რატომ არის პოპულარული ვიტამინებისა და მინერალების "გადასხმა" და რა რისკები არსებობს? - ზაზა თელია აქტუალურ თემაზე - მშობლები

რატომ არის პოპულარული ვიტამინებისა და მინერალების "გადასხმა" და რა რისკები არსებობს? - ზაზა თელია აქტუალურ თემაზე

2023-02-20 11:44:08+04:00

დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია ინტრავენური კვების თემას ეხმაურება:

ინტრავენური კვება (Intravenous Nutrition - IV) - ეფექტურობა და რისკები

მოსახლეობაში ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა "ინტრავენური კვება" ე.წ. ვენაში გადასხმა, რა დროსაც გამოიყენება სხვადასხვა პოლივიტამინით, მინერალებით, მიკროელემენტებით მდიდარი ხსნარები, რომლებიც პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში ხვდება, იმის მიუხედავად, რომ დღეისათვის მათი სარგებლის და უსაფრთხოების სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

ასევე ბოლო პერიოდია სპორტსმენებს და გუნდებს შორის ხშირია IV კვების გამოყენება პრაქტიკულად ყოველკვირეულად, როგორც პრე- და პოსტ-თამაშის რუტინა. ე.წ “drip bars” და სხვა IV კვების სერვისები მრავლადაა ინტერნეტში, ისინი ირწმუნებიან (claims), რომ შეუძლიათ: იმუნიტეტის, ჯანმრთელობის და "პერფორმანსის" ბუსტირება, ჰიდრატაციის ხელშეწყობა, აღდგენის დაჩქარება.

ამ ყველაფრისთვის კი იყენებენ:

B ჯგუფის ვიტამინებს, ამინო მჟავებს, გლუთათიონს, C ვიტამინს და ელექტროლიტებს - რასაც პოტენციურად აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინების და ელექტროლიტების ორგანიზმში ნორმაზე მეტად, მომატების პოტენციური შედეგი (მაგალითად, ჰიპერვიტამინოზი).

ტრადიციულად IV nutrition როგორც ინტერვენცია გამოიყენება ჯანმრთელობის სერიოზული კლინიკური მდგომარეობების დროს, როგორებიცაა - ანემია, მიკროელემენტების დეფიციტის სიმპტომების დროს, ან რთული და მძიმე დეჰიდრატაციული მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც პერორალურად სითხეების მიღება ვერ ხერხდება.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ IV კვება ეფექტურია - დაღლილობის, იმუნური სისტემის გაუმჯობესების, აღდგენის თუ პერფორმანსის გაუმჯობესების მიზნით დღეისათვის არ არსებობს.

რა რისკები არსებობს?

  1. IV კვებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას. კერძოდ: ღვიძლ-ნაწლავის ინტეგრაციული კავშირის (gut-liver axis) გვერდის ავლით შეუძლებელი ხდება ღვიძლის მიერ ტოქსინების მოშორება, რითაც ისინი პოტენციურად ხვდებიან პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში. ასევე ნაწლავის მიკრობიომის (gut microbiota) მოქმედების მექანიზმი პოტენციურად ირღვევა - მისი გამართული მუშაობა კრიტიკულ როლს თამაშობს ორგანიზმში მრავალი დაავადებების განვითარების პრევენციის კუთხით, მათ შორის - სხვადასხვა იმუნური დაავადების განვითარების.
  2. IV კვებით მატულობს ინიექციის ადგილზე ინფექციის განვითარების, ასევე სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი.
  3. B6 ვიტამინის ძალიან მაღალი დონე ორგანიზმში ასოცირებულია პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებასთან.
  4. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად იტარებენ ინტრავენურად რკინის გადასხმას, ეზრდებათ ღვიძლის დაზიანების რისკი.
  5. ასევე უცნობია B ვიტამინების და სხვა მიკროელემენტების სუპრათერაპიული დოზების გრძელვადიანი (long-term) ეფექტი ორგანიზმზე.