საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ტერიტორიული რეზერვის პროგრამა დაიწყო. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ასაკი 18-დან 51 წლამდეა, მათ შორის 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებიც არიან. სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტებისათვის, რადგანაც მათ სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა საკმაოდ მოქნილად შეუძლიათ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიულ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი და მათ შეუნარჩუნდებათ სამოქალაქო სამსახური. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4218 ლარია, რომელიც 12 თვეზე გადანაწილდება და სამედიცინო დაზღვევითაც უზრუნველყოფილნი იქნებიან.
საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრადაა გადანაწილებული 12 თვეზე.
თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, დადგენილი დღეები ზაფხულის პერიოდში, არდადეგების დროს გამოიყენონ. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, კრწანისი, გორი, თელავი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი, ახალციხე.
- ქ. თბილისი, ეროვნული გვარდია, ვ.გორგასლის ქ. #89; ტელ: 595 05 06 85; 595 06 03 44
- ქ. ქუთაისი, ფ.ვარლამიშვილის ქ.#52; ტელ: 591 19 60 70
- ქ. თელავი - ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, თამარის ქ. N36; ტელ: 591 17 55 03; 577 19 58 26
- გარდაბნის რ-ნი სოფ. მთისძირი - წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ ტელ: (995) 577 19 82 83
- ქ. გორი - ცხინვალის გზატკეცილი მე-2 კილომეტრი; ტელ (995) 591 24 25 30
- ქ.სენაკი - დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა, ცერცვაძის ქ. #1 ტელ: 595 80 49 42
- ქ. ბათუმი - ეროვნული გვარდიის მე - 10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, ადლიის ქ.# 76, ტელ: 591 17 55 14; 577 19 73 05
- ქ.ახალციხე, კოსტავას ქ. #1 ტელ: 591 55 05 68; 577 19 23 90
ზოგადად კი, 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულება აქვთ.
სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;
- პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;
- პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;
- პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;
- ასპირანტი;
- პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;
- ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე;
- მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;
- არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე.
- არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;
- მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;
- არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე;
- პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
- ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;
- მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
- მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
- მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
- არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;
- არის დედისერთა;
- მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;
- გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;
- ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.
თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ჩამოთვლილი კრიტერიუმების არარსებობის დროს, პირს გაწვევის 1 წლით გადავადების სურვილი ექნება, 10 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.
აქვე, შეგიძლიათ გაეცნოთ, რა კრიტერიუმებით ხდება წვევამდელის შემოწმება და რა ხდება მაშინ, თუ ის დადგენილ დროს სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ გამოცხადდება.
გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 12 თვეს. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ყოველთვიური წოდებრივი სარგო შეადგენს 63 ლარს.
თამარ იაკობაშვილი