„მშობლები ბავშვს თავიანთი გამოგონილი „რძით“ კვებავდნენ... ექიმებიც კი შეშინდნენ, როცა ბავშვის გამოფიტული სხეული ნახეს“ - სადამდე მიიყვანეს შვილები ვეგანმა მშობლებმა - მშობლები

„მშობლები ბავშვს თავიანთი გამოგონილი „რძით“ კვებავდნენ... ექიმებიც კი შეშინდნენ, როცა ბავშვის გამოფიტული სხეული ნახეს“ - სადამდე მიიყვანეს შვილები ვეგანმა მშობლებმა

2023-02-23 10:21:04+04:00

ვეგეტარიანელობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილია და სასარგებლოც არის ორგანიზმისთვის. თუმცა ცხოვრებისა და კვების ამ წესით ცხოვრება ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს და აუცილებლად ზრდასრულ ასაკში. სამწუხაროდ, ყველა მშობელს ეს არ ესმის.

რამდენიმე წლის წინ ავსტრალიაში, სასამართლოში აღმოჩნდა იმ მშობლების საქმე, რომლებიც თავიანთ მცირეწლოვან ქალიშვილს ერთი წლის განმავლ შინ დამზადებული ხსნარით კვებავდნენ, რომელიც ქოქოსის წყლით და საკვები ფხვნილით იყო დამზადებული. მისი შემადგენლობა არ გაუსაჯაროვებიათ, რათა სხვა მიმდევრებსაც იგივე არ ეცადათ. ბავშვი ვერ იღებდა განვითარებისთვის საკმარის ნივთიერებებს, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობა ინვალიდობით დასრულდა.

წყვილი (32 და 34 წლის მშობლები) მრავალი წლის განმავლობაში მკაცრ ვეგანურ დიეტას იცავდა. გადაწყვიტეს, დაბადებიდანვე ესწავლებინათ ქალიშვილისთვის ცხოველური პროდუქტების გარეშე ცხოვრება. როგორც ჩანს, ვერც დედის რძემ გაიარა მათი მკაცრი ეთიკური კონტროლი, ამიტომ ავსტრალიელებმა საკუთარი „ნარევი“ გამოიგონეს, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა.

ერთი წლის შემდეგ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები პაციენტის დანახვისას შეშინდნენ. მელბურნის ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ბავშვს აღმოუჩინეს გამონაყარი, სისხლჩაქცევები, ღია ჭრილობები და გაუფერულებული კანი. ყველა ნიშანი მეტყველებდა, რომ ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა, თუმცა მშობლებს გულწრფელად არ ესმოდათ, რისი ბრალი იყო ბავშვის ავადმყოფობა - ისინი ხომ ქალიშვილს იგივეს აჭმევდნენ, რასაც თავად ჭამდნენ!

ექიმებმა გოგონას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს - დარღვევების კომპლექსი, რომელიც გავლენას ახდენს გადაადგილების უნარზე, ასევე წონასწორობისა და პოზის შენარჩუნებაზე. ეს შეუქცევადი შედეგი ნერვული სისტემის მომწიფებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ გამოიწვია.

გოგონას ასევე ჰქონდა მძიმე ცილოვან-კალორიული დარღვევა, რომელიც ყველაზე ხშირად მოშიმშილე ქვეყნების ახალშობილებში ფიქსირდება. ერთი თვის განმავლობაში ექიმები გოგონას სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.

მშობლებმა ციხეს გადაურჩნენ - მოინანიეს თავიანთი საქციელი და აღიარეს დანაშაული. წყვილი, სხვათა შორის, დაშორდა - ახლა გოგონა დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ბავშვს შესაფერისი საკვებით კვებავს და სამედიცინო შეხვედრებს ესწრება. ბავშვის მამამ კი უარი თქვა ვეგეტარიანელობაზე, მაგრამ გადაწყვიტა აღარ ეცხოვრა ოჯახთან ერთად.

***

2018 წელს კიდევ ერთი ავსტრალიელი გოგონა დაშავდა. მშობლებმა წლინახევრის ბავშვი რაქიტამდე მიიყვანეს მკაცრი დიეტით, რომელშიც საერთოდ არ შედიოდა ხორცი და ცხოველური პროდუქტები.

საუზმეზე ბავშვი ერთ ჭიქა შვრიას ჭამდა ბრინჯის რძით და ნახევარი ბანანით, ლანჩზე - პურს ჯემით ან არაქისის კარაქით, სადილისთვის ისევ შვრიას. მშობლები ამტკიცებდნენ, რომ ცდილობდნენ ქალიშვილისთვის ბრინჯი, ტოფუ და კარტოფილი ეჭმიათ, მაგრამ ბავშვი ჯიუტობდა და მათაც არ დააძალეს.

