რამდენიმე დღეა, უცხოური მედია ფლორიდაში გარდაცვლილ მამაკაცზე წერს, რომელსაც ონკანის წყლისგან სხეულში ტვინის მჭამელი იშვიათი სახეობის ამება შეეჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად BBC-მ გაავრცელა.
სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის შარლოტას ოლქის ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მამაკაცის ორგანიზმში საშიში ბაქტერია ცხვირის საშუალებით, ონკანის წყლიდან მოხვდა. მამაკაცი ცხვირის გამორეცხვას ონკანის წყლით იტარებდა, რომლის დროსაც ამება მის სასუნთქ გზებში მოხვდა. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ონკანის წყალი სასმელად აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ამ სახეობის ამებით დაინფიცირება თითქმის ყოველთვის ფატალურად სრულდება.
ამ ეტაპზე, BBC-ის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევების რისკი, როდესაც ადამიანები სასმელი წყლით არა უშუალოდ დალევით, არამედ სასუნთქ სისტემაში მასში არსებული ბაქტერიების მოხვედრით ინფიცრდებიან, კიდევ არსებობს. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში სამხრეთ კორეის მკვიდრი ტვინის მჭამელი ამებით გარდაიცვალა, რომელიც მის ორგანიზმში სასმელი წყლით მოხვდა. კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
2022 წლის ივლისში მისურის მკვიდრი საშიში ბაქტერიით, Naegleria fowleri-ით მტკნარ წყალში ბანაობისას დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ Naegleria fowleri თბილ მტკნარ წყალში ცხოვრობს. მაგალითად, აუზებსა და ტბებში. ინფექციის გავრცელების ძირითადი გზა მისი სასუნთქ სისტემაში ცხვირიდან მოხვედრაა, რისი მეშვეობითაც ტვინისკენ გადაადგილდება და თითქმის ყოველთვის გარდაცვალებით მთავრდება. ანუ ის უსაფრთხოა სასმელ წყალში მაშინ, როცა მას დასალევად ვიყენებთ, თუმცა თუ ცხვირში მოხვდა, მისგან ფატალური შედეგი დგება.
ზოგადად, ცხვირის ღრუს გამორეცხვა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებად ითვლება გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების სეზონზე. ის ათავისუფლებს სასუნთ გზებს ბევრი არასასურვლი ბაქტერიისგან, თუმცა ცხვირის ღრუს გამოსარეცხად უმჯობესია მზა სამედიცინო ხსნარები გამოიყენოთ. ონკანის წყლით ეს პროცედურა რეკომენდებული არ არის.
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“, რომელიც თბილისში მოსახლეობის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ, რამდენად ხშირად მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი და უსაფრთხოება:
"თბილისი ერთ-ერთია მსოფლიოს სხვადახვა ქალაქს შორის, სადაც მოსახლეობა წყალს პირდაპირ ონკანიდან სვამს.სასმელი წყლის მონიტორინგი 53 პარამეტრის მიხედვით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებში 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი დროისა და ვადის მიხედვით გაწერილი პროცედურაა, რაც საათობრივ, ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ და ყოველწლიურ კონტროლს ექვემდებარება.
სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად." - განაცხადეს კომპნაიაში.