სკოლებში ბულინგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს დიდი პრობლემაა და მის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია. საკითხზე განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციაც აქტიურად იწყებს მუშაობას და აპირებს როგორც სკოლის ადმინისტრაციასთან, ასევე პედაგოგებთან, მშობლებთან შეხვედრებსა და პრობლემის განხილვას. ასოციაციის თავმჯდომარედ ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნატა ასათიანი აირჩიეს. იგი სკოლებში ბულინგის პრობლემაზე, ასოციაციის მუშაობის როლზე გვესაუბრება და კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ მიიჩნევა ბულინგი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად:
- მაშინ, როცა სკოლაში ბულინგის შემთხვევები ფიქსირდება და მოსწავლეებისათვის გარემო არაკეთილსაიმედოა, ყველა მცდელობა, გაუმჯობესდეს სწავლა-სწავლების ხარისხი თუ აკადემიური მოსწრება, უშედეგოდ სრულდება.
უნდა ვთქვათ, რომ მთელ მსოფლიოში განათლების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად სწორედ ბულინგი სახელდება და ვფიქრობ, ჩვენც - სახელმწიფომ, განათლების სამინისტრომ, სკოლის თემმა, მკვლევრებმა, მშობლებმა, ბულინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, საკუთარი როლი უნდა გავაცნობიეროთ და კოორდინირებულად ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ბულინგის ფსიქოლოგიური მექანიზმი მეკვლია და გამერკვია, რა უბიძგებს მოსწავლეებს, ჩაერთონ ბულინგის ქცევაში და რაც მთავარია, როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია...
- ბულინგი აგრესიული ქცევაა, რომელიც ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ნივთების ხელყოფასა თუ სხვა ქმედებაში გამოიხატება. მაგრამ, ყველა აგრესიული ქცევისგან განსხვავებით, ბულინგს განმეორებითი ხასიათი აქვს. ამ განმარტების გააზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, ალბათ, ხშირად გაგვიგონია მსგავსი ფრაზები: "ბავშვები არიან, თავად გაერკვევიან", "ბავშვები არიან, ვის არ მოსვლია უთანხმოება" - ცხადია, მოგვდიოდა უთანხმოება, თავის დაცვაც გვიწევდა, მაგრამ, როცა ბულინგთან გვაქვს საქმე, მისი განმეორებითი და სისტემატური ბუნება კარგად გააზრებული უნდა გვქონდეს. ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს უფლებას ვეღარ მივცემთ, ვთქვათ, რომ "ბავშვები თავად გაერკვევიან." თავად ვერ გაერკვევიან, ამიტომ მოზარდები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
სწორედ ამიტომ, როგორც აღვნიშნე, პირველი, რაც ბულინგთან მიმართებაში უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ განმეორებითი ხასიათიდან გამომდინარე, ბავშვები თავად ვერ გაერკვევიან, ბავშვებს დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ.
აქვე კიდევ ერთი დეტალი: ბავშვებსა და მოზარდებს მრავლობით ფორმაში ვახსენებ და კიდევ ერთი თავისებურება, რაც ტერმინის დონეზე უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ ბულინგის ქცევა ყოველთვის ჯგუფური ხასიათისაა - მასში თითქმის არასდროს მონაწილეობს მხოლოდ მსხვერპლი და მოძალადე - ბულინგის დროს ჩვენ გვყავს სახეზე ე.წ. ბაისთენდერები, აუთსაიდერები - გარეშე პირები, რომლებიც ამ ქცევის პროვოცირებაზე უმოქმედობით, განზე დგომითაც კი ახდენენ გავლენას... სწორედ ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პრევენციაზე, ან თუნდაც რეაბილიტაცია თერაპიაზე, უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ მსხვერპლსა და მოძალადეზე, არამედ დანარჩენ მონაწილე პირებზეც, რომლებიც ამ ქცევაში არიან ჩართულნი.
