როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის მიღწევა და დაბრკოლებების გადალახვა - 7 მარტივი გზა, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს - მშობლები

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის მიღწევა და დაბრკოლებების გადალახვა - 7 მარტივი გზა, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

2023-02-21 11:30:06+04:00

ბავშვები მუდმივად ეუფლებიან სხვადასხვა უნარს - სწავლობენ წერა-კითხვას, ერთვებიან განსხვავებულ აქტივობებში და ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა მოთმინება, შეუპოვრობა, მიზნისთვის ბრძოლა, შეუძლიათ წინასწარ განსაზღვროს, როგორ წარიმართება ადამიანის ცხოვრება. როგორც პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ანჯელა დაკვორთი აღნიშნავს, წარმატებას მიაღწევენ არა ყველაზე ჭკვიანი ადამიანები, არამედ ისინი, რომლებიც საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუპოვრად მიდიან, ადვილად არ ნებდებიან და გამოწვევებს არ უშინდებიან. გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, საკუთარ შვილებს შეუპოვრობა და მიზნის მიღწევა ასწავლოთ:

1. შეაქეთ ძალისხმევისთვის და არა შედეგისთვის

სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, კეროლ დუეკის კვლევის მიხედვით, ბავშვები უფრო მეტად თავდაჯერებულები მაშინ კი არ არიან, როდესაც მათ თანდაყოლილი ნიჭის გამო კარგად შესრულებული ამოცანისთვის აქებენ, არამედ, მაშინ როცა მათ ძალისხმევას, მონდომებას აფასებენ და ეუბნებიან, "ყოჩაღ, რომ ამდენი იშრომე! ყოჩაღ, რომ მოახერხე". ამიტომ, ფსიქოლოგების მთავარი რჩევაა, ყოველთვის შეაქეთ ბავშვი იმისთვის, რომ თავდაუზოგავად მუშაობდა, რაღაცის გაკეთებას ცდილობდა. არ აქვს მნიშვნელობა, გამარჯვებითა და წარმატებით დაასრულა თუ არა კონკრეტული საქმე. მთავარია, მოინდომა. ისიც მიხვდება, რომ ცდა ყველაზე მნიშვნელოვანია და შემდეგ სასურველი შედეგიც მოვა. თუ მუდმივად გაუმეორებთ, რომ ძალიან ჭკვიანია და ყველაფერი ამიტიომ გამოსდის, შესაძლოა, საკუთარ თავზე მხოლოდ მარტივი, არაამბიციური საქმეები აიღოს, რაზეც ზუსტად ეცოდინება, რომ გამოუვა. თანაც ბავშვებს, რომლებსაც "ძალიან ჭკვიანის" იარლიყი აქვთ, ძალიან ეშინიათ წარუმატებლობის, დამარცხებაზე ფიქრის.

2. უთხარით, რომ მუდმივი მუშაობით ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს

ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ მისი თანდაყოლილი ნიჭი და შესაძლებლობები რაღაც ფიქსირებული და უცვლელი არ არის. ისინი შეიძლება შრომისმოყვარეობით, მუდმივი ვარჯიშითა და მონდომებით სრულიად გარდაიქმნას. საკუთარი მაგალითით შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ პიროვნული ზრდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ საკმარისად მოვინდომებთ და დაბრკოლებებს არ შევუშინდებით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ ახლა რაღაც არ გამოსდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ასე იქნება. მთავარია, წინსვლა განაგრძოს.

33-1676964886.jpg

3. ასწავლეთ თქვენს შვილს მაგალითებით, საკუთარი შეცდომების ჩათვლით

ჩვენ, ყველანი, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობთ, როცა ვიცით, რომ მარტონი არ ვართ. ბავშვებმაც დაინახონ, რამდენად რთულია თქვენთვის ახალი ამოცანის ან პროექტის შესრულება, გულწრფელად მოუყევით თქვენი არასწორი ნაბიჯებისა და ილუზიების შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენც შეიძლება რაღაც არ გამოგდიოდეთ. მაგრამ, რაც მთავარია, უნდა დაინახონ, რომ წარუმატებლობა სამყაროს დასასრული არ არის. ის გამუდმებით ვერ გაგრძელდება, პირიქით, ბევრი შრომის შედეგად, შესაძლოა, ძალიან დიდ წარმატებად გარდაიქმნას. თუმცა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ, უფროსებსაც გაქვთ ცუდი დღეები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ და ხელი ჩაიქნიოთ. გაუზიარეთ სპორტსმენების, ცნობილი ადამიანების წარმატების ისტორიები. მოუყევით, რომ თავიდან ჩემპიონი არავინ ყოფილა და მათ ეს წოდება ბევრი შრომისა და შეუპოვრობის შედეგად მიაღწიეს.

