ნინუსი ტურავა ფიტნესის პერსონალური მწვრთნელი გახლავთ, რომელიც ფართო საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაიცნო. აღმოჩნდა, რომ მომხიბვლელ ნინუსის ცხოვრების მარტივი გზა არ გაუვლია. 9 წლის გოგონას დედა სირთულეების დაძლევას ახლაც დამოუკიდებლად ცდილობს...
- რეალითი შოუს დამთავრების შემდეგ, ვარჯიშები არ განმიახლებია: დასვენებისთვის ცოტა მეტი დრო მჭირდებოდა, თან საქმეები მქონდა... ვარჯიშების განახლებას თვის ბოლოდან ვაპირებ.
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. სტუდენტობისას ცოტა ხანს პრესაში ვმუშაობდი, შემდეგ გავთხოვდი, შვილი შემეძინა... არსად ვმუშაობდი. ცოტათი დეპრესიული პერიოდი მქონდა და ვარჯიშის დაწყება გადავწყვიტე. ჩემმა მწვრთნელმა შენიშნა, რომ პოტენციალი მქონდა, მეც ვყოფილიყავი პერსონალური მწვრთნელი. ამიტომ ყველანაირად გვერდში დამიდგა. დიდხანს ვისწავლე, გავიარე კურსები... სერტიფიკატი ავიღე და პერსონალური მწვრთნელი გავხდი.
- მაშინ 22 წლის ვიყავი. დაოჯახებაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. ჩემს მეუღლეს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. დაოჯახებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, ბიზნესში პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. იმ დროს დაახლოებით 3 თვის ორსული ვიყავი. სანამ პრობლემებს არ მოაგვარებდა, საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა, თუმცა ის ადამიანი ჩემთვის საყრდენი იყო: მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვცხოვრობდით, ერთადერთი იყო, ვინც ყველანაირად მეხმარებოდა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. ჩემი შვილი 3 წლის იქნებოდა, როცა ყოფილ მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა (ოფიციალურად განქორწინებულები არ ვიყავით, მაგრამ "ყოფილს" იმიტომ ვუწოდებ, რომ ცალ-ცალკე ცხოვრებისთვის 3 წელი ცოტა არ არის), ღვიძლი გადაინერგა, რამდენიმე თვის შემდეგ კი დაიღუპა... მეც დიდი პრობლემები დამეწყო, რადგან არ ვმუშაობდი. ბავშვი პატარა გახლდათ, ქირით ვცხოვრობდით. ყველაფერი "ამოყირავდა"... მას მერე, რამდენიმე წლის განმავლობაში, წელებზე ფეხს ვიდგამდი: ვმუშაობდი, თუკი სადმე შეიძლებოდა მემუშავა, მაგალითად - ბარში სალარო მებარა. ზაფხულში, 1-2-ჯერ ანტალიაში ანიმატორად სამუშაოდაც წავედი... ბევრი პრობლემა რომ მქონდა, ვარჯიშის დაწყება ზუსტად იმ დროს გადავწყვიტე. ნელ-ნელა "დავლაგდი", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემებისგან სრულიად გავთავისუფლდი. ეს ასეთი მარტივი არ არის, მაგრამ მადლობა ღმერთს, უდიდესი გასაჭირის შემდეგ, უცებ რაღაც სასწაული გამოჩნდებოდა, გამოანათებდა ხოლმე. დღემდე ასე ხდება.
- ემი ახლახან 9 წლის გახდა. ძალიან საყვარელი, კარგი და ნიჭიერი ბავშვია, მაგრად ხატავს. ხატვა და დიზაინი აინტერესებს. 9 წლის კვალობაზე, ისე კარგად ჭრის და კერავს, რომ ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და წარმატებას მიაღწევს. ყველანაირად გვერდით დავუდგები, ხელს შევუწყობ.
- ამაში უდიდესი წვლილი დედაჩემს მიუძღვის. შეიძლება მის გარეშე ამდენი რამე ვერ გამეკეთებინა, რადგან როცა პატარა გყავს, ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვის სანდო დამტოვებელი გყავდეს და სამსახურში მთელი დღე მშვიდად იყო. დედა ყოველთვის ჩემ გვერდითაა, დაუღალავად. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო არაა - ასაკიანია, დღემდე მაქსიმალურად ყველაფერში მიწყობს ხელს. მაგალითად, რეალითი შოუში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩემი ბევრი მეგობრის მშობელს გართულება ჰქონდა, დედაჩემისგან მსგავსი არასდროს არაფერი მიგრძნია.