შედეგად, წელიწადნახევრის ასაკში გოგონა მხოლოდ 4,9 კგ-ს იწონიდა, ხოლო მისი ძვლები იმდენად მყიფე იყო, რომ ექიმების თქმით, მათი ბავშვის აყვანაც კი შეიძლებოდა მოტეხილობით დასრულებულიყო

სამწუხაროდ, ყველა ასეთი შემთხვევა სიცოცხლის გადარჩენით არ მთავრდება. ზოგჯერ სიმართლე ძალიან გვიან ვლინდება, როცა ექიმები უკვე უძლურები არიან.

2017 წელს ბელგიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დაქორწინებული წყვილი შვიდი თვის ბავშვის სიკვდილში - ბიჭი საკვები ნივთიერებების ნაკლებობისა და გაუწყლოების გამო გარდაიცვალა. ბავშვის შინაგანი ორგანოები ზომაში განახევრებული იყო, მათ გარშემო საერთოდ არ იყო ცხიმის სავალდებულო დამცავი ფენა.

ბიჭის მშობლებს მაღაზია ჰქონდათ, სადაც ნატურალურ დიეტურ პროდუქტებს ყიდდნენ და შვილის აღზრდა ალტერნატიული კვების თეორიის საფუძველზე გადაწყვიტეს. მეუღლეებმა დამოუკიდებლად, ექიმთან ვიზიტის გარეშე, დაუსვეს ბავშვს ლაქტოზას აუტანლობის და ცელიაკიის დიაგნოზი (მონელების დარღვევა, რომელიც გამოწვეულია წვრილი ნაწლავის ჯირკვლის დაზიანებით გარკვეული ცილების შემცველი საკვებით).

დედამ და მამამ, რომლებიც ექვსი თვით ჩასვეს ციხეში, ექსპერიმენტები ატარეს ბიჭუნაზე. აჭმევდნენ მხოლოდ ბრინჯს, წიწიბურას რძეს და ქინოას.

ცნობილია, რომ გარდაცვალების დღეს ბიჭი ავად გახდა, მაგრამ მაშინაც მამამ და დედამ ექიმთან არ წაიყვანეს - ჯერ ჰომეოპათს მიმართეს. სახელმწიფო კლინიკაში ის უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

***

რამდენიმე წლის წინ აშშ-ს ფლორიდის შტატში, 35 წლის შეილა ო'ლირიმ 911-ს მიმართა და ოპერატორს განუცხადა, რომ მისი წელიწადნახევრის ვაჟი არ სუნთქავდა, მისი კანი კი ცივი იყო. ბიჭის მამამ შვილის რეანიმაცია სცადა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა მხოლოდ ბავშვის გარდაცვალების დადასტურება შეძლეს.

მოგვიანებით, შეილამ თქვა, რომ მისი ოჯახი ვეგანურ დიეტაზე იყო - ყველა მხოლოდ უმ ბოსტნეულს და ხილს ჭამდა. გარდაცვლილი ბიჭი, ქალის თქმით, სიკვდილამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ უარს ამბობდა ჭამაზე და მხოლოდ დედის რძეს სვამდა. ის 7,7 კგ-ს იწონიდა, ანუ საგრძნობლად ჩამორჩებოდა ასაკობრივ ნორმას.

6 ნოემბერს სამედიცინო შემოწმების შედეგებიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ბიჭი გამოფიტვისგან გარდაიცვალა. შემდეგ მშობლები თავად გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში და სამართალდამცავებს ჩაბარდნენ.

იტალიაში, 2016 წელს, ვეგანი მშობლების შესაჩერებლად სპეციალური კანონიც კი შეიქმნა, რომელიც ბავშვების ვეგეტარიანულ დიეტაზე გადაყვანას კრძალავს. იტალიელი კანონმდებლების მიზანი იყო მშობლების მიერ დაწესებული უპასუხისმგებლო და საშიში დიეტის სტიგმატიზაცია.

კანონპროექტის ინიციატორმა ელვირა სავინომ განაცხადა: „ვეგეტარიანულ დიეტას, თუნდაც ყველაზე შემზღუდველს, აქვს ჯანმრთელობის სარგებელი. თუმცა გადაწყვეტილება ვეგეტარიანელობაზე უფროსმა უნდა მიიღოს, პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ამ პროცესში ბავშვები ერთვებიან. პოლიტიკოსმა შესთავაზა ერთი წლით ციხეში ჩასვათ მშობლები, რომლებიც შვილებს არასრულფასოვანი საკვების მიღებას აიძულებენ. და თუ ასეთ დიეტაზე მყოფი ბავშვი დაავადდება, მაშინ სასჯელი 2-დან 4 წლამდე გაიზრდება. თუ ვეგეტარიანობა ბავშვისთვის საბედისწერო აღმოჩნდება, მშობლები 6 წლით აღმოჩნდებიან ციხეში.

ვეგეტარიანელ დედას სასამართლომ აიძულა, შვილს ხორცი აჭამოს
ნუ აქცევთ შვილებს ვეგეტარიანელებად - მედიკოსების მოწოდება
ნიკა 5 თვის იყო, როცა ჩვენ ხორცის ჭამას დავანებეთ თავი... - როგორ გახდნენ ვეგეტარიანელები გიორგი მახარაძე და მისი მეუღლე