მოგესალმებით. მე ანა ვარ, ახალგაზრდა დედა ბავშვობის ტრამვებით, რომლებიც დღემდე არ მაძლევენ მოსვენების საშუალებას.
7 წლის ვიყავი, როდესაც მამა საზღვარგარეთიდან დაბრუნდა.
მანამდე ის ჩემი და ჩემი და-ძმების მეხსიერებაში არ არსებობდა.
მე, ნაბოლარა, დავიბადე და წავიდა.
მე და ჩემი და-ძმა ვიცნობდით უცხო მამაკაცს ფოტოებიდან.
დედა გვპირდებოდა, რომ მალე დაბრუნდებოდა.
ხშირად მინახავს ფოტოებით ხელში ატირებული დედაჩემი, ჩუმად ვუთვალთვალებდი და სულ მიკვირდა, რატომ დასტიროდა ამ უცხო კაცს, რომელსაც სახელად „მამა“ ერქვა.
მახსოვს იმ გაზაფხულს, მარტში უკან დაგვიბრუნდა სუსხიანი ზამთარი.
ზამთარი მეჯავრებოდა, რადგან სკოლამდე მისასვლელ საკმაოდ შორ გზაზე, დახეულ ფეხსაცმელში თოვლჭყაპი ატანდა, თხელ ქურთუკში, რომელიც ალბათ 2 ზომით დიდი მქონდა, სულ მციოდა.
გათოშილი და გაყინული ძლივს მივლასლასებდი ხოლმე გაკვეთილზე.
მარტის ასეთ „დასაზარებელ“ დილას ჩვეულზე უფრო ადრე გამაღვიძა ჩემმა უფროსმა დამ: „დღეს სკოლაში არ მივდივართ, მამა ჩამოვიდა!“-მახარა გაბადრული სახით,- აი, ის კაცი ფოტოებიდან!
იმ დღეს სკოლაში არ წავედით. იმდენი ტკბილეულობა ერთად მარტო მაღაზიის დახლებზე მქონდა აქამდე ნანახი. გვიხაროდა კანფეტები და „უცხო კაცი“ ფოტოებიდან. დედაჩემიც ბედნიერი ჩანდა.
ჩემს ბავშვურ გონებას ეს დღე შემორჩა მხოლოდ ბედნიერად, რაც ჩემს ცხოვრებაში მამას უკავშირდება.
არ მახსოვს ჩამოსვლიდან რამდენ ხანში, მაგრამ ამ „უცხო კაცმა ფოტოებიდან“ ჩვენს სახლში უბედურება შემოიტანა.
გაუთავებელი ჩხუბი, ცემა შეურაცხყოფა, სმა, ისევ ჩხუბი, ცემა...
ჩემს პატარა ძმას სახეში იმიტომ გაარტყა, რომ გამართულად ვერ თქვა ლექსიდან ფრაზა: „თმახუჭუჭა“.
დედაჩემს იმიტომ ურტყამდა, რომ 7 წელი უჩემოდ რას აკეთებდი, თქვი, ხომ არ მღალატობდიო.
მე სახეში იმიტომ გამარტყა, რომ ქვეშ მიწერით გამოკლება ვერ შევძელი...
ძალიან ბევრი „იმიტომ“, იყო რის გამოც ძალადობდა ჩვენზე „უცხო კაცი ფოტოებიდან", რომელსაც სახელად ერქვა „მამა“.
წლები გადიოდა და არაფერი იცვლებოდა ჩვენს გარშემო, საღამოს რომ ბრუნდებოდა მამაჩემი, შორიდან ვუთვალთვალებდი, ნასვამი ხომ არ იყო, თუ რამეს შევატყობდი, სასწრაფოდ დასაძინებლად გავრბოდი და თავს ვიმძინარებდი, რომ რამე შარი არ მოედო და ხელში არ მოვყოლილიყავი.
დედაჩემი კი თავის დალურჯებებს ხან რას აბრალებდა ხან - რას, სულ იმას გვიმეორებდა: „თქვენი გულისთვის არ ვანგრევ ოჯახსო, გოგოებს მაინც „მამა“ სჭირდებათო“. არადა, ვინ გვეკითხებოდა თორემ, სულაც არ გვჭირდებოდა არაფერში.
მერე გავიზარდეთ, მამაჩემმა სმას მოუკლო და თითქოს ყველაფერი დალაგდა. მისი ეს ქცევები „ჯადოს“ გადაბრალდა, ასე გვითხრა დედამ... შესაძლოა, თვითონაც მართლა ასე სჯეროდა.
წლები გავიდა, ჩვენ ჩვენი ოჯახები გვაქვს, მე 3 შვილი მყავს.
ჩემს შვილებს გაუმართლათ, ჰყავთ იდიალური, ნამდვილი მამა, მოსიყვარულე და მზრუნველი.
მე კი ჩემი ბავშვობის კომპლექსები დღემდე მომყვება.
ოჯახურ შეკრებებზე თუ მამაჩემიც მოდის, დაძაბული ვარ, ვინმეს რამე არ აკადროს უხეშად, არ მომაყენოს შეურაცხყოფა სხვისი თანდასწრებით, არ დალიოს და არ აშარდეს.
დედაჩემის და მამაჩემის სახლში არ ვუშვებ ჩემს შვილებს და ძალიან იშვიათად მივდივარ მეც.
არ მინდა, რომ ბავშვებმა მოისმინონ ბილწსიტყვაობა, ჩხუბი, უსიამოვნება.
ამდენი წელი გავიდა, მაგრამ მამაჩემს ჩემი და ჩემი დაძმების ბავშვობის მოპარვას ვერასდროს ვაპატიებ.
ანა 35 წლის