ერთ ზაფხულს, მეგობრები ზღვაზე წავედით დასასვენებლად. დიასახლისს, რომლისგანაც ოთახი ვიქირავეთ, ჩვენი ასაკის გოგო ჰყავდა, მასთან მალე დავმეგობრდით. მთელ დროს ერთად ვატარებდით.
წამოსვლის წინ ჩემმა ძმამ ჩამოგვაკითხა. მეორე დღეს გამოვემშვიდობეთ ჩვენს ახალ მეგობარს და და დავბრუნდით სახლში.
გავიდა რამდენიმე თვე. ამ გოგოსთან მიმერ-მოწერა გვქონდა გოგოებს, საერთო ჩათიც კი გავაკეთეთ და ერთმანეთს ჩვენს ამბებს ვუზიარებდით.
მალე სწავლა იწყებოდა და ჩვენი მეგობარიც თბილისში ბრუნდებოდა.
რამდენჯერმე დავგეგმეთ შეხვედრა, მაგრამ ეს გოგო ყოველთვის რაღაცას იმიზეზებდა და არსად მოდიოდა ჩვენთან ერთად.
ჩემს დაბადების დღეზე გოგოებმა დიდი წვეულება დავგეგმეთ.
ქალაქგარეთ ნაქირავებ სახლში შევიკრიბეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ზღვაზე გაცნობილი მეგობარიც დავპატიჟეთ.
ძალიან კარგი გარემოა, მუსიკა სასმელი, გემრიელი კერძები... უცებ იღება კარი და შემოდიან ჩემი ძმა და ჩემი აჭარელი მეგობარი.
იმწუთას ძალიან მეუცნაურა ეს ყველაფერი და რაღაცნაირად არ მესიამოვნა კიდეც, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
თვითონაც ისე იქცეოდა ეს გოგო, თითქოს ჩვენ ვიყავით უცხოები და ჩემი ძმა იყო იქ მისი ერთადერთი ნაცნობი.
ცხადია, ეს ამბავი არავისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, ჩემი ერთი დაქალი გაეხუმრა კიდეც, „თქვენ სად იპოვეთ ერთმანეთიო?!“
„ჩვენ დიდიხანია ერთად ვართო!“- გაეჭიმა ჩემი ძმა.
სიმართლე გითხრათ, ჩემი ძმისგან არ გამიკვირვებია. ისეთია, მისას ვერც კარგს გაიგებ, ვერც ცუდს, ბავშვობიდანვე უცნაური იყო და ასეთიც დარჩა. მაგრამ ერთი სიტყვა მაინც დასცდენოდა რომელიმეს.
ჩემი მეგობრისგანაც მეწყინა. ხელს შევუშლიდი, ჩემს ძმასთან ურთიერთობას ავუკრძალავდი, თუ რა?! ასე სულელად რომ გამომიყვანეს ჩემი მეგობრების თვალში, ეს ძალიან მეწყინა.
ამ ამბიდან 1 წლის შემდეგ მოაწერეს ხელი და გადმობარგდა ჩვენთან ჩემი რძალი.
მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე წყენა მქონდა გულში, მისი მოსვლიდან დავივიწყე ყველაფერი.
მეც, დედაჩემიც და მამაჩემიც ყველანაირად ვცდილობდით, რომ მისი გული მოგვეგო და ყველანაირად გვესიამოვნებინა, მაგრამ რატომღაც ჩემს მიმართ ყოველთვის უარყოფითს ამჟღავნებდა და ასეა დღემდე.
ვერ გავიგე, ამ გოგოს რა უდევს გულში.
დედა ან მამა ჩემთვის თუ რამეს ყიდულობენ მისთვისაც აუცილებლად მოაქვთ საჩუქარი, არ გვანსხვავებენ ერთმანეთისგან. მაგრამ, მაინც, რაღაც არ აკმაყოფილებს.
მე და დედას ერთად თუ დაგვინახავს, რომ ვსაუბრობთ ან ყავას მივირთმევთ, სახეზე აწერია, რომ არ სიამოვნებს.
ძალიან მიყვარს კულინარია და ასე თუ ისე გამომდის. სანამ ჩემი ძმა ცოლს მოიყვანდა, მამას სამზარეულო შევაცვლევინე. ისე ლამაზად არის მოწყობილი, იქ ტრიალი კიდევ ერთი სიამოვნებაა ჩემთვის, მაგრამ თუ დამინახავს რამეს ვამზადებ, გველნაკბენივით გავარდება ხოლმე ოთახში შეიკეტება.
თუ ვინმემ ჩემი ნახელავი შეაქო, სახე წაეშლება ხოლმე. არ ვიცი, მართლა არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ასე ამითვალწუნოს.
ორივე სტუდენტები ვართ და რადგან დედამისს მხოლოდ სეზონური სამუშო აქვს და ასე თუ ისე შემოსავალი ნაკლებად აქვთ, დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს, რომ სწავლა გაეგრძელებინა.
ჯერჯერობით არც მე ვმუშაობ და არც ის, ორივეს სწავლის გადასახადს მამა იხდის, მაგრამ მაინც მე ვგონივარ მუქთახორა და თვითონ თვლის, რომ ჩემები ვალდებულები არიან, ხელი გაუმართონ.
ჩემი ძმა არც ცოლის მოყვანის შემდეგ შეცვლილა, „ბირჟაზე“ ათენებს და აღამებს.
ცოტა ხნის წინ კამათი მოუვიდათ ამაზე ჩემს ძმას და დედას.
დედას ცხელ გულზე წამოსცდა: „როდემდე უნდა იცხოვრო ქუჩაში, ცოლი ვის მოუყვანე სახლშიო,“- მესმის მისი გულისტკივილი, მართალია სათქმელი კარგად არ გამოუვიდა, მაგრამ ისევ რძლის დაცვას ცდილობდა. ამის გამო ჩემი რძალი 1 კვირა ხმას არ სცემდა. დედაჩემი წნევის წამლით დადიოდა მთელი კვირა.
ვგრძნობ, რომ არ ვუყვარვართ, არც მე და არც დედა. მამაჩემთან ასე თუ ისე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას, მამა დილით ადრე გადის სამსახურში და გვიან შემოდის, ალბათ არ წუხდება მისგან დიდად.
ადრე მითხრა, ნახევრად ხუმრობით, „რომ გათხოვდები, შენს ოთახში გადმოვალთ ჩვენო“, მაგრამ არსად ვაპირებ წასვლას, არც გათხოვებას ვგეგმავ ახლო მომვალში.
სულაც არ მიმაჩნია, რომ ჩემი სახლიდან უნდა წავიდე სადმე, თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემთან ერთად ყოფნა, თვითონ შეუქმანს თავს ამის პირობა.
ჩემი ძმა მშვენივრად არის მორგებული ყოფას, არ ეკითხება არაფერი: არც კომუნალური, არც ჭამა-სმა, არც ჩაცმა-დახურვა. მამას რომც ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ჩემი ძმა და რძალი ცალკე გაუშვას საცხოვრებლად, დარწმუნებული ვარ, ამას ჩემი ძმა არც დათანხმდება.
ახია ჩემს რძალზე. ბედი ბედია, მაგრამ როცა ჰქონდა შანსსი გაეკითხა, ვის მიჰყვებოდა ცოლად ვერ გამოიყენა, იქნებ გადამერჩინა კიდეც. ახლა იჯდეს და მელოდოს, როდის გავთხოვდები.
ანა 22 წლის