როგორ შევუწყოთ ხელი 4 წლის ბავშვს, რომ მისი ნიჭი და ძლიერი მხარეები დროულად აღმოვაჩინოთ - რა სჭირდება ამ ასაკში ბავშვს ყველაზე მეტად - მშობლები

როგორ შევუწყოთ ხელი 4 წლის ბავშვს, რომ მისი ნიჭი და ძლიერი მხარეები დროულად აღმოვაჩინოთ - რა სჭირდება ამ ასაკში ბავშვს ყველაზე მეტად

2023-02-27 17:08:09+04:00

ოთხი წლის ასაკი გაუთავებელი შეკითხვებით ხასიათდება. ეს არის მისი ცნობისმოყვარეობის ნამდვილი გაფურჩვნის პერიოდი.

4 წლის ბავშვი ძალიან დაინტერესებულია მის გარშემო არსებული სამყაროს სტრუქტურით და, როგორც ღრუბელი, შთანთქავს ახალ ინფორმაციას. ამ ასაკის პატარასთან საუბარი ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით, მის მიერ აღქმული მოვლენების განხილვა. ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ პატარა კი არა, თქვენზე ჭკვიანია.თუმცა, ეს ასე არ არის. ბავშვი ზრდასრულისგან სრულიად განსხვავებულად ფიქრობს, გრძნობს, აღიქვამს.

მაშ ვინ არის ის - ოთხი წლის პიროვნება?

ფიზიოლოგია

ბავშვი ჯერ კიდევ ფიზიკურად აქტიურია და უკვე საკმაოდ კარგად აკონტროლებს სხეულს: მშვენივრად დარბის, ხტუნავს, დადის ბორდიურზე და ინარჩუნებს წონასწორობას, ეკიდება ჰორიზონტალურ ძელს და ცდილობს მაღლა აიწიოს.

სრული განვითარებისთვის მას რეგულარული ვარჯიში სჭირდება. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აღზრდა და ცეკვა საბავშვო ბაღში ან/და ყოველდღიური ვარჯიშები სახლში.

ასეთი ვარჯიშები ჰაერზე სეირნობასთან და გამაჯაჟებელ ღონისძიებებთან ერთად დადებითად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ მდგომარეობაზე და მის იმუნურ სისტემაზე, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას დაავადების მიმართ.

ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ თქვენი შვილი რომელიმე სპორტის სახეობაზე მიიყვანოთ, თუმცა აუცილებლად თავის ასაკობრივ ჯგუფში.

სპორტი მის ენერგიას სწორ მიმართულებას მისცემს , საფუძველს ჩაუყრის ახალ უნარებს და გამოუმუშავებს ნებისყოფას. გარდა ამისა, მოძრაობის და ვარჯიშის ჩვევა, როგორც ჩვევების უმეტესობა, სწორედ ამ ასაკიდან იწყებს ჩამოყალიბებას.

უნარები

თუ 4 წლამდე ასაკში ბავშვისთვის მთავარი შემეცნებითი პროცესი აღქმა იყო, ახლა პირველ ადგილზე მეხსიერება და წარმოსახვა გადმოდის.

სამი წლის ბავშვს ობიექტების აღსაქმელად მათი დანახვა, შეხება, გადაადგილება სჭირდებოდა. 4 წლის ასაკში კი ბავშვს უკვე აქვს უნარი, დაამყაროს კავშირი იმ მოვლენებს შორის, რომლებთან აქ და ახლა ვერც დაინახავს და ვერც შეეხება. ახლა ბავშვს შეუძლია გადაჭრას ცხოვრებისეული ამოცანები არა მხოლოდ ობიექტებთან პრაქტიკული შეხებით, არამედ აზრობრივად. შეუძლია ეს ყველაფერი გონებაში წარმოიდგინოს და გონებით გადაჭრას პრობლემა. ამ დროს ის წარსულ გამოცდილებას ეყრდნობა, ანუ იხსენებს.

ამრიგად, სკოლამდელი ასაკის ბავშვის აზროვნება ხდება ფიგურალური, ხოლო მეხსიერება იქცევა ცენტრალურ ფსიქიკურ ფუნქციად.

