ქეთა ორბელაძის ეკრანულ დედას ყველა იცნობს, მაგრამ ნამდვილ დედას თამუნა ბრეგვაძეს ნაკლებად იცნობენ. თამუნას უფროსი შვილი 4 წლის ასაკში პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების“ კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.
რას განიცდიდა დედა, რა ემოციები ჰქონდა, როდესაც მისი მცირეწლოვანი შვილი ფაქტობრივად, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში აღმოჩნდა, როგორი შვილია ქეთა, ამაზე თამუნა ბრეგვაძე თავად გვიამბობს.
ის პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად კი ქალაქის მერიაში, თბილსერვისჯგუფის ერთ-ერთ განყოფილებაში საქმიანობს და ზრდის სამ შვილს - ქეთას, თათულის და მაშოს.
- 5 წლის არ იყო, როდესაც ეს საქმიანობა დაიწყო. თავიდან იმაზე მეფიქრებოდა, როგორ შეძლებდა. მერე ამ პროცესით ბავშვი ისეთ სიამოვნებას იღებდა, არც ერთი წამით არ მინანია, რომ პატარა ასაკში ამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა. ახლა ჩემს 5 წლის შვილის, თათულის ვადარებ და მსგავსებას ვერ ვპოულობ, ისეთი მოუსვენარი ბავშვია. ვეუბნები, ქეთა ამ ასაკში სამსახურში დადიოდა, ამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული და შენ რა ხარ ასეთი ცელქი-მეთქი? მაგრამ ყველა ბავშვი ხომ ინდივიდუალურია. ერთმანეთს ვერავის შეადარებ. თავიდანვე გამორჩეული იყო, დამჯერი, მშვიდი, პასუხისმგებლობიანი, სერიოზული...
ერთხელ ერთ-ერთ რეკლამაში იღებდნენ, მისი რეჟისორიც გიორგი ლიფონავა იყო. გამთენიიდან მთელი დღე იქ ვიყავით. სულ ფეხზე იდგა. გიორგიმ უთხრა, მიდი, ქეთა, დაისვენე, იქნებ ცოტა დაიძინო კიდეცო. არა, გიო, არა, უფრო გავითიშებიო. დღემდე ასეთია, პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობა აქვს. თან იმას ვიქრობ, შვილის ქება არ გამოვიდეს, მაგრამ მართლა ასეთია.
- ძალიან უყვარს მისი საქმე. ზოგი ბავშვი თამაშის დროსაც იღლება და თავს ანებებს. ქეთას დები, ჩემი უმცროსი შვილები ასე არიან. 11 წლის მანძილზე, რამდენი ხანიც მიმდინარეობდა სერიალი, 11-ჯერ კი არა, ერთხელ არ უთქვამს, რომ დაიღალა, თან იმის მიუხედავად, გადაღების პროცესი როგორიც არ უნდა ყოფილიყო. ღამეც უთენებია და მეორე დღეს სკოლაში წასულა. არ უთქვამს, მომბეზრდა, სახლში მინდა, შუალედებში წავიდოდა და სკოლის გაკვეთილებს იმეცადინებდა.
- 6 წლის განმავლობაში მარტო არ დამიტოვებია, სულ დავყვებოდი. რომ გაიზარდა და დამოუკიდებლად გაშვება შემეძლო, აღარ წავსულვარ. ისე, სხვა დროსაც გავუშვებდი დამოუკიდებლად, იქ ისეთი გარემო იყო, თან ქეთაზე ყველა გიჟდებოდა და ვინ რას გაუჭირებდა, დამჯერიც იყო არავის გააბრაზებდა. მერე სამსახური დავიწყე, ორსულად ვიყავი მეორე შვილზე და იმდენად ვეღარ დავყვებოდი. ახლა ის გადაღებები და ის ყველაფერი ისე ენატრება…
პატარა რომ იყო, კი, მაგრამ ისე, რომ ტექსტი დაეზეპირებინა, ასე არა. გადაღების დროს ძალიან ეხმარებოდა რეჟისორი და გადამღები ჯგუფი. განაგრძეთ კითხვა