ქართველი, ზუგდიდში დაბადებული ბაია ურიდია ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს... თავის ბობოქარი ცხოვრების შესახებ ხელოვანი ამერიკიდან ვრცლად გვესაუბრა:
- ცალსახად, ერთი სიტყვით განსაზღვრება, თუ როგორ მახსენდება ბავშვობა, ჩემ შემთხვევაში, იმთავითვე შეუძლებელია... დაბადებისთანავე ვიზრდებოდი ბებიასა და ბაბუას მზრუნველობის ქვეშ, დედაჩემი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მე გავჩნდი. მამა არ მახსოვს, იმდენად პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა.
დავიბადე და ვიზრდებოდი ზუგდიდში, სადაც მეტისმეტად არ ჰქონდათ მიმღებლობა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის, ვგულისხმობ პიროვნულ თავისუფლებასა და საკუთარი თავის გულწრფელ გამოხატვას. მე გამიმართლა ჩემ აღმზრდელ ადამიანებში, ბებიასა და ბაბუაში, რომლებიც მუდმივად ზრუნავდნენ, ცოდნას მიმეღო და შემეცნების პროცესში ვყოფილიყავი. მე გულწრფელობამ გადამარჩინა ცხოვრების ყველა ეტაპზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა მაძაგებდნენ იმის გამო, რომ როკსა და მეტალს ვუსმენდი, იმის გამო, რომ საკუთარი აზრი, შეხედულება (რომელიც არ იყო გაბატონებული იდეებისა თუ მოსაზრებების ბორკილებში) გამაჩნდა ყველაფრის მიმართ და ამას თავისუფლად ვაჟღერებდი. მშობლები ჩემთან მეგობრობასაც კი უკრძალავდნენ შვილებს. გარდატეხის ასაკში ვებრძოდი უდიდეს ტრავმებს და მენტალურ პრობლემებს, უამრავი დღე თუ ღამე გამიტარებია ტირილში, თუმცა არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია საკუთარი რაობის გამოვლენა, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, უმცირესობების მხარდაჭერა.
- სამი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, სწორედ ამ ასაკში დავიწყე ხატვა. ვხატავდი დედასა და მამას, ერთად. მუყაოს ქაღალდზე ავსახავდი იმ სცენებს, რომლებზედაც, თითქოს იმთავითვე, გაუაზრებლად ვიცოდი, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ეზოიან სახლში ვცხოვრობდი, სადაც ეზოს უკანა ნაწილში, ბეტონისა და ხის, ძველი, შიშველი ხელებით ნაგები ერთოთახიანი ქოხის მსგავსი კონსტრუქცია იდგა. შუქი მხოლოდ წვრილ სვეტებად ეშვებოდა, ზოგან ლაქებადაც კი. ეს აღმაფრთოვანებდა, თუმცა ამ შეგრძნების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ნამდვილად არ ვიცოდი, პატარა ვიყავი. მიყვარდა ეს ადგილი, მისტიკური და ესთეტიკური იყო ჩემთვის. ერთ დღესაც, აქ ვიპოვე ძველთაძველი სამედიცინო ნივთები, განსაკუთრებით მოვიხიბლე ლაბორატორიული ჭურჭლებით - კოლბებით. გავიქეცი, მოვიტანე ჩემი ფლომასტერები, ამოვაცალე ე.წ. "გული" თითოეულს, მოვათავსე კოლბებში, ჩავასხი წყალი და ვუცდიდი პროცესს. ვხედავდი, რომ წყალი ფერს იცვლიდა, და ვგრძნობდი, თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი ამ ესთეტიკური პროცესით. დაახლოებით 6-7 წლისა ვიყავი.
რაც შეეხება ლიტერატურას, ბებია ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა, სადაც ძალიან პატარა ასაკიდანვე მიყვარდა სტუმრობა. განსაკუთრებით მომწონდა წიგნების ლაბირინთებში ხეტიალი - ბნელი ოთახები იყო, სადაც მხოლოდ და მხოლოდ წიგნები ცოცხლობდნენ. ბებიამ იმდენი მოახერხა, რომ 3 წლისამ ვიცოდი ანბანი, ხოლო 4 წლის ასაკში შემეძლო წერა და კითხვა. ბაბუა... მინდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი, რაც კი სიკეთესა და წარმატებასთან ასოცირდება, მას მივუძღვნა. ის ყოველთვის ჩემი განსაკუთრებული გულშემატკივარი იყო. ჩემი ოჯახი ცნობილია ზუგდიდში, შესაბამისად, ძალიან ბევრი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მე ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის შვილიშვილი, "ასეთი გამოვდექი..." განაგრძეთ კითხვა