4. მოძებნეთ თქვენი შვილისთვის ზომიერად რთული ამოცანები

მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იგრძნონ, რომ რაღაცაში ძლიერები არიან. ამავდროულად, მათ წინაშე არსებული ამოცანები მათ ცოდნისა და უნარების დონეს ოდნავ უნდა აღემატებოდეს. ზოგიერთი რამ მარტივი უნდა იყოს, ზოგი კი ცოტა რთული, მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი კომფორტის ზონიდან გამოვიყვანოთ. გახსოვდეთ, თუ დავალება ძალიან რთული იქნება, ეს შფოთვასა და წარუმატებლობის შიშს გამოიწვევს, ხოლო თუ ძალიან ადვილი - შესასრულებლად ხალისი აღარ ექნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ზომიერად რთული ამოცანები შევთავაზოთ, როცა უფრო მეტი ფიქრი და მონდომება მოუწევს, მაგრამ სწორ პასუხამდე აუცილებლად მივა.

5. შვილს საკუთარ თავთან პოზიტიურად საუბარი ასწავლეთ

როდესაც ბავშვი წარუმატებლობას განიცდის, შეიძლება განაწყენებულმა თქვას: "არაფერი არ ვიცი", "ამის გაკეთება არ შემიძლია", "არ გამომდის". ნაცვლად მსგავსი ფრაზებისა, შვილებს პოზიტიურად საუბარი ასწავლეთ. მაგალითად: "არაფერია, ვივარჯიშებ და წარმატებას მივაღწევ", "შეცდომების დაშვება ნორმალურია" და ასე შემდეგ. იგივე თავადაც ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს. გააგონეთ ბავშვებს, რომ პოზიტიურ მესიჯებს იყენებთ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ იმ დროს ამას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ქვეცნობიერში ინფორმაცია რჩებათ და ყოველი მარცხის შემდეგ ახსენდებათ, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია.

1-1676964903.jpg

6. მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, იმედგაცრუება, გაბრაზება, წყენა განიცადოს

ბავშვთა ფსიქოლოგის, მიშელ ბორბას თქმით, ბავშვები იმედგაცრუებებისაგან დაზღვეულნი არ არიან და მშობლებმა წარუმატებლობის განცდის შესაძლებლობა უნდა მისცენ. თუ ყოველ ჯერზე მოგვარებაში თქვენ ჩაერთვებით, დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას წაართმევთ და სამომავლოდ, ცხოვრებისეული გამოწვევებისთვისაც მოუმზადებელი აღმოჩნდება. თუ ბავშვი წარუმატებლობის პირისპირ დადგება, გამძლეობას განივითარებს და შემდეგ ჯერზე უფრო მომზადებული შეხვდება.

7. აღნიშნეთ მცირე წარმატებებიც კი

ყოველთვის იზეიმეთ ბავშვის თუნდაც ძალიან მცირე წარმატება, გამარჯვება თუ მიღწევა. ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს. მან უნდა დაინახოს, რომ სულ პატარა გამარჯვებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია და სამომავლოდ ექნება მოტივაცია, რომ ბევრად უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნისთვის ბრძოლა და შედეგის მიღწევა - 6 მარტივი წესი, რომელიც მას ნებისყოფას გაუვარჯიშებს
„ჩვენთან ამართლებენ ყველაფერს, რაც ადამიანს წარმატებაში, მიზნის მიღწევაში დაეხმარება... ზნეობა და ეთიკა ჩვენი ცნობიერებიდან ამოღებულია“ - თამარ გაგოშიძე
უნდა დასრულდეს ხანა, როცა მშობლები წყვეტენ, რა პროფესიის უნდა იყოს შვილი - ორი წარმატებული ქართველი გოგონას გზა მიზნებისკენ