დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება:
"არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არც ერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. უბრალოდ გიხსნით. ხაზები სადაცაა რუკაზე, მაგალითად იასამნისფერი ხაზი, არის არაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა. სწორედ ეს რღვევა გააქტიურდა. წრეები სადაცაა, ისაა მიწისძვრები, რომელიც ახლა ხდება და ხედავთ, რომ ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს. ამას ჰქვია მარას სამმაგი შეერთება. მკვდარი ზღვის რღვევის გამო. ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ, სტამბოლში გავრცელდებაო. არ არის ასე", - წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს:
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით თურქეთის ქალაქ გაზიანთეფთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.