მეხსიერება უკვე მართვადიც ხდება. ანუ ბავშვი იმახსოვრებს არა მხოლოდ კაშკაშა და საინტერესო რამეებს, რაც "თავისთავად" ამახსოვრდება, არამედ იმას, რისი დამახსოვრებაც საჭიროა - ბგერები, მეტყველება, გამოსახულებები. ამ პერიოდში ბავშვმა, როგორც წესი, იცის ძალიან ბევრი ლექსი, ასევე სიმღერები, ზღაპრები, ცეკვები და ვარჯიშები.

143633907-3921225927907607-4524966528038572371-n-1677504600.jpg

ყურადღების უნარიც თანდათან ნებელობას ექვემდებარება - ბავშვს მცირე ხნით, თუმცა უკვე შეუძლია კონცენტრირდეს იმ აქტივობაზე, რომელსაც ავალებენ, თუნდაც იმ მომენტში სხვა რამის გაკეთება სურდეს.

4 წლის ბავშვის ლექსიკა დაახლოებით 2000-3000 სიტყვისგან შედგება, მეტყველება საკმაოდ გასაგები და მკაფიოა, ბგერების უმეტესობა სწორად წარმოითქმის. ყოველდღიურ კომუნიკაციაში ბავშვი უფრო და უფრო რთულ წინადადებებს იყენებს, სვამს უამრავ კითხვას.

ამ გაუთავებელ შეკითხვებში ვლინდება ბავშვის სურვილი, როგორმე ახსნას და სისტემაში მოიყვანოს გარემომცველი რეალობა. სკოლამდელი ბავშვი ცდილობს, ერთ მთლიანობაში წარმოიდგინოს სამყარო და მისთვის გასაგებად დაინახოს, რაშიც უფროსებმა ყველანაირად ხელი უნდა შეუწყონ.

ამისთვის არ არის აუცილებელი სპეციალური გაკვეთილების მოწყობა. თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ ყველაფერი, რაც მაგალითად, სეირნობისას დააინტერესებს. უპასუხოთ მის შეკითხვებს, ყურადღებით მოუსმინოთ მას.

მთავარია, ბავშვის კითხვები არ უგულებელყოთ და თუ პასუხები არ იცით, ჯობია ერთად მოძებნოთ საჭირო ინფორმაცია.

როგორ თამაშობს

თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 4 წლის ბავშვისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია როლური და დადგმული, იგივე რეჟისორული თამაშები.

როლური თამაშის შემთხვევაში ბავშვი ირგებს როლს („ექიმი“, „დედა“, „გამყიდველი“) და ასრულებს შესაბამის მოქმედებებს („კურნავს“, „კვებავს“,“ყიდის ნივთებს“). ასეთი თამაში ყოველთვის გულისხმობს სხვა ადამიანებთან – თანატოლებთან თუ უფროსებთან ურთიერთობას.

რეჟისორული თამაშები ბავშვს შეუძლია მარტომაც ითამაშოს და როლები სათამაშოებს გაუნაწილოს. ის გააცოცხლებს მათ:ესაუბრება და აკონტროლებს მათ ქმედებებს.

bavshvtamashi.jpg

რატომ აქვს თამაშს დიდი მნიშვნელობა ბავშვების ჰარმონიული განვითარებისთვის?

  • ერთის მხრივ, ეს ბავშვის ყველაზე თავისუფალი აქტივობაა, რაც მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თამაში ავლენს შემოქმედებით შესაძლებლობებს და ავითარებს ემოციურ სფეროს.
  • სწორედ თამაშში სწავლობს ბავშვი თავისი ქცევის კონტროლს, რადგან როლის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად იქცევა. მაგალითად, „მიმტანს“ მოაქვს ფინჯანი ჩაი, „კაფეში სტუმარი“ ჩაის სვამს - თამაშის სიტუაცია რეალობას ასახავს და ბავშვი, ამა თუ იმ როლის შესრულებისას „სწორად“ უნდა მოიქცეს. ასე ეყრება საფუძველი ნებელობით ქცევას.

