემდა, თუმცა ჯოანთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მსახიობები ცდილობდნენ, საკუთარი გრძნობები ხელისშემშლელი ფაქტორების გამო დაემალათ და ერთმანეთთან დრო ხშირად არ გაეტარებინათ. თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავები სააგენტოს დერეფანში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, პრემიერასა თუ ჩვენებაზე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, პოლი ცოლის ერთგულებას ამჯობინებდა, ჯოანს კი მაშინ საქმრო ჰყავდა და დანიშნული იყო. მაგრამ, მათ ცხოვრებაში საბედისწერო 1958 წელი დადგა...
The Long Hot Summer - ასე ერქვა ცნობილ ფილმს, რომელშიც მსახიობებმა ერთად ითამაშეს. ხუთწლიანი მეგობრობის შემდეგ იდეალური წყვილი საბოლოოდ გადასაღებ მოედანზე მაინც შეხვდა ერთმანეთს. სცენარის მიხედვით, მათ შეყვარებულების როლი უნდა ეთამაშათ. ეკრანიდან დაწყებული ვნება რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა და თავი ვეღარ შეიკავეს. ნიუმენი თავის მეუღლესთან მივიდა და სთხოვა, რომ ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორებოდნენ, თუმცა მას ქმრის გაშვება არ სურდა. ქმრის გამო ხომ მან სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, შვილები გააჩინა და მთელ დროს ოჯახს უძღვნიდა.
პოლ ნიუმენს კი ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა. 28 წლის ასაკში "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" მოგება შეძლო და გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის გამო უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ჯოან ვუდვორდიც პერსპექტიული მსახიობი იყო. მისი დებიუტი კინოში 1955 წელს შედგა. 1958 წელს კი "ოსკარი" საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ფილმისთვის "ევას სამი სახე" მიიღო.
პოლმა და მისმა მეუღლემ განქორწინება ძალიან მძიმედ გადაიტანეს. ჯოანს მაინც ეშინოდა. მას არ სურდა, რომ პოლის ოჯახის დანგრევის მიზეზი გამხდარიყო და დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ გრძნობებს მალავდა. მაგრამ 1958 წლის 29 იანვარს წყვილი მაინც დაქორწინდა და ამ დღიდან ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მყარი ოჯახის ამბავი დაიწყო, რომელიც ნახევარი საუკუნე გაგრძელდა.
პოლ ნიუმენი, როგორც კი საყვარელი ქალისაგან თანხმობა მიიღო, ყველა თაყვანისმცემელს დაემშვიდობა და მთელი ცხოვრება ჯოანს მიუძღვნა. პოლსა და ჯოანს სამი შვილი შეეძინათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსახიობმა კარიერაში შესვენება აიღო. პოლი კი მხოლოდ ისეთ გადაღებებს თანხმდებოდა, რომლებიც მის სახლთან ახლოს იყო, რადგანაც სურდა, რაც შეიძლება მეტი დრო ცოლ-შვილთან გაეტარებინა.
ჯოანს არც ისე წარმატებული კარიერა ჰქონდა. დროთა განმავლობაში იმდენად ჩამოშორდა მსახიობობას, რომ მაყურებელს აღარც ახსოვდა. შემდეგ პოლმა რეჟისურის შესწავლა დაიწყო და ცოლი საკუთარ ფილმებში გადაიღო. ჯოანი პროფესიაში დაბრუნებით წარმოუდგენლად გაბედნიერდა.
რა თქმა უნდა, არც მათი ოჯახი ყოფილა ჩხუბისა და კამათისაგან დაზღვეული. 1978 წელს ნიუმენის ერთადერთი ვაჟი (პირველი ქორწინებიდან), სკოტი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო გარდაიცვალა. პოლი დეპრესიაში ჩავარდა და მომხდარში საკუთარ თავსა და ჯოანს ადანაშაულებდა. ის ხომ მის გამო პირველ ცოლს გაშორდა და შვილს ყურადღებას ვეღარ აქცევდა. თუმცა, ჯოანს საკმარისი ძალა და მოთმინება აღმოაჩნდა, რომ მეუღლის მძიმე პერიოდი გადაეტანა და ოჯახი გადაერჩინა. მათ საკუთარი გრძნობები იმ დღემდე შეინარჩუნეს, ვიდრე ერთმანეთს სიკვდილმა არ დააშორა - 2008 წელს პოლი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.