სწორედ ამ მასშტაბის გააზრება ცხადად გვიჩვენებს, რომ როცა სკოლაში ბულინგია, ეს მხოლოდ ორ ან სამ მოზარდს კი არა, არამედ მთლიანად კლასს აზარალებს და სკოლაში ერთიან გარემოს არღვევს. ამიტომაა აუცილებელი, რომ ჩვენ, ყველამ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავაცნობიეროთ და ამ დიდ სენს ერთად ვებრძოლოთ.
- ყველა აქამდე ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, იმისთვის, რომ ბულინგის ქცევა განხორციელდეს, აგრესია, პოტენციური მსხვერპლი და შესაბამისი გარემო, სადაც პოტენციური მოძალადე პოტენციურ მსხვერპლს მიაგნებს, უნდა არსებობდეს. ეს არის ის სამეული, რისგანაც ბულინგის ქცევა შედგება. ამ კომპონენტების გააზრებამ გვაჩვენა, რომ ეს ქცევა, უფრო ზუსტად კი ამ ქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმი, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის, დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიით საინტერესოდ აიხსნებოდა. განწყობის ფსიქოლოგია გვეუბნება, იმისთვის, რომ ქცევა განხორციელდეს, აუცილებელია სახეზე მოთხოვნილება, ამ მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ობიექტი და ინსტრუმენტული შესაძლებლობა იყოს. ბულინგის ტერმინებში განწყობის თეორიის ტერმინები რომ გადავიტანოთ, ასე ჩამოყალიბდება: პიროვნული აგრესია უზნაძისეული მოთხოვნილებაა, მსხვერპლი - ამ მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ობიექტი და შესაბამისი გარემო - ინსტრუმენტული შესაძლებლობები...
ანუ, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ბულინგის ქცევა განხორციელდეს, უნდა არსებობდეს აგრესია (ანუ მოთხოვნილება), უნდა არსებობდეს გარემოში პოტენციური მსხვერპლი (ანუ ამ მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ობიექტი) და შესაბამისი გარემო, ანუ ის ინსტრუმენტული შესაძლებლობები, რაც ამ მოთხოვნილების რეალიზების საშუალებას მოგვცემს... შესაბამისად, გამოდის, რომ გარემო წამყვანი მნიშვნელობისაა.
სწორედ ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით, ჩამოვაყალიბეთ ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ვთქვით, რომ თუ გარემოა კეთილსაიმედო, თუ მოზარდი უსაფრთხოდ, დაცულად და თანასწორად გრძნობს გარემოში თავს, იმ გარემოში ბულინგის განხორციელების ნაკლები ალბათობაა. შედეგებმა ჩვენი მთავარი ჰიპოთეზა დაადასტურა.
მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით 1500 მოსწავლე გამოვკითხეთ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გოგონებმა, ასევე ბიჭებმა. აღმოჩნდა რომ, იმ სკოლებში, სადაც წახალისებული იყო მეგობრობა, მოსწავლეებს უხაროდათ კლასში შესვლა, სადაც ჩხუბი ყოველთვის გაკვირვებას იწვევდა და დირექტორთან დაბარება არ ნიშნავდა მოსწავლეების დასჯას, ბავშვები თანასწორობასა და კეთილდღეობას გრძნობდნენ, აგრესიის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად (რადგან აგრესია ცალკე ცვლადი იყო და ცალკე კითხვარით გავზომეთ), ასეთ სკოლებში მოსწავლეების ვიქტიმურობის დაბალი მაჩვენებელი - ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ძალიან დაბალი იყო ბულინგის შემთხვევები...
ხოლო იმ სკოლებში, სადაც მოზარდები საფრთხეს გრძნობდნენ, იმგვარი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მახასიათებლები უვითარდებოდათ, რაც ბულინგისთვის მათ მოწყვლადს ხდიდა და შესაბამისად, ბულინგის შემთხვევები ასეთ სკოლებში ხშირი იყო.
