რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა, რა ზიანი მოაქვს გამწვანებულ კარტოფილს და რატომ არის აუცილებელი ლობიოს პირველი ნახარშის გადაღვრა - ექიმები ცნობილი პროდუქტების საფრთხეებზე - მშობლები

რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა, რა ზიანი მოაქვს გამწვანებულ კარტოფილს და რატომ არის აუცილებელი ლობიოს პირველი ნახარშის გადაღვრა - ექიმები ცნობილი პროდუქტების საფრთხეებზე

2023-03-10 12:15:43+04:00

გადაცემაში "ექიმები" ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც, სასარგებლოა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი შესაძლოა, საფრთხესაც კი შეიცავდნენ:

ლევან რატიანი: ვაშლი - ვაშლის კურკას თავისებურ გემოს ციანიდი აძლევს. ეს არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც გარკვეული დოზის შემდეგ ტოქსიკურ ეფექტს იძლევა და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ეს ვაშლის ჯიშზე არ არის დამოკიდებული და დიდი დოზით ციანიდი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოაგდენს. თუმცა, ვაშლის კურკა დიდი რაოდენობით ამ ნივთიერებას არ შეიცავს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ის საფრთხის შემცველი ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა, ისეთი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორებიცაა: გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი, შფოთვა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ვაშლის კურკა გარედან მყარი გარსითაა დაფარული, რომელსაც კუჭის წვენი ვერ შლის. ამიტომ, მისი შემადგენელი სტრუქტურა, რომელშიც ციანიდი შედის, ორგანიზმში ვერ მოხვდება და ნაწლავები ვერ შეიწოვს. იგივე შეიძლება ვთქვათ ალუბლის კურკაზე, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს ციანიდს.

რეზო ომიაძე: მწვანე კარტოფილი - როდესაც კარტოფილი მწვანდება, როგორც წესი, მას გამწვანებულ ნაწილს ვაცილებთ და ისე ვამზადებთ. თუმცა, ეს პრობლემის მხოლოდ ვიზუალურ მხარეს აგვარებს. მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც გლუკოალკალოიდი ჰქვია, კარტოფილის სიღრმეშიც აღწევს და მას საკვებად უვარგისს ხდის. მწვანე კარტოფილის ხშირად და დიდი რაოდენობით მირთმევამ შესაძლოა, ღებინება და თავის ტკივილი გამოიწვიოს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული, რომ მივირთვათ.

პოპკორნი - აუცილებლად უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ ფერად და ლამაზ პაკეტებში შეფუთული პოპკორნი ხშირად სხვადასხვა დანამატითაა გაჯერებული. ამ დანამატებმა შესაძლოა, ფილტვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ფერად პარკებში შეფუთული პოპკორნი ისეთ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა დიაცეტილი. გაგიკვირდებათ და არსებობს ასეთი ტერმინი - პოპკორნის ფილტვი. ეს არის ფილტვის ძალიან მძიმე დაავადება, რომელსაც დიაცეტილის დიდი რაოდენობით შესუნთქვა იწვევს. ამ დაავადებას სახელი დაერქვა იმის გამო, რომ ხშირად პოპკორნის ქარხანაში მომუშავე ადამიანებს ემართებათ. თავისთავად, პოპკორნი ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნე არ არის, ამიტომ შეგიძლიათ, მიირთვათ. სახლში გაკეთებული უკეთესია.

ლევან რატიანი: ლობიო - მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ძირითადად, ის ცილის შემცველი პროდუქტია, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ მას უარყოფითი ეფექტებიც აქვს. ვინაიდან, ლობიოს მარცვალში ცილა ლექტინი შედის, რომელსაც ტოქსიკური მოქმედება ახასიათებს. მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე, იწვევს ტკივილის შეგრძნებას, სპაზმს, ყაბზობას, პრობლემას უქმნის საჭმლის მონელებას. ეს კი აღნიშნული პათოლოგიური ცილის დამსახურებაა. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გავრეცხოთ ლობიო. ხარშვის დროს პირველი წყალი უნდა გადავწუროთ, ნახევრად მოხარშული ლობიო ისევ გავრეცხოთ და ამის შემდეგ ხელმეორედ მოვხარშოთ და მივირთვათ. ან კიდევ ასეთი ტექნიკა არსებობს: ლობიოს 10 წუთის განმავლობაში ტაფაზე მაღალ ტემპერატურაზე ხალავენ, ის კარგავს თავის ბიოლოგიურ ფუნქციას, იშლება ტოქსინები და ამის შემდეგ 1 ნახარში წყლით შეიძლება მომზადდეს.

რეზო ომიაძე: ნუში - ეს პროდუქტი ყველას უყვარს და ჩვენი ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა აქვე კიდევ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ნუშს მომწარო გემოს აძლევს ნივთიერება, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას რამდენიმე ტოქსიკურ ნაერთად იშლება. ამიტომ, დიდი რაოდენობით ნუშის მირთმევა რეკომენდებული არ არის. სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებს. შესაძლოა, გამოხატული იყოს გულის რევის შეგრძნება, ალერგიული რეაქცია, თავბრუსხვევა და ასე შემდეგ.

ლევან რატიანი: თინუსი - თინუსი და ზღვის მსგავსი პროდუქტები კონსერვებს წარმოადგენენ, ამიტომ მისი მოხმარება ყველაზე მარტივია და მომზადება და მირთმევა სწრაფად ხდება. ასევე, შეიცავს ცილების დიდ რაოდენობას, ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს, როგორიცაა ომეგა 3, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, თევზის ყველა კონსერვში მცირე რაოდენობით ვერცხლის წყალია. ყველაზე დიდი კონცენტრაციით ის თინუსშია. აქ საუბარია არა ტოქსიკურ დოზაზე, არამედ იმ რაოდენობაზე, რომელიც გარემოში არსებობს. თავად თევზი შეიცავს მცირე კონცენტრაციით და ამიტომ, ყოველ დღე მისი მირთმევა რეკომენდებული არ არის. კონსერვირებული თინუსის მირთმევა კვირაში ორჯერაა რეკომენდებული.