თამაშის გარდა, 4 წლის ბავშვი სწავლობს ხატვას, აპლიკაციების კეთებას, გაფერადებას. თითოეული ეს აქტივობა გულისხმობს შედეგის მიღებას და მოითხოვს გარკვეულ უნარებს (ჭრის, აწებებს, ნაწილების აერთებს და ა.შ.).

მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ბავშვს შემოქმედებითი გაქანებისთვის აქვს სათანადო მასალები, საბავშვო წიგნები თუ ჟურნალები და სათამაშოები, მათ შორის კონსტრუქტორები.

tebervali-1676286143.jpg

ფსიქოლოგიური მახასიათებლები

4 წლის ასაკში ბავშვში ახალი მოთხოვნილება ჩნდება – პატივისცემა ზრდასრული ადამიანის მხრიდან.

თუ ადრე პატარასთვის უბრალო ყურადღება ან ერთობლივი საქმიანობა საკმარისი იყო, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია უფროსებმა მისი წარმატება აღიარონ, არამარტო შეამჩნიონ მისი მიღწევები, არამედ აუცილებლად შეაქონ, დადებითად შეაფასონ, წაახალისონ.

ბავშვი უკიდურესად მგრძნობიარე ხდება კრიტიკის მიმართ, ნებისმიერი შენიშვნა სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. თუ მშობლები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ბავშვის შეცდომებზე, ხაზს უსვამენ მის წარუმატებლობას ნებისმიერ საქციელში, მაშინ ბავშვი უბრალოდ კარგავს ინტერესს ყველაფრის მიმართ.

ოთხი წლის ბავშვის მშობლებმა უნდა დაიმახსოვრონ:

  • იმისათვის, რომ ბავშვის ინტერესი გამოიწვიოთ და რომელიმე აქტივობით დააინტერესოთ, მისი ყველა მოქმედება სწორი მიმართულებით უნდა წაახალისოთ. მაშინაც კი, თუ შედეგი (ნახატი ან პლასტილინის ფიგურა) ობიექტურად "არც ისე კარგია", უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ უმნიშვნელო უპირატესობებზე ("რა საინტერესო ფერია!"), ვიდრე დეტალურად აღწეროთ ხარვეზები.
  • არასოდეს შეადაროთ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს, მით უმეტეს, თუ შედარება მის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ამავდროულად, შესაძლებელია და - აუცილებელიც კი - შევადაროთ ბავშვი საკუთარ თავს წარსულში (ერთი კვირის, ერთი თვის ან ერთი წლის წინ) და აღვნიშნო, რომ მან უკვე ბევრი რამ ისწავლა და რაღაც უკეთესად გააკეთა, ვიდრე ადრე.
  • მშობლებმა ბავშვს თავდაჯერებულობა უნდა ჩამოაყალიბონ. უფროსების შენიშვნების მიმართ შიში ბავშვის ნებისმიერ აქტივობას ბლოკავს და ის უარს ამბობს ახალ-ახალ მცდელობებზე, ცდილობს თავი აარიდოს საქმიანობას, რომელიც მას „არ გამოუვიდა“. სამაგიეროდ, მის შესაძლებლობებში მშობლის რწმენით შთაგონებული ბავშვი ნამდვილად ეცდება რამე უკეთესად გააკეთოს და წარმატება გარდაუვალია.
რა სჭირდება ყველაზე მეტად 3,5 წლის ბავშვის გონებას განვითარებისთვის და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვის სხეულსა და აზროვნებას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს
იმის ნაცვლად, რომ 3 წლის ბავშვი ცეკვის წრეზე მიიყვანოთ, ჯობია ჩართოთ მუსიკა და მასთან ერთად იცეკვოთ - 7 მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბავშვის გასაბედნიერებლად
როგორია ბავშვის აზროვნება 4-დან 5 წლამდე, რა უნდა შეეძლოს და როგორ უნდა შეუწყოს ხელი მშობელმა, რომ მომავალში სკოლაში სწავლა არ გაუჭირდეს