ამ კვლევამ ცხადად დაგვანახა, რომ გარემოს (მიუხედავად მაღალი აგრესიის დონისა) შეუძლია, მოზარდების ქცევასა და ბულინგის შემთხვევების შემცირებაზე დიდი გავლენა მოახდინოს.
- მოლაპარაკე, მხიარული ბავშვის უეცარი გარდასახვა მოღუშულ, სიტყვაძუნწ მოზარდად, როცა სკოლის უმიზეზო გაცდენა სურს, ღამის კოშმარები აწუხებს, ფიზიკური თუ ემოციური გადაღლა, უჩვეულო აგრესიის გამოვლენა ოჯახის წევრებისადმი, ქცევაში რადიკალური ცვლილება თუ სხვა ნიშნების გამოვლენა ახასიათებს, შესაძლოა სწორედ აღნიშნულ პრობლემაზე მიგვითითებდეს.
ასევე, სახეზეა მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები. ესენია: შფოთვა, გაღიზიანება, აღგზნებადობა, დეპრესიის ნიშნები.
სომატური სიმპტომები: მშრალი ყელი, უმადობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ტკივილი მუცლის არეში, სხეულში მტვრევის შეგრძნება - კუნთებისა და ძვლების ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და სხვა.
- მრავალი კვლევა გვეუბნება, რომ მოზარდი შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი მაშინ გახდეს, როცა ის დანარჩენებისგან რაიმე ნიშნით განსხვავდება - ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, პიროვნული თუ სოციალური თვალსაზრისით: მაგალითად, განსხვავდება წონის თვალსაზრისით, თმის ფერის თვალსაზრისით და სხვა... ასევე, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობით, ეთნიკური წარმომავლობით, აკადემიური მოსწრებით, ემოციების მართვის კუთხით - სპექტრი მრავალეროვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უფროსებმა უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ ბულინგის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი განსხვავებულობის აღქმას. სწორედ ამიტომ, თუ ჩვენ მოზარდებს განსხვავებულის მიმღებლობის განცდას გავუღვივებთ, თუ ჩვენ ისე გავზრდით თაობებს, რომ გაცნობიერებული ექნებათ, განსხვავებულობა ადამიანების მთავარი ხიბლია და მრავალფეროვნება, მათ შორის, თუნდაც ეთნიკური, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, ასეთ შემთხვევაში ბულინგის შემთხვევებს მნიშვნელოვნად შევამცირებთ.
- მკლევრები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტორებზე, რომლებიც მოზარდს ბულერად ჩამოყალიბებაში ხელს უწყობს, ესენია: ა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი (სხვებზე დომინანტობის და მათი კონტროლის სურვილი); ბ. სოციალური პრესტიჟის მოპოვება (სკოლის საბაზო საფეხურზე ბულერები პოპულარობით სარგებლობენ. ეს პოპულარობა კი ზოგჯერ საშუალო საფეხურზეც გადაჰყვებათ ხოლმე); გ. გარემო ფაქტორები და ოჯახური პირობები (მშობლებთან და მშობლებს შორის კონფლიქტი, სითბოსა და ემოციური მიჯაჭვულობის ნაკლებობა მშობლებთან).
- არსებობს კვლევები, რომლებშიც დამკვირვებლების ქცევა გენდერულ ჭრილშია განხილული. გამოიკვეთა, რომ ძალადობის შემსწრე მოზარდებიდან გოგონები უფრო ხშირად აპროტესტებენ მსხვერპლის ჩაგვრას, ვიდრე - ბიჭები. კვლევების თანახმად, ბიჭები უფრო ხშირად არიან ჩართულნი ბულინგის შემთხვევებში, ვიდრე გოგონები, თუმცა ბიჭებისთვის მეტადაა დამახასიათებელი ფიზიკურ ბულინგში მონაწილეობა, გოგონებისთვის კი - ვერბალურში. მკვლევარი ანიტა ვულფორკი ასევე აღნიშნავს, რომ ბიჭები უფრო ხშირად მიმართავენ ღია აგრესიას, ვიდრე გოგონები. გოგონებს კი უფრო მეტად ახასიათებთ აგრესია საზოგადოებრივ ურთიერთობებში.
- რადგან ბულინგის შემთხვევები უმეტესად ისეთ სივრცეში გვხვდება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან და დღის დიდ ნაწილს ატარებენ, პირველ რიგში, მაინც სკოლა უნდა გავიხილოთ. ამიტომ სკოლების ადმინისტრაციებს ამ შემთხვევაში დიდი როლი აქვს და საუკეთესო პრაქტიკაც იქ უნდა ვეძიოთ.
ორი მიმართულებითაა სამუშაო:
- განათლების ფსიქოლოგიის ასოციაცია ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომელიც განათლების ფსიქოლოგებსა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს. ახლახან დამფუძნებლებმა ასოციაციის დირექტორად ამირჩიეს და ერთ-ერთი პირველი, რასაც ასოციაციის ეგიდით ვგეგმავთ, სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, შეხვედრების ორგანიზება თუ კონსულტაციებია, როგორც სკოლის ადმინისტრაციებთან, ისე პედაგოგებთან და მშობლებთან, სადაც საუბარი სხვა საკითხებთან ერთად, ბულინგის პრევენციასა და აღმოფხვრაზეც იქნება.
თუმცა, კიდევ ერთხელ - ამ საკითხს წერტილოვნად და სეგმენტურად ვერ მივხედავთ. ბულინგთან ბრძოლამ როგორც დარგის სპეციალისტები, ისე მედია უნდა გააერთიანოს. მედიის როლი უდიდესია. ასევე, უნდა გააერთიანოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, პედაგოგები, მშობლები, აკადემიური წრეები და ერთად ვებრძოლოთ ბულინგს - აუცილებლად უნდა გალღვეს ყინული. მნიშვნელოვანია, ყველა ვჯერდებოდეთ იმაზე, რომ ბულინგი ცუდია და დიდი ვაჟა-ფშაველას სიტყვები ყველას გვქონდეს გააზრებული - "ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე." იქნებ, შევძლოთ, ერთად ვუთხრათ ბულინგს არა და ჩვენს მომავალ თაობაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. განათლების ფსიქოლოგთა ასოციაცია იწყებს ბევრ კარგ საქმეს და მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
არ არის დიდი ხანი, რაც განათლების ფსიქოლოგთა ასოციაცია არსებობს და სწორედ ახლა ვიკრებთ ძალას. ჩვენს ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ თსუ-ს პროფესორები და სტუდენტებია ის ძირითადი ბირთვი, ვინც ის დააფუძნა და მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო კომპანიებთან, რადგან ასეთ დროს კოორდინირებული მუშაობა უმთავრესია.
- კიბერბულინგი კიდევ უფრო მწვავე და რთული პრობლემაა, რადგან კიბერ სივრცე, ვირტუალური სივრცე ბულინგის შემთხვევების არეალსა და მასშტაბს გაცილებით ზრდის. ჩვეულებრივი ბულინგის პირობებში, მოზარდმა იცის, რომ მასზე ძალადობა, მისი შეურაცხყოფა რაღაც დროსა და სივრცეში იწყება და აუცილებლად სრულდება - დამთავრდება გაკვეთილები და წავა სახლში, ან გააცდენს სკოლას და თავიდან აირიდებს... კიბერბულინგის შემთხვევები კი აღარც ლოკალურია და აღაც დროში განსაზღვრული. თუ მე სოციალურ ქსელში ადამიანი აბუჩად ავიგდე, შეურაცხყოფა მივაყენე და ნეგატიური კომენტარი დავუწერე, მის წაკითხვას ყველა შეძლებს. შესაბამისად, ამ ძალადობის მოწმე არა რამდენიმე თანაკლასელი, არამედ მთელი საზოგადოებაც კი ხდება. ამიტომ, სოციალური ქსელების არსებობის პირობებში ბულინგმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა.
თამარ იაკობაშვილი