მდიდარი არისტოკრატი ქალი, რომელიც დამნაშავეს გაუმიჯნურდა და მის გამო არა მხოლოდ სიმდიდრეზე და ოჯახზე თქვა უარი, საკუთარი შვილიც გაწირა - სასამართლო სულ მალე გამოიტანს განაჩენს - მშობლები

მდიდარი არისტოკრატი ქალი, რომელიც დამნაშავეს გაუმიჯნურდა და მის გამო არა მხოლოდ სიმდიდრეზე და ოჯახზე თქვა უარი, საკუთარი შვილიც გაწირა - სასამართლო სულ მალე გამოიტანს განაჩენს

2023-03-09 15:28:10+04:00

საშინელმა ამბავმა, რომელიც მარტენების ოჯახში 2023 წლის იანვარში მოხდა, მთელი ბრიტანეთი შეძრა და პრესისა თუ ტელევიზიების ყურადღების ქვეშ მოექცა. ამბავი ახალგაზრდა ქალს, კონსტანცია მარტენს უკავშირდება, რომელიც შეძლებული და არისტოკრატული ოჯახიდან იყო, თუმცა მშობლების ფულზე უარი თქვა და გადაწყვიტა, ნაქირავებ ოთახში ეცხოვრა საყვარელ მამაკაცთან ერთად, რომელიც ძარცვისა და გაუპატიურების ბრალდებით ციხეში დიდი ხნის განმავლობაში იჯდა... თუმცა, შემდეგ კიდევ უფრო საშინელი რამ მოხდა. ქალმა მათი საერთო შვილი მოკლა...

ახლა წყვილი სასამართლოს განაჩენს ელოდება.

1-1678361613.jpeg
კონსტანცია მარტენი

კონსტანციას გარემოცვა ახლა ხშირად ამბობს, რომ სავარაუდოდ, გოგონა მამამისს დაემსგავსა, რომელიც თავისი უცნაური ქცევით ყველას აოცებდა და დღესაც ხშირად მოიხსენიებს ბევრი, როგორც ფსიქიკურად არამდგრადს, მის მიერ გადადგმული არაორდინარული ნაბიჯების გამო. საქმე ისაა, რომ სამი საუკუნის განმავლობაში მარტენების გვარის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის სამეფო კართან საკმაოდ დაახლოებულები იყვნენ. კონსტანციას მამა, ნეიპირ მარტენი, ბუკინგემის სასახლეში დედოფალს ემსახურებოდა. 1986 წელს ის ექიმ ვირჯინია კამიუზე დაქორწინდა, ხოლო 1987 წელს კონსტანცია დაიბადა. ცოტა მოგვიანებით წყვილს კიდევ ორი ​​შვილი, ვაჟები შეეძინა... და როდესაც ბიჭები 5 და 6 წლის იყვნენ, მამა მოულოდნელად გაუჩინარდა.

ყველას ეგონა, რომ მდიდარი არისტოკრატი გამოსასყიდისთვის გაიტაცეს, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, ნეიპირი მოულოდნელად გამოჩნდა ავსტრალიაში, სადაც თქვა, რომ რაღაც ხმა დაჟინებით კარნახობდა, მსოფლიოს მეორე მხარეს სამართლის საძებნელად უნდა წასულიყო. ამის შემდეგ მალე ლონდონში დაბრუნდა, ცოლს გაშორდა, მიატოვა ბავშვები და ისევ წავიდა ავსტრალიაში, სადაც ორი წლის განმავლობაში აბორიგენებთან ცხოვრობდა, ქარის მუსიკას და უდაბნოს ხმებს უსმენდა.

6-1678361657.png
ნეიპირ მარტენი

კაცი ამტკიცებდა, რომ ოკეანეში ვეშაპებთან ერთად ერთად დაცურავდა. წლების შემდეგ ისევ დაბრუნდა ინგლისში, აბსოლუტურად შეცვლილი ღირებულებებით. სასახლიდან თავისი ნივთები წაიღო, სატვირთო მანქანაში დასახლდა და მებაღედ დაიწყო მუშაობა.

"ფუფუნებამ ჩემი სული მთლიანად გაანადგურა" - ამბობდა მარტენი. თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ ხეების მოვლის კომპანია შეექმნა, რომელიც საკმაოდ მომგებიან ბიზნესად გადაიქცა. შემოსავლით კაცი თავის ქალიშვილსაც კი ეხმარებოდა და დაუფინანსა სწავლა პრესტიჟულ სკოლაში, რის შემდეგაც კონსტანციამ არაბული და აღმოსავლური კვლევების ფაკულტეტზე ჩააბარა.

4-1678361680.jpeg
კონსტანცია მარტენი

დროთა განმავლობაში, კონსტანცია იმდენად გაერია დიდგვაროვან ადამიანთა წრეში, რომ წვეულებებისა და ღონისძიებების მუდმივი სტუმარი იყო. მისი სახელი ტაბლოიდების გვერდებზე ხშირად ჩნდებოდა, ხოლო ხმაურიანი ცხოვრების წესის გამო მას "ბრიტანელი პერის ჰილტონი" უწოდეს. შემდეგ "ალ ჯაზირას" ლონდონის ოფისში დაიწყო მუშაობა. იქ კი გაუჩნდა იდეა, რომ ნიგერიული სექტის მეთაურის ტი ბი ჯოშუას შესახებ ფილმი გადაეღო. ტი ბი ამტკიცებდა, რომ ყველაფრის წინასწარმეტყველება შეეძლო, მათ შორის, ტყუპი ცათამბრჯენის აფეთქებისა და მაიკლ ჯექსონის სიკვდილის. ჯოშუა ამბობდა, რომ ადამიანების ლოცვითა და წყლით განკურნებაც ხელეწიფებოდა.

კონსტანცია სწორედ ამ მიზნით გაფრინდა ნიგერიაში, თუმცა მოულოდნელად, თავადაც აღნიშნული სექტის მიმდევარი გახდა და ბელადის გავლენის ქვეშ მოექცა. ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც არისტოკრატიული წარმომავლობა და სიმდიდრე ჰქონდა, თითქმის ნახევარი წელი ნიგერიაში გაატარა და სრულიად შეიცვალა... მართალია, ნახევარი წლის შემდეგ ბრიტანეთში დაბრუნდა, თუმცა აგრესიის უეცარი შეტევები დაეწყო, რაც აქამდე არავის შეუნიშნავს. უფრო ჩაკეტილი და გულჩათხრობილიც გახდა.მარტენის მეგობარი აცხადებდა, რომ გოგონა აფრიკიდან შეცვლილი დაბრუნდა, თითქოს რაღაც მოხდა, მაგრამ ამაზე არ საუბრობდა.

სულ მალე, ლონდონში დაბრუნებულმა ტელევიზია დატოვა, იქირავა პატარა ბინა გარეუბანში და თავისუფალ ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. გადაღებებისთვის ეძებდა ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებისეულ დრამასა და იმედგაცრუებებს გადაურჩნენ.

ორი წელი ასე იცხოვრა. მერე კი უცებ მის ცხოვრებაში ახალი გატაცება გაჩნდა - გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო. სამსახიობო სკოლაში სწავლა დაიწყო და მალევე კურსის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტიც გახდა. მასწავლებლები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ კონსტანციას ბედი დიდ მსახიობობას არ უქადდა...

5-1678361715.jpeg
მარკ გორდინი

2015 წელს იგი ამერიკელ მამაკაცს, ვინმე მარკ გორდონს შეხვდა, რომელიც მასზე 13 წლით უფროსი იყო. კაცი 20 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით. გორდონი 14 წლის იყო, როცა მეზობლის სახლში დანით შევარდა და ოთხი საათის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა დიასახლისს. მის პატარა შვილებს მთელი ამ ხნის განმავლობაში მეზობელ ოთახში ეძინათ... წასვლისას დაზარალებულის ფული და ძვირფასეულობა წაიღო.

როდესაც გორდონი გაათავისუფლეს, იგი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ბარში გადაეყარა კონსტანციას. ამის შემდეგ გოგონას ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მიატოვა სამსახიობო კარიერა, გადავიდა მამაკაცთან ერთად საცხოვრებლად და ალკოჰოლის სმასაც მიჰყო ხელი. მშობლები ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდნენ და შვილს ეუბნებოდნენ, რომ ფინანსურად აღარ დაეხმარებოდნენ, თუმცა გოგონას ეს ფაქტი არ აღელვებდა. მას მხოლოდ გორდონთან ცხოვრება უნდოდა და მზად იყო, უსახლკაროთათვის განკუთვნილი საკვები მიეღო და ძალიან ცუდ პირობებში ეცხოვრა.

7-1678361750.jpeg

2022 წელს მისმა მშობლებმა გაიგეს, რომ გოგონა შვილს ელოდებოდა. ცდილობდნენ, კონსტანცია დაეყოლიებინათ, სახლში დაბრუნებულიყო და ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაეჩინა, თუმცა ქალი ამაზე უარს ამბობდა...

2023 წლის 5 იანვარს ბრაიტონის მახლობლად გზატკეცილზე ცეცხლმოკიდებული მანქანა იპოვეს, რომელიც მარტენს ეკუთვნოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კონსტანციამ მანქანის უკანა სავარძელზე იმშობიარა. პოლიციამ წყვილის მოძებნა დაიწყო. გორდონი და მარტენი ლივერპულში დააფიქსირეს - მათ ხელში ბავშვი ეჭირათ. გაქცეულ გოგონას საკუთარმა დედამაც მიმართა ტელევიზიით და სთხოვა, დაბრუნებულიყო, რომ ბავშვზე ეზრუნათ და ეს პატარა არსება გადაერჩინათ, ნორმალურ პირობებში ჰყოლოდათ. თუმცა შვილი დედას არ გამოეხმაურა.

ერთი კვირის შემდეგ წყვილი ისევ დააფიქსირეს, თუმცა მათ ბავშვი თან აღარ ჰყავდათ. მალევე კი ქალაქის მთავარ ქუჩაზე დააკავეს - უბავშვოდ.

9-1678361762.jpeg

კონსტანცია და მარკი ამტკიცებდნენ, რომ არავითარი ბავშვი არ ყოფილა. თუმცა 2 მარტს პოლიციამ ახალშობილის ცხედარი ქალაქთან ახლოს, ტყეში იპოვა. როგორც გაირკვა, ქალმა მშობიარობის შემდეგ შვილი გადააგდო და საყვარელ მამაკაცთან ერთად გაიქცა...

ბავშვის ცხედარი კონსტანციას მშობლებმა დაასაფლავეს, წყვილს კი 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. კითხვაზე, თუ რატომ გაიმეტეს ასე საკუთარი შვილი, არც მარტენსა და არც გორდონს პასუხი არ